რუბრიკებისტატიები

სამონადირეო მეურნეობების დანიშნულება და მნიშვნელობა

როგორი კუთხითაც არ უნდა მივუდგეთ ჩვენს ურთიერთდამოკიდებულებას ბუნებასთან, უპირველეს ამოცანას წარმოადგენს ჩვენი პლანეტის ფაუნის წარმომადგენლების დაცვა.
სწორედ ეს უნდა წარმოადგენდეს სამონადირეო მეურნეობის ორგანიზების უმთავრეს მიზანს.

სამეურნეო გამოყენების თვალსაზრისით დედამიწის სახის ცვლილებამ ფაუნის ზოგიერთ წარმომადგენელს შეუქმნა არსებობისათვის ხელსაყრელი პირობები. მაგალითად, მეცხოველეობის განვითარებამ შექმნა საკვების დამატებითი რეზერვები ხორცისმჭამელი ორგანიზმებისათვის, ხოლო სატყეო მეურნეობების ინტენსიფიკაციამ მკვეთრად გაზარდა ტყის კვებითი ღირებულება ჩლიქოსანი-დენდროფაგებისათვის. ამის შედეგად გაიზარდა ზოგიერთი სახეობის რიცხობრიობა და მათმა წარმომადგენლებმა დაიწყეს გარკვეული ზარალის მიყენება სახალხო მეურნეობის ზოგიერთი დარგისთვის, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისათვის. ამასთან, დედამიწის მოსახლეობის ზრდასთან ერთად, სასურსათო პროდუქტების დეფიციტის, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შემცირების ფონზე, გარკვეულწილად იზრდება მოთხოვნილება, არა მარტო ნანადირევის მაღალხარისხოვან ხორცზე, არამედ მათგან მიღებულ სხვა პროდუქციაზეც. ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სამონადირეო ფაუნის წარმომადგენლების დაცვის, მომრავლების და შემდგომი მიზანმიმართული, გონივრული ექსპლუატაციის საფუძველზე. ამჟამად, იმ პრობლემების შესწავლა და დამუშავება, რომლებიც დგას ნადირთმცოდნეობის, როგორც დარგის წინაშე, მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში არსებულ სამონადირეო მეურნეობებში, ნაკრძალებში, ეროვნულ ტყე-პარკებსა და აღკვეთილებში.

ნადირთმცოდნეობის მიზანს წარმოადგენს სამონადირეო მეურნეობების, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი დარგის მეცნიერულ დონეზე შესწავლა; მისი მოქმედების ობიექტების სივრცობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლების, მათი ბიოლოგიური და ეკოლოგიური თავისებურებების ცოდნა; აგრეთვე მუშაობის წარმართვის შედარებით უფრო პერსპექტიული ორგანიზაციულ-ეკონომიკური ფორმების გამონახვა.

სამონადირეო მეურნეობა წარმოადგენს სამეურნეო ერთეულს, რომელიც მოიცავს გარკვეულ ნადირ-ფრინველთა როგორც აბორიგენული, ასევე შემოყვანილი სახეობებისთვის ბუნებრივ საბინადრო ზონაში, ან ამ სახეობათათვის შესაფერის ბუნებრივ პირობებში გამოყოფილ ტერიტორიას, რომელზეც ნებადართულია, გარკვეული ორგანიზაციული ფორმების დაცვით, როგორც სარეწაო, ასევე სპორტული ნადირობის წარმოება.

სამონადირეო მეურნეობის დანიშნულებაა: 1. მაქსიმალურად იქნას შემცირებული ცხოველთა სამყაროსათვის საფრთხის მიყენების შესაძლებლობა. 2. სამონადირეო მეურნეობის საქმიანობა წარიმართოს იმ ხერხითა და მეთოდით, რომელიც უზრუნველყოფს მოცემულ ტერიტორიაზე ბუნებრივი პირობების შენარჩუნებას და გარკვეული ცხოველებისათვის თანაბარი საარსებო პირობების შექმნას. 3. მეურნეობა ვალდებულია აწარმოოს უწყვეტი დაკვირვება (მონიტორინგი) მის ტერიტორიაზე ნადირ-ფრინველის რიცხოვნობაზე და სახეობრივ შემადგენლობაზე და მიაწოდოს შესაბამისი მონაცემები სახელმწიფო უწყებებს.

სამონადირეო მეურნეობის ამოცანებია: დარგის კარგი ტექნიკური აღჭურვის ხარჯზე, მონადირისათვის ხელსაყრელი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და შრომის ნაყოფიერების ამაღლება; სამონადირეო ფართობების მწარმოებლობის დონის ამაღლება, ე. ი. როგორც სანადირო ფაუნის რაოდენობრივი, ხარისხობრივი და სახეობრივი შემადგენლობის გაზრდა, ასევე მათი პოპულაციების რიცხობრიობის ყოველწლიური მატება.

სამონადირეო მეურნეობის მიზნებია: ფლორისა და ფაუნის უკეთ შესწავლა და დაცვა; მონადირული ეთიკის და კულტურის დანერგვა ახალგაზრდა მონადირეებში; მონადირული გამოცდილების გაზიარება; მონადირეების გაცნობა და დაახლოება; ბრაკონიერების წინააღმდეგ ბრძოლა; ერთობლივი გასვლების მოწყობა სანადიროდ და სათევზაოდ; ნადირობის და თევზაობის, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრების პოპულარიზაცია.

სამონადირეო მეურნეობის ორგანიზაციისათვის აუცილებელია პირველ რიგში, იმ ტერიტორიის და ფართობის შესწავლა-შეფასება, სადაც შემდგომში უნდა შეიქმნას სამონადირეო მეურნეობა. ტერიტორიის შეფასება უნდა მოხდეს იქ არსებული გეოგრაფიული, კლიმატური, ეკოლოგიური, მცენარეული და წყლის რესურსების შესწავლის საფუძველზე. სამონადირეო მეურნეობების ორგანიზაცია და შემდგომი ექსპლუატაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული ამ კომპონენტებთან.

ტერიტორიის გეოგრაფიული მდგომარეობის შესწავლით ვგებულობთ, თუ რა სახეობის სამონადირეო ფაუნის წარმომადგენლების შემოყვანა, დაცვა, მომრავლება და შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით გარემოში გაშვება, იქნება ხელსაყრელი ამა თუ იმ რელიეფურ პირობებში (გაშლილ ველებზე, მდელოებსა და ბუჩქნარში — მწყერი, კაკაბი, გნოლი, კურდღელი, მელა; ტყის განაპირა ზოლში — ხოხობი; მთა-გორიან ტყეებში — დათვი; წყალსატევის სანაპირო ბუჩქნარში — გარეული ღორი; წყალსატევებში — იხვი, ბეკასი, გარეული ბატი, წყლის ძვირფასბეწვიანი ცხოველები; ნათელ ტყეებში — შველი, ირემი; სუბალპურ და ალპურ ზონაში— არჩვი, ჯიხვი, ნიამორი).

კლიმატური პირობების შესწავლით გვეძლევა შესაძლებლობა გავარკვიოთ, თუ რომელ კლიმატურ პირობებში აქვს უპირატესობა ამა თუ იმ სახეობის მოშენებას და გარემოში გაშვებას, ანუ რომელ კლიმატურ პირობებში უნდა მოეწყოს ამ ზონისათვის მისადაგებული სამონადირეო მეურნეობა. მაგ: დასავლეთ საქართველოს ჭარბტენიან რაიონებში ხელსაყრელია მოეწყოს სამონადირეო მეურნეობები, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან გარეულ იხვზე, ტყისა და წყლის ქათამზე, გარეულ ბატზე, შესაძლებელია გარეულ ღორზე და ა.შ.

