დარგებიმებოსტნეობა

 საბოსტნე ბარდა და მისი მოვლა-მოყვანის თავისებურებები

       ბარდა ქართული სიტყვაა, რაც მხვიარა, გართხმულ, გადახლართულ ბუჩქ–მცენარეს ნიშნავს. მართლაც საბოსტნე ბარდა ასეთი თვისებების მცენარეა, ამიტომაც  ქართველმა მეურნემ სამართლიანად უწოდა მას ბარდა.

ბარდა ეკუთვნის Legnasc–ის(პარკოსნების) ოჯახს, Pisum sativum_ის გვარს. ამ ოჯახში შედის აგრეთვე ჩვეულებრივი ლობიო და ცერცვი.

პარკოსანთა შორის წინათ ბარდას მოსახლეობის კვებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, რომლის ხვედრითი წილი მე-18 საუკუნიდან მკვეთრად შემცირდა, რაც გამოწვეული იყო ჩვეულებრივი ლობიოს შემოტანით. ლობიოს კულტურამ საქართველოს დაბლობი რაიონებიდან მთლიანად გააძევა ბარდა, ხოლო მისი მცირეოდენი ნათესები გვხვდებოდა რაჭა-ლეჩხუმის, ჯავახეთის, წალკის, არაგვის ხეობაში და საქართველოს სხვა მაღალმთიან რაიონებში.

საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური პირობები და კულტურის ბიოლოგიური თვისებები საშუალებას იძლევა ბარდა ვთესოთ და მოვიყვანოთ წლის ისეთ პერიოდშიც, როდესაც სახნავ-სათესი მიწების უმრავლესი ნაწილი სითბოს მოყვარული ბოსტნეული და მინდვრის კულტურებისაგან თავისუფალია.

საბოსტნე ბარდა ძვირფასი კვებითი ღირებულების ბოსტნეულია. ტექნიკურ სიმწიფეში მისი პარკი(შაქროვანი ბარდა) და მარცვალი(მწვანე ბარდა) შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის აუცილებელ, წყალში ადვილად ხსნად ცილების (ლიზინი,ლისტინი,ტიროზინი,არგანინი და სხვ.) ყველაზე მეტ რაოდენობას, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი კარგად ითვისებს. ტექნიკურ სიმწიფეში მისი პარკი და მარცვალი მოიხმარება, როგორც საპარკე ლობიო. მისგან მზადდება კონსერვები, რომელიც გამოირჩევა საიამოვნო გემოთი,რბილი კონსისტენციით, ვიტამინებით, კალორიულობით, შაქრების და მინერალური მარილების სიუხვით, ეს ყველაფერი ანეიტრალებს კუჭ-ნაწლავში ორგანიზმისათვის მავნე სიმჟავეებს, ამის გამო ბარდა წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო ნოყიერ საკვებს, რომელიც წარმატებით გამოიყენება ბავშვებისათვის და დიეტურ კვებაშიც.

ბარდის კულტურას დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის ნაყოფიერების გადიდების საქმეში. გამოანგარიშებულია, რომ 1ჰა ბარდის მწვანე მასის გათიბვის შემდეგ ნარჩენებისა და ფესვების სახით ნიადაგში რჩება 7 ტ ორგანული მასა. ნიადაგის ნაყოფიერების გადიდების მიზნით ბარდა ითესება, როგორც სიდერატი და ყვავილობის ფაზაში ჩაიხვნება ნიადაგში, სადაც ბიოლოგიური და ქიმიური პროცესების მეშვეობით იშლება და აუმჯობესებს ნიადაგის ნაყოფიერებას. ბარდის ნედლი და ხმელი ნამჯის როლი უდაოდ დიდია მეცხოველეობის განვითარების საქმეში.

წინამორბედი. საბოსტნე ბარდა , როგორც აზოტის ფიქსატორ-დამაგროვებელი მცენარე, თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურისათვის გარდა პარკოსნებისა, წარმოადგენს კარგ წინამორბედს. ის ბოსტნის თესლბრუნვის მინდორზე ითესება ორგანული სასუქების შეტანიდან 3-4 წლის შემდეგ.

ნიადაგის დამუშავება. ბარდისთვის ნიადაგის დამუშავება იწყება წინამორბედი კულტურების აღებისთანავე. იმის გამო, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ბარდის თესვის ვადები განსხვავებულია, ნიადაგის მომზადებაც სხვადსხვა დროს ხდება.

დასავლეთ საქართველოს მებოსტნეობის ზონაში ბარდა შემოდგომაზე ითესება კომბოსტოს, სასილოსე სიმინდის, საბოსტნე სიმინდის, კიტრის, პამიდორის და სხვ. კულტურების აღების შემდეგ. მოსავლის აღებისთანავე ტარდება ნიადაგის გასუფთავება ანარჩენებისაგან,  4-5 სმ აჩეჩვა და აჩეჩვიდან 10-15 დღეში, როდესაც სარეველების თესლი გაღივდება და აღმოცენებას დაიწყებს,უნდა ჩატარდეს მოხვნა 25-28 სმ სიღრმეზე.დასავლეთ საქართველოში ხშირად შემოდგომა ნალექიანია, ამიტო თესვა უნდა ჩავატაროთ მშრალ ამინდში ან ნიადაგის ზედაპირის სიმშრალის პირობებში.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარდა ადრე გაზაფხულზე ითესება. წინამორბედი კულტურების აღებისთანავე საჭიროა ნიადაგის აჩეჩვა 4-5 სმ სიღრმეზე, როგორც კი აღმოცენებას დაიწყებს სარეველები, საჭიროა ნიადაგის მზრალად ხვნა 25-28 სმ სიღრმეზე. ხნული ასე რჩება ზამთრის განმავლობაში და ადრე გაზაფხულზე, როგორც კი ფართობში გასვლა შეიძლება, ტარდება სათესი ფართობის გადახვნა ან კულტივაცია თანმიყოლებული ფარცხით.

სასუქები. ბარდას 1 ჰა ფართობიდან გამოაქვს 90 კგ აზოტი, 30 კგ ფოსფორი და 60 კგ კალიუმი. მიუხედავად ამისა  არ ითხოვს დიდი რაოდენობით სასუქებს, რაც იმით აიხსნება, რომ მისი ფესვები ღრმად მიდის ნიადაგში და ითვისებს სხვა ბოსტნეულისათვის მიუწვდომელ და ძნელად შესათვისებელ ფოსფორსა და კალიუმს, კოჟრის ბაქტერიების საშუალებით ახდენს ჰაერის აზოტის ფიქსაციას და იყენებს თავისი გენერაციული ორგანოებისათვის.

ბარდას კულტურაში აზოტიანი სასუქების(40კგ/ჰა) შეტანა საჭიროა თესვისწინა დამუშავების ან თესვის დროს, ხოლო ფოსფორიანი(60კგ/ჰა) და კალიუმიანი(40კგ/ჰა) სასუქები შეტანილი უნდა იქნას ნიადაგის მზრალად ხვნის დროს.მინერალური სასუქების გარდა საჭიროა მიკროსასუქების შეტანა, რომელთა ნაკლებობა იწვევს დაავადებებს, მცენარის დაკნინებას და მოსავლის შემცირებას.

თესლის მომზადება დასათესად და თესვა. ბარდას ავადმყოფობათა და მავნებელთა წიონააღმდეგ საჭიროა თესლის ქიმიური პრეპარატებით წამლობა. თესვამდე უნდა დადგინდეს აღმოცენების უნარი და გაღივების ენერგია. პირველი კლასის თესლს 95% უნდა ქონდეს აღმოცენება და გაღივების ენერგია 80%.

დასავლეთ საქართველოს პირობებისათვის თესვის ოპტიმალური ვადაა შემოდგომა–ზამთრის პირზე და ადრე გაზაფხულზე თესვა( 15 ოქტომბერი-15 მარტი)

არმოსავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში(ქვემო ქართლი, გარდაბანი, კახეთის დაბლობი) სადაც მაღალი ყინვები არ იცის , შეიძლება თესვა შემოდგომით, ხოლო იმ რაიონებში, სადაც ხანგრძლივი პერიოდით გრძელდება ყინვები, თესვა საჭიროა ადრე გაზაფხულზე არა უგვიანეს 15 მარტისა.

თესვის წესი და თესვის ნორმა.  პრაქტიკაში იყენებენ ბარდის ვიწრომწკრივიან თესვას, (მწკრივთაშორის 8-10 სმ) ამ დროს ფართობის ერთეულზე ხდება თესლის თანაბარი განაწილება, უკეთესად ხვდება მზის სხივები და სწრაფად მწიფდება მარცვალი.

თესვის ნორმა დამოკიდებულია თესვის წესზე, დროზე, თესლის სიმსხოზე, ჯიშის ბიოლოგიურ თავისებურებაზე, ნიადაგზე და სხვ.  საშუალო საადრეო ჯიშების ვიწრომწკრივიანი წესით თესვის შემთხვევაში ჰა-ზე საჭიროა 1,2 მილიონი აღმოცენების მქონე მარცვალი, თესლის ჩათესვის სიღრმე დამოკიდებულია თესლის სიმსხოზე და ნიადაგის ფიზიკურ შემადგენლობაზე. მსხვილი თესლი ღრმად 7-8 სმ–ზე ითესება, ხოლო წვრილი შედარებით ზევით 4-5 სმ-ზე. მსუბუქ ნიადაგში ჩათსვის სიღრმე 6-8 სმ-ია, ხოლო საშუალო და მძიმე თიხნარ ნიადაგებზე 3-5 სმ. თესვისთანავე საჭიროა ნათესის მოტკეპნა გლუვზედაპირიანი საგორავებით თანაბარი აღმონაცენის მისაღებად და ნიადაგის ზედაპირის მოსასწორებლად.

ნათესის მოვლა. ბარდა ტენისადმი საკმაოდ მომთხოვნია, განსაკუთრებით განვითარების პირველ ფაზაში. აუცილებელია პირველი მორწყვის ჩატარება დათესვისთანავე, ხოლო შემდგომი მორწყვა საჭიროების შემთხვევაში. სარეველების საწინააღმდეგოდ აღმოცენებამდე 1-2 დღით ადრე საჭიროა ნათესში ჰერბიციდის შეტანა. რიგთაშორის პირველი გაფხვიერება ტარდება აღმოცენებიდან 10-15 დღის შემდეგ, ხოლო დანარჩენი საჭიროებისამებრ. თუ აზოტოვანნი სასუქის შეტანა ვერ მოხერხდა თესვის წინ, საჭიროა მისი შეტანა ვეგეტაციის პირველ ფაზაში.

ბარდისათვის ყველაზე საშიში მავნებელია მემარცვლია. აგროტექნიკური ღონისძიებებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თესლბრუნვის დაცვა, თავის დროზე მოსავლის აღება/გალეწვა, მცენარეული ნარჩენების განადგურება და აგროტექნიკური ღონისძიებების დროული ჩატარება. მემარცვლიას წინააღმდეგ საჭიროა თესლის ფუმიგაცია მოსავლის აღებისთანავე.

დაკოკრების ფაზაში ნათესები მუშავდება რამდენიმე სახის მავნებლის: ხვატარი, ბუგრი და სხვ. წინააღმდეგ სხვადასხვა ქიმიური პრეპარატებით.  ფოსფამიდის 40%ემულსიის კონცენტრატი ყველაზე ეფექტური პრეპარატია აღნიშნული მავნებლების გასანადგურებლად, ნათესის ერთჯერადი დამუშავების დროსაც კი.

მოსავლის აღება. იმის მიხედვით, საბოსტნე ბარდა რა მიმართულებისაა, გამოსამარცვლი თუ საპარკე, აღების პროცესიც რამდენადმე განსხვავებულია. შაქროვანი(საპარკე )ბარდის მოსავლის აღება იწყება მაშინ, როდესაც პარკში მარცვლები 7-8 მმ მიაღწევს, პარკის კრეფა წარმოებს თბილ ამინდში 2-3 დღეში ერთხელ და ცივ ამინდში 4-5 დღეში ერთხელ.

მწვანე ბარდას მოსავლის აღება ტექნიკური სიმწიფის ფაზაში იწყება. ამ დროს ჭყინტი მარცვალი შეიცავს ვიტამინების და შაქრების მაქსიმალურ რაოდენობას. ტექნიკური სიმწიფე ჯიშების მიხედვით ყვავილობის დაწყებიდან 20-22 დღის შემდეგ დგება. დაგვიანებით მოსავლის აღებისას მარცვალში შაქრების შემცირების ხარჯზე იზრდება სახამებელი,  უარესდება მწვანე მარცვლის ხარისხი და დასაკონსერვებლად უარგისი ხდება, ხოლო ნაადრევად აღებისას მიიღება შაქრებისა და ვიტამინების მცირე შემცველობის მქონე წყლიანი პროდუქტი.

მწვანე ბარდის მოსავლის აღებისას უნდა გავითვალისწინოთ ჯიშების ბიოლოგიური თავისებურება. საადრეო ჯიშები მალე აღწევენ და მალე ამთავრებენ ტექნიკურ სიმწიფეს, ხოლო საგვიანო ჯიშები კი პირიქით.

შესწავლილი ჯიშები. შესწავლილია გრიბოვის, ყირიმის, მემცენარეობის საკავშირო ინსტიტუტის, მებოსტნეობის მსოფლიო ცენტრის(ტაივანი) და სხვ. მიღებული საპარკე და მწვანე ბარდას მრავალი ჯიში, რომელიც შეეგუა საქართველოს ნიადაგურ–კლიმატურ პირობებს და გამოავლინა პერსპექტიულობა. ეს ჯიშებია:ჟეგალოვა 112“, „ნეისტოშჩიმი 195“,„ბროვცინა 28“, „პიონერი“, „პარამაუნტი“, „გელვეცია“, „კანიოკ გარბუნოკი“, „წყალწითელა“, „სკოროსპელი მოზგავოი“, „პაბედიტელი 33“, „პრევასხოდნი 240“, „მერგეტი,“ „რანნი კონსერვნი“, „იზუმრუდნი 20“, „ლინკოლნი“, „ალბანსკი“, „კრუპნოპლოდნი 20“, „გრიბოვსკი რანნი 11“, „სვობოდა 10“, „დრუჟბა 409“, „მნიგოსემიანნი 12“, „იულსკი 308“, „უსატი 5“, „აკაცია, „საბოსტნე 1“, „მწვანეპარკიანი“ და სხვ.

რამდენიმე ჯიშის დახასიათება:

,,ჟეგალოვა 112’’– შაქროვანი(საპარკე) ბარდაა, მაღალმოზარდი, პარკში მარცვალი 5–8 ცალია, პარკის საშუალო წონა ტექნიკურ სიმწიფეში 4 გ, საგვიანო ჯიშია. საკვებად გამოიყენება ხორციანი მწვანე პარკები ტკბილი მწვანე მარცვლებით. 1000 ცალი მარცვალი იწონის 250–300გ. აღმოცენებიდან ტექნიკურად  მწიფე პარკის მოცემამდე საჭიროებს 60–80მ დღეს, ხოლო ფიზიოლოგიურად მწიფე მარცვლის მიღებამდე 85–95 დღეს. რეკომენდირებულია ინდივიდუალური საბოსტნე ნაკვეთებისათის. ის მოითხოვს საყრდენებს.

,,პიონერი’’–დაბალმოზარდი, საადრეო  ჯიშია. აღმოცენებიდან ტექნიკურ სიმწიფემდე საჭიროებს 55–60 დღეს, ფიზიოლოგიურად მწიფე მარცვლის მოცემამდე 75–80 დღეს. პარკი აქვს ხორციანი, 6–7 სმ სიგრძის, 4–5 მარცვლით. 1000 ცალი მარცვალი იწონის 200–230 გ.

,,წყალწითელა’’–მაღალმოზარდი საგვიანო ჯიშია.აღმოცენებიდან ტექნიკურ სიმწიფემდე ჭირდება 80 დღე, ფიზიოლოგიურ სიმწიფემდე 100 დღე. პარკი 12 სმ სიგრძისაა 6–8 მარცვლით. 1000 ცალი მარცვალი იწონის 250–300 გ.

,,იზუმრუდნი 20’’– საშუალო სიმაღლის საგვიანო ჯიშია. აღმოცენებიდან ტექნიკურ სიმწიფემდე საჭიროებს 95 დღეს. პარკის სიგრძე 9 სმ, 6–8 მარცვლით, 1000 ცალი მარცვალი იწონის 220–250 გ.

,,მწვანეპარკიანი’’–სასუალო–საგვიანო ვეგეტაციის ჯიშია,ყვავილობიდან ტექნიკურ სიმწიფემდე საჭიროებს 85 დღეს, ბიოლოგიური სიმწიფე მიიღწევა 120 დღეში. პარკი 8 სმ სიგრძისაა, 5–6 ცალი თესლით. 1000 ცალი მარცვალი იწონის 300გ.

ჯიში,,მწვანეპარკიანი’’

,,საბოსტნე 1’’– საადრეო, დაბალმოზარდი  ჯიშია. ყვავილობიდან ტექნიკურ სიმწიფემდე საჭიროებს 25–30 დღეს, ბიოლოგიურ სიმწიფემდე 50–60 დღეს. მცენარეზე ფორმირდება 7 სმ სიგრძის პარკები, 3 –5 თესლით. 1000 ცალი მარცვალი იწონის 200–250 გ.

  ჯიში ,,საბოსტნე 1’’

სათესლედ საბოსტნე ბარდას მოსავლის აღება ხდწება სრული სიმწიფის ფაზაში, როდესაც პარკები, მარცვალი და ღერო თითქმის გამხმარია და პარკები შეხებისას ადვილად იხსნებიან. ბარდის გალეწვა შეიძლება მარცვლეული კულტურის სალეწი მანქანით. გალეწილი მარცვალი უნდა გაიწმინდოს, გაშრეს და გატარდეს მარცვალსაწმენდ მანქანაში. მარცვლის ტენიანობა  დაყვანილი უნდა იქნეს 14–15 %–მდე.

რაც შეეხება ხმელ ნამჯას, რომელიც მეცხოველეობისათვის წარმოადგენს მაღალი კვებითი ღირებულების საკვებს, გალეწვისთანავე უნდა დაიზვინოს, გადაეფაროს ბრეზენტი და ნალექებისაგან დაცულ ფარდულში იქნას შენახული.

ნატო კაკაბაძე, სმ დოქტორი. სმმ  აკადემიის

ბოსტნეული კულტურების ეროვნული კოორდინატორი.