სალათის მოყვანის აგროტექნიკა

სალათა სიცივეგამძლე კულტურაა. თესლი 4-5 გრადუსზე ღივდება, აღმონაცენი მინუს- 2, ხოლო ზრდასრული მცენარე ხანმოკლე დროით მინუს 5 გრადუს ტემპერატურაზეც არ ზიანდება. ფესვთა სისტემა ნიადაგის ზედა ფხვიერ ფენაში ვითარდება. ნიადაგის კარგად დამუშავება მცენარის ნორმალური ზრდა-განვითარების და მაღალი მოსავლის მიღების წინაპირობას წარმოადგენს.

სალათა შესაძლებელია მოყვანილი იქნას, როგორც- ღია, ისე- დაცულ გრუნტში.

დაცულ გრუნტში შეიძლება იყოს მინით, პოლიეთილენით ან პოლიკარბონატით გადახურული. ფართო გავრცელება მიიღო პოლიეთილენით გადახურულმა სათბურებმა. მინით გადახურული მხოლოდ ძველი სათბურებია შემორჩენილი. საუკეთესოა პოლიკარბონატით გადახურული სათბურები.

პოლიეთილენი უნდა იყოს: ანტივირუსული, ნამის და რადიაციის დამჭერი, სხივგამანაწილებელი, 200-300 მიკრონის სისქის, უძლებდეს დაწოლას და ძილიერ ქარს.

სათბურში საჭიროა სუბსტრატი. იგი შესაძლებელია იყოს: სტერილური (მინერალური ბამბა, ცეოლითი, ვერმიკულიტი, პერლიტი). ორგანული (ქოქოსის ბოჭკო, ნახერხი, ნამჯა,). ნიადაგი სხვადასხვა ნაზავებით, ცეოტორფი, ტორფი და ნაკელი, ბოსტნის მიწა და კომპოსტი და სხვ. სუბსტრატის სისქე 20-25 სმ უნდა იყოს. ჰიდროპონიკა (სხვადასხვა ნაზავები+საკვები ხსნარები). აეროპონიკა (წყალი და საკვები ხსნარები).

ნიადაგის გრუნტის თერმული დამუშავება ცხელი ორთქლით ან ქიმიური დამუშავება (ბაზამიდი, ვიდატი) აუცილებელია ყოველწლიურად თუ არა 2 წელიწადში ერთხელ მაინც.

სალათის ჯიშები: ცნობილია სალათის თავიანი ( აისბერგის ტიპი) და ფოთლოვანი ჯიშები აგრეთვე ჰიბრიდები. თავიანი ჯიშებია: ბარსელონა, გალერა, კუალა, კელვინი, ფირეტი, ნანეტი, კრისპინო, და სხვ. ფოთლოვანი ჯიშებია: ლიფლი, რიზოტო, ესმერალდა, ჯოლარა, რემუს, ტორპედო, დობრა, გრინი, აფიციონი და სხვ. ეს ჯიშები გამოირჩევიან მაღალი მოსავლიანობით, მოყვანის სხვადასხვა პერიოდით, იმუნურობით, პროდუქციის მაღალი ხარისხით.

ზამთარ-გაზაფხულის პერიოდში დაცულ გრუნტში მოსაყვანად საუკეთესოა თავიანი სალათის ჯიშები: სანორა, პოლინა, ტეტისი, ბარსელონა, გალერი, კუალა. ბარსელონას მოსავლიანობა 1 ჰა-ზე 70-80 ათასი მცენარის დარგვისას 30-50 ტონას შედგენს.

ფოთლოვანი სალათის ჯიშებიდან ამ პერიოდში მოიყვანება: ლიფლი, ლეგენდა. ლიფლის მოსავლიანობა 1 ჰა-ზე 110-130 ათასი მცენარის დარგვისას 25-30 ტონას შედგენს

ღია გრუნტში მოსაყვანად კარგია: იუსტინა, ავანგარდი, კონატა, პადანა და სხვ.

სალათის მოყვანა შესაძლებელია: ჩითილის დარგვით, პირდაპირ გრუნტში თესვით, მცირე მოცულობის კონტეინერებში, ჰიდროპონიკაში, აეროპონიკაში. (კულტურების მოყვანა საჰაერო სივრცეში, ნიადაგის გარეშე. წყალში გახსნილი საკვები მცენარეს აეროზოლით (შხეფებად) მიეწოდება). ვერტიკალურ კონსტრუქციებში, ჩვეულებრივ გრუნტში.

სალათა დიდ მოთხოვნილებას უყენებს ნიადაგის ნაყოფიერებას. მოთხოვნილების მიხედვით იგი მესამე ადგილზეა ბოლოკის და სატაცურის შემდეგ. ვერ იტანს ნიადაგში მინერალური სასუქების (მარილების) მაღალ კონცენტრაციას. სასუქების შეტანის დოზები მკაცრად უნდა იქნას დაცული.

ერთ ტონა პროდუქციის წარმოებისათვის სალათას ნიადაგიდან გამოაქვს აზოტი 3, ფოსფორი, 1,75, კალიუმი 5,0, კალციუმი 2,0, მაგნიუმი 0,5 კგ სუფთა ნივთიერებაზე გაანგარიშებით.

სალათის წარმოებისათვის აუცილებელია წინასწარ გაკეთდეს ნიადაგის აგროქიმიური გამოკვლევა, განისაზღვროს მისაღები პროდუქციის რაოდენობა და ამის საფუძველზე მოხდეს ნიადაგში მინერალური სასუქების შეტანის დოზების განსაზღვრა.

სალათა სინათლის მოყვარულია, თუმცა არის ჯიშები, რომლეთა მოყვანა შესაძლებელია დაბალი განათების პირობებშიც.

ზამთარ-გაზაფხულის პერიოდში დაცულ გრუნტში სალათის მოყვანისათვის ჩითილების მისაღებად თესლის დათესვა ხდება დეკემბრის ბოლოს იანვრის დასაწყისში. საჭიროა ჩითილების დამატებითი დანათება.

ღია გრუნტში დროებითი საფარის ქვეშ მოყვანის დროს თესლის დათესვა ხდება თოვლის აღებისთანავე. ამ დროს საფარის გამოყენება აუცილებელია წაყინვებისაგან აღმონაცენის დაცვის მიზნით. სალათის ღია გრუნტში დათესვის ბოლო ვადაა ივლისის ბოლო აგვისტოს დასაწყისი. ზაფხულში მოყვანისათვის საუკეთესოა გრილი კლიმატი, მთა და მაღალი მთა.

ჩითილების მიღება

რენტაბელურია ჩითილების გამოყვანა ტორფის აბებში ან კასეტებში ზომით 5X5 სმ. საჩითლე ნაზავი მზადდება სხვადასხვა კომპონენტების შერევთ. კარგია გადამწვარი ნაკელი ან კომპოსტი და ტორფის ნაზავი შეფარდებით 1:1. ტორფის და პერლიტის ნაზავი შეფარდებით 1:1. ნახერხის და მდინარის ქვიშის ნაზავი შეფარდებით 3:1. ყოველ 10 კგ შერჩეეულ ნაზავს დაემატება კომპლექსური მინერალური სასუქი მაგ. ნიტროამოფოსკა 15.15.15. 30-40 გრამი. კასეტების ან ქოთნების შევსების შემდეგ დაითესება თესლი 0,5 სმ სიღრმეზე. დათესვის შემდეგ ჩატარდება მორწყვა ჩვეულებრივი წყლით. აღმოცენების შემდეგ კვირაში 2-3 ჯერ ჩატარდება კრისტალონის 0,2%-იანი (20გრ 10 ლ წყალში) ხსნარით მორწყვა.

მიკროკლიმატი. ჩითილების გამოყვანა ხდება სათბურებში. ჰაერის ტემპერატურა აღმოცენებამდე უნდა იყოს 18-20 გრადუსი, აღმოცენების შემდეგ დღისით 16-18, ღამით 14-15 გრადუსი. ჩითილების დანათება ხდება აღმოცენებიდან 3 დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად. შემდეგ დანათების ხანგრძლივობა მცირდება 14-16 საათამდე. დანათების ინტენსივობა 6000 ლუქსია. დეკემბერ-იანვარში გადასარგავად საუკეთესოა 30 დღიანი ჩითილი,

გვიან ვადებში გადასარგავად 23-25 დღიანი ჩითილი.

ნიადაგი. ნიადაგის მომზადებაში იგულისხმება სასუქების ნიადაგში ჩაკეთება, ნიადაგის გაფხვიერება, ტენდამაგროვებელი მორწყვა. ჰერბიციდების გამოყენება. ნიადაგში საკვები ელემენტების ოპტიმალური შემცველობა უნდა იყოს- აზოტი 35-50, ფოსფორი- 20-30, კალიუმი- 40-60, კალციუმი- 30-45, მაგნიუმი- 15-20 მგ 100 გრ ნიადაგში. ნიადაგის ხსნარის რეკომენდირებული კონცენტრაციაა 0,5-0,8 მილისიმენსი. (200 მგ KჩL 100გ ნიადაგში დამღუპველია. ნიადაგის რეაქცია PH =7.

სალათის მოყვანა შესაძლებელია საკვებ სუბსტრატებზე წვეთოვანი მორწყვით, აგრეთვე ჰიდროპონიკაში როგორც წყლის კულტურა.

დარგვა

საწარმოო სათბურებში და ღია გრუნტში დარგვა ხდება 25-30X25-30 სმ სქემით ჭადრაკულად. ერთ კვადრატულ მეტრზე- 11-16 მცენარე.

რაც უფრო დიდია მცენარის ფოთლის როზეტი მით უფრო დიდ კვების არეზე ირგვება ჩითილი. გადარგვის შემდეგ მცენარეები კარგად უნდა მოირწყას. ტემპერატურა სათბურში უნდა იყოს: დღე 16-18, ღამე 14-16 გრადუსი. ჰაერის ტენიანობის ოპტიმალური მაჩვენებელია 75-80 %, ნიადაგისა 60-70%. ნახშირორჟანგის კონცენტრაციის 0,15-0,20%-ით მომატება 15-20%-ით ზრდის მოსავლიანობას.

პოლიეთილენით გადახურული მარტივი ტიპის დაცულ გრუნტში სალათის კომპაქტური ფოთლოვანი ჯიშები 17X17, ხოლო ფართეფოთლოვანი ჯიშები 20X20 სმ-ზე ირგვება. მცენარეების მორწყვა ხდება იშვიათად, თუმცა უხვად 10 მმ-მდე. საუკეთესოა წვეთოვანი მორწყვა. მცენარეებს წყალთან ერთად მიწოდება საჭირო საკვები ნივთიერებები.

ინტენსიური ტექნოლოგიით ჩითილების დარგვა ხდება თეთრი ფერის მულჩზე. იგი ინარჩუნებს ნიადაგის ტენიანობას, აუმჯობესებს მცენარეების განათებას.

ღია გრუნტში სალათის დარგვა კარგია ისეთი წინამორბედების შემდეგ, სადაც გამოყენებული იყო ორგანული სასუქი. გაზაფხულის კულტურის შემთხვევაში სალათა უკეთესია დარგული იქნას ყვავილოვანი კომბოსტოს და სხვა სითბოსმოყვარული კულტურების შემდეგ.

ღია გრუნტში სალათა ითესება სეზონის განმავლობაში რამდენიმეჯერ ადრე გაზაფხულიდან დაწყებული. თესვა შესაძლებელია ბოსტნეულის სათესი პუნქტირებული სათესით. ერთ კვადრატულ მეტრზე განთავსდება 7-12 მცენარე. გრუნტში პირდაპირი თესვისას თესვის ნორმაა 1-1,5 კგ/ჰა-ზე, ჩითილის მისაღებად კი – 1 კგ/ჰა-ზე.

რიგთაშორის მანძილი 45 სმ . ჩათესვის სიღრმე 0,5 – 1 სმ. გრუნტში ნათესის აღმოცენებიდან 14 დღის შემდეგ ხდება პირველი გამეჩხერება, მცენარეთა შორის რჩება 5 სმ. როცა მცენარე გაიკეთებს 4-5 ფოთოლს ხდება მეორე გამეჩხერება. მცენარეთა შორის მანძილი 20-30 სმ-ია. გამონახშირი კონებად იკვრება სარეალზაციოდ. ნათესების მოვლაში იგულისხმება, ნიადაგის გაფხვიერება, სარეველბთან ბრძოლა, მორწყვა.

სალათის კვება ნიადაგის გრუნტში

1 ჰა-ზე 30 ტონა მოსავლის მისაღებად, შეთვისების კოეფიციენტის გათვალიწინებით სუფთა ნივთიერებაზე გაანგარიშებით საჭიროა:

აზოტი – 30X3X1,2 = 108 კგ; ფოსფორი 30X1,75X2 = 105 კგ; კალიუმი 30X5X1,7 = 255 კგ; კალციუმი 30X2 = 60 კგ

ფიზიკურ წონაში გადათვლით საჭიროა:

კალიუმის გვარჯილა (K2O 13,5%, P2O5 45,5%) – 500 კგ; მონო ამონიუმის ფოსფატი (NN 12%, P2O5 61%) – 170 კგ; კალციუმის გვარჯილა (NN 15,5%, Ca 26,5%) – 230 კგ. კორექტირება მოხდება ნიადაგში არსებული საკვები ნივთიერებების რაოდენობის მიხედვით. მოცემულს გამოაკლდება ნიადაგში არსებული საკვების რაოდენობა.

სალათის კვება საკვებ სუბსტრატზე

წვეთოვანი მორწყვით 1 ჰა-ზე 30 ტონა მოსავლის მისაღებად, შეთვისების კოეფიციენტის გათვალიწინებით სუფთა ნივთიერებაზე გაანგარიშებით საჭიროა:

აზოტი – 30X3X1,1 = 100 კგ; ფოსფორი 30X1,75X1,6 = 84 კგ; კალიუმი 30X5X1,3 = 195 კგ; კალციუმი 30X2 = 60 კგ.

ფიზიკურ წონაში გადათვლით საჭიროა:

კალიუმის გვარჯილა (N-13,5%, K2O-45,5%) – 428 კგ; მონო ამონიუმის ფოსფატი (N N-12%, P2O5-61%) – 138 კგ; კალციუმის გვარჯილა (NN-15,5%, CaO 26,5%) – 230 კგ.

სარეველებთან და მავნე ორგანიზმებთან ბრძოლა. გრუნტში მოყვანისას სალათა ზიანდება: ფესვის სიდამპლეებით, ფოთლების სილაქავით, ნაცრით, ბუგრებით, ბოსტანათი, მავთულა ჭიებით, ხვატარით. მათ წინააღმდეგ გამოიყენება: ფუნგიციდები და ინსექტიციდები, ხოლო სარეველების წინააღმდეგ ტოტალური და სელექციური მოქმედების ჰერბიციდები.

Mმოსავლის აღება. დაცულ გრუნტში თავიანი სალათას აღება ერთჯერადად ხდება. ღია გრუნტში – თავების ფორმირების მიხედვით. დაგვიანება დაუშვებელია. როზეტი მთლიანად იჭრება ძირში. ფოთლოვანი სალათის აღება ხდება ფესვებით, ნიადაგის დაბერტყვით.

ქვედა ფოთლები მოეჭრება და მჭიდროდ ჩალაგდება ყუთებში. პირველი რიგი როზეტით ზემოთ, ზედა რიგი როზეტით ქვემოთ. ღია გრუნტში მოყვანისას სალათის აღება შერჩევით ხდება. საადრეო სალათის მოსავალი ერთ კვ. მეტრზე 1,5-2 კგ-ია.

გაზაფხულის პერიოდში მოსავალი ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე შეადგენს 3-4 კგ-ს.

ნუგზარ შენგელია
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.