განმარტება საინფორმაციო ბარათ „ბიფენტრინის შესახებ“
ჩვენ ხელთ აღმოჩნდა საინფორმაციო ხასიათის ბარათი სათაურით: „ბიფეტრინის შესახებ“ (სწორი იქნებოდა – „ბიფენტრინის შესახებ“). ამ ბარათის ყურადღებით წაკითხვის შემდეგ ჩამოგვიყალიბდა აზრი, რომ დოკუმენტი ერთგვარად ტენდენციურია, რომ მასში მოყვანილი ინფორმაცია ზედაპირულია და (დიდი ალბათობით) არასწორ წარმოდგენას შეუქმნის სამიზნე აუდიტორიას ამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე პრობლემის შესახებ. თავს ვალდებულად ვთვლით გამოვეხმაუროდ ამ არასაკმარისად კომპეტენტურ დოკუმენტს, ვინაიდან კარგად ვაცნობიერებთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადრესატისადმი ზუსტი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, რათა შესაძლებელი გახდეს ადექვატური და კარგად მოტივირებული საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. მეტი თვალსაჩინოებისთვის, ზემოხსენებული ბარათის ტექსტი დაყოფილია 12 პუნქტად, რომელიც დაბეჭდილია დახრილი შრიფტით, ხოლო თითოეულ პუნქტს „ბოლდირებული“ შრიფტით თან აქვს დართული შესაბამისი მოკლე კომენტარი.
ბიფეტრინის შესახებ
- ბიფეტრინი არის შეზღუდული მოხმარების პესტიციდი. იგი მიეკუთვნება ბოლო თაობის პირეტროიდული ჯგუფის ინსექტიციდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ქიმიურ ჯგუფებთან შედარებით ნაკლები ზიანი მოაქვთ გარემოსათვის.
ბიფენტრინი მართლაც არის შეზღუდული მოხმარების პესტიციდი და დაშვებულია მისი მხოლოდ ზოგიერთი პრეპარატის საერთო ქსელში გაყიდვა. ამასთანავე, ყველა შემთხვევაში მას თან აუცილებლად უნდა ახლდეს მწარმოებლის სრული ინსტრუქცია და რომლის დარღვევაც უნდა იყოს დასჯადი (მაგალითისათვის, აშშ ბიფენტრინის მოხმარების ინსტრუქციის მოთხოვნათა არასათანადო შესრულება არის ფედერალური კანონის დარღვევა). შეზღუდვის კონკრეტული ფორმა ძირითადად განისაზღვრება პრეპარატში ბიფენტრინის კონცენტრაციით, მაგრამ ერთი და იგივე კონცენტრაციის პრეპარტების (მაგალითად, Talstar select და Talstar Pro, კონცენტრაციით 7,9 %) გაყიდვა და გამოყენება შეიძლება ექვემდებარებოდეს სხვადასხვა დონის შეზღუდვას. ამიტომაც უნდა დავადგინოთ, არის თუ არა ფაროსანას წინააღმდეგ უკვე გამოყენებული “ზონდერი”, ისევე როგორც გამოსაყენებლად გამიზნული “ინსაკარი” (მისი საერთაშორისო დასახელება უცნობია) და “Decus fluxx” მკაცრად შეზღუდული მოხმარების პრეპარატი. სამწუხაროდ, სურსათის ეროვნულ სააგენტოს არა აქვს დამაჯერებელი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. დასანანია, რომ მოსახლეობისთვის უკვე დარიგებული და გარემოში შეტანილი პრეპარატის ეტიკეტი შეიცავს ორ აშკარად მცდარ ინფორმაციას: რომ ბიფენტრინი განეკუთვნება ტოქსიკურობის III კლასის ნივთიერებათა რიცხვს და რომ მითითებული ნორმებით გამოყენების შემთხვევასი იგი მცირედ საშიშია მოსახლეობისათვის. სინამდვილეში ეს პრეპარატი განეკუთვნება ადამიანისთვის ტოქსიკურობის II კლასის ნივთიერებებს (ზომიერად ტოქსიკურია) და არასწორი მოხმარების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი. გარწმუნებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთი, რბილად რომ ვთქვათ არასწორი ინფორმაციის შემცველი მარკირების პრეპარატს უთუოდ ამოიღებდნენ ხმარებიდან და სარეალიზაციო ქსელიდან, ხოლო მისი მწარმოებელი და გამავრცელებელი (გამყიდველი) დაჯარიმდდებოდა, ან მიეცემოდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
ის გარემოება, რომ ბიფენტრინი მიეკუთვნება სინთეტური პირეტროიდების ჯგუფის IV თაობას (სულ თერტმეტამდე პრეპარატი) და ხასიათდება სხვადასხვა მავნებლისთვის მაღალი ლეტალურიბით, სულაც არ ნიშნავს, რომ მას ნაკლები ზიანი მოაქვს გარემოსთვის. პირიქით, ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ სწორედ ის თვისებები, რომელიც განაპირობებს ბიფებტრინის გამოყენების უფრო მაღალ ეფექტს (შედარებით მაღალი ლეტალობა, ოპტიკური გამოსხივებისადმი მდგრადობა, უფრო დაბალი აქროლადობა, გახანგრძლივებული ნარჩენი ზემოქმედება, გარემოში დაშლის დიდი პერიოდი და ა.შ.) იწვევს მის გაზრდილ ნეგატიურ ზემოქმედებას ცოცხალ გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე.
- ბიფენტრინი ადამიანებისთვის მე-II კლასის საშიშროების პესტიციდია, ანუ „ზომიერად საშიში“. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიხედვით, ბიფეტრინი არ არის ნებადართული საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. მისი გამოყენება რეკომენდებულია არადახურული ტიპის ზონებში.
ბიფენტრინის შემცველ სხვადასხვა პრეპარატს აქვს გამოყენების სხვადასხვა დანიშნულება და არეალი, ბევრი მათგანი განეკუთვნება სწორედ დახურილი ტიპის ზონებში (საწყობები, სათბურები) გამოსაყენებლად, შესაბამისი წესების დაცვით. ამიტომ აუცილებელია თითოეული პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციის ზედმიწევნით ზუსტი ცოდნა და მისი მოთხოვნების მკაცრი დაცვა.
- მცენარეების შემთხვევაში, ბიფეტრინი არ არის ტოქსიური. იგი არ შეიწოვება მცენარეების ფოთლების მიერ და თავად მცენარეშიც აღნიშნული ქიმიური ნივთიერება არ გადაადგილდება. მისი შემცველი პრეპარატები აქტიურად გამოიყენება სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა სახეობის კულტურების შეწამვლისთვის, როგორიცაა: ბამბა, მარცვლეული, ხილი, ჩაის პლანტაციები, კარტოფილი, ყურძენი და ა.შ. საკმაოდ ეფექტურად გამოიყენება სიმინდის შემთხვევაში. ასევე, ალაოს და ჟოლოს 70% აშშ მუშავდება ბიფეტრინით.
ბიფენტრინის მართლაც პრაქტიკულად არატოქსიკურია მცენარეებისათვის, უფრო მეტიც, მცენრეების მიერ შექმნილი “ქოლგის” მიერ ინსექტიციდების შეკავების შედეგად ბიფენტრინის შემცველობა ინტენსიური მცენარეული საფარის მქონე საოფლო-სამეურნეო სავარგულებში შეიძლედბა ბევრად (დაახლოებით ათჯერ) უფრო ნაკლები იყოს, ვიდრე სხვა ტერიტორიებზე. სამაგიეროდ, ხეებისა და ბუჩქების ფოთლებზე დიდი რაოდენობით შეკავებული პირეთროიდები ბევრად უფრო მდგრადია და, შესაბამისად, უფრო საშიშია არა მარტო მავნებლებისთვის, არამედ ფუტკრისთვის და სხვა სასარგებლო მწერებისთვისაც. გარდა თვითონ პრეპარატებისა, ბევრად უფრო მდგრადია მათი დაშლის შემდეგ მცენერულ ზედაპირებზე დაკავებული მრავალრიცხოვანი ტოქსიკური ნივთიერებები. საბოლოო ანგარიშით, მცენარეულ პროდუქტებზე მოხვედრილი პრეპარატები წარმოადგენს უფრო მეტ საშიშროებას საერთოდ ყველა იქ მობინადრე მწერისა თუ სხვა ცოცხალი ორგანიზმისთვის. რაც შეეხება ბიფენტრინის გამოყენებას მრავალი სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურის შესაწამლად, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ არსებობს ბიფენტრინის ათეულობით სხვადასხვა პრეპარატი, რომელიც განსხვავდება როგორც გამოყენების წესით, ასევე განსხვავებული კულტურების შეწამვლის ეფექტურებით. ამიტომ ერთი ან ორი პრეპარატის შეძენა და გამოყენება (მითუმეტეს რომელიღაც ერთი “უნივერსალური” ინსტრუქციის შესაბამისად) შეიძლება სრულიად არაეფექტური იყოს. აუცილებელია, რომ საგანგებო სიტუაციებშიც კი ზუსტად იყოს შერჩეული გამოსაყენებლად მიზანშეწონილი და დასაშვები პრეპარატები, გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები და გაცემული საგანგებო ნებართვის მოქმედების ვადა. ამის შესანიშნავი მაგალითია აშშ გარემოს დაცვის სააგენტოს (US EPA) ნებართვა, რომ განსაკუთრებულ გარემოებებთან დაკავშირებით ნიუ-იორკის შტატში დროებით დაშვებულ იქნას ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატების გამოყენება. ამ მნიშვნელოვან დოკუმენტში ცალსახად არის მოცემული სამი ნებადართული პრეპარატი (Bifenture 10DF Insecticide/Miticide (EPA Reg. No. 70506‐227), Bifenture®EC Agricultural Insecticide (EPA Reg.No.70506‐57), BRIGADE WSB (EPA REG. NO. 279-3108), სამი სასოფლო-სამეურნეო კულტურა (ვაშლი, ატამი, ნექტერინი) და ნებართვის მოქმედების ვადა (26.06 – 15.10.2017). ყოველივე ამის გათვალისწინებით სრულიად გაუგებარია, თუ რატომ იქნა საქართველოში რეკომენდირებული და გამოყენებული ყველასათვის უცნობი თურქული წარმოშობის პრეპარატი „ზონდერი“.
- აღნიშნული პესტიციდი მოქმედებს მავნებლის ნერვულ სისტემაზე და ეფექტურია როგორც ზრდასრულ მავნებლებზე, ასევე ჯერ კიდევ ფორმირებაში მყოფ კვერცხებზე. ის მავნებელ მწერებში იწვევს პარალიზის ეფექტს და გამოიყენება ისეთი მწერების წინააღმდეგ, როგორიცაა: ჭია, ჭიანჭველა, კალია, ობობა, ხოჭო, მატლი, ტილი, ბუზი, ტერმიტები და ა.შ.
ორგანოფოსფორული ინსექტიციდებისგან განსხვავბით, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, პირეტროიდული ჯგუფის პრეპარატები არღვევს პერიფერიული ნერვული სისტემის ფუნქციებს, რაც ძირითადად გამოიხატება კოორდინაციის დარღვევაში, კრუნჩხვებსა და პარალიზებაში. შესაბამისი სიმპტომების მიხედვით ასხვავებენ I და II ტიპის პირეტროიდულ ჯგუფებს. ბიფენტრინი განეკუთვნება I ტიპის ჯგუფს, რომლისთვისაც დამახასიათებელია მოუსვენრობა, ჰიპერაღგზნება და შემდგომი პროსტრაცია, სხეულის ტრემორი. II ტიპის პირეტროიდები იწვევს გაღიზიანების დონეზე დამოკიდებულ ნერვულ დეპოლარიზაციას და ბლოკირებას. პერიტროიდები ხასიათდება მწერებზე მოქმედების მაღალი სელექტურობით და განსაკუთრებით ტოქსიკურია ფუტკრისათვის და მრავალი სახეობის სასრგებლო მწერისათვის. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც მიღებულია ყველა რეკომენდირებული ზომა ინსექტიციდების ფუტკარზე პირდაპირი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, გაფრქვევის ადგილამდე მანძილის უკუპროპორციულად იზრდება როგორც კუტიკულარული (გარსზე მოხვედრის ), ასევე დიეტური (კვების მეშვეობით) გზით ექსპოზიციის ალბათობა. ცნობილია, რომ მცირე დოზებით ექსპოზიციის დროსაც პირეთროიდები უარყოფით ზეგავლენას ახდენენ ფუტკრის ქცევასა და რეპროდუქციულ აქტიობაზე, მათ ურთიერთკომუნიკაციაზე, სივრცეში მათი ორიენტაციის უნარზე. გარდა ამისა, პირეთროიდული ინსექტიციდების გამოყენება დაკავშირეულია იმ ბიოლოგიური სახეობების (მაგალითად, ართროპოდების და პარაზიტოიდების) სრული განადგურების საფრთხესთან, რომლებიც აკონტროლებს სხვა მავნებლების პოპულაციებს, რაც, თავის მხრივ, გვემუქრება მეორადი მავნებლების (მაგალითად, ატმის მწვანე აფიდის, ნესვის აფიდის, თრიფსების და აბლაბუდატკიპასებრთა) უკონტროლო გამრავლებით.
5. პრაქტიკაში ბიფეტრინის შემცველი სხვადასხვა ქიმიკატების გამოყენება ასევე გვხვდება სატყეო მეურნეობაში ხის მასალების დასამუშავებლად. რაც შეეხება, ნიადაგს და წყალს, ბიფეტრინი ნიადაგში მჭიდროდ იბუდებს და რთულად გადაადგილდება (განსაკუთრებით თიხასა და შლამში). აღნიშნული ქიმიკატი ძნელად იხსნება წყალში. ამ თვისებების გამო, იგი ხშირ შემთხვევაში ვერ აღწევს და არ აბინძურებს გრუნტის წყლებს. ნიადაგში ნივთიერება შესაძლოა შენარჩუნდეს 7 დღიდან 8 თვემდე, რაც დამოკიდებულია ნიადაგის ტიპზე და აორთქლების პირობებზე.
ბიფენტრინი მართლაც გამოიყენება ხის მასალების დასამუშავებლად (გამოყენების ინსტრუქციის მოთხოვნების მკაცრი დაცვით), მაგრამ არ არის დაშვებული ტყის მცენარეების და ნიადაგის შესაწამლად. საველე პირობებში ბიფენტრინის ნახევარდაშლის პერიოდი დაახლოებით 96-97 დღეა და ის ნაკლებად მოძრავია ნიადაგში. ამავე დროს, ეროზირებულ ნიადაგებში მაღალალბათურია ნიადაგის ნაწილაკების მიგრაცია ქარის და წყლის ნაკადების ზეგავლენით. კოლხეთის დაბლობის პირობებში, სადაც გრუნტში წყლების დონე მაღალია, რის გამოც მკვეთრად იზრდება ბიფენტრინის მოხვედრის ალბათობა მასში.
- ცხოველების შემთხვევაში, ბიფეტრინი ნაკლებად ტოქსიურია თბილ-სისხლიანი ცხოველებისთვის (როგორიცაა ძუძუმწოვრები), ვიდრე ცივ-სისხლიანებისთვის. მეტად ტოქსიური და სახიფათოა ისეთი სახეობებისთვის, როგორიცაა: თაგვი, ვირთხა, კურდღელი.
