საექსპორტოდ არა მარტო გამორჩეული ღვინო, არამედ საუკეთესო ბრენდიც გვექნება თუ…
ჟურნალში „აგრარული საქართველო“, № 11(34 ), ფუნდამენტურ კვლევით სამუშაოებზე დაყრდნობით [1,2,3], ჩვენ გამოვთქვით მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქართული თეთრი ღვინოების ხარისხის გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, აუცილებელი იქნება დავუბრუნდეთ ყურძნის გადამუშავების კოლხურ (იმერულ) ტექნოლოგიას. ასევე გამოთქმული იყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ წარმოებაში უნდა დაინერგოს მიწისზედა ქართული ქვევრები. უფრო ადრე აღნიშნული საკითხები მოისმინეს და მოწონებულ იქნა ეროვნულ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებში ქვეყნის წამყვანი მეცნიერებისა და სპეციალისტების მონაწილეობით.
საქართველოს ეროვნულმა აკადემიამ ფართოდ გააშუქა ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებული ინოვაციური ტექნოლოგიები და წარმოდგენილ დასკვნებსა და წინადადებებს შესაბამისი მსვლელობაც მიეცა. სოციალურ ქსელებში კი, მეცნიერებისა და განათლებისაგან საკმაოდ დისტანცირებულმა, არამკითხე ენთუზიასტებმა ლამის ერის მტრად გამომაცხადეს – რას ჰქვია, ქვევრი მიწიდან უნდა ამოვიღოთ, ეს ხომ სამშობლოს ღალატს ნიშნავსო! ეს მაშინ, როდესაც მიწისზედა ქართული ქვევრები დღეს წარმატებით გამოიყენება ევროპისა და ამერიკის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ღვინის ქარხნებში და, პირადად მე, ქართული მეღვინეობის კულტურის ესოდენ დიდი აღიარება, მისდამი კრეატიული მიდგომა ნამდვილად მეამაყება.
ასევე მრავალწლიან კვლევით სამუშაოებზე დაყრდნობით [4,5,6,7], ინსტიტუტის ინიციატივით, კანონში „ვაზისა და ღვინის შესახებ“ შეტანილ იქნა ჭაჭის არყის ახალი ტექნოლოგია და შესაბამისი განმარტებები, რომლის მიხედვით ქართული ალკოჰოლიანი სასმელი „ჭაჭა“ შეიძლება ვაწარმოოთ დადუღებული დურდოს გამოხდითაც. რომ არა სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის (ო.დანელია. ლ. დავითაშვილი, ო. კაჭარავა) თანადგომა, ეს სიახლე, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ყურძნისეული წარმოშობის ქართული სასმლის – ჭაჭის ხარისხი და კონკურენტუნარიანობა, უკანონო ქმედებად ჩაითვლებოდა უწიგნური „სპეციალისტებისა“ და „მეცნიერებისათვის“ რომ დაეჯერებინათ, რომლებიც ახლაც მრავლად მოგვეპოვება სამინისტროებში, ეგრეთ წოდებულ სამეცნიერო ცენტრებსა თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და უნიჭო აზრებს აფრქვევენ სოციალურ ქსელებში, რადგანაც სერიოზულ პერიოდიკაში ჯანსაღი კამათის გამართვის შნო და უნარი, რომელშიც, ზოგადად, ჭეშმარიტება იბადება, მათ არ გააჩნიათ.
გასულ წლებში საქართველო აწარმოებდა 20-22 მლნ ბოთლ „ქართულ კონიაკს“. დღევანდელ ფასებში ეს წარმოადგენს 200-250 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საექსპორტო პროდუქციას. დღეს ამ დასახელების სასმლის წარმოება, ფრანგი კონსულტანტების დაჟინებული მოთხოვნით, კანონმა აკრძალა, მიუხედავად იმისა, რომ თვით იმ საფრანგეთში ქართველი მეცნიერის გიორგი ბოლქვაძის მიერ წარდგენილმა ქართულმა კონიაკებმა არაერთგზის მოიპოვეს ოქროს მედლები, ხოლო ქართველი მეცნიერი აირჩიეს ბელგიის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (ეტყობა, იმ დროს კონიაკზე გავლენას ვერ ახდენდა ყურძნის მოყვანის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ახლა ეს სასმელი ადგილწარმოშობის პროდუქტად იქნა აღიარებული, საამისოდ საჭირო რაიმე დასაბუთების გარეშე).