ეკოლოგიური ვითარების შესწავლა იმ ტერიტორიაზე, სადაც უნდა მოხდეს სამონადირეო მეურნეობის ორგანიზაცია, აუცილებელია და წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას. საქმე იმაში გახლავთ, რომ სამონადირეო მეურნეობის ჩამოყალიბება უნდა მიესადაგებოდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს იმ ეკოსისტემას, სადაც შეიქმნება მოცემული მეურნეობა. ყოვლად დაუშვებელია სამონადირეო მეურნეობის შექმნამ და იქ მობინადრე ცხოველთა სამყარომ დისბალანსი შეიტანოს არსებულ ეკოსისტემაში (მაგ: ისეთი სახეობების მოშენება, რომლებიც შეავიწროვებენ ამ ტერიტორიაზე მობინადრე აბორიგენულ სახეობებს, ან შესაძლებელია შემოყვანილმა სახეობამ შეიტანოს რაიმე ინფექციური, ან ინვაზიური დაავადება, ან ახალი სახეობის შეყვანამ შესაძლებელია დიდი ზიანი მიაყენოს არსებულ ცხოველთა სამყაროს. (მაგ: წავის შეყვანის შედეგად წყალსატევში შესაძლებელია დიდი რაოდენობით განადგურდეს თევზი). ასეთი შემთხვევების გაუთვალისწინებლობამ შესაძლებელია გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს არსებულ ბიოცენოზს და მთლიანად ეკოსისტემას.

მცენარეული საფარველის შესწავლას სამონადირეო მეურნეობების ორგანიზაციის დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. იგი მდგომარეობს შემდეგში: გარეული ცხოველები და საერთოდ ნადირ-ფრინველი თავიანთი ბიოლოგიით და ფიზიოლოგიით მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი მცენარეულ საფარსა და საერთოდ მცენარეთა სამყაროსთან. გარეული ცხოველები შეადგენენ კვებითი ჯაჭვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს-კონსუმენტებს, რომლის ძირითად და პირველ, საწყის რგოლს წარმოადგენენ მცენარეები—პროდუცენტები. სამონადირეო მეურნეობის ორგანიზაციის დროს, საწყის ეტაპზე, აუცილებელია იმ ტერიტორიის შეფასება-მონიტორინგი და შემდგომში უკვე ჩამოყალიბებული სამონადირეო მეურნეობის ბონიტირება, სადაც გადაწყვეტილია მოცემული სამონადირეო მეურნეობის ჩამოყალიბება. ამ მონიტორინგის და შემდგომში სავარგულის ბონიტირების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მოცემულ ტერიტორიაზე არსებული მცენარეული საფარველის შესწავლა-შეფასების საფუძველზე, რადგან ერთი და იგივე ტერიტორია შესაძლებელია ხელსაყრელი იყოს ერთი, ან ორი სახეობის ცხოველისთვის, მაგრამ სრულიად გამოუსადეგარი იყოს სხვა სახეობებისათვის. მაგ: წიწვოვანი ტყე ძალზე ხელსაყრელია სიასამურისა და ციყვისათვის, მაგრამ სრულიად გამოუსადეგარია ირემისა და შველისათვის. აქედან გამომდინარე, ნადირთმცოდნეები მეტყევეებთან ერთად დასახელებულ ღონისძიებას კერძოდ, მოცემულ სავარგულზე არსებულ მცენარეულ საფარველს აფასებენ ასაკობრივი თვალსაზრისით და ყოფენ სამ კატეგორიად:

1. ახალგაზრდა ტყეები, რომელშიც გაერთიანებულია 0-დან 20-წლამდე ასაკის მცენარეები;

2. საშუალო ასაკის ტყეები 20-დან 40-წლამდე და 3. ასაკოვანი ტყეები — 40 წელზე უხნესი.

ყველა ჩამოთვლილი ასაკობრივი ჯგუფისათვის დამახასიათებელია თავისი ცხოველთა სამყარო. მაგ: ახალგაზრდა ტყეებში, სადაც ხეები ჯერ კიდევ არ არიან ძლიერად განვითარებულნი, მზის სხივები კარგად აღწევს ნიადაგამდე და აქედან გამომდინარე კარგად არის განვითარებული ბალახოვანი საფარველი. ასეთ სავარგულზე ძირითადად გვხვდებიან ისეთი სახეობები, რომლებიც კარგად გრძნობენ თავს ბალახეულ საფარში, კერძოდ, კურდღელი, მელა, ხოხობი; საშუალო ასაკის ტყეებში ხეები შედარებით კარგად არიან განვითარებულნი, მაგრამ ნაყოფს დიდი რაოდენობით არ იძლევიან. ამ ასაკობრივ ჯუფში კარგად არის განვითარებული ბუჩქოვანი საფარი.

ასეთ ტყეებში კარგად გრძნობს თავს ირემი, შველი, სადაც თითქმის აღარ გვხვდებიან ახალგაზრდა ტყისათვის დამახასიათებელი ცხოველთა სახეობები; რაც შეეხება ასაკოვან ტყეებს, ამ შემთხვევაში ხეები უკვე მძლავრად არიან განვითარებულნი, მათი ტოტები თითქმის აღარ უშვებენ მზის სხივებს ნიადაგამდე, მაგრამ იძლევიან ნაყოფს. ასეთი ტყეები ხელსაყრელ საბინადრო გარემოს წარმოადგენენ ისეთი სახეობებისთვის როგორებიცაა დათვი, გარეული ღორი, სიასამური, ციყვი, ფრინველებიდან როჭო და ა.შ.

იმ სამონადირეო სავარგულების ტიპებად დაყოფას, რომელზეც არ გვხვდება ტყის საფარველი, აწარმოებენ ბუნებრივ-დაუმუშავებელი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად გამოყენებული ტერიტორიის პრინციპით.

წყლის რესურსების შესწავლა აუცილებელია იმ თვალსაზრისით, რომ გვქონდეს წარმოდგენა თუ რა სახეობის წყალსატევის ცხოველების (თევზები, წავი, თახვი, წაულა და ა.შ.) მოშენება იქნება ხელსაყრელი მოცემულ ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის ორგანიზაციის შემთხვევაში, ისე, რომ ზიანი არ მიადგეს არსებულ ეკოსისტემას.

სამონადირეო მეურნეობების შემდგომი ორგანიზაციისათვის აუცილებელია მეურნეობის ტერიტორიის ზონირება; სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიის დაყოფა საეგერო სამცველოებად; სამონადირეო მეურნეობის საზღვრების დემარკაცია; კვოტები; ნადირობის პროცესის ორგანიზაცია; რეკომენდაციების შემუშავება.

სამონადირეო მეურნეობის შიდასამეურნეო დანიშნულების ერთეულებს აუცილებლად უნდა შეადგენდეს სანადირო უბანი; აღკვეთილი; აღწარმოების უბანი; ნადირ-ფრინველის საშენი.

ამრიგად, სამონადირეო მეურნეობის დანიშნულებაა ნადირობის თავისუფალი, ნორმირებული და მიზანმიმართული წარმოება, რომელიც თავის თავში აერთიანებს, პირველ რიგში, ცხოველთა სამყაროს დაცვას, ე. ი. ითვალისწინებს მთელი სამონადირეო ფაუნის აღდგენის, დაცვისა და მომრავლების კომპლექსური ღონისძიებების გატარებას; არეგულირებს მათი სახეობების რიცხობრიობას ოპტიმალურ დონეზე და იძლევა მისი რესურსების რაციონალურად გამოყენების შესაძლებლობას საზოგადოების სასარგებლოდ. ჩვენს ქვეყანაში კვლავაც უნდა გაგრძელდეს და ხელი შეეწყოს სამონადირეო მეურნეობების კიდევ უფრო ინტენსიურად შექმნის პროცესს, რადგან ზემოთ აღნიშნულთან ერთად სამონადირეო მეურნეობების ორგანიზაცია ხელს შეუწყობს საქართველოში სამონადირეო და ეკოტურიზმის განვითარებას.

კობა ნაცვალაძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი