სამომხმარებლო ქსელში არსებული პროდუქცია მაქსიმალურად კონტროლდება
საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა რძეში აფლატოქსინის თემასთან დაკავშირებული დეტალები ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განმარტა.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამჭვირვალობა, საზოგადოების ინფორმირება, მასთან კომუნიკაცია, როგორც მომხმარებლის ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი, ჩვენი – სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტია.
რძის კონკრეტულ პარტიებში დაფიქსირებულ აფლატოქსინთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საერთაშორისო სტანდარტის და პრაქტიკის შესაბამისად იმოქმედა.
დარღვევის გამოვლენისთანავე, საზოგადოებას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია. სააგენტოსთან აქტიურად ითანამშრომლა კომპანიამ. დღეს შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ყველა ის პარტია, სადაც დარღვევა იყო, სააგენტოს ზედამხედველობით, სრულად არის ამოღებული ქსელიდან.
სააგენტოს მისამართით დაისვა კითხვა დახლებზე განთავსებულ პროდუქციასთან დაკავშირებით. აქაც კიდევ ერთხელ განვმარტავ – არ არსებობს არანაირი შეშფოთების საფუძველი.
სამომხმარებლო ქსელში არსებული პროდუქცია მაქსიმალურად კონტროლდება, ისევე როგორც აქტიურად მოწმდება თვითონ საწარმოები.
ორიოდე სიტყვით შევეხები რძის და რძის პროდუქციის წარმოებაში არსებულ ვითარებას. ეს ის სექტორია, რომელიც გამოირჩევა მაღალი სტანდარტებით და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია, რაც კიდევ ერთი წინაპირობაა იმისა, რომ მომხმარებლის ინტერესები უმთავარესი პრიორიტეტია”, – აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
პრესკონფერენციაზე აღინიშნა, დარღვევა გამოვლინდა იმპორტირებულ რძეში, შესაბამისად, საბაჟო სამსახურთან თანამშრომლობით, სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, საზღვარზე კონტროლი გამკაცრდება.