დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

კრახუნა _ იმერლების საამაყო ვაზის ჯიში

კრახუნა ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული იმერული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. 
ჯიშის წარმოშობის დროის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება, მაგრამ ის ფაქტი, რომ კრახუნა ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველ ნახევარში საკმაოდ ცნობილი ჯიში იყო, უფლებას გვაძლევს იგი საშუალო ხნიერების ვაზის ჯიშთა ჯგუფს მივაკუთნოთ.

ძველად კრახუნა უფრო ფართოდ იყო გავრცელებული და იმერეთის ზოგიერთ მიკრორაიონს (სვირი, ობჩა) მან საერთო აღიარება და საპატიო სახელი მოუპოვა.

ციცქასა და ცოლიკოურის ღვინოებთან შედარებით კრახუნას ღვინო უფრო შეფერილი, ენერგიული და სხეულიანია, მაგრამ აკლია სინაზე, თუმცა ზოგიერთ წლებში მისი ევროპული წესით დაყენებული ღვინო არ ჩამოუვარდება სინაზით ციცქას ღვინოს. იმერულ ჯიშებს შორის ყველაზე უკეთეს მასალას მაგარ და სადესერტო ღვინოებისათვის (მადერა, პორტვეინი და სხვ.) კრახუნა იძლევა. მისი უპირატესობა მდგომარეობს, ერთი მხრივ, შაქრის დიდი რაოდენობით დაგროვებაში და მეორე მხრივ, მისი ღვინო ადვილად ივითარებს მადერის ტიპისათვის დამახასიათებელ გემოსა და იერს, ღვინის შენახვის ჩვეულებრივ პირობებშიც კი.

კრახუნას ღვინო მოყვითალო-ჩალისფერია, ხასიათდება სისრულით, ენერგიით და სასიამოვნო გემოთი. იმერული წესით დაყენებული ღვინო უფრო მუქად არის შეფერილი, იგი მოქარვისფრო-ყვითელია, ხასიათდება თავისებური ჯიშური არომატით, ენერგიით, დიდი სხეულით და ოდნავი უხეშობით ახალგაზრდობაში.

შენახვისას (დავარგებისას) ღვინო საგრძნობლად უმჯობესდება. იგი ლამაზ მოოქროსფრო ყვითელ ფერს იღებს, ივითარებს ძლიერ ჯიშურ ბუკეტს, რომელშიც მკაფიოდ გამოსჭვივის გუდრონის იერი და გემო, უფრო ნაზი და ჰარმონიული ხდება.  ახალგაზრდობაში ოდნავი სიუხეშე, განსაკუთრებით გვიან დაკრეფილი ყურძნიდან დამზადებული ღვინისა, მალე ქრება და ღვინო სასიამოვნო და ჰარმოუნიული ხდება. ღვინო კასრებში სამი, სამნახევარი წლის განმავლობაში მწიფდება, რომლის შემდეგ შეიძლება ჩამოისხას მოსახმარებლად ან შემდგომი დაძველებისთვის.

კრახუნას ვენახი ზემო იმერეთში

წყარო:allwine.ge