საქართველო გლობალურ საზღვაო პოლიტიკაში: ნინო თანდილაშვილი გაეროს მაღალი დონის პანელებზე საქართველოს პოზიცია წარმოაჩინა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, გაეროს 2025 წლის ოკეანეების კონფერენციის ფარგლებში გამართულ ორ მაღალი დონის საერთაშორისო პანელში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს პოზიცია აქტიურად წარმოაჩინა.
პირველი პანელის თემა იყო „მდგრადი თევზჭერის მართვის ხელშეწყობა“, სადაც თანდილაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველომ გადადგა თევზჭერის ეფექტიანი პოლიტიკის დანერგვისა და განსახორციელებლად. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში კომერციული თევზჭერა მკაცრი ლიცენზირების სისტემის საფუძველზე ხორციელდება, ხოლო წლიური კვოტები როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ექსპერტთა მონაწილეობით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მეთოდოლოგიის შესაბამისად განისაზღვრება.
მან ისაუბრა ასევე არარეგისტრირებული და არარეგულირებადი თევზჭერის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის თანამედროვე მონიტორინგის ტექნოლოგიების დანერგვაზე.
ევროკავშირის მიერ საქართველოს მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატების აღიარება, მისივე თქმით, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის ქვეყნისთვის საერთაშორისო ვაჭრობაში უფრო აქტიური ჩართვის კუთხით და ამყარებს მდგრადობის პრინციპებს.
თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა FAO-ს საქართველოში აკვაკულტურის განვითარების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყანაში უკვე განსაზღვრულია აკვაკულტურისთვის გამოყოფილი სპეციალური ზონები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. სულ ცოტა ხნის წინ გაიცა პირველი აკვაკულტურის ლიცენზია — მნიშვნელოვანი ეტაპი რეგულირებული და მდგრადი სექტორის განვითარებაში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ზღვისპირა ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას.
ამას გარდა, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალურ კომისიასთან (GFCM), რაც მცირე მოცულობის თევზჭერის სექტორის გაძლიერებისკენ არის მიმართული.
„მცირე თევზჭერის სექტორის მხარდაჭერა არა მხოლოდ ეკოლოგიური ვალდებულებაა, არამედ მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური ამოცანაც. საჭიროა ტრადიციული ცოდნისა და პრაქტიკის შენარჩუნება და მათი გათვალისწინება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში“, – აღნიშნა მან.
მეორე პანელი ეძღვნებოდა თემას „თანამშრომლობის ყველა ფორმის ხელშეწყობა და მხარდაჭერა, განსაკუთრებით – რეგიონულ და სუბრეგიონულ დონეზე“, სადაც ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას საერთო გამოწვევების დაძლევისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.
„ზღვის ეკოსისტემები სახელმწიფო საზღვრებს არ ექვემდებარება. დაბინძურება, გადაჭარბებული თევზჭერა, ჰაბიტატების დაზიანება და კლიმატის ცვლილება – ეს გამოწვევები მთელ რეგიონზე ახდენს პირდაპირ გავლენას. პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ სოლიდარობაზე, პარტნიორობასა და ერთობლივ მოქმედებაზე დაფუძნებული თანამშრომლობით“, – განაცხადა თანდილაშვილმა.
მისი გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე გაკეთდა. მისი თქმით, საქართველო წარმატებით ასრულებს DCFTA-ს ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს, რაც ქვეყნის კანონმდებლობას ევროკავშირის სტანდარტებთან აკავშირებს გარემოს დაცვასა და მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში.
თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ჩართულობას საერთაშორისო ინიციატივებში და GFCM-ის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობას, რაც მოიცავს მონაცემთა გაზიარებას, შესაძლებლობების გაძლიერებასა და მდგრადი თევზჭერის პოლიტიკის მხარდაჭერას.
მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობასაც, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელიც საქართველოს ევროპულ ენერგოსისტემებთან დააკავშირებს.
„ეს პროექტი წარმოადგენს გლობალურ ინვესტიციას სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში, რომელიც ემსახურება როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ ინტერესებს, აჩქარებს მწვანე გარდაქმნას და უწყობს ხელს ეკონომიკურ წინსვლას“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს, მინისტრის პირველმა მოადგილემ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, გააძლიეროს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა რეგიონული შესაძლებლობების გასაძლიერებლად ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა მონიტორინგი, აღსრულება, სამეცნიერო კვლევა და ინფრასტრუქტურის განვითარება.