სინამდვილეში, ბიფენტრინი ზომიერად სახიფათოა თაგვისთვის (ძირითადად, როგორც პოტენციური კანცეროგენი) და კურდღლისთვის, პრაქტიკულად უხიფათოა ვირთაგვისთვის, სამაგიეროდ, ისევე, როგორც ყველა პირეტროიდი, მაღალტოქსიკურია ქვეწარმავლებისთვის (გველი, ხვლიკი). თუ გავითვალისწინებთ, რომ დელტამეტრინი (რომელიც არის საქართველოში გამოსაყენებლად არჩეული პირეტროიდული აპარატის Decis fluxx-ის ერთ ერთი ძირითადი აქტიური ნივთიერება) მაღალტოქსიკურია როგროც კატების, ასევე ქვეწარმავლებისთვის, უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი გამოყენება გამოიწვევს მღრღნელების უკონტროლო გამრავლებას, ყველა შესაბამისი შედეგით.
- ბიფეტრინი ასევე მაღალ-ტოქსიურია წყლის ცხოველებისათვის და დიდ ზიანს აყენებს თევზებს, განსაკუთრებით კალმახს, დაფნიას და ქორჭილას. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ბიფეტრინი რთულად იხსნება წყალში და ნიადაგში მოხვედრის შემთხვევაში, მასში მჭიდროდ ჩერდება, ალბათობა იმისა, რომ ბიფეტრინი ოკეანის/მდინარის და ზოგადად წყლის სისტემებში იყოს ნაკლებია.
სამაგიეროდ, ბიფენტრინი აკუმულირდება ფსკერულ სედიმენტებში და მაღალ უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ზედაპირული წყალსატევების ყველა ბინადარზე. არსებობს მრავალი მეცნიერული დაკვირვება, რომელიც ცხადყოფს, რომ პირეტროიდებით დაბინძურება იწვევს კატასტროფიულ შედეგს ტბების და მდინარეების ფაუნისა და ფლორისათვის. იმის მიუხედავად, რომ ეს დაბინძურება შედარებით ხანმოკლე ნარჩენი ზემოქმედებით ხასიათდება, ცხადია, რომ ამ ჯგუფის ინსექტიციდების სისტემატიური ხანგრძლივი გამოყენება უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს ზედაპირული წყალსაცავების ფლორასა და ფაუნაზე და მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს.
- ბიფეტრინი ზომიერად ტოქსიურია ფრინველებისთვის, გარდა მწყერისა და იხვისა, რომლისთვისაც ეს ქიმიური ნივთიერება უმეტეს შემთხვევაში მომაკვდინებელია. ასევე, იგი მაღალ-ტოქსიურია ფუტკრისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ბიფეტრინი ზომიერად ტოქსიურია ფრინველებისთვის (გარდა მწყერისა და იხვისა), მეცნიერული გამოკლევები გვიჩვენებს, რომ პირეტროიდების გამოყენების თანმდევ ეფექტებს ძალიან ხშირად კრიტიკულ ზღვარამდე დაყავს იმ მწერების პოპულაციები, რომლითაც იკვებება ფრინველების უმეტესობა, და ზიანს აყენებს ენდემური ფრინველების მრავალ სახოებას. გასაგებია, რომ ეს ეფექტები ნაკლებად შესამჩნევია მცირე მასშტაბის საველე კვლევების დროს და უნდა ფასდებოდეს მდიდარი პრაქტიკული გამოცდილების და მონაცემთა სტატისტიკური დამუშავების საფუძველზე.
- სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბიფენტრინი სხვადასხვა სავაჭრო სახელით დარეგისტრირებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ სახელმწიფოებში, მათ შორის ავსტრალიაში, თურქეთში, ასევე დსთ-ში, უკრაინაში.
როგორც წესი, რეგისტრირდება და ხელახლა რეგისტრირდება არა ბიფენტრინი, როგორც ნივთიერება, არამედ ბიფენტრინის შემცველი კონკრეტული პრეპარატები, რომელთაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქვთ სამიზნე ინსექტიციდების და სასოფლო-სამეურნეო კულტურების განსახვავებული კონკრეტული ჩამონათვალი, გამოყენების არეალი და ზუსტად დადგენილი წესი. ეს პრეპარატები დანიშნულებისა და გამოყენების არეალის მიხედვით ზოგადად იყოფა სამ კატეგორიად: შიგა დანიშნულების (“indoor”), პრეპარატები, გარე დანიშნულების (“outdoor”) პრეპარატები და სამშენებლო (“structural”) დანიშნულების პრეპარატები. ყოველივე ამის გათვალისწინებით, აუცილებელია შესყიდვის (ტენდერის გამოცხადების) ეტაპზე ზუსტად იყოს განსაზღვრული მოთხოვნილი პრეპარატის კატეგორია, სამიზნე მწერები (ტკიპები, ხოჭოები, პეპლები და ა.შ.), სამიზნე კულტურები (ატამი, ვაშლი, ყურძენი, სიმინდი, ლობიო, სოიო, დეკორატიული მცენარეების სახეობები და ა. შ.) ან ობიექტები (სათბური, საწყობი, საცხოვრებელი სათავსოების ელემენტები, სარდაფები, გაზონები და ა. შ.), რაც, სამწუხაროდ არ ხდება საქართველოში.
საქართველოში პესტიციდების რეგისტრაცია, შემოტანა, ბაზარზე განთავსება და გამოყენება, შენახვა-ტრანსპორტირება, მარკირება, დაფასოება, რეკლამა, კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონების„ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“, სურსათის/ცხოველთა საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ საფუძველზე. მოქმედებს 15-მდე ნორმატიული აქტი, რომელიც არეგულირებს პესტიციდების მიმოქცევასა და გამოყენებას.
ვფიქრობთ, რომ ეს ნორმატიული აქტები გადასახედია, ვინაიდან ვერ უზრუნველყოფს შემოტანილი პრეპარატების უსაფრთხოების და ხარისხის გარანტიას და რეგისტრაციის პროცესის გამჭვირვალობას და სათანადო კონტროლს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის, გარემოს დაცვის სამსახურის, აგრეთვე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან.
- პესტიციდების რეგისტრაციისას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო – სარეგისტრაციო ორგანო ხელმძღვანელობს ევროკავშირში დაშვებული პესტიციდების მოქმედი ნივთიერებების ნუსხით (EU Pesticides Database) და ამერიკის შეერთებული შტატები გარემოს დაცვის სააგენტოს (US EPA) მიერ დაშვებული მოქმედი ნივთიერებების სიით.
ფაქტიურად, მთელი პროცესი თავმოყრილია ერთი უწყების (სურსათის ეროვნული სააგენტოს) ხელში, რაც მკვეთრად ზრდის არასაკმარისად დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების და უფლებამოსილების გადამეტების შესაძლებლობას. ეს გარემოება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გაუქმდა და ჩამოყალიბდა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ამჟამად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო თვითონ შეაფასებს საკუთარი საქმიანობის ზემოქმედებას გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე, რაც დიამეტრალურად ეწინააღმდეგება ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში მიღებულ პრაქტიკას და კანონმდებლობას.
- დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა სავაჭრო სახელით რეგისტრირებულია 8 ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი.
აქედან 5 შეიცავს მხოლოდ ერთ მოქმედ ნივთიერებას ბიფენტრინს:
ტალსტარი 10ეკ – მწარმოებელი ფმს ქემიკალ სპრლ, ბელგია, 2004 წ.
ინსაკარი – პარიჯატ ინდასტრის პვტ. ლტდ, ინდოეთი , 2010 წ.
ზონდერი- აგრობესტ გრუპ ტარიმ ილაკლარი ტოჰ.იმლ.იტჰ.იჰრ.სან.ვე ტიკ.ა.ს., თურქეთი, 2017 წ.
ჰაბლა – აგროტეზ ტარიმ სანაი ვე ტიკარეტ ა.ს., თურქეთი, 2017 წ.; თეიქოფი – საფა ტარიმი ა.ს., თურქეთი , 2017 წ.
3 პრეპარატი კომბინირებულია:
პირინექს სუპერი 402 – ქლორპირიფოსი+ბიფენტრინი – 400+20 გ/ლ – ადამა აგრიქალჩა ბ.ვ., ნიდერლანდები, 2008 წ.
ანტიხრუშჩი – ბიფენტრინი _ 100 გ/ლ+იმიდაკლოპრიდი 200 გ/ლ შპს. ფაბრიკა აგროქიმიკატოვ, უკრაინა , 2012 წ.
ბუფალო – ქლორპირიფოსი 400 გ/ლ + ბიფენტრინი 20 გ/ლ-ინტერნასიონალ ქუიმიკა დე კობრე ს.ა. დე ს.ვ., მექსიკა , 2017 წ.
ჩვენი მონაცემების მიხედვითაც, საქართველოში 2012 წლიდან რეგისტრირებულია ბიფენტრინის შემცველი რვა პრეპარატი, მაგრამ ზოგიერთი პრეპარატის (ტალსატარი 10ეკ, ინსაკარი, პირინექს სუპერ 402, ანტიხრუშჩი) რეგისტრაციის თარიღი განსხვავდება ზემოთ მოყავანილი მონაცემებისგან (თვალსაიჩინოებისთვის, ზემოთ მოყვანილი მონაცემები მეორდება ქვემოთ და მოცემულია დახრილი შრიფტით, ხოლო ჩვენ მიერ შერჩეული ინფორმაცია „ბოლდირებული“ შრიფტით).
მხოლოდ ერთი აქტიური ნივთიერება (ბიფენტრინი):
ტალსტარი 10ეკ – მწარმოებელი ფმს ქემიკალ სპრლ, ბელგია, 2004 წ.
რეგისტრაციის თარიღი: 1/15/2015 რეგისტრაციის ნომერი: 506/09/15
ინსაკარი – პარიჯატ ინდასტრის პვტ. ლტდ, ინდოეთი , 2010 წ.
რეგისტრაციის თარიღი: 1/8/2015 რეგისტრაციის ნომერი: 680/15
ზონდერი- აგრობესტ გრუპ ტარიმ ილაკლარი ტოჰ.იმლ.იტჰ.იჰრ.სან.ვე ტიკ.ა.ს., თურქეთი, 2017 წ.
რეგისტრაციის თარიღი: 3/6/2017 რეგისტრაციის ნომერი:1239
ჰაბლა – აგროტეზ ტარიმ სანაი ვე ტიკარეტ ა.ს., თურქეთი, 2017 წ.; თეიქოფი – საფა ტარიმი ა.ს., თურქეთი , 2017 წ.
რეგისტრაციის თარიღი: 7/3/2017 რეგისტრაციის ნომერი:1253
კომბინირებული პრეპარატები:
პირინექს სუპერი 402 – ქლორპირიფოსი (ორგანოფოსფორული ნივთიერება) + ბიფენტრინი – 400+20 გ/ლ – ადამა აგრიქალჩა ბ.ვ., ნიდერლანდები, 2008 წ.
რეგისტრაციის თარიღი: 7/26/2013 რეგისტრაციის ნომერი: 613/13
ანტიხრუშჩი – ბიფენტრინი – 100 გ/ლ+იმიდაკლოპრიდი (ნეონიკოტინოიდი) 200 გ/ლ, შპს. ფაბრიკა აგროქიმიკატოვ, უკრაინა, 2012 წ.
რეგისტრაციის თარიღი: 9/25/2017 რეგისტრაციის ნომერი: 893/17
ბუფალო – ქლორპირიფოსი (ორგანოფოსფორული ნივთიერება) 400 გ/ლ + ბიფენტრინი 20 გ/ლ-ინტერნასიონალ ქუიმიკა დე კობრე ს.ა. დე ს.ვ., მექსიკა , 2017 წ.
რეგისტრაციის თარიღი:11/17/2017 რეგისტრაციის ნომერი: 1267
უფრო ადრინდელი მონაცემები ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის, ნიშანდობლივია, რომ სამივე კომბინირებული პრეპარატი (პირინექს სუპერ 402, ანტიხრუშჩი და ბუფალო) შეიცავს ბევრად (2 ან 10-ჯერ) უფრო მეტ ორგანოფოსფორულ ან ნეონიკოტინოიდურ ნივთიერებას (ეს უკანასკნელი „ენათესავება“ ისეთ ცნობილ ქიმიურ იარაღს, როგორიც არის ზარინი, ზომანი, ტაბუნი, და გამოირჩევა ექსტერმალურად მაღალი ტოქსიკურობით ყველა ხერხემლიანისათვის, მათ შორის ადამიანისთვის), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტენდერის გამოცხადება ზოგადად ბიფენტრინის შემცველი პრეპარატის შეძენაზე, არამედ მითითებული უნდა იყოს დამატებითი მოთხოვნები მისი შემადგენლობის, გამოყენების არეალის, სამიზნე კულტურების და გამოყენების თავისებურებების შესახებ.
