საკვების კონვეიერული წარმოება და საკვებზე მოთხოვნილების გაანგარიშება
გახსოვდეთ, რომ ინტენსიური მეცხოველეობის პირობებში ბუნებრივი საძოვრები სეზონის ცალკეულ პერიოდებში ვერ უზრუნველყოფს პირუტყვს საკმაო რაოდენობის მწვანე ბალახით.
მწვანე საკვების უკმარისობა უარყოფითად მოქმედებს პირუტყვის პროდუქტიულობასა და ჯანმრთელობაზე. საძოვრულ პერიოდში პირუტყვის მწვანე საკვებით უზრუნველსაყოფად მიმართავენ მწვანე კონვეიერის ორგანიზაციას, რისთვისაც აწარმოებენ სხვადასხვა სავეგეტაციო პერიოდის საკვები კულტურების ან ერთი და იმავე კულტურების სხვადასხვა ვადებში თესვას, რითაც უზრუნველყოფენ პირუტყვს მწვანე საკვებით მაქსიმალური ვადით წლის სავეგეტაციო პერიოდში ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.
ფერმერმა კარგად უნდა იცოდეს მწვანე კონვეიერის მოწყობის სახეები, ნედლეულის წარმოების ტექნოლოგიური პროცესი და სასილოსე კონვეიერის მოწყობის წესები.
პერსპექტივაში საკვებზე მოთხოვნილების გასაანგარიშებლად ხელმძღვანელობენ მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების გეგმით. საკვების ხარჯვის ნორმატივები და მისი სტრუქტურა მოცემულია შემდეგ თავებში. საკვების მოთხოვნილების სწრაფად გასაანგარიშებლად შეიძლება ვისარგებლოთ დანართში მოტანილი ციფრობრივი მასალით. როცა ცნობილია ფერმერულ მეურნეობაში არსებული პირუტყვის სულადობა ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად და რაციონის სტრუქტურა, უნდა განისაზღვროს საკვებზე მოთხოვნილება საკვების სახეების მიხედვით.
ამასთან, უხეში საკვების ჯგუფებში ცალკე უნდა გამოვყოთ თივა, ნამჯა, ხოლო წვნიანი საკვების ჯგუფიდან — სილოსი, სენაჟი და ძირხვენები.
საკვებზე მოთხოვნილება გაანგარიშებული უნდა იქნეს ფიზიკური წონით, ენერგეტიკულ საკვებ ერთეულებში ან მიმოცვლის ენერგიაში, აგრეთვე მონელებად პროტეინში საკვების სახეების მიხედვით.
საკვების ყუათიანობის მონაცემები შეიძლება ავიღოთ საცნობარო ლიტერატურიდანაც, მიზანშეწონილია ყუათიანობა გამოიხატოს მიმოცვლის ენერგიაში ცხოველებისა და ფრინველების სახეთა მიხედვით.
საკვები კულტურების ნათესების სტრუქტურის სრულყოფა უნდა ემყარებოდეს მათ ეკონომიკურ შეფასებას, სხვადასხვა სახის საკვებზე მოთხოვნილებას, პირუტყვის სახეებისა და კვების რაციონის გათვალისწინებით.
ეკონომიკური შეფასების პირველ საფეხურს წარმოადგენს საკვები კულტურების საჰექტარო მოსავლიანობა, გამოხატული ენერგეტიკულ საკვებ ერთეულებში ან მიმოცვლის ენერგიაში.
საკვები კულტურებით დაკავებული ფართობების გამოყენების ინტენსიურობა გამოიხატება ეფექტიანობის კოეფიციენტით, ენერგეტიკულ საკვებ ერთეულებში ან მიმოცვლის ენერგიაში გამოხატული მიღებული პროდუქციის ხვედრითი წილის შეფარდება აღნიშნული კულტურით დაკავებულ ფართობთან, მაგ: საკვები ძირხვენები იძლევიან ენერგეტიკული საკვები ერთეულების 20%–ს და დაკავებული აქვთ სახნავის 10% ფართობი. კოეფიციენტი (20:10) გამოხატავს ამ კულტურის მიერ სახნავის გამოყენების ინტენსიურობას.
საკვებზე მოთხოვნილებისა და მისი დანაკლისის შევსების წყაროების განსაზღვრის, სათესი ფართობების სტრუქტურის დაზუსტების შემდეგ საჭიროა დამუშავდეს ძირითადი საკვები კულტურების მოყვანის ტექნოლოგიები ფერმერული მეურნეობის მექანიზაციის, ქიმიზაციის, მელიორაციისა და მეცხოველეობის დონის გათვალისწინებით. ამასთან, საკვები კულტურების დაგეგმილი (დაპროგრამებული) მოსავლიანობის დონე უნდა უზრუნველყოფდეს ფერმერული მეურნეობის საკვებზე მოთხოვნილებას სადაზღვევო ფონდის გათვალისწინებით; უნდა ვიცოდეთ ძირითადი საკვები კულტურების მოყვანის ტექნოლოგიები, ბუნებრივი საკვები სავარგულების ზედაპირული ან ძირეული გაუმჯობესების ღონისძიებები. ძირეული გაუმჯობესების შემთხვევაში უნდა დაიგეგმოს კულტურული სათიბებისა და საძოვრების შექმნის ტექნოლოგიები, მათი რაციონალურად გამოყენების წესები და მეთოდები.
საძოვრული პერიოდის თვეების მიხედვით, ზოგადად უნდა შევადგინოთ მწვანე კონვეიერი მხოლოდ ძირითადი კულტურების მოსავლიანობისა და ფართობების ხარჯზე, საკვები თესლბრუნვების შესაძლებლობების განხილვის გარეშე. ასევე ბალახნარევების შესადგენად, კულტურული სათიბ-საძოვრების მოსაწყობად უნდა გავიანგარიშოთ მოთხოვნილება ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ბალახების თესლებზე.
წყარო: agriedu.ge