რუსეთის ხორბლის პოლიტიკა და საქართველოს საპასუხო ნაბიჯები
ბოლო წლების განმავლობაში ხორბლის საერთაშორისო ფასები სერიოზული პოლიტიკური მღელვარების მიზეზად იქცა. განსაკუთრებით, COVID-19-ის პანდემიისა და უკრაინაში რუსეთის ომის დროს, როდესაც რუსეთი პერიოდულად წყვეტდა მარცვლეულის ექსპორტს, რათა გავლენა მოეხდინა მსოფლიო ფასებზე. საქართველო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბალზე.
საქართველოს ბაზარს ხორბლის 95% სწორედ რუსეთიდან მიეწოდება.
მიუხედავად რუსეთის მიერ 2-3 წელიწადში ერთხელ ხორბლის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვებისა და შეზღუდვებისა, საქართველომ ჯერ კიდევ ვერ შეძლო იმპორტის წყაროების წარმატებით დივერსიფიკაცია. ამ დოკუმენტში განხილულია რუსეთის ხორბალთან დაკავშირებული პოლიტიკის გავლენა საქართველოს ბაზარზე და საქართველოს საპასუხო ნაბიჯები ამ სავაჭრო შეზღუდვებთან დაკავშირებით.
2023 წლის ივნისში, საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მოთხოვნის პასუხად, საქართველოს მთავრობამ დროებითი საიმპორტო გადასახადი დააწესა რუსეთიდან იმპორტირებულ ხორბლის ფქვილზე. ასოციაციამ იმპორტის გადასახადის დაწესება მას შემდეგ მოითხოვა, რაც 2021 წელს რუსეთმა ხორბალზე ე. წ. „მცურავი ბაჟი“ დააწესა, რის შემდეგაც, ხორბლის ფქვილთან შედარებით, ხორბლის იმპორტი საგრძნობლად გაძვირდა.
ხორბალზე დაწესებული „მცურავი ბაჟის“ შედეგად, ხორბლის ფქვილის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა და თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა ხორბლის იმპორტი. ამან გამოიწვია საქართველოში ბევრი წისქვილის დახურვა, ადგილობრივ მწარმოებლებს კი გაუჭირდათ ქართული ხორბლის რეალიზება. ფქვილის იმპორტის ამგვარი ზრდა მნიშვნელოვნად ზრდის რუსეთიდან იმპორტირებული ფქვილით ადგილობრივი წარმოების ფქვილის ჩანაცვლების რისკს.
აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საქართველოს მთავრობამ იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი საიმპორტო გადასახადი დააწესა. საიმპორტო გადასახადი ფქვილზე 2023 წლის ივნისიდან ამოქმედდა და ტონაზე 50 ლარს შეადგენდა.
მოგვიანებით, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან ეს გადასახადი 250 ლარამდე (92 აშშ დოლარი) გაიზარდა . ასევე მეწისქვილეები შეთანხმდნენ, რომ 1 კგ ხორბალს ქართველი ფერმერებისგან 0.7 ლარად (0.3 აშშ დოლარად) შეიძენდნენ. გადასახადი 2024 წლის 1-ელ მარტამდე უნდა ყოფილიყო ძალაში, თუმცა 1-ელ სექტემბრამდე გახანგრძლივდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საიმპორტო გადასახადი ქერსა და ქატოზეც დაწესდა და 100 ლარით განისაზღვრა.
წყარო: https://iset-pi.ge