საქართველო რადიაციის მონიტორინგის საერთაშორისო სისტემას შეუერთდა
საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რადიაციის მონიტორინგის საერთაშორისო სისტემას (IRMIS) შეუერთდა. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მფლობელობაში არსებული გარემოს რადიაციული ფონის მონიტორინგის სადგურებიდან გამოსხივების მაჩვენებლები ავტომატურად მიეწოდება IRMIS სისტემას და მიმდინარე რეჟიმში აისახება საერთაშორისო რუკაზე.
საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით შექმნილი IRMIS სისტემა მნიშვნელოვანი მექანიზმია ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების ადრეული შეტყობინებისა და რეაგირების მართვის პროცესში. სისტემაში ჩართული სახელმწიფოების მონაცემები ბუნებრივი რადიაციული ფონის მიმდინარე რეჟიმში მონიტორინგისა და შესაბამისად, ეფექტიანი გადაწყვეტილებების დროული მიღების შესაძლებლობას იძლევა.
„IRMIS სისტემაში ჩართვა ადასტურებს საქართველოს ერთგულებას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი საერთაშორისო სამართლებრივი რეჟიმისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართ“, – აღნიშნა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ხატია ჯიქურიძემ.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინციდენტებისა და საგანგებო სიტუაციების ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამგვარი ჩართულობა მნიშვნელოვნად აძლიერებს საერთაშორისო თანამშრომლობას მოსახლეობისა და გარემოს დაცვის მიზნებისთვის.
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ რადიაციული ფონის მონიტორინგის სადგურებზე განხორციელებული ტექნიკური ღონისძიებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შედეგად, საქართველომ შეიძინა IRMIS სისტემის რიგით 50-ე კონტრიბუტორი სახელმწიფოს სტატუსი.