აგროსიახლეები

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე ნულოვანი (ნოუ ტილ) და ბაზოებზე თესვის ტექნოლოგიების დანერგვა მიმდინარეობს

ფერმერებისთვის თანამედროვე აგროტექნოლოგიების გაცნობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლიანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხელშეწყობით, ნულოვანი (ნოუ ტილ) და ბაზოებზე თესვის ტექნოლოგიების დანერგვა მიმდინარეობს. ახალი ტექნოლოგიების პოპულარიზაციის მიზნით, ცენტრის ბაზაზე, მინდვრის დღეები და ტრენინგები მოეწყობა.

ნიადაგის დამუშავების ნულოვანი ტექნოლოგია წარმოადგენს მიწადმოქმედების ენერგორესურსების დამზოგ თანამედროვე სისტემას, რომლის დროსაც, თესვის წინ ნიადაგი არ მუშავდება. მისი ზედაპირი იფარება საფარი კულტურის წინასწარ ქიმიურად დამუშავებული და თესვის დროს მექანიკურად განადგურებული ნარჩენებით – მულჩით. ვინაიდან ნიადაგი არ ფხვიერდება, არსებითად მცირდება წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზია, პარალელურად ნიადაგი უკეთესად ინარჩუნებს ტენს.

ნულოვანი ტექნოლოგია მსოფლიოში  დღეისთვის ძირითადად სასოფლო-სამეურნეო წარმოების მოწინავე ქვეყნებში 300 მილიონ ჰექტარზე მეტ ფართობზე გამოიყენება.