აგროსიახლეები

რუსეთი ხორბლის ექსპორტზე კვოტების დაწესებას გეგმავს…

საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალზე 100%-მდე გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის 7 თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული 223 ათასი ტონა ხორბლის 100% რუსული იყო.

რუსეთს ხორბლის იმპორტში გასული წლების განმავლობაშიც წამყვანი პოზიცია ეჭირა, თუმცა 2020 წლისგან განსხვავებით, 2019 წელს ბაზარზე სხვა მოთამაშეებიც იყვნენ. მაგალითად 2019 წლის 7 თვის მდგომარეობით, რუსეთზე ხორბლის იმპორტის 74.9% მოდიოდა, მის შემდეგ კი მეორე ადგილს ყაზახეთი იკავებდა. 2019 წლის ჯამური მაჩვენებლებით კი რუსული ხორბალი საქართველოს იმპორტის 87.3%-ს შეადგენდა.

ქვეყნები, საიდანაც 2019 წელს ხორბლისა და მესლინის იმპორტი ხორციელდებოდა (ტოპ 5 ქვეყანა):

1. რუსეთი – $90.6 მლნ დოლარი, 430,236 ტონა (2018 წ. – 95.8 მლნ დოლარი, 483,505 ტონა);
2. ყაზახეთი – $13.2 მლნ დოლარი, 56,248 ტონა (2018 წ. – 18.2 მლნ დოლარი, 88,865 ტონა);
3. აშშ – $1.1 მლნ დოლარი, 6,000 ტონა;
4. ირანი – $45.5 ათასი დოლარი, 230 ტონა;
5. თურქეთი – $24.1 ათასი დოლარი, 46 ტონა (2018 წ. – 672.5 ათასი დოლარი, 3 117 ტონა);

ჯამურად 2020 წლის შვიდი თვის განმავლობაში ხორბლის იმპორტის მოცულობამ თანხობრივად $49.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.3%-ით ნაკლებია.

„რუსეთმა უკვე დაანონსა, რომ 2021 წლის 1 იანვრიდან ის კვოტირების მექანიზმს 6 თვით ისევ აამუშავებს, იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიის ვითარებაში ქვეყნები ცდილობენ მეტი მარაგი დაიტოვონ, ხოლო ის ქვეყნები, რომლებსაც არ აქვს ხორბალი, პირიქით – მეტი მარაგი შეიქმნან. ეს იწვევს დაძაბულობას მსოფლიო ბაზრებზე. მათ შორის სერიოზული ტენდერებია გამოცხადებული და თუ შევხედავთ ანალიტიკას, ყველა ქვეყანა საშუალოდ 30%-ით ზრდის თავის მარაგებს.

ბოლო სამი წელი რუსეთზე ვართ დამოკიდებული. 104 ქვეყანაა დამოკიდებული რუსეთზე. დღეს კონკურენტული ფასი რუსეთს აქვს სხვებთან შედარებით, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში თუ რუსეთმა კვოტირება შემოიღო, ბაზრები თავისუფალია. გვაქვს წვდომა უკრაინის, ყაზახეთის, ევროკავშირის ბაზრებთან, თუმცა ყველა ამ ბაზარზე ფასი უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთის და სწორედ ამიტომ ხდება რუსეთიდან შემოტანა, რადგან ლოგისტიკა უფრო იაფია“, – აცხადებს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.

თავის მხრივ, ფოთის მარცვლეულის ტერმინალის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კვოტების დაწესების თემას რუსეთი სპეკულაციის მიზნით იყენებს და მიუხედავად ამ განაცხადისა, ხორბლის დეფიციტი არ შეიქმნება და საქართველოს შეუძლია სტრატეგიული პროდუქტის იმპორტი სხვა ბაზრებიდან განახორციელოს, თუმცა ამასაც გარკვეული ფასი ექნება.

„გამოვრიცხავთ დეფიციტს ხორბლის ბაზარზე, რადგან დიდი მოსავალია მწარმოებელ ქვეყნებში და მათსავე ინტერესში შედის, რაც შეიძლება მეტი ხორბალი გაყიდონ. რუსეთის ხრიკი, რომელსაც კვოტირების დაწესება ჰქვია, ეს არის მუდმივმოქმედი თემა, ის ყოველ წელს ამ თემით მანიპულირებს. კვოტები შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს დეფიციტს და არ გამოწვევს ფასების ზრდას. დეკემბერში ველოდებით 27 ათას ტონა ხორბალს, რომელიც შემოვა ალტერნატიული ბაზრიდან. ანუ თავისუფალ ბაზარზე შეძენა პრობლემა არ იქნება. შესაბამისად, დეფიციტი არ შეიქმნება, თუნდაც აკრძალოს რუსეთმა და კვოტირება გააკეთოს. შესაძლებელია სხვა ქვეყნებში მოხდეს შესყიდვა საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასით, მაგრამ ტრანსპორტირების ფასთაშორისი სხვაობის გამო ეს ჩვენთვის ხორბალზე ფასის ზრდას გამოიწვევს“, – აცხადებს ქეთევან კუბლაშვილი.

bm.ge მასალების მიხედვით