„საქართველო ღვინის სამშობლო“ – დამოუკიდებლობის დღეს სად რა ზეიმი გაიმართება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით მასშტაბურ ღონისძიებებს გამართავს.
სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო და სოფლის განვითარების სააგენტო 26 მაისს ქალაქ ქუთაისსა და თელავში თემატური კონცეფციით – „საქართველო ღვინის სამშობლო“ წარდგებიან.
ქუთაისი – ღვინისა და ფოლკლორის დღესასწაული
ქუთაისის ისტორიულ ბალახვანის უბანში, 100 საფეხურიანი კიბის მიმდებარედ, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე გაიმართება ადგილობრივი ღვინის მწარმოებლების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ იმერული ღვინოები სპეციალურად მოწყობილ ღვინის სივრცეში, სადაც მათ სომელიეები უმასპინძლდებიან (14:00 – 17:00 სთ).
ღონისძიებას გაახალისებს კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და შემსრულებლების მონაწილეობით, რომელიც 13:15 საათიდან 15:00 საათამდე გაიმართება. ზუსტად 17:10 საათზე, ისტორიული მომენტის აღსანიშნავად – 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დრო – შესრულდება ეროვნული ჰიმნი. დღის ღონისძიებები საზეიმო კონცერტით დასრულდება.
თელავი – ტრადიციული კულინარია, ხელოვნება და სოფლის განვითარების ხელშეწყობა
თელავის ცენტრალურ მოედანზე სოფლის განვითარების სააგენტო უმასპინძლებს მოქალაქეებს და წარადგენს სააგენტოს ბენეფიციართა მიერ წარმოებულ პროდუქციას. მოეწყობა ქართული ღვინის სადეგუსტაციო კუთხე და ჩატარდება კახური ტრადიციული კერძების კულინარიული მასტერკლასი.
ინტერაქციულ სივრცეში სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა დაათვალიერონ უძველესი სამუზეუმო ექსპონატების ასლები, იხილონ კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა, ბავშვებისთვის განკუთვნილი შემეცნებითი სივრცე და საბავშვო სპექტაკლი.
მოეწყობა სპეციალური სივრცე, სადაც თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა გამოიფინება.
17:10 საათზე თელავშიც შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი, რის შემდეგაც დღის პროგრამა საზეიმო კონცერტით დასრულდება.
სამინისტროს ინიციატივა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღესასწაულს ასევე უმასპინძლებს მოქალაქეებს ქალაქ ახალციხეშიც, სადაც თემატური აქტივობებია დაგეგმილი.
ღონისძიებების მიზანია საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, ღვინისა და ქართული ტრადიციული პროდუქტების პოპულარიზაცია და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა.