დარგებიმებაღეობამემცენარეობა

როგორ გავსხლათ თხილის ბუჩქი

თხილის ბაღებში ნარგავების ფორმირებას მესამე წლიდან იწყებენ, რადგან სრულმსხმოიარობაში შესვლისას ბუჩქში შტამების რაოდენობა, ლიდერი ტოტების სახით 8-10 ს არ უნდა აღემატებოდეს.
თხილის ნორმალური ზრდა-განვითარებისა და მაღალი მოსავლის მისაღებად აუცილებელია ინტენსიური განათება და სინათლის რეჟიმის რეგულირება. ყოველივე ამის გათვალისწინება აუცილებელია მცენარის ვარჯის მოვლისა და გასხვლისას რათა არ მოხდეს ტოტების ჩახშირება, რაც ხელს უშლის თხილის ბუჩქის ნორმალურ აერაციას და განათებას.

მაღალხარისხოვანი, რეგულარული მოსავლის მისაღებად თხილის სამრეწველო ბაღში სხვლა-ფორმირების სამუშაოების ჩატარება მოიცავს სუსტი, დაკნინებული, დაავადებული და მექანიკურად დაზიანებული დედა ტოტების მოცილებას და ვარჯის გამოხშირვას, ამასთან ერთად გადანეჭერი ადგილების დამუშავებას ბაღის მალამოთი (1 წილი კანიფოლი, 2 წილი ფუტკრის ცვილი და 1 წილი ცხოველური ცხიმი). თხილის ბუჩქში ყოველწლიურად ხდება ახალი ამონაყრების მასიური წარმოქმნა.

ბუჩქზე შესაძლებელია ერთდროულად გვხვდებოდეს სხვადასხვა ასაკისა და სტადიის ღეროები: ახალგაზრდა ამონაყრები (1-დან 5 წლამდე), ღეროები წრიული ტოტებით, რომლებზედაც თავის მხრივ ვითარდებიან რეპროდუქციული ორგანოები (5-დან 20 წლამდე) და ღეროები, გარდამავალი ხმობის სტადიაში (20 და მეტი წლის).

თხილის ბუჩქში ყოველწლიურად წარმოიქმნება სხვადასხვა რიგის დიდი რაოდენობით ამონაყრები, რის გამოც იქმნება ვარჯის ჩახშირება. იმდენად რამდენადაც თხილის ღეროთა სიცოცხლის ხანგრძლიობა დაბალია, ამიტომაც ერთ-ერთ უმთავრეს აგროტექნიკურ ღონისძიებად მიიჩნევა ამ კულტურის ბუჩქის გაახალგაზრდავება გამოხშირვითა და გასხვლის შეთანაწყობით.

როგორც საზამთრო, ისე საგაზაფხული გასხვლები უნდა უზრუნველყოფდეს ბუჩქების თავისუფლად ზრდას ყველა მიმართულებით, როგორც სიმაღლეში ისე სიგანეში.

საზაფხულო მწვანე გასხვლების დროს ვარჯის ყველა ნაწილში შენარჩუნებულია ახალგაზრდა ამონაყრების უხვი ზრდა, ამასთან კენწრული ნაზარდების პინცირებით მცირდება მცენარის სიმაღლეში მატება, რაც მოსავლის აღებისას აიოლებს ნაყოფების კრეფას. ფესვის ყელიდან ახალი ამონაყრების დასათრგუნად, გარდა აგროტექნიკური ხერხებისა (გაცელვა, გათოხნა) მიმართავენ შავი ფერის პოლიეთილენის ფირით დამულჩვას.