ისღა დაგვრჩენია, რომ ქართული ჭაჭის (ამ დასახელებას, იმედია, ვერავინ აგვიკრძალავს) ტექნოლოგია ისე დავხვეწოთ, რომ ის ტოლს არ უდებდეს არც კონიაკსა და არც სხვა ყურძნისეული წარმოშობის სასმელებს, და ამის შესაძლებლობას ისევ და ისევ ქართული (კოლხური) ტექნოლოგია იძლევა [4,5 ].
ნახ.1-ზე წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის თეთრი ღვინოებისა (ევროპული, იმერული, კახური) და მათგან დამზადებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის გამომსახველი დიაგრამები, რომელთა ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რომ იმერული (კოლხური) ტექნოლოგიით დაყენებული ღვინის გამოხდით მიღებული დისტილატი ბევრად უფრო მაღალი ხარისხის ალკოჰოლიან სასმელს იძლევა, სხვა დანარჩენ სასმელებთან შედარებით. წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით, ისიც ხაზგასასმელია, რომ ნებისმიერი ღვინის დისტილატი (ევროპული, კახური თუ იმერული ღვინის) უნდა გამოვიყენოთ ღვინის დადუღებისთანავე, ანუ ახალგზრდა ასაკში, ღვინომასალის დურდოზე დავარგების გარეშე.
სადეგუსტაციო შეფასება, ბალი |
დაყოვნების ხანგრძლივობა, თვე
|
ნახ.1. ღვინის დისტილატებისა (ა) და ღვინოების ბ) ხარისხის ცვლილებები დავარგებისას:
1-იმერული ტიპის ღვინო (ტკბილის დადუღება და შემდგომი დავარგება 5% ჭაჭაზე) და შესაბამისი დისტილატი; 2 – ევროპული ტიპის ღვინო (ყურძნის ტკბილის დადუღება და შემდგომი დავარგება ჭაჭის გარეშე) და შესაბამისი საკონიაკე სპირტი; 3 – კახური ტიპის ღვინო (ტკბილის დადუღება და შემდგომი დავარგება სრულ ჭაჭაზე) და შესაბამისი დისტილატი.
აღსანიშნავია, რომ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის – გრაპას წარმოებას იტალიაში დიდი ყურადღება ეთმობა. პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისა და ასორტიმენტის გაფართოების მიზნით, იტალიაში ფუნქციონირებს გრაპას 5 ნაციონალური ინსტიტუტი. შედეგმაც არ დააყოვნა – გრაპა მოედო ხუთივე კონტინენტს და ამ სასმლის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი არ ჩამორჩება ღვინის რეალიზაციით მიღებულ შემოსავლებს, რადგანაც იტალიაში მნიშვნელოვნადაა გაფართოებული გრაპას ასორტიმენტი, და ეს მეცნიერული კვლევების გარეშე არ მომხდარა.
პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოების მიზნით, შექმნილია შემდეგი სახის გრაპა:
- Giovane («ახალგაზრდა»)ან biапса («თეთრი») — გრაპა, რომელიც ბოთლებში ჩამოისხმება ჭაჭის გადადენისთანავე მიღებული დისტილატის გამოყენებით ან ამ უკანასკნელის მინის ან უჟანგავი ფოლადისაგან დამზადებულ ჭურჭელში ხანმოკლე დაყოვნების შემდეგ. სასმელს აქვს მკვეთრი გემო, რომელიც ბოთლებში დაძველებისას არ უმჯობესდება. Eეს არის იაფი სასმელი და, როგორც ასეთი, დიდი პოპულარობით სარგებლობს იტალიაში.
