სამურაბე კაკალი _ გამოყენების პერსპექტივები საქართველოში
ადამიანისათვის არც ერთ ხეხილოვან კულტურას იმდენი სარგებლობა არ მოაქვს, რამდენიც კაკალს. ნაყოფისა და მერქნის ძვირფასი ღირებულების გამო იგი თითქმის შეუცვლელია. მისი ნაყოფი შიცავს ადამიანისათვის საჭირო და სასარგებლო ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს. კაკალი უფრო მაღალი კვებითი ღირებულებისაა, ვიდრე ძირითადი საკვები პროდუქტები _ პურია, ხორცი, რძე, კარტოფილი. იგი უკეთესია, ვიდრე ბევრი ისეთი ხილი, როგორიცაა _ ვაშლი, ატამი, ყურძენი, ქლიავი, ციტრუსები და სხვა.
ძნელია შეაფასო კაკლის ზეთის საკვები და სამკურნალო თვისებები; საკმარისია ითქვას, რომ იგი შეიცავს _ ლინოლინს, ლინოლენინს და ოლეინის მჟავებს, რაც ადამიანის ორგანიზმს იცავს კანცეროგენული ნივთიერებების მავნე მოქმედებისაგან, ჯანმრთელ ქსოვილს შესაძლებელი მეტასტაზებისაგან და ამაღლებს დასხივების მიმართ ორგანიზმის გამძლეობას. დიდად ფასობს მერქანი, რაც ავეჯისათვის ძვირფასი მასალაა.
კაკლის ნაყოფის ფართოდ გამოყენების ასორტიმენტში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კაკლის მოუმწიფებელი მწვანე ნაყოფისაგან დამზადებული მურაბა, რომელიც 14-ჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე შავი მოცხარის ნაყოფი და 80-100-ჯერ მეტს, ვიდრე ციტრუსოვანთა ნაყოფი. ამიტომ კაკლის მურაბა, გარდა იმისა, რომ სასიამოვნო დესერტია, ხასიათდება მაღალი კვებითი ღირებულებით და სამკურნალო თვისებებით. შემთხვევითი არ არის, რომ მსოფლიო ბაზარზე მასზე დიდი მოთხოვნილებაა და ძვირადაც ფასობს.
ამჟამად რესპუბლიკაში კაკალის მურაბა ცოტა რაოდენობით მზადდება, რაც გამოწვეულია ჩვეულებრივი კაკალის ნარგაობის სიმცირით და დაბალი მოსავლიანობით. ეს კი ძირითადად განპირობებულია კაკლის გაშენებისა და მოვლა-მოყვანის არასრულყოფილი ტექნოლოგიით, რაც დარგის ოპტიმალური მეთოდების დამუშავების გარდა, უნდა ითვალისწინებდეს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებს. აგრეთვე არსებული სხვადასხვა პერსპექტიული ჯიშებისა და სახეობების დიფერენცირებულ გამოყენებას, რაც საშუალებას მოგვცემს გავაფართოოთ კაკლის გაშენების არეალი და მიღებული ნედლეული გამოვიყენოთ მოთხოვნილების შესაბამისად.
განსაკუთრებით საყურადღებოა ჩვენში ნაკლებად ცნობილი იაპონური კაკალი ზიბოლდა (Juglans Seboldiana max).
კაკალი ზიბოლდა ერთეული ნარგაობის სახით გვხვდება გურიის, აჭარის და სამეგრელოს რეგიონების ყოფილ სატყეო მეურნეობებსა და საკარმიდამო ნაკვეთებზე. ნაყოფებს მოსახლეობა ძირითადად კაკლის მურაბისა და საჭიროების შემთხვევაში (ხმელ ნაყოფს) სხვადასხვა კერძების დასამზადებლად იყენებს.
სამურაბე კაკალი ჩვეულებრივ კაკალთან შედარებით ბევრი უპერატესობით ხასიათდება:
_ უხვმსხმოიარეა, საკმაოდ დიდი ერთნაირი ზომის (33-38 მმ) და მასის (21,83 გ.) მომრგვალო ჯკვერცხისებური ფორმის ნაყოფები შეკრებილია მტევნებად 150-20 ცალი ერთად. იძლევა სამურაბედ ვარგისი _ (ნაყოფის ნაჭუჭი მოუმწიფებელია და არ არის გამაგრებული) ნაყოფის 2-3-ჯერ მეტ მოსავალს (საშუალოდ ჰა-ზე 200 ცენტნერი).
_ ნიადაგის ტიპისა და არის (PH) მიმართ არ არის მომთხოვნი. კარგად ხარობს და მსხმოიარობს მჟავე-ყვითელმიწა, წითელმიწა, და ეწერი ტიპის ნიადაგებზედაც, რაც ჩვეულებრივი (ბერძნული) კაკლისთვის უვარგისია.
_ ახანგრძლივებს ნედლეულის _ (სამურაბედ ვარგისი) წარმოებისა და მისი გადამუშავების პერიოდს _ (ივნისის მეორე ნახევარი _ ივლისის პირველი ნახევარი), როგორც ჩვეულებრივ კაკალთან, ასევე კაკალ ზიბოლდასთან შედარებით.
_ თესლით გამრავლებისას გენეტიკურად ერთგვაროვან სარგავ მასალას იძლევა. მსხმოიარობას იწყებს მეოთხე-მეხუთე წელს, როგორც მყნობით გამრავლებული კაკალი, გამორიცხავს შრომატევად სამუშაოს, რაც მყნობის პროცესს უკავშირდება.
სტანდარტული თესლნერგების გამოყვანა დიდ სიძნელეებთან არ არის დაკავშირებული. 1) თესლი შეიძლება ღია გრუნტში დაითესოს იმავე წელს შემოდგომაზე მსუბუქ წყალგამტარ ნიადაგებზე; 2) თესლს ზამთარში უკეთდება სტრათიფიკაცია და ადრე გაზაფხულზე ითესება; 3) თესვის წინ თესლი 6-7 დღის განმავლობაში უნდა მოთავსდეს წყალში. სამივე შემთხვევაში აღმოცენების უნარი ძალიან მაღალია (90-95%).
კარგად დამუშავებულ ნაყოფიერ ნიადაგში თესლი ითესება მწკრივში 7-10 სიღრმეზე. მწკრივებს შორის მანძილი 40 სმ-ია, თესლებს შორის 20 სმ. პირველ წელს ამოსული ნერგები ნელა იზრდება და სიმაღლეში 15-20 სმ-ს აღწევს. შედარებით კარგად იზრდება ღერძა ფესვი (20-30 სმ). პირველი წლის ვეგეტაციის ბოლოს 15-20 სმ. სიღრმეზე გვერდიდან მჭრელი ბარით გადაჭრილი (ნათესის ამოუთხრელად_ თესლნერგის ღერძა ფესვი წყვეტს ზრდას. მეორე წელს ვითარდება გვერდითი ფესვები და ვეგეტაციის ბოლოს მიიღება სტანდარტული თესლნერგი, რომლის სიმაღლე 80-110 სმ. აღწევს.
რესპუბლიკაში დიდი რეზერვებია „სამურაბე კაკლის“ მასივების გასაშენებლად, გზების გასწვრივ და ნაკვეთების გარშემო, რასაც მარტო ეკონომიკური კი არა დიდი ესთეტიკური მნიშვნელობაც ექნება.
ფართობები, რომელიც ამჟამად ერთწლიანი კულტურებითაა დაკავებული შეიძლება ავითვისოთ სამურაბე კაკალის ნარგავობით. ისე, რომ 10-12 წლამდე, სანამ სამურაბე კაკალი სრულმოსავლიანი გახდება, ამავე ფართობზე ერთწლიანი კულტურებიც ვაწარმოოთ (ამის საშუალებას იძლევა მცენარის შედარებით ნაგალა და მეჩხერი ვარჯი). შემდგომში, თვითონ სამურაბე კაკალი, როდესაც სრულ ექსპლოატაციაში შევა, ეკონომიკური სიძლიერის წყაროდ გადაიქცევა.
სამურაბე კაკალის მოვლა-მოყვანის და მიღებული ნედლეულიდან მურაბების დამზადების ტექნოლოგია იგივეა, რაც ჩვეულებრივი კაკლისა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ის ნაგალა ზრდით ხასიათდება და ხშირი ნარგავობით უნდა ვაწარმოოთ (5×5 გადაადგილებისას ჰექტარზე 400 ძირი).
დიდია სამურაბე კაკალის სამრეწველო ბაღების ეკონომიკური ეფექტიანობა. მცენარე სრულ მსხმოიარობაში 10-12 წლიდან. იწყება ამ შემთხვევაში თითოეული ხიდან შეიძლება 50 კილოგრამი და მეტი სამურაბედ ვარგისი მწვანე ნაყოფი (მცენარის ასაკის მატებასთან ერთად მოსავლიანობაც იზრდება 100 კგ-მდე) მოიკრიფოს. ჰექტარზე 400 ძირიდან საშუალოდ წელიწადში მივიღებთ 200 ცენტნერს. საორიენტაციოდ ერთი ცენტნერი მწვანე ნაყოფი 40 ლარი ღირებულების შემთხვევაში, შემოსავალი 8000 ლარი იქნება, ნარგვაობის მოვლა-პატრონობისათვის მაქსიმუმ 3000 ლარი იხარჯება. მაშინ 1 ჰექტარზე ბაღის ეკონომიკური ეფექტიანობა დაახლოებით 5000 ლარია ასეთი იაფფასიანი ნედლეულის წარმოება გადამმუშავებელი საწარმოებისათვისაც ეკონომიურად მეტად ხელსაყრელია. მოსალოდნელია ეკონომიკური ეფექტიანობის გაორმაგება.
აქედან გამომდინარე, ფერმერულ მეურნეობებში სამურაბე კაკალის სამრეწველო ბაღების გაშენება ეკონომიკური ეფექტიანობის ძირითად წყაროდ გვესახება. გაიზრდება შედარებით იაფფასიანი ნედლეულის წარმოება, რაც საშუალებას მოგვცემს დავაკმაყოფილოთ რესპუბლიკის მოსახლეობის მზარდი მოთხოვნილება ამ მეტად სასიამოვნო და სასარგებლო, სამკურნალო თვისებების მქონე კაკლის მურაბაზე, ხოლო ნამეტი პროდუქცია გავიტანოთ საზღვარგარეთ, რაზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა და ძვირადაც ფასობს.
კუკური ძერია, სოფლი მეურნეობის მეცნიერების დოქტორი,
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“