დარგებიმეცხოველეობა

საქართველოს მეცხოველეობის მერძეული და მეხორცული დარგის სრული რეორგანიზაციაა საჭირო

 

ბოლო ათეული წელია საქართველოში მეცხოველეობის სექტორის გასაჯანსაღებლად, სერიოზული პროექტები არ განხორციელებულა, რაც შედეგებზე პირდაპირ აისახება _ მცირდება ადგილობრივი წარმოება, იზრდება იმპორტი, გამოუყენებელი რჩება ის უზარმაზარი და უნიკალური რესურსი, რაც დარგის განვითარებისთვის ქვეყანას უხვად აქვს. შესაბამისად იკარგება შემოსავლები, არ იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და დოვლათი, რაც ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტია.

საქართველოში მეცხოველეობის, რძის და ხორცის წარმოების ინდუსტრიის, პროდუქციის ხარისხის და სურსათის უვნებლობის გასაუმჯობესებლად აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, საერთაშორისო ორგანიზაცია Land O’Lakes International Development -ის და მიჩიგანის უნივერსიტეტის ერთობლივი მონაწილეობით დარგში აქამდე უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტის განხორციელება დაიწყო.
ჩვენი ჟურნალის სტუმარია აღნიშნული პროექტის „ინვესტირება ხარისხიან და უვნებელ მესაქონლეობაში (SQIL)“ პროექტის ტექნიკური დირექტორი ლაშა ავალიანი, რომელიც მკითხველს პროექტის მიზნებსა და შედეგებზე მოუთხრობს.

საქართველოს მეცხოველეობის დღევანდელი მდგომარეობა გარკვეულწილად იმ მემკვიდრეობის შედეგია, რაც საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ ქვეყანას დარჩა.

მსხვილი ფერმერები, რომლებიც იმ დროს საქართველოში არსებობდა, დაიშალა, განადგურდა, მეცხოველეობა მთლიანად გლეხური მეურნეობების ხელში აღმოჩნდა, რომლებსაც არ ჰქონდათ სათანადო ცოდნა და არც გამოცდილება რა სჭირდებოდა მეცხოველეობის ფერმის მართვას.
ამან გამოიწვია ის, რომ ქვეყანაში დღეს მასობრივად 5-10-სულიანი მეცხოველეობის მცირე ფერმები — შინამეურნეობებია, რომლებიც, რა თქმა უნდა, ოჯახს, მეურნეობას სათანადო შემოსავლით ვერ უზრუნველყოფენ, ისინი ძირითადად დამატებითი შემოსავლის წყაროა.

როგორც ბატონი ლაშა ამბობს, ამას ბევრ სხვა პრობლემაც ერთვის: სპეციალისტების, აგრონომების, ვეტერინარების, ზოოტექნიკოსების სიმცირე და პრობლემების მთელი ჯაჭვია.

— საქართველოს და ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობა პოლიტიკურ-ეკონომიკური კუთხით 25 წლიან მეგობრობის ისტორიას ითვლის. სხვა საკითხებთან ერთად, თანამშრომლობა სოფლის მეურნეობასაