სამეცნიერო ექსპედიცია – სემინარი კომპანია „შპს ქართო-იფქლში“
2024 წლის 15 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოსა და აგრარული დარგის მეცნიერთა და სპეციალისტთა დარბაზის ორგანიზებით მოეწყო გასვლითი სამეცნიერო ექსპედიცია კომპანია ,,შპს ქართო-იფქლშიში“.
ექსპედიციას ხელმძღვანელობდა: აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე – აკადემიკოს ჯემალ გუგუშვილი.
ექსპედიციაში მონაწილეობდნენ: აკადემიკოსი: ელგუჯა გუგუშვილი, პროფესორი მალხაზ დოლიძე, პროფესორი იოსებ სარჯველაძე, დოქტორი მურმან ქურიძე, ვეტერინარიის დოქტორი რამაზ თავართქილაძე, აკადემიის სტიპენდიატი დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, ჟურნალ ,,აგრარული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი და პროფესორი მაია კერესელიძე.
სემინარის მონაწილეებს კომპანია ,,შპს ქართო-იფქლის“ ისტორიის, საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა კომპანიის დამფუძნებელი შაქრო ბაკურაძე და პროფესორი მალხაზ დოლიძე, რომლებმაც აღნიშნეს, რომ კომპანია,,იფქლის“ ისტორია 1993 წლიდან იწყება, როდესაც ბიზნეს წარმოება საქართველოში არც, ისე მარტივად იყო. დღესდღეობით ,,იფქლი“ 75-მდე სახეობის პურ-ფუნთუშეულს აწარმოებს კომპანიის განახლებულ და ევროპული ტიპის საწარმოში. სადისტრიბუციო ქსელით მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2016 წლიდან კომპანია სრულყოფილი ცხობის მეთოდით პურეულს ბუნებრივი საფუვრის გამოყენებით აცხობს. კომპანია განახლებულია ევროპული უახლესი დანადგარებით. დანერგილია პურის ხაშით ცხობის ტექნოლოგიები, პურის ცხობის პროცესი სრულად ავტომატიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ დანადგარში ფქვილის ჩაყრის მომენტიდან პურის გამოცხობამდე პროდუქტს ადამიანის ხელი არ ეხება. კომპანია დღეს ერთადერთი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც პურის მასიურ წარმოებაში პურს უკონტაქტო მეთოდით აცხობს. კომპანიის წარმოების ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი რუხი პურია, მის დასამზადებლად გამოიყენება ცეხვილი ფქვილი, სხვა ხარისხის ფქვილებისაგან განსხვავებით ამ შემთხვევაში მარცვალი მსხვილად არის დაბეგვილი და მისგან გამომცხვარი პური შედარებით კალორიულია და ამასთანავე მასში სასარგებლო ნივთიერებები მეტი რაოდენობითაა, შენარჩუნებულია ხორბლის თვისებები, გარსი და ჩანასახი, ვიტამინები და მინერალები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით „გოლდენ ბრენდის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში კომპანია „იფქლი“ დარგის ლიდერად დაასახელეს, ხოლო დამოუკიდებელი ექსპერტების, შერჩევის ძირითად კრიტერიუმებს კი ბრენდის ცნობადობა და ხარისხიანობა წარმოადგენდა. კომპანიაში დასაქმებულია 1200 თანამშრომელი. თბილისის მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად ყოველ დღე ცხვება 400 ტონა პური.
კომპანიის საქმიანობაში პურის მაღალი ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნულიდან გამომდინარე მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს, რაც დადასტურებულია მრავალი ლაბორატორიული კვლევებით. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას ახდენს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელსაც 240 პურის გადამზიდი მანქანებით აწარმოებენ და უზრუნველყოფენ მომხმარებლისათვის სწრაფ შეუფერხებელ მიწოდებას.
კომპანია არაერთხელ დაჯილდოვდა პურ-ფუნთუშეულში განსაკუთრებული მიღწევებისათვის, მიღებული ჯილდო დიდი მოტივაციაა მომსახურე პერსონალისათვის, რათა უფრო გაზარდონ კომპანია და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება გახდეს ,,იფქლის“ პროდუქტის მომხმარებელი.
ექსპედიციის მონაწილეებმა დაათვალიერეს კომპანიაში არსებული უახლესი დანადგარები, გაეცნენ პურის ცხობის თანამედროვე მეთოდებს, ესაუბრნენ კომპანიის თანამშრომლებს.
შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ კვლავ უნდა გაგრძელდეს საქმიანი ურთიერთობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და კომპანიას შორის. სამეცნიერო საბჭოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს კომპანიის თანამშრომლებს საინტერესო ინფორმაციისათვის, მათ მიერ გაწეული მეტად მნიშვნელოვანი საქმიანობისათვის და უსურვეს მათ წარმატებული საქმიანობა ჩვენი ერის და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
ჯემალ გუგუშვილი,
აკადემიკოსი, საქართველოს სოფლის
მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია