სახნავი მიწების ეროზიისაგან დაცვის აგროტექნიკური ღონისძიებები
ნიადაგის ეროზია ნადნობი და ნალექების წყლებით (წყლისმიერი ეროზია) ან ქარის ძალით (ქარისმიერი ეროზია) მისი ზედაპირული ყველაზე ნაყოფიერი ფენისა და მისი ქვედა ქანების დაშლის პროცესს ეწოდება.
ეროზიის შედეგად დაშლილ ნიადაგებს ეროდირებულს უწოდებენ. ბუნებრივი მცენარეულობის მიერ 2,5 სმ-ის დაშლილი ჰუმუსოვანი ფენის აღსადგენად საჭიროა 300-1000 წელიწადი. ეროზიული პროცესები წარმოიქმნება და მიმდინარეობს მიწის არასწორი ექსპლუატაციის, აგროტექნიკის შაბლონური გამოყენების, ნადნობი და ნალექების წყლის არარეგულირებით, ტყის ნარგაობის დაუცველობით, მინდორსაცავი ტყის ზოლების არასწორი გაადგილებით.
ნიადაგების ეროზიის სახეები. ნიადაგის ეროზიის ყველა ფორმას ყოფენ შემდეგ სახეებად:
გეოლოგიური ეროზია;
ანთროპოგენური ეროზია;
წყლისმიერი ეროზია;
წვეთოვანი ეროზია;
სიბრტყითი ეროზია;
ხაზოვანი (სიღრმითი) ეროზია;
ირიგაციული ეროზია;
ქარისმიერი ეროზია;
მტვრიანი ქარიშხალი;
ყოველდღიური (ადგილობრივი) ეროზია.
გეოლოგიური ეროზია ვლინდება ბუნებრივ პირობებში და მიმდინარეობს შენელებულად, ვიდრე ყალიბდება თვით ნიადაგის პროფილი.
ანთროპოგენული ეროზია არის არარაციონალური სამეურნეო საქმიანობის შედეგი. იგი მიმდინარეობს უფრო ინტენსიურად, ვიდრე ნიადაგწარმომქმნელი პროცესი.
წყლისმიერი ეროზია – შეინიშნება ყველგან, სადაც ადგილი აქვს წყლის ზედაპირულ მოძრაობას. განსაკუთრებით რთული რელიეფის მქონე ფართობებზე. მას ადგილი აქვს, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში და სერიოზულ ზიანს აყენებს ბუნებასა და სასოფლო-სამეურნეო წარმოებას. არჩევენ წყლისმიერი ეროზიის შემდეგ ფორმებს: წვეთოვანს, სიბრტყითს, ხაზოვანს (სიღრმითს) და ირიგაციულს. წვეთოვანი ეროზია – გამოხატავს წვეთების მოქმედებას ნიადაგზე. ნიადაგების აგრეგატები იშლება წვიმის წვეთების დარტყმის შედეგად. წვეთოვანი ეროზიის შედეგად ნიადაგის ფორები იხშობა წვრილ-წვრილი ნაწილაკებით, მცირდება წყლის გამტარიანობა, ძლიერდება ზედაპირული დინება და ნიადაგის ჩამორეცხვა. სიბრტყითი ეროზია ნიადაგის თანაბარი ჩამორეცხვის შედეგია. ნადნობი და წვიმის წყლის წვრილი ნაკადებით. ხაზოვანი ეროზია ნიადაგს შლის სიღრმეზე. ამ სახის ეროზიას იწვევს ნადნობი და ნალექების წყლები.
ირიგაციული ეროზია
მიმდინარე და სარწყავი წყლებით ნიადაგები ირეცხებიან. სარწყავ წყალს სისტემატიურად გამოაქვს მინდვრებიდან ნიადაგის ნაწილაკები, რისთვისაც მას ირიგაციული ეწოდება. იგი ძირითადად წარმოებს არასწორი რწყვის შედეგად. ქარისმიერ ეროზიას მეტნაკლები რაოდენობით, ადგილი აქვს თითქმის ყველგან, განსაკუთრებით ველიან და გვალვიან მიწათმოქმედების პირობებში. მტვრიანი ქარიშხალი ქარისმიერი ეროზიის სახეა. ამ დროს ნიადაგი იშლება და დეფლაციას განიცდის. ქარს, ნიადაგის ჰუმუსოვან ფენასთან ერთად მიაქვს კულტურათა და სარეველა მცენარეთა თესლები და აღმონაცენი. ამ სახის ეროზიას განსაკუთრებით დიდი ზიანი მოაქვს მაშინ როცა მინდვრები ძალზე გამომშრალია და ბალახებით არ არის დაფარული.
ყოველდღიური (ადგილობრივი) ეროზია
ყოველდღიური ეროზია, როგორც მტვრის ქარიშხალი შლის ნიადაგს და ღუპავს კულტურულ მცენარეთა ნათესებს. ნიადაგის ეროზია სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავალს ძლიერ ამცირებს.
ნიადაგის ეროზირებაზე ყველაზე მეტად რეაგირებს შაქრის ჭარხალი, მზესუმზირა, საშემოდგომო ხორბალი, სიმინდი და სხვ. ყველაზე ნაკლებად რეაგირებს _ საშემოდგომო შვრია, საშ. ჭვავი და მრავალწლიანი ბალახი. სუსტად ეროდირებულ მიწებზე მოსავალი მცირდება 5-10%-ით, საშუალო ჩამორეცხილზე _ 1540%-ით და ძლიერ ჩამორეცხილზე _ 25-55%-ით.
ნიადაგის წყლისმიერი ეროზია და მასთან ბრძოლა
ძირითადი ბუნებრივი ფაქტორები, რომელზედაც დამოკიდებულია ეროზია _ კლიმატი და რელიეფია.
წყლისმიერი ეროზიის საწინააღმდეგოდ იყენებენ _ ნიადაგის დამუშავების დიფერენცირებულ სისტემას, კონკრეტული პირობების-მოსული ნალექების, ნიადაგის ტიპის, მინდვრის რელიეფის და მცენარეული საფარის გათვალისწინებით.
წყლისმიერი ეროზიის ადგილებში თესლბრუნვების მინდვრებს ათავსებენ ისე, რომ თითოეული მათგანის გრძელი მხარე მდებარეობდეს დაქანების გარდიგარდმოდ, რაც საშუალებას იძლევა დამუშავდეს ნიადაგი დაქანების გარდიგარდმო, ნიადაგის ჩამორეცხვის აღსაკვეთად.
ჩვეულებრივ, დამრეც ფერდობებზე (1,0-1,50) მცირედ ეროდირებულ მიწებზე ნიადაგს ხნავენ დაქანების გარდიგარდმოდ, ხოლო რთული რელიეფის პირობებში_ ჰორიზონტალების მიხედვით ან ნაკვეთს ჰყოფენ ნაწილებად და თოთოეული მათგანისათვის ახორციელებენ ეროზიის საწინააღმდეგო ხვნას დაქანების მიმართულებისა და ხარისხის შესაბამისად.
აგროტექნიკური ღონისძიებები
ეროზიის საწინააღმდეგო აგროტექნიკურ ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადაგანაც ისინი უფრო ხელმისაწვდომია და შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან ერთად სისტემატურად. ეროზიის საწინააღმდეგო ნიადაგის დამუშავების ღონისძიებებში შედის:
მოხვნა;
კონტურული ხვნა;
ნიადაგის ზოლური გაფხვიერება.
ნიადაგის დამუშავება
ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის დამუშავების სწორად შერჩეულ სისტემას. მოხვნა ტარდება ფერდობებზე გარდიგარდმო 25-27სმ სიღრმეზე. კონტურული ხვნა ხშირად ტარდება სხვადასხვა მხარეს დაფერდებულ ადგილებში.
ნიადაგის ზოლური გაფხვიერება
წყლისმიერი ეროზიის ძირითადი მიზეზი წყლის ბალანსის დარღვევაა მოსული ატმოსფერულ ნალექებსა და ნიადაგის მიერ შთანთქმულ რაოდენობას შორის. ყველაზე მეტი ჩამონადენი იქ არის, სადაც ნიადაგის წყალგამტარობა ფერდობზე მინიმალურია. წყალგამტარობის გადიდების პარალელურად წყლის ზედაპირულად მოძრავი ნაკადი მცირდება. ამ თავისებურებას ყოველთვის ითვალისწინებენ ფერდობი ადგილების ხვნის წესის შერჩევის დროს.
2°–მდე დაქანების ფერდობებზე კოკისპირული წვიმების ჩამონადენის დასაკავებლად, ერთი ღრმა ხვნა საკმარისი არ არის. ამ შემთხვევაში დამატებით ქმნიან წყლის დასაკავებელ მიკრორელიეფს.
ეროზიის წინააღმდეგ წყლის დასაკავებელი მიკრორელიეფს წარმოადგენს:
საფეხურებიანი და საფეხურებიან თხემებიანი ხვნა;
ნიადაგისა და ანეულების წყვეტილი დაღარვა;
დაბუდნება, დანაპრალება და კვლების გაკეთება.
თხემებიანი გარდიგარდმო მოხვნა სრულდება ჩვეულებრივი გუთნით, ერთი ფრთის 40-40 სმ-ით დაგრძელებით. ასეთი ფრთა ბელტს აგდებს წინა გავლილზე და წარმოქმნის 12-16 სმ-ის სიმაღლის თხემს (ბაზოს). ტოვებს რა ღია კვლებს, ბაზოები და კვლები ქმნიან მნიშვნელოვან ტევადობებს წყლისათვის. დამუშავება ეფექტურია ერთმხრიან დაქანებულ, 50-მდე დახრილობის ფერდობებზე.
საფეხურებიანი და საფეხურებიან-თხემებიანი ხვნა ტარდება სხვადასხვა სიღრმეზე. ასეთი წესით ხვნას ატარებენ იმიტომ, რომ ზედაპირულია, დაფარულია (ხნულის შიგა) ჩამონადენი. ამისათვის იყენებენ ჩვეულებრივ გუთანს ორი გადიდებული თხემებიანი გარდიგარდმო მოხვნა დგარით, ერთის გამოშვებით. იქმნება კვლის საფეხურიანობა, რომელიც აკავებს ნიადაგქვეშა ჩამონადენით. იმისათვის, რათა არ მოხდეს ნაკლებნაყოფიერი ფენის გადაბრუნება ნიადაგის ზედაპირზე, გაგრძელებულ დგარიან კორპუსზე აშენებენ შემოკლებულ (შემოჭრილ) ფრთებს. ასეთ ხვნას უწოდებენ საფეხურებიან-თხემოვანს, რამდენადაც ნიადაგის ზედაპირი ხდება თხემოვანი, წარმოიქმნება კვლები და ბაზოები.
ასეთ ხვნას იყენებენ მარტივ, ერთმხრივ დაქანებულ ფერდობებზე.
ნიადაგისა და ანეულების წყვეტილი დაღარვისათვის იყენებენ კვლის მწყვეტებს, წყვეტილ დაღარვას აკეთებენ 5-10° დაქანების ფერდობებზე.
დაბუდნავებას, დანაპრალებას და დაღრუებას აკეთებენ სპეციალური იარაღებით. ნიადაგის დანაპრალების შემთხვევაში 40-50სმ სიღრმეზე ნადნობი წყლის ზედაპირული დინების მნიშვნელოვანი ნაწილი გადაჰყავს ნიადაგშიგა ფენაში და ამდიდრებს ქვედა ფენებს საკვები ელემენტებით. ამასთან, ის ხელს არ უშლის ნაკვეთის შემდგომ მექანიზებული წესით დამუშავებას.
ასეთი წესით დამუშავებას იყენებენ მრავალწლიან ბალახებსა და საშემოდგომო კულტურათა ნათესებში. წყლისმიერი ეროზიის საწინააღმდეგოდ არსებობს სხვა მრავალი წესი და მეთოდი, რომელიც კონკრეტული პირობებისათვის უნდა შეირჩეს.
ქარისმიერი ეროზია და მასთან ბრძოლის ღონისძიებები
ქარისმიერი ეროზია, ისევე როგორც წყლისმიერი, დიდ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას, განსაკუთრებით კარბონატულ შავმიწებს და წაბლა ნიადაგებს, აგრეთვე მსუბუქი შედგენილობის ნიადაგებსა და სხვა ტიპის ნიადაგებს.
ქარისმიერი ეროზია იყოფა ორ ჯგუფად: მტვრიანი ანუ შავი ქარიშხალი და ყოველდღიური ეროზია. ქარისმიერი ეროზია საქართველოში ძირითადად გვხვდება ზამთარში. ქარისმიერი ეროზიის საწინააღმდეგოდ იყენებენ ნიადაგის დამუშავებას ბრტყლად მჭრელი ტიპის იარაღებით. ამასთან, საჭიროა ნიადაგდამცავი თესლბრუნვების შემოღება.
ირიგაციული ეროზიის თავისებურებანი
ირიგაციული ეროზია სარწყავი წყლის მიერაა გამოწვეული. საქართველოში ირიგაციული ეროზია გვხვდება ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში, იქ, სადაც სარწყავი სისტემა არასწორადაა გამოყენებული. ირიგაციული ეროზიის მოსასპობად მიმართავენ შემდეგ ღონისძიებებს:
– სარწყავი კვლების დაჭრას ყველაზე მცირე დახრილობის მიხედვით 10-12სმ სიღრმეზე;
– 2-60 ფერდობის დახრილობის ფერდობებზე კვლების სიგრძე უნდა იყოს 150-200მ-მდე და მორწყვა წარმოებს 0,1-0,05ლ/წმ-ში;
– ფერდობებზე მორწყვა დაწვიმებით უნდა წარმოებდეს.
ჩამორეცხილ მიწებზე 25-40%-ით უნდა გადიდდეს მინერალური სასუქის დოზები, ხოლო ორგანული სასუქი შეტანილ უნდა იქნას 30-40ტ/ჰა-ზე.
რუსუდან ძიძიშვილი,
სოფლის მეურნეობის მეცნერების დოქტორი