სამწუხაროდ, მოხსენებით ბარათში არ არის ინფორმაცია საქართველოში ბიფენტრინის შემცველი პრეპარატების და საერთოდ პესტიციდების რეგისტრაციის, შემოტანის, ბაზარზე განთავსებისა და გამოყენების პრაქტიკის თაობაზე, იმ განსხვავებული თვალსაზრისის შესახებ, რომელსაც იზიარებს და ასაბუთებს საქართველოს წამყვანი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებების და სამეცნიერო ინსტიტუტების მაღალვალიფიცირებულ მეცნიერთა ჯგუფები. ასევე სამწუხაროა, რომ არ ექცევა ყურადღება საქართველოს ტენიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევების შედეგებს ახალი ბიოლოგიური ინსექტიციდებისა და ფაროსანათან ბრძოლისათვის განკუთვნილი ზემაღალსიხშირული მობილური მოწყობილობების შემუშავება-ტესტირების სფეროში, რომელიც ეხმიანება ამერიკელი, გერმანელი, იტალიელი და სხვა ქვეყნების ცნობილი მეცნიერების მიღწევებს და ხშირად კიდევაც აღემატება მათ. ასევე სამწუხაროა, რომ სრულიად იგნორირებულია ცნობილი ქართველი მეცნიერების გ. გოდერძიშვილის, ი. მოწერელიას და სხვათა მეცნიერულად დასაბუთებული პოზიცია საქართველოში თხილის წარმოების ძირითადი პრობლემების და მათი გადაჭრის გზების თაობაზე. ეს ავტორიტეტული მეცნიერები არგუმენტირებულად აცხადებენ, რომ
თხილის დანაკლისის მხოლოდ 10-15 % არის განპირობებული აზიური ფაროსანას ინვაზიით, ხოლო ძირითადი ზარალის მიზეზი არის ბაქტერიოზი და თანმდევი სოკოვანი დაავადებები, რომელთა პროფილაკტიკისა და თავიდან აცილების ქმედითი საშუალებაც არის არა ბიფებტრინი, არამედ სპილენძუის შემცველი პრეპარატები. თუ ეს თვალსაზრისი სწორია, უსარგელო იყო 2017 წელს ჩატარებული ბიფენტრინით შეწამვლის „კამპანიის“ უმეტესი ნაწილი.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოლოდროს სამინისტროში მიმდინარე ზოგიერთი პროცესი (პირველ რიგში – მინისტრის მოადგილის ბატონ იური ნოზაძის თაბმჯდომარეობით პროფილაკტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიაში და სამინისტროში ჩატარებული შეხვედრები მეცნიერთა კორპუსისა და სამინისტროს თანამშრომლების მონაწილეობით) იმედს გვიტოვებს, რომ შესაძლებელი გახსდება დაშვებული შეცდომების გამოსწორება და საქრთველოში ფაროსანასთან ბრძოლის ქმედითი პროგრამის შემუშავება და წარმატებით განხორციელება. ეს კი თავიდან აგვაცილებს სახელმწიფო ხაზინიდან ათობით მილიონი ლარის პრაქტიკულად უშედეგო ხარჯვას, პრინციპულად შეუძლებელს გახდის ეჭვის არსებობას კორუფციული გარიგებების შესაძლებლობის შესახებ და, რაც მთავარია, აგვარიდებს ეკოლოგიური და ეკონომიკური ხასიათის მოახლოებულ კატასტროფას.
პაატა კოღუაშვილი, პროფესორი
არჩილ ჭირაქაძე, პროფესორი