- аffinatainlegno– მუხის კასრებში 6 თვის განმავლობაში დავარგებული გრაპა, რომელსაც აქვს შედარებით უფრო რბილი გემო და ღია ოქროსფერი შეფერილობა.
- vecchia– ერთი წლის განმავლობაში მუხის კასრებში დავარგებული გრაპა.
- stravecchia–50 მოც %-ის მქონე გრაპა, რომელიც დაყოვნებული იყო მუხის კასრებში 1,5 წლის მანძილზე და აქვს ოქროსფერი შეფერილობა.
- monovitigno– გრაპა, რომლის დამზადებისას გამოყენებული ნედლეული შეიცავდა არანაკლებ 85%-ის ოდენობით ერთი რომელიმე ჯიშის ყურძენს.
- polivitigno– გრაპა, რომლის დამზადებისას გამოყენებული იყო არანაკლებ ორი ჯიშის ყურძენი;
- аromatica– გრაპა, რომლის დამზადებისას გამოყენებული იყო არომატული ჯიშის ყურძნები;
- аromatizzata – გრაპა, რომლის დამზადებისას გამოყენებულია ნატურალური არომატული მცენარეების ნაყენები;
- uve –განსხვავდება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გრაპისაგან იმით, რომ მიიღება არა ყურძნის ნარჩენებისაგან (ჭაჭისაგან), არამედ მთლიანი ყურძნის გადამუშავების გზით. ყურძენს ადუღებენ უჟანგავი ფოლადისაგან დამზადებულ კონტეინერებში, მიღებულ ფერმენტირებულ დურდოს შემდეგ გადადენიან ტრადიციულ გადასადენ აპარატებში, მაგალითად, კუბებში. ასეთი გრაპა ჩვეულებრივისაგან განსხვავდება სირბილითა და აქვს ყურძნის სპეციფიკური არომატი.
- Grappa soft –დაბალგრადუსიანი (არა უმეტეს 30 მოც %-იანი) გრაპა.
საქართველოში როგორც ღვინის, ასევე ალკოჰოლიანი სასმელების ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნის საკითხებზე 1961 წლიდან მუშაობს საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ინსტიტუტს იმის შესაძლებლობაც კი არა აქვს, რომ შეიძინოს თანამედროვე დანადგარები და მოწყობილობები. უკიდურესად დაბალი ხელფასების გამო, ახალგაზრდობა თავს არიდებს სამეცნიერო საქმიანობას.
ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან სახსრებს ხარჯავს ინოვაციური ტექნოლოგიების შესაქმნელად. ასეული მილიონობით ლარია გამოყოფილი მეცნიერული კვლევების ჩასატარებლად როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი ხასიათის კვლევების ჩასატარებლად, მაგრამ, კერძოდ, კვების მრეწველობის დარგს ეს არ დასტყობია – ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოში არ შექმნილა არცერთი ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც რაიმე გავლენას მოახდენდა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე, და ეს, უწინარეს ყოვლისა, განპირობებული სახელმწიფოს მიერ გამოყენებული სახსრების არაეფექტური განაწილებითა და ხარჯვით.
მსოფლიოს წამყვან, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სოფლის მეურნეობის განვითარების გამოცდილების გაცნობამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ინოვაციური განვითარებისათვის გამოყოფილი სახსრების ეფექტიანი გამოყენება შეუძლებელი იქნება აგროტექნოპარკების შექმნის გარეშე.
აგროტექნოპარკი – ესაა სასოფლო-სამეურნეო წარმოების, მეცნიერებისა და განათლების ინტეგრაციის ფორმა, შექმნილი სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროში არსებული ინოვაციების კომერციალიზაციის მიზნით.
სტუ-ს კვების მრეწველობის ს/კ ინსტიტუტიBერთადერთი სამეცნიერო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ბოლო 70 წლის მანძილზე ემსახურებოდა და ემსახურება ღვინის, საკონსერვო მრეწველობის, მცენარეული ზეთებისა დაკვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სხვა დარგების მეცნიერული უზრუნველყოფის საქმეს. გასულ წლებში ყოფილ სსრ კავშირში ინსტიტუტის ბაზაზე ფუნქციონირებდა საკავშირო მნიშვნელობის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება, რომელიც წარმოადგენდა დღევანდელი ტექნოპარკების წინამორბედსტრუქტურას.
Bბოლო წლებში ინსტიტუტში შექმნილი ინოვაციური ტექნოლოგიების ქვეყნის მასშტაბით გავრცელება გაზრდის ქვეყანაში წარმოებული ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო კვების პროდუქტების ხარისხს და მნიშვნელოვნად მოხსნის ქვეყანაში არსებულ სოციალური დაძაბულობის პრობლემას, დადებითად აისახება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე. ამდენად, ინსტიტუტში შექმნილი ინოვაციური ტექნოლოგიების სამრეწველო მასშტაბით დანერგვა მოითხოვს ინსტიტუტის ბაზაზე ტექნოპარკის დაფუძნებას.
ტექნოპარკების შექმნის ერთიანი სცენარი არ არსებობს. ტექნოპარკები, როგორც წესი, იქმნება ქვეყანაში არსებული კონკრეტული პირობების გათვალისწინებით. საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსში არსებული სამეცნიერო პოტენციალის ინტეგრირების, ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნის და სამრეწველო მასშტაბით რეალიზაციის სტიმულირების მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე უნდა დაფუძნდეს მეცნიერების, განათლებისა და წარმოების ინტეგრაციის სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მსოფლიოში აღიარებული ფორმა – აგროტექნოპარკი.
აგროტექნოპარკის ფუნქციონირების მოსალოდნელი შედეგები
– სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროში ინოვაციური საქმიანობის სტიმულირება;
– იმ Mმეცნიერ – მუშაკების, დოქტორანტების, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის ხელშემწყობი სასტარტო პირობების შექმნა, რომელთაც დაგეგმილი აქვთ საკუთარი კომპანიების გახსნა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში სამეწარმეო საქმიანობა;
– უკვე არსებული მცირე და საშუალო საინოვაციო კომპანიებისათვის, ასევე ურთიერთხელსაყრელი პირობებით აგროტექნოპარკთან თანამშრომლობის მსურველი კომპანიებისათვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა.
დასკვნები და წინადადებები
- ბოლო 30 წლის მანძილზე არა მარტო აგროსამრეწველო კომპლექსში, არამედ მთლიანად საქართველოში შეიმჩნევა ინოვაციური აქტიურობის მკვეთრი ვარდნა, რის გამო სოფლის მეურნეობაში არსებული ნედლეულის რესურსები დღემდე რჩება გამოუყენებელი რეზერვის მდგომარეობაში, რაც გადაუჭრელ პრობლემად ტოვებს მოსახლეობის სოფლად დასაქმებას, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ათვისების საქმეს. ამასთანავე, დღემდე არ არსებობდა ამ სფეროს აღორძინების მეცნიერულად დასაბუთებული არც კონცეფცია და არც ცალკეული დარგების განვითარების კონკრეტული პროგრამები.
- მეღვინეობის მთელ რიგ ქვეყნებში ინტენსიურად მიმდინარეობს გამოკვლევები მიწისზედა ქართული ქვევრების წარმოებაში დანერგვის მიზნით. მხოლოდ ღვინის ქვევრის სამშობლოში – საქართველოში ქართული ტიპის სუფრის ღვინოების წარმოება ხდება მიწაში ჩაფლული დრომოჭმული ტექნიკისა და შრომატევადი ტექნოლოგიების გამოყენებით. როგორც შედეგი, ქვევრის ღვინის დღეს არსებული ტექნოლოგია ვერ უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი პროდუქციის მიღების შესაძლებლობას.
- ქვევრის ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისა და ტექნოლოგიის სრულყოფის მიზნით, ეთხოვოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოიყოს სახსრები საქართველოში მიწისზედა ქვევრების შექმნის და წარმოებაში დანერგვის მიზნით.
- გასულ წლებში საქართველო აწარმოებდა 20-22 მლნ ბოთლ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელებს. დღეს ეს მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა. აღსანიშნავია, რომ იტალიაში ალკოჰოლიანი სასმელი გრაპაფართოდ გავრცელდა მთელს მსოფლიოში და მნიშვნელოვანი შემოსავალი შეაქვს სახელმწიფოს ბიუჯეტში. გრაპას წარმოების მეცნიერული უზრუნველ-ყოფის საქმეს იტალიაში ემსახურე 5 ნაციონალური ინსტიტუტი.
- ეთხოვოს საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, ქართული ჭაჭის არყის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და მსოფლიო ბაზარზე მისი ცნობადობის გაზრდის მიზნით, კვების მრეწველობის ს/კ ინსტიტუტთან შეიქმნას ღვინისა და ჭაჭის არყის სამეცნიერო ცენტრი;
- ეკონომიკური განვითარების თანამედროვე ეტაპი ხასიათდება იმით, რომ სახელმწიფო თანდათანობით აღარ თვლის თავისი განსაკუთრებული პასუხისმგებლობის სფეროდ სამეურნეო საქმიანობის ბევრ სახეობას და მათ შორის, პირველ რიგში, ინოვაციურ სექტორებში, რომლებიც ტრადიციულად მის განკარგვაში იმყოფებოდა. ამ პირობებში გამოიყენება სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის (სკპ) მექანიზმი, რომელიც გულისხმობს მეცნიერების, განათლებისა და წარმოების ინტეგრაციას ტექნოპარკების სახით და წარმოადგენს სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების პროგრესულ ფორმას ინოვაციური ტექნიკისა და ტექნოლოგიების შესაქმნელად და წარმოებაში დასანერგად.
- აგრარულსფეროში არსებული სამეცნიერო პოტენციალის ინტეგრირების, ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნისა და სამრეწველო მასშტაბით რეალიზაციის სტიმულირების მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე უნდა დაფუძნდეს მეცნიერების, განათლებისა და წარმოების ინტეგრაციის სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მსოფლიოში აღიარე-ბული ფორმა – აგროტექნოპარკი;
- აგროტექნოპარკებსსაქმე აქვთ ორი ტიპის საწარმოებთან: სასოფლო-სამეურნეო საწარმოები (ფერმერული მეურნეობები) და სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის გადამმუშავებელი და კვების მრეწველობის საწარმოები.
სოფლად ინოვაციური ტექნოლოგიების კომერციალიზაციის მიზნით საჭიროა მივმართოთ ისტორიულ მემკვიდრეობას: 70-იან წლებში ევროპაში ჩამოყალიბებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში ფართო გავრცელება პოვა ადგილობრივი ზრდის თეორიამ, რომლის თანახმად, რეგიონის განვითარება დამოკიდებულია მის უნარზე რეაგირება მოახდინოს სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესზე და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე.
- ბოლოწლების გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ სოფლად კოოპერატივების ჩამოყალიბებას ამჟამად არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. შექმნილ მდგო–მარეობაში ერთადერთ გამოსავლად გვესახება აგროტექნოპარკების შექმნა. კოოპერატივებისაგან განსხვავებით (რომლისთვისაც ჯერ მზად არ არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი, ამასთან. Kკოოპერატივში არანაირი პირობები არ არსერბობს ინოვაციური ტექნოლოგიების დასანერგად), ტექნოპარკისათვის ძირითადია შემდეგი პრინციპი: გლეხი (ფერმერი) არ უნდა იყოს მხოლოდ ნედლეულის მომწოდებელი, არამედ მას უნდა შეექმნას პირობები ამ ნედლეულიდან პროდუქციის ან ნახევარფაბრიკატების საწარმოებლად. მასთან ანგარიშსწორება ხდება ადგილზე _ პროდუქციის (ნახევარფაბრიკატის) ჩაბარებისთანავე. ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნაში მას ეხმარება ტექნოპარკი, რომელიც სოფლად ქმნის შესაბამის კლასტერებს. რაც შეეხება მეცნიერებატევად საბოლოო პროდუქტებს, მათი გადამუშავება მოხდება ტექნოპარკის ცენტრალიზებულ ქარხნებში.
- თეთრიწყაროში მიმდინარეობს კვების მრეწველობის ს/კ ინსტიტუტის ექსპერიმენტული ქარხნის მოდერნიზაცია, მრავალპროფილიანი თანამედროვე ექსპერიმეტნტული საწარმოს შექმნის მიზნით.
- ეთხოვოს რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, უზრუნველყოს აღნიშნული ქარხნის თანამედროვე დანადგარ-მოწყობილობებით აღჭურვა.
- სოფლისმეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელ ნებისმიერ საწარმოს შეეძლება დადოს აგროტექნოპარკთან ხელშეკრულება 5 წლის ვადით ინსტიტუტის მიერ შექმნილი, ან მეწარმის მიერ შემოთავაზებული ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვაზე. ამ პერიოდის განმავლობაში ის სარგებლობს საინოვაციო საქმიანობის სპეციალური რეჟიმით, რომელიც გულისხმობს მთელ რიგ შეღავათებს მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის საწარმოებლად.
- ეთხოვოსსაქართველოს პარლამენტს, განიხილოს და მიიღოს კანონი აგროტექნოპარკების საინოვაციო საქმიანობის სპეციალური რეჟიმის შესახებ;
- საქართველოსკვებისა და გადამამუშავებელ მრეწველობაში დღეს არსებული ტექნოლოგიები და პროდუქტები ძირითადად შექმნილია საბჭოთა პერიოდში, და ამ ტექნოლოგიებს უსასყიდლოდ იყენებენ მეწარმეები. საქართველოს დამოუკიდებლობის პირობებში ქვეყანაში არ შექმნილა არც ერთი ინოვაციური პროდუქტი ან ტექნოლოგია, რომელიც თავის ასახვას პოვებდა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალში, ახალგაზრდობა არანაირ ინტერესს არ იჩენს სამეცნიერო საქმიანობის მიმართ, კვლევით ინსტიტუტებში არსებული უკიდურესად დაბალი ხელფასების არსებობის გამო.
- მეცნიერულისაქმიანობის სტიმულირების, ახალგაზრდა კადრების ინოვაციურ საქმიანობაში ჩართვის და საამისოდ შესაბამისი სახსრების აგროტექნოპარკში მოზიდვის მიზნით, რეკომენდებულია საქართველოში წარმოებული კვების პროდუქტების თვითღირებულებაში შეტანილ იქნას მუხლი “მეცნიერების გადასახადი,” და ეს სახსრები მოხმარდეს მეცნიერთა სოციალური დაცვის, ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნისა და რეალიზაციის საქმეს.
იმასაც მინდა ხაზი გავუსვა, რომ აგრარული მეცნიერების დღევანდელი მდგომარეობა იმ ხმელ-ნედლ ჯირკვს მოგვაგონებს, რომელიც არც სანერგედ ვარგა და არც საცეცხლედ გამოგვადგება. კერძოდ, მეცნიერული სიახლეების ქვეყნის მასშტაბით დანერგვისა და გავრცელების ნაცვლად, დღეს საამისოდ შექმნილი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ვერანაირ მონაწილეობას ვერ იღებს აგრარულ მეცნიერებაზე გამოყოფილი სახსრების რაციონალური გამოყენების საქმეში. დროა აკადემიას მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ უშუალოდ მართოს ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნასა და წარმოებაში დანერგვაზე გამოყოფილი სახსრები. საამისოდ მიზანშეწონილად მიგვაჩნია აკადემიის შეყვანა უშუალოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში, ან მისი ორმაგ დაქვემდებარებაში – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს – ყოფნა.
ნუგზარ ბაღათურია – კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი
ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი