საირიგაციო წყლის მიწოდების 2025 წლის რეჟიმები დამტკიცდა
ირიგაციის სექტორი გახდა რიგით მეოთხე რეგულირებადი სექტორი, რომელიც მოექცა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის რეგულირების ფარგლებში. მარეგულირებელი კომისია უზრუნველყოფს სექტორის მონაწილეთა შორის ურთიერთობების მოწესრიგებას.
რეგულირების ფარგლებში, შპს ,,საქართველოს მელიორაციამ“ მფლობელობაში არსებულ თითოეულ საირიგაციო სისტემასთან მიმართებაში საირიგაციო წყლის მიწოდების 2025 წლის რეჟიმები დაამტკიცა.
რეჟიმებში გაწერილია ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების მიხედვით წყლის მიწოდების პერიოდი და ჯერადობა.
დამტკიცებული წყლის მიწოდების რეჟიმები, წყალმომარაგების გრაფიკი ყველასთვის ხელმისაწვდომია, რაც უზრუნველყოფს წყლის სამართლიან განაწილებას და სწორი მოლოდინების შექმნას.
საირიგაციო წყლის მიწოდების რეჟიმების დამტკიცებამდე საქართველოს მელიორაციამ საირიგაციო წყლის მიწოდების საპროგნოზო რეჟიმების განხილვის მიზნით, შესაბამისი რეგიონების მიხედვით, საჯარო განხილვები მოაწყო. აღნიშნულ შეხვედრაზე ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეფიქსირებინათ საკუთარი წინადადებები ახალი რეგულირების ფარგლებში გამოქვეყნებულ საპროგნოზო რეჟიმებთან მიმართებაში.
კომპანიის მხრიდან მაქსიმალურად იქნა გაზიარებული წყალმომხმარებლების მოსაზრებები საპროგნოზო რეჟიმში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით.
საჯარო განხილვები კომპანიამ ოთხივე რეგიონულ სამსახურში ჩაატარა, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
წყლის მიწოდების რეჟიმები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 აგვისტოს N39 დადგენილებით დამტკიცებული ,,საირიგაციო წყლის მიწოდების“ წესების მე-40 მუხლის და ,,წყლის მიწოდების რეჟიმების განსაზღვრის წესისა და მორწყვის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 30 აგვისტოს N2-686 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცდა.