აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკები

რომელი მანდარინია ყველაზე ტკბილი?

მანდარინი ყველასთვის საყვარელი ხილია. საბედნიეროდ დღეს მისი შეძენა წლის ნებისმიერ დროს, შეიძლება,  თუმცა ბევრისთვის ის საახალწლო არდადეგების არომატსა და გემოს უკავშირდება. 
ეს თვალისმომჭრელი ნარინჯისფერი ხილი აღაფრთოვანებს როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს. და ეს გასაგებია, რადგან მანდარინი მდიდარია ვიტამინებით, ფიტონციდებით, მიკროელემენტებით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით, რომელიც ხელს უწყობს მადისა და განწყობის გაუმჯობესებას, ასევე ეხმარება ორგანიზმს გაციებისა და ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში.

დღეს ბაზარზე უამრავი სახეობის მანდარინი იყიდება, ადგილობრივი, უცხოეთიდან შემოტანილი. ამიტომ ხშირად გვიჭირს განვსაზღვროთ რომელი მათგანი უკეთესი, უფრო გემრიელი და ტკბილი, ჩვენს გემოვნებაზე მორგებული.

როგორ ავირჩიოთ ტკბილი მანდარინი?

თავიდანვე უნდა დავრწმუნდეთ, რომ ნაყოფს არ ჰქონდეს ლაქები ან სველი, გაუფერულებული ადგილები, რადგან ეს შეიძლება მიუთითებდეს გაფუჭებაზე. კანი უნდა იყოს ღია ნარინჯისფერი, კრიალა, არ უნდა იყოს უფერული.

თუ მანდარინს თხელი, ღია ფერის კანი აქვს, სავარაუდოდ, მჟავეა.

ასევე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ რამდენად მჭიდროდ ეკვრის კანი გულს: თუ მანდარინი ზედმეტად მომწიფებულია, ის რბილობისაგან ბევრად დაცილებულია.

ხელით შეარჩიეთ მკვრივი კანის და თანაბარი ფერის ნაყოფი.

წვნიანი ციტრუსი რბილი და მძიმე იქნება. არ მიაქციოთ ყურადღება ნაყოფზე შერჩენილი ყლორტებსა და ფოთლებს,  ეს უფრო მარკეტინგული ხერხია, ვიდრე ნაყოფის სიახლის ნიშანი.

მანდარინის გემო დიდწილად დამოკიდებულია კლიმატზე, სად, რომელ რეგიონშია მოყვანილი.

მაროკოს მანდარინი ითვლება ყველაზე ტკბილ მანდარინად: ის მცირე ან საშუალო ზომის, წვნიანი და კაშკაშა ნარინჯისფერი, ხშირად მოწითალო ელფერიც დაჰკრავს. ამ ხილს თესლი თითქმის არ აქვს.

ქართულ (აჭარა, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი) მანდარინებს მოტკბო და მომჟავო გემო აქვს, საშუალო ან დიდი ზომისაა, ოდნავ გაბრტყელებული ფორმის, ნარინჯისფერი მწვანე ლაქებით და ადვილად იყოფა ნაჭრებად.

ჩინური მანდარინი ტკბილია, აქვს თხელი, იოლად მოსაშორებელი კანი, ხშირად იყიდება ფოთლებით.

თურქული მანდარინი ნარინჯისფერ-წითელი ფერისაა, მრგვალი ფორმისა და გემოთი ტკბილი, კანი კი სქელი და მბზინვარე.

იმპორტირებული ციტრუსის შეძენისას მნიშვნელოვანია,  ყურადღება მიაქციოთ რომ არ იყოს მავნებლებით დაავადებული.

დაავადებების არსებობის ნიშნებია: ნაყოფზე წებოვანი საფარი, თეთრი და შავი ლაქები ლაქები, ობისა და ლპობის ნიშნები და კანქვეშა ღარები (ხმელთაშუა ზღვის ბუზებისთვის და მათი ლარვებისთვის). მიუხედავად იმისა, რომ ეს მწერები არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანისთვის, მათ შეუძლიათ მნიშვნელოვნად გააფუჭონ ხილის ხარისხი და გემო.