მომავლის ტექნოლოგიები _ ​სავარგულებიდან ქარხნებისაკენ?!

სურსათით უზრუნველყოფის პრობლემა ერთ-ერთი უძირითადესია იმათგან, რაც კი ოდესმე აღელვებდა კაცობრიობას, ხოლო წინა საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებულმა დედამიწის მოსახლეობის სწრაფმა ზრდამ, სურსათით მომარაგებისა და აგროტექნოლოგიების განვითარების პრობლემები ზეაქტუალურად აქცია. ეს საკითხები იშვიათად თუ დარჩენილა მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღების მიღმა, მაგრამ ამ თემებზე მუდმივი ცხარე კამათის მიუხედავად, არასოდეს წამოჭრილა მომავლის აგრომრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებების განსაზღვრის საკითხები.

თუმცა, კაცმა რომ თქვას, კარგა ხანია აღჭურვილნი ვართ მძლავრი აგროტექნოლოგიებით. სწორედ მათმა გამოყენებამ გამოიწვია მოსახლეობის ზემოხსენებული ბობოქარი მატება. დაახლოებით, 1830-1840 წლებში გამოჩნდა და, თანდათან, XX საუკუნის შუახნიდან გავრცელდა მსოფლიოში სამრეწველო სოფლის მეურნეობა.

იგი 3 ელემენტს ეფუძნება: მძლავრ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, მინერალურ სასუქებსა და პირუტყვის საკვებ ბაზას და სელექციურად გამოყვანილი ახალი სახეობის მცენარეებსა და პირუტყვის ჯიშებს.

სამრეწველო სოფლის მეურნეობა კარდინალურად განსხვავდება სოფლის მეურნეობის ადრინდელი ტიპებისაგან, რადგან მისთვის აუცილებელი კომპონენტების სოფლად დამზადება შეუძლებელია. ისინი ქალაქში უნდა დამზადდეს!

სოფლის მეურნეობის სწორედ ეს მოდელია განვითარებული უმეტეს მსოფლიოში, თვით _  მესამე სამყაროს ქვეყნებშიც კი. ამ მაღალი ტექნოლოგიების დამსახურებაა, რომ შიმშილი ბევრმა  ქვეყანამ შიმშილს თავი დააღწია. გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში არასაკმარისად 830 მლნ. კაცი იკვებება. მათგან, სასურსათო დახმარება 89 მლნ-ს ეძლევა. შთამბეჭდავი ციფრებია? დიახ. მაგრამ ეს დედამიწის მცხოვრებთა მხოლოდ 12,4%-ია. ნატურალური სოფლის მეურნეობა ვერაფრით ვერ შეძლებდა პლანეტის ამჟამინდელი მოსახლეობის  _ 7 მილიარდამდე კაცის დაპურებას.

ხხ საუკუნის დასაწყისში, როცა თანამედროვე სოფლის მეურნეობის ძირითადი კონტურები გამოიკვეთა, საფაბრიკო წარმოებაში გამოყენებული მეთოდების საფუძველზე მისი რეორგანიზების იდეა წარმოიშვა. ამ მიმართულების ერთ-ერთი გზამკვლევი ავტომობილების ცნობილი კომპანიის დამაარსებელი  და ხელმძღვანელი ჰენრი ფორდი იყო. თავის ორ წიგნში: „ჩემი ცხოვრება, ჩემი მიღწევები“ და „დღეს და ხვალ“ მან დაწვრილებით გადმოსცა თავისი შეხედულებები სოფლის მეურნეობაზე და სხვადასხვა ცდაც აღწერა.

ფორდი ფერმაში გაიზარდა. ყოველთვის აინტერესებდა სოფლის მეურნეობის მექანიზმებისა და ფერმასთან მისი მისადაგების მეთოდები. დიდი მეწარმე რომ გახდა, რამდენიმე ფერმა შეიძინა და თავისი იდეების პრაქტიკულად დანერგვა დაიწყო. დაიწყო და დიდ წარმატებასაც მიაღწია. მისი უპირველესი მრწამსი სასოფლო-სამეურნეო წარმოებიდან ხელით შრომის შემცირება, ყველა ოპერაციის სრული მექანიზება და მეურნეობის მეცნიერულ საფუძველზე წარმართვა იყო. ასე სოფლის მეურნეობა მომგებიანი ხდებოდა.

სამრეწველო სოფლის მეურნეობამ კოლოსალურ წარმატებებს მიაღწია. გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან პლანეტის მოსახლეობა, მატების ნაცვლად, თანდათან რომ შემცირებულიყო, ამ ტიპის სოფლის მეურნეობა კვების პროდუქტების უზარმაზარ სიუხვეს შექმნიდა. მაგრამ, როგორც ითქვა, სწორედ იმ წლებიდან დაიწყო მძლავრი დემოგრაფიული აფეთქება, რამაც სოფლის მეურნეობის წინაშე რთული პრობლემები დააყენა. განვითარებად ქვეყნებში სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპი ვერ ეწეოდა მოსახლეობის მატებას. მარცვლოვანი კულტურების წარმოებაში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ღეროების ჩაწოლა იყო, რაც ძალზე ართულებდა მკას.

„მწვანე რევოლუციას“ საფუძველი 1943 წელს ჩაეყარა, როცა მექსიკის მთავრობამ და როკფელერის ფონდმა ხორბლის ახალი სახეობის გამოყვანის პროგრამა წამოიწყო. მისი მიზანი სწორედ ღეროების ჩაწოლის დაძლევა გახლდათ. ნორმან ბორლოუმ ხორბლის ახალი, ნახევრად ჯუჯა სახეობა გამოიყვანა. ის არ წვებოდა, უხვმოსავლიანიც იყო და მაღალი პროდუქტიულობითაც გამოირჩეოდა.

მექსიკამ 15 წელიწადში 3-ჯერ გაზარდა მარცვლეულის წარმოება და 1956 წელს ექსპორტიორ ქვეყნად იქცა. 1963 წელს, ბორლოუს გამოკვლევების საფუძველზე, ხორბლისა და სიმინდის ჯიშების გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრი შეიქმნა. 1968 წელს ზემოთქმულს „მწვანე რევოლუცია“ ეწოდა, 1970 წელს კი ნორმან ბორლოუს ნობელის პრემია მიენიჭა.

„მწვანე რევოლუცია“ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება უკვე განვითარებად ქვეყნებში უსწრებდა მოსახლეობის მატების ტემპებს. მაგალითად, 1950-დან _ 1990 წლამდე ინდოეთში მოსავლიანობა ყოველწლიურად 2,8%-ით იზრდებოდა, მოსახლეობის ყოველწლიური მატება კი 2,1% იყო.

ასე, რომ „მწვანე რევოლუციამ“ შიმშილობის პრობლემა ძირითადად გადაჭრა და მალთუზიანიზმის იდეების გავრცელებას ბოლო მოეღო.

აგროქარხნები და „მეორე ბუნება“

თუ კაცობრიობის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, ძირითადად, გადაჭრილია, მაშ, როგორიღაა მაღალი აგროტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივები? რა ამოცანები დაისახება მეცნიერებას ამ სფეროში?

რაგინდ უცნაურადაც გეჩვენოთ, მაღალი აგროტექნოლოგიების განვითარების მიზანი სამრეწველო სოფლის მეურნეობაზე ხელის აღება და… მიწაზე საბოლოოდ უარის თქმაა. მთელი სურსათი აგროქარხნებში იწარმოება. ისინი სავარგულებზე გაცილებით ნაკლებ ფართს იკავებს და მათი მუშაობის ეფექტიანობა ამჟამინდელი სოფლის მეურნეობისას რამდენჯერმე აღემატება. ანუ, სოფლის მეურნეობა აგროქარხნებად უნდა გარდაიქმნას.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თანამედროვე შესაძლებლობები, პერსპექტივაში, „მეორე ბუნების“, ანუ ბუნებრივი ბიოსფეროსა და გარემო პირობებისაგან ბევრად იზოლირებული ბიოსფეროს შექმნის საშუალებას იძლევა. ასეთი „მეორე ბუნების“ პროდუქტიულობა მრავალჯერ აღემატება ახლანდელ, თუნდაც _ ინტენსიური სოფლის მეურნეობისას. ეს კი პლანეტის მუდმივად მზარდ მოსახლეობას, არათუ სურსათით უზრუნველყოფს, არამედ მნიშვნელოვნად გააჯანსაღ-გაამრავალფეროვნებს რაციონს.

1991-1993 წლებში აშშ-ის შტატ არიზონაში მთლიანად ჩაკეტილი სისტემის „ბიოსფერო _ 2-ის“ აგება სცადეს. მას 1,5 ჰა ფართობი ეკავა და 7 ბლოკად იყო დაყოფილი. თუმცა, ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ მეცნიერებს ჯერ არ ძალუძდათ ბუნებრივის ანალოგი მთლიანად ჩაკეტილი და დამოუკიდებელი ბიოსფეროს შექმნა. მაგრამ ისიც ცხადი შეიქნა, რომ მათ იზოლირებული, სურსათის მაღალპროდუქტიული წარმოებისათვის ვარგისი ბიოსფეროს ფრაგმენტების შექმნა შეუძლიათ. მომავლის აგრომრეწველობა სწორედ გარემოსაგან იზოლირებული ხელოვნური ბიოსფეროს უზარმაზარი სისტემების ფრაგმენტებით იქნება წარმოდგენილი, სადაც მცენარეებსა და ცხოველებს გამოიყვანენ.

რამდენად ხელსაყრელია ეს? ჯერ ერთი რომ, აგროქარხნები ნებისმიერ ადგილზე, თვით მეგაპოლისების ცენტრებშიც შეიძლება განლაგდეს, რაც სასურსათო პროდუქტების ახლანდელი ბაზრისაგან სრულიად განსხვავებულის შექმნის შესაძლებლობას იძლევა და კიდევ _ მაღალპროდუქტიული აგრომეურნეობა, შესაძლოა, ძალზე მწირმიწიან ქვეყნებში, უდაბნოებსა თუ ჩრდილო და სამხრეთ პოლუსებზეც შეიქმნას.

​აგროცათამბჯენები

ნიადაგი მცენარეთა საბჯენი და მკვებავი ელემენტების საცავია, რასაც ისინი ხსნად მდგომარეობაში იღებს. ამან მეცნიერები მიახვედრა, რომ, შესაძლოა, მცენარეები სულაც უნიადაგოდ _ წყალში გააშენო, თუ მასში უკვე შეტანილია ყველა აუცილებელი მკვებავი ნივთიერება. ასეთ სისტემას ჰიდროპონიკა ჰქვია. შემუშავებულია ჰიდროპონიკის 6 სახეობა. მათ საფუძველზე კი ასობით ჰიდროპონული სისტემაა დამუშავებული. შემდეგ აეროპონიკაც, ანუ მკვებავი ნივთიერებებით გაჯერებულ ნესტიან ატმოსფეროში მცენარეთა გაშენებაც დაინერგა.

ჰიდროპონიკა მცენარეთა ზრდისათვის საჭირო ოპტიმალური პირობების შექმნის, მაღალმოსავლიანობის, წყლის, მკვებავი ნივთიერებებისა და შრომის ეკონომიის, ეკოლოგიურად სრულიად ჯანსაღი პროდუქტების მიღების საშუალებას იძლევა. აღარაა საჭირო ნიადაგის დამუშავება, არც კულტურების თესვის მონაცვლეობა, სარეველებისა და მავნებლებისაგან მათი დაცვა. ამასთან, ჰიდროპონიკისათვის გაცილებით ნაკლები ფართობი საჭირო, რაც ამ ტექნოლოგიას განვითარების უსაზღვრო პერსპექტივებს უშლის.

თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, ცათამბჯენები ისე აშენდება, რომ ნაგებობამ მიწის შედარებით ნაკლები მონაკვეთი დაიკავოს, მაგრამ შიგნით კი კოლოსალური ფართობი ჰქონდეს. მაგალითად, მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში მდებარე 88-სართულიანი 451,9 მეტრის სიმაღლის კოშკ პეტრონასის შიგა ფართი 213,7 ათასი კვ. მეტრია. შენობა კი ქალაქის მხოლოდ 40 ჰა-ს იკავებს.

მსოფლიოში ამ უმაღლესი ნაგებობისთვის კუალა-ლუმპურში ფართი არ დაიშურეს, მაგრამ სხვა ცათამბჯენებს შიგა ფართობსა და დაკავებულ მინის ნაკვეთებს შორის შეფარდება განსხვავებული აქვს. სახელდობრ, ნიუ-იორკის ემპირე სტატე ბუილდინგს 0,8 ჰა. (8 ათასი კვ.მ.) მიწის ნაკვეთი უკავია. მისი შიგა ფართი კი 257 ათასი კვ. მეტრი, ანუ 25,7 ჰექტარია. ე.ი. ამ შენობის სასარგებლო ფართი 32-ჯერ აღემატება იმ ნაკვეთს, რაზეცაა წამომართული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰიდროპონიკურ აგროქარხნებს ასობით ჰექტარი სათბურისა და ათასობით ჰექტარი სავარგულის შეცვლა ძალუძს. მცენარეთა ზრდის ტემპის მკვეთრად გაზრდა, წარმოების ციკლის უწყვეტობასა და სისტემების ავტომატიზებულ მომსახურებასთან ერთად, პროდუქციის მთელი წლის მანძილზე დამზადების საშუალებას იძლევა. მათი დიდ ქალაქებში განლაგება კი ტრანსპორტირების ხარჯებსაც გამორიცხავს.

ჰიდროპონიკული აგროქარხნები ნებისმიერ შენობაში _ ცათამბჯენში, ფაბრიკისა თუ ქარხნის საამქროში, ანგარში, გამოქვაბულშიც კი შეიძლება განლაგდეს, ოღონდ კი, ელექტროენერგიის მიერთებისა და წყლის მიყვანის შესაძლებლობა იყოს.

ამჟამად ჰიდროპონიკით, ძირითადად, ხილსა და კენკროვანებს ბოსტნეულის რამდენიმე სახეობას ზრდიან. მაგრამ ამ სისტემის გამოყენებით ნებისმიერი მცენარის გაშენება შეიძლება. გნებავთ ეს ეგზოტიკური ტროპიკული ხილი იყოს, გნებავთ, მარცვლეული და პარკოსნები. ამჟამად ამას, რატომღაც, ეკონომიკურად წამგებიანად მიიჩნევენ. მაგრამ ეს აშკარა სიბეცეა და მალე დადგება დრო, როცა აგროქარხნებიც ისევე ჩვეულებრივი რამ იქნება, როგორც სხვა ტრადიციული საწარმოები.

მოამზადა

ეკატერინე ხატიაშვილმა