აგროსიახლეები

სახელმწიფო ილტოს წყალსაცავის მშენებლობისთვის წინასწარ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას განახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ილტოზე ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყება.
„ჩვენ ვაკვირდებით, რომ კლიმატის ცვლილებს ფონზე ყოველწლიურად წყლის მნიშვნელოვანი დეფიციტია მდინარეებში, მათ შორის მდინარე ალაზანში, ეს განსაკუთრებით ივლის-აგვისტოშია, გვალვის პერიოდში.

მთელი მსოფლიოს მიდგომა არის, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას, რათა წყლის რესურსები დაგროვდეს და შესაბამისი წყალსაცავების მშენებლობა მოხდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი კვლევის დაწყება, რომ შევისწავლოთ მდინარე ილტოზე შესაბამისი წყალსაცავის მშენებლობის საკითხი, რომელიც უნდა მოემსახუროს ზემო და ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის დაახლოებით 40 ათას ჰექტარ ფართობს.

წყალსაცავის მშენებლობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მომავალში ამ ფართობების გვალვების პერიოდში გარანტირებული წყალუზრუნველყოფა. ვფიქრობ, ეს ისტორიული პროექტი იქნება, თუმცა პირველ ეტაპზე ჩასატარებელია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, მათ შორის გარემოს დაცვის კუთხით და კვლევების საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება მშენებლობასთან დაკავშირებით.

ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაწყებული იყო ამ ტერიტორიაზე წყალსაცავის მშენებლობა, რომელიც 90-ანი წლების ცნობილი მოვლენების შემდეგ გაჩერდა. გარკვეული სამუშაო შესრულდა. მაშინ პროექტი ითვალისწინებდა დაახლოებით 80 მლნ კუბური მეტრი ტევადობის წყალსაცავის მშენებლობას, თუმცა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის დეტალურად შესასწავლი. სწორედ ამ შესწავლას ვიწყებთ“, _ განაცხადა შამუგიამ.