აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკები

საირიგაციო სისტემები, მათი დადებითი  და  უარყოფითი  მხარეები

 მოქმედების ხასიათის მიხედვით მორწყვის შემდეგ სახეებს არჩევენ
  1. რეგულარული სავეგეტაციო რწყვა — იგი ტარდება მცენარის ვეგეტაციის პერიოდში წყალმოთხოვნილების, მორწყვის დადგენილი ნორმებისა და ვადების შესაბამისად. მორწყვის ეს სახე გავრცელებულია მთელი სარწყავი ფართობების 85 %-ზე.
  2. ერთჯერადი ტენდამაგროვებელი რწყვა — ტარდება გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში ნიადაგში გარკვეული ტენის მარაგის შესაქმნელად. ასეთი რწყვა გამოიყენება სარწყავი წყლით ღარიბ რაიონებში.
  3. ხვნისწინა რწყვა — ტარდება ნიადაგის დასამუშავებლად ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად.
  4. თესვის რწყვა — თესლის დროული და ნორმალური აღმოცენებისათვის საჭიროა ჩატარდეს სპეციალური რწყვა თესვის დამთავრებისთანავე.
  5. გამანოყიერებელი რწყვა — გამოიყენება ნიადაგში სასუქის შეტანისა და მისი თანაბრად გადანაწილების მიზნით. ნათეს-ნარგავების დამატებითი გამოკვების დროს, კულტივაციის წინ, მოიბნევა მინერალური სასუქები, შემდეგ ამას მოჰყვება რწყვა. შესაძლებელია სასუქები გაიხსნას წყალში და რწყვის სახით შეტანილ იქნეს ნიადაგში.

მდინარის წყალში მოლივლივე ნივთიერებების სასუქად გამოყენება უძველესი დროიდან არის ცნობილი. მდინარის ნალექი მდიდარია მცენარისათვის საჭირო ნივთიერებებით. ეს ნალექი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ნიადაგის გასანოყიერებლად. რწყვას ფართობის დატბორვის წესით აწარმოებენ. ასეთ რწყვას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვიანი ნიადაგებისათვის. ამ დროს ნალექების დაგროვებით წვრილმიწის რაოდენობას ვადიდებთ.

  1. რწყვა ნიადაგის დათბობის მიზნით — ტარდება ადრე გაზაფხულზე ამისათვის გამოიყენებენ თერმულ წყლებს. წყლის ტემპერატურა ნიადაგის ტემპერატურაზე მეტი უნდა იყოს. რწყვის ამ სახეს იყენებენ სათბურებში და ორანჟერეებში.
  2. რწყვა ნიადაგის ჩარეცხვის მიზნით — ტარდება ნიადაგში ადვილადხსნადი მარილების (NaCl, Na2 CO3 , K2 SO4) მოსაცილებლად. დამლაშებული ნიადაგის გაუმჯობესებისათვის. ტარდება თესვის წინ, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში.
  3. პროვოკაციული რწყვა — იყენებენ სარეველების აღმოსაცენებლად, რომლებიც შემდეგ განადგურებული იქნება ქიმიკატით ან სათანადო დამუშავებით. რწყვას აწარმოებენ ჩვეულებრივ შემოდგომაზე, მოსავლის აღების შემდეგ.
  4. გამაგრიებელი რწყვა — ტარდება ყველაზე ცხელ პერიოდში მცენარის გასაგრილებლად. რწყვა ტარდება დაწვიმებით, ადიდებს ჰაერის აბსოლუტურ ტენიანობას და ამცირებს ტემპერატურას. დაწვიმება, ნიადაგის დატენიანების მხრივ, უახლოვდება ბუნებრივი ნალექების მოქმედების პირობებს.

 ტექნიკური განხირციელების მხრივ არჩევენ რწყვის შემდეგ საშუალებებს/ მეთოდებს:

ზედაპირული მორწყვა — წყლის თვითდინებით მიწოდება;

დაწვიმებით მორწყვა;

ნიადაგქვეშა მორწყვა;

წვეთოვანი მორწყვა, მიეკუთვნება ნიადაგქვეშა მორწყვის სახეობებს;

აეროზოლურ მორწყვას, რომელიც დაწვიმებით მორწყვას მიეკუთვნება.

ზედაპირული (თვითდინებითთ) მორწყვა

რწყვის აღნიშნული წესი გულისხმობს ფართობის ზედაპირზე წყლის მიწოდებასა და გადანაწილებას თვითდინებით, რაც ხორციელდება სარწყავი კვლების, ზოლებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

თვითდინებით მორწყვისათვის დამახასიათებელია ნიადაგის დატენიანება სხვადასხვა სიღრმეზე. წყლის გარკვეული მარაგის აკუმულირება ნიადაგის აქტიურ ფენაში.

დაწვიმებით მორწყვა

წყლის მიწიდება-გადანაწილება ხდება ფართობის ზედაპირზე მოსული ხელოვნური წვიმის სახით, რაც ხორციელდება დასაწვიმი აპარატების, აგრეგატებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

აეროზოლური მორწყვა დაწვიმებითი მორწყვის ქვესახეობას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში წყლის მიწიდება-გადანაწილება ხდება მიწისპირა ჰაერის ფენაში ხელოვნურად წარმოქმნილი ნისლისებური წვრილდისპერსიული წყლის წვეთების სახით. რის შედეგადაც, მცენარისა და ნიადაგის ზედაპირი სველდება, მიკროკლიმატი უმჯობესდება და, შესაბამისად, მოსავლიანობაც მნიშვნელოვნად იზრდება. სპეციალური მანქანა დანადგარების საშუალებით წყალს იღებენ არხებიდან ან მილსადენებიდან და აფრქვევენ მას ჰაერში. წვიმის წვეთები ბურუსის სახით ვრცელდება 200-300 მეტრზე. წყლის მიწოდება ხდება ყოველდღიურად 4-5 საათის განმავლობაში. რწყვის ეს სახეობა, ძირითადად, გამოიყენება ბოსტნეული კუტურებსა და ჩაის პლანტაციებისათვის.

ნიადაგქვეშა მორწყვა — მორწყვის დროს წყალს აწოდებენ არა ნიადაგის ზედაპირიდან, არამედ ქვენიადაგიდან მიწაში ჩაწყობილი მილების საშუალებით.

წვეთოვანი მორწყვ

მორწყვის ყველაზე პროგრესული წესია. იგი გამოიყენება ცხელი და მშრალი კლიმატის ქვეყნებში (ისრაელი, ეგვიპტე, ავსტრალია, არაბეთის ქვეყნები, შუა აზიის ქვეყნები). წესი გულისხმობს სარწყავი წყლის მიწოდებას უშუალოდ ფესვთა სისტემის ზონაში. რაც ხორციელდება ფესვთა სისტემის ზონაში (მიწაში ან მის ზედაპირზე) განლაგებულ პოლიეთილენის მილების საშუალებით. რწყვა საშუალებას გვაძლევს მუდმივად შევინარჩუნთ ნიადაგში ტენის სასურველი რეჟიმი და თავიდან ავიცილოთ ნიადაგის ზედმეტი გატენიანება.

წვეთური რწყვის მოქმედების პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: წყლის წყაროდან მცირე მოცულობის ტუმბოთი წყალი მაგისტრალურ მილსადენში შემოდის, აქედან გამანაწილებელში და შემდეგ სარწყავ მილსადენებში, რომელზედაც დამონტაჟებულია მწვეთავები.

წვეთოვანი მორწყვის საშუალებით შესაძლებელია მოსავლიანობის გაზრდა 60 %-მდე და უფრო მეტად.

წვეთური რწყვა 2-3-ჯერ ეკონომიურია ზედაპირულ მორწყვასთან შეადებით. დაწვიმებით მორწყვასთან შედარებით 50 %-ით ნაკლები წყალი იხარჯება.

საირიგაციო  სისტემების  დადებითი  და  უარყოფითი  მხარეები

ზედაპირული (თვითდინებით) მორწყვის სისტემების დადებითი მხარეები:

მარტივია, იაფი ჯდება და ადვილად ხეელმისაწვდომია;

ნაკლებად საჭიროებს დეფიციტურ მასალებს და ტექნიკურ საშუალებებს.

ნაკლოვანებები

მეტად შრომატევადია, საჭიროა გაცილებით მეტი მუშახელი;

საწყავ ქსელში ადგილი აქვს წყლის მნიშვნელოვან დანაკარგებს. კულტურების მოსარწყავად საჭიროა მორწყვის გადიდებული ნორმის გამოყენება;

ფართობის დაქანების შემთხვევაში ადგილი აქვს ნიადაგის გადარეცხვას და ეროზიული მოვლენების განვითარებას;

მორწყვის შემდეგ წარმოიქმნება ნიდაგის ქერქი, რომელიც ამცირებს აერაციას და აძლერებს ტენის აორთქლებას ნიადაგის ზედაპირიდან;

ფართობზე არის არხის ქსელები, რომელიც ადიდებს მექანიზაციის ფართოდ გამოყენებას.

დაწვიმებით მორწყვის დადებითი მხარეები:

დაწვიმებით მორწყვა მექანიზებული მორწყვის წესია. მას სრული ავტომატიზაციის ფართო შესაძლებლობები გააჩნია, მთლიანად გამორიცხავს ხელით შრომას;

არ არის საჭირო სარწყავი ქსელი და ადგილი არ აქვს სარწყავი ქსელიდან წყლის უსარგებლო ხარჯვას;

არ აფერხებს აგროტექნოლოგიური სამუშაოების მექანიზებული წესით ჩატარებას;

დაწვილებით მორწყვა კარგ ეფექტს იძლევა რთული მთაგორიანი რელიეფის პირობებში და ქანობებზე;

დაწვიმებით მორწყვა დიდ ეფექტს იძლევა დამლაშებულ ნიადაგებზე, რადგან ზედაპირული რწყვა ხშირად ხელს უწყობს ნიადაგის ზედა ფენებში მარილების ამოტანას;

დაწვიმებით მორწყვა შეიძლება გამოყენებული იყოს მინერალური სასუქების შეტანის დროს. წყალში გახსნილი სასუქების წვიმის სახით შეტანის პროცესი მთლიანად მექანზებულია, ხოლო სასუქები ფართობის ზედაპირზე თანაბრად ნაწილდება;

დაწვიმება მეტად ეფექტურია იმ შემთხვევაში, როდესაც ქვენიადაგის წყალი ზედაპირთან ახლოს მდებარეობს. ამ შემთხვევაში, მცირე მოწყვის ნორმების გამო, თავიდანაა აცილებული დაჭაობების შესაძლებლობა;

ზედაპირული მორწყვის დროს ტენიანდება მხოლოდ ნადაგი, დაწვიმების შემთხვევაში ტენიანდება მცენარე, რაც იწვევს ფიზიოლოგიური პროცესების აქტივიზაციას.

ნაკლოვანებები

დაწვიმებით რწყვის ერთ-ერთ ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს, სუსტი წყალგამტარობის ნიადაგში, გაძნელებულია წყლის შეღწევა და ფესვების შემცველი ფენის დატენიანება;

გაძნელებულია აგრეთვე რწყვა ქარიან ამინდში, როდესაც ქარი იტაცებს წყლის წვეთებს და ფართობი არათანაბრად ირწყვება ან მოურწყავი რჩება;

დაწვიმების მთავარ ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ იგი საკმაოდ დიდ კაპიტალდაბანდებასთან არის დაკავშირებული. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს წესი საკმაოდ პროგრესულია ვინაიდან ამცირებს მუშახელს და აუმჯობესებს მორწყვის ხარისხს.

ნიადაგქვეშა მორწყვის დადებითი მხარეები

მაქსიმალურად აკმაყოფილებს მექანიზაციის მოთხოვნებს;

მაღალია მიწისა და წყლის გამოყენების კოეფიციენტი;

მცენარის სავეგეტაციო პერიოდში შესაძლებელია საუკეთესო ტენიანობის რეჟიმის დამყარება ნიადაგში;

სარწყავი წყლის უაღესად ეკონომიური ხარჯვა.

 ნაკლოვანებები

ზედაპირული ფენის სიმშრალე, რაც ართულებს მდგომარეობას ახლად დათესილი ან დარგული ფართობის დატენიანების დროს;

ქვენიადაგიდან მიწოდებული წყალი ხშირად არ არის საკმარისი მცენარის აღმოცნებისათვის;

ამ წესის გამოყენება შეუძლებელია მლაშე ნიადაგებში;

მორწყვის ეს წესი ჯერჯერობით იშვიათად გამოიყენება მცირე ფართობებზე. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია შესაბამისი ტექნიკური საშუალებების არასრულყოფილება და სიძვირე.

წვეთოვანი  მორწყვის დადებითი მხარეები:

წყლის ეკონომიურად ხარჯვა;

ნაკლები აორთქლება და წყლის დანაკარგები;

გამორიცხავს ნიადაგის გადარეცხვას და ზედმეტად დატენიანებას.

ნაკლოვანებები

შეუძლებელია მიკროკლიმატის რეჟიმის რეგულირება;

სისტემის მოსაწყობად საჭირო ხარჯები;

სარწყავი მილებისა და მწვეთავების გაჭედვის საშიშროება;

დატენიანების ზონაში ნიადაგის დამლაშების შესაძლებლობა.

სადრენაჟე და საირიგაციო სისტემის შესარჩევად, რათა სწორად დაიგეგმოს საირიგაციო და სარწყავი სისტემა უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

  1. სასოფლო სამეურნეო კულტურის სახეობა, რომლისთვისაც აკეთებთ სისტემას.
  2. იმ კულტურის სარწყავი ნორმა, რომლის მოყვანასაც აპირებთ.
  3. ნაკვეთის ექსპოზიცია, დიდი დახრილობის ფართობებზე არ არის სასურველი თვითდინებით მორწყვის მეთოდის გამოყენება, რადგან ის ნიადაგის ზედაპირის გადარეცხვას და მცენარეთა საკვები ელემენტებით გაღარიბებას გამოიწვევს.
  4. არ შეიძლება ეროზირებული ნიადაგების თვითდინებით მორწყვა.
  5. ქვენიადაგიდან მორწყვა გამოიყენება ისეთი ნიადაგებისათვის, რომელშიც კარგადაა განვითარებული კაპილარები (მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე).
  6. წვეთური და ქვენიადაგური მორწყვა ასევე არ გამოიყენება მჩატე მექანიკური შდგენილობის ნიადაგებზე, ვინაიდან აქ ნაკლები კაპილარობისა და დიდი წყალჟონვადობის გამო წყლის უმეტესი ნაწილი ღრმა ფენებში იჟონება და ჰორიზონტალური და ვერტიკალური მიმართულებით ნაკლებად მოძრაობს