საოჯახო მეურნეობების მნიშვნელობა და სტატუსი
საოჯახო მეურნეობა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციული ფორმაა სოფლად, რომელიც თავისი რაოდენობიდან გამომდინარე მნიშვნელოვან როლს თამაშობს აგრარულ სექტორში. იგი სრული ანტიპოდია ინდუსტრიული და ბიუროკრატიული ლოგიკის, რომელიც ასე გაბატონებულია მსოფლიო საზოგადოებაში. ამ მოცემულობით, საოჯახო მეურნეობა რჩება როგორც შედარებით არქაული, მაგრამ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, გაცილებით მიმზიდველი.
როცა საოჯახო მეურნეობაზე ვსაუბრობთ, ეს არ ეხება მხოლოდ მეურნეობის ზომას ან წარმოებული პროდუქციის მოცულობას, ეს უფრო ოჯახის ცხოვრების წესი და საქმიანობაა.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კვლევის თანახმად, დღევანდელ მსოფლიოში, როგორც განვითარებულ ისე განვითარებად ქვეყნებში, 600 მილიონი ფერმერული მეურნეობაა, მათ შორის – 500 მილიონი საოჯახო მეურნეობებზე მოდის და მსოფლიოში წარმოებული სასურსათო პროდუქტის 80%-ს სწორედ ისინი ქმნიან. მათი უმრავლესობა, მცირემიწიანი საოჯახო მეურნეობებია და რომელთა 72%-ს მფლობელობაში/საკუთრებაში 1 ჰა ან ნაკლები მიწის ფართობი აქვთ.
ევროკავშირის 28 ქვეყანაში[1], (EU28) 12 248 000 ფერმერული მეურნეობიდან 11 885 000 (ე.ი. 97 %) კლასიფიცირებულია როგორც საოჯახო მეურნეობა. ამ მნიშვნელოვანი მდგომარეობის გათვალისწინებით, 2017 წლის 22 დეკემბერს გაეროს დეკლარაციით 2019-2028 წლების საოჯახო მეურნეობის ათწლეულად გამოცხადებამ ხაზი გაუსვა „ოჯახურ და მცირე ზომის მეურნეობებზე მსოფლიოს ყურადღების მიპყრობას და იმ წვლილის წინ წამოწევას, რომელიც მათ შეიტანეს შიმშილისა და სიღარიბის აღმოფხვრის, სურსათის უვნებლობის გაზრდის, კვების და საარსებო საშუალებების გაუმჯობესების, ბუნებრივი რესურსების მართვის, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების საქმეში“.
საოჯახო მეურნეობის ათწლეულის გამოცხადებასთან დაკავშირებით, გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიზანს წარმოადგენს:
- მოუწოდოს სახელმწიფოებს განავითარონ, ხელი შეუწყონ და გაატარონ სახელმწიფო პოლიტიკა ოჯახური მეურნეობების განვითარების კუთხით, გაიზიარონ სხვა ქვეყნების მიღწეული წარმატებების პრაქტიკა;
- მოუწოდოს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან (International Fund for Agricultural Development) თანამშრომლობით შეიმუშაონ ათწლეულის მიზნების განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებები, მათ შორის, სამოქმედო გეგმა და შესაბამისი აქტივობების პროგრამა;
- ჩართონ მთავრობები და დაინტერესებული მხარეები, მათ შორის, საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი და აკადემიური წრეები ათწლეულის მიზნების განხორციელების საქმეში.
ევროპის ქვეყნებში კონკრეტულად საოჯახო მეურნეობებზე კანონი ევროპის 3 ქვეყანას აქვს, ესენია: ხორვატია, უნგრეთი, ლუქსემბურგი. სხვა სახელმწიფოებში მის შესახებ ჩანაწერები სხვადასხვა რეგულაციებში აქვთ გაწერილი. მაგალითად, პოლონეთში საოჯახო მეურნეობებზე კონსტიტუციაშიც არის გაკეთებული ჩანაწერი: „ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სისტემის საფუძველს საოჯახო მეურნეობა წარმოადგენს“.[2] თვითონ ტერმინის განმარტებას კი „სოფლის მეურნეობის სისტემის ჩამოყალიბების შესახებ კანონის“ მე-5 მუხლი გვთავაზობს: „საოჯახოდ ჩაითვლება მეურნეობა თუ: მას მართავს/უძღვება ინდივიდუალური ფერმერი და მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ზონა არ აღემატება 300 ჰექტარს.“
ყველაზე ახალი კანონი საოჯახო მეურნეობების შესახებ უნგრეთს აქვს, რომელიც 2020 წელს მიიღეს. კანონი საოჯახო მეურნეობის ასეთ განმარტებას გვთავაზობს: „პირველადი მწარმოებლების საოჯახო მეურნეობა არის საწარმოო საზოგადოება, რომელიც დაფუძნებულია ნათესაურ ჯაჭვში მყოფ მინიმუმ ორი ძირითადი აგრარული მწარმოებლის მიერ, დამოუკიდებელია იურიდიული სტატუსით და არ გააჩნია წევრების აქტივებისაგან განცალკევებული აქტივები, რომლის ფარგლებშიც ახორციელებს პირველადი წარმოებასთან დაკავშირებულ საქმიანობას. საქმიანობა ხორციელდება საკუთარ ფერმაში და მასში ჩაბმული ყველა წევრის პირადი წვლილი განსაზღვრული და ერთმანეთთან კოორდინირებულია.“
ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული საოჯახო მეურნეობების ფუნქციონირებას უნგრეთის სოფლის მეურნეობის, სურსათის ეკონომიკისა და სოფლის განვითარების პალატა ზედამხედველობს. იგი პასუხისმგებელია პირველადი მწარმოებლის საქმიანობის, პირველადი სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის და რეგისტრირებული მონაცემებისა და დეკლარაციების ნამდვილობაზე, იგი აკონტროლებს აგრეთვე, პირველადი მწარმოებლის საქმიანობის დროს წარმოებულ პროდუქტებს, პროდუქციის რეალიზაციის კანონიერების სტატუსს და მის კანონიერებას. თუ სასოფლო-სამეურნეო ადმინისტრაციული ორგანო აღმოაჩენს საქმიანობის უკანონობას, როგორც პირველადი მწარმოებლის, ისე ბაზრის მესვეურების მხრიდან, შეუძლია ნებისმიერ მხარეს დაუწესოს ჯარიმა.
კანონის მიხედვით, უნგრეთისთვის საოჯახო მეურნეობების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება და მათი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი როლის წინა პლანზე წამოწევა, ნიშნავს: სურსათის უვნებლობის ზოგადი პრინციპების დაცვას; ბუნებრივი სასოფლო-სამეურნეო რესურსების შენარჩუნებას და თაობებისთვის გადაცემას; მეურნეობების ბუნებრივი გამსხვილებების და სოფლის თემის გაძლიერებას.
საქართველოში საოჯახო მეურნეობის ფორმას ოდითგანვე ძლიერი იდენტობის ფუნქცია ჰქონდა ქვეყნისთვის, რადგან იგი მიწის საკუთრებასთან, წარმოშობის ადგილთან, ტრადიციებთან და წინაპრებთან იყო დაკავშირებული. საქართველოში საოჯახო მეურნეობებს უძველესი ისტორია აქვს. იგი არის ქართველი ერის კულტურული მემკვიდრეობის მემატიანე. საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და იხვეწებოდა ქართველი მეურნის გეოგრაფიული არეალი და გარემო პირობებთან მორგებული ყოფა, რაც დასახლების ფორმაზე, საცხოვრებელ გარემოსა და სამეურნეო საქმიანობაზე ისახებოდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს, სადაც ეკონომიკური მოწყობის ძირითადი ფორმა არის საოჯახო მეურნეობები. უფრო კონკრეტულად:
- 2014 წლის (ბოლო) აღწერის მიხედვით, ქვეყანაში დაფიქსირდა 642.2 ათასი მეურნეობა, მათ შორის 640.0 ათასი შინამეურნეობა ანუ საოჯახო მეურნეობა არის და მხოლოდ 2.2 ათასი მეურნეობა არის იურიდიული პირი;
- მეურნეობების მთლიანი რაოდენობიდან 574.1 ათასს საკუთრებაში აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწა, ხოლო დანარჩენ 68.1 ათასს – არ აქვს;
- მეურნეობების სარგებლობაში არის 842.3 ათასი ჰა. სასოფლო და არასასოფლო სამეურნეო მიწა. მათ შორის 87.2% (734.8 ათასი ჰა) საკუთრებაშია, ხოლო 12.8% (107.5 ათასი ჰა) – დროებით სარგებლობაში.
იმ ფაქტის მიუხედავად, რომ აგრო სექტორში საოჯახო მეურნეობები დომინანტ როლს თამაშობენ, მათი სამართლებრივი სტატუსი ნათლად არ არის გამოკვეთილი. შესაძლებელია ამ პერსპექტივიდან, როცა ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის დასრულებული მიწის რეფორმა, მკაფიოდ არ არის გააზრებული შეღავათების და გადასახადების თემა, ნაადრევად გვეჩვენებოდეს საოჯახო მეურნეობების სტატუსის მინიჭების შესახებ საუბარი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სოფლები, მათ შორის, საზღვრისპირა ზონებში, დაცლის პირასაა და ბევრი მათგანი თითო ოროლა კაცის ამარაა დარჩენილი; საქსტატის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 2011-2023 წლებში 11%-დან 6.9%-მდე შემცირდა და 2020-2023 წლებში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2.6 პროცენტული მუხლით დაიკლო – გააზრებული პოლიტიკით, გონივრული შეღავათებით და მიზნობრივი პროგრამებით, ნამდვილადაა შესაძლებელი საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობაზე ფიქრი, რამაც ლოგიკურად საკუთარი ოჯახის საკვებით უზრუნველყოფიდან, სოციალური დახმარების მონობიდან – საკუთარი ბიზნესის წარმოებამდე, სექტორულ გამსხვილებამდე, აგრო, ეკო და გასტრო ტურიზმის გაძლიერებამდე, ორგანული წარმოების განვითარებამდე შესაძლებელია მიგვიყვანოს.
ცნობისთვის, საქართველოში მოქმედი რეგულაციები ამ მიმართულების შემდეგ დეფინიციებს გვთავაზობენ:
საოჯახო მეურნეობა − სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლის, სამეურნეო ნაგებობის, გადამმუშავებელი მრეწველობის ობიექტების ან/და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის წარმოებას“ (საქართველოს კანონი მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ, მუხლი 3 (ვ);
„ფერმერული მეურნეობა − მიწის ნაკვეთი ან/და მიწის ნაკვეთზე დამაგრებული შენობა–ნაგებობა, რომელიც სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების პირველადი წარმოებისთვის ან სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების პირველადი წარმოებისა და დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებისთვის გამოიყენება.” (საქართველოს კანონი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ. მუხლი 4 (ე).
„ოჯახური წარმოება – სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება ან/და პირველადი წარმოება არაორგანიზებულად; არაორგანიზებული წარმოება − ოჯახური წარმოების სუბიექტის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება ან/და პირველადი წარმოება“. (საქართველოს მთავრობის დადგენილება სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე, მუხ. 2 (ა და გ).
თამარ ფხაკაძე, ფერმერ ქალთა ასოციაცია
გამოყენებული ლიტერატურა: [1] გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი 2020 წელს დატოვა.
[2] წყარო: პოლონეთის კონსტიტუცია, მუხ. 23 https://www.senat.gov.pl/gfx/senat/userfiles/_public/k10/kancelaria/wydawnictwa/pdf/konstytucja_rp_miniatura_w._ang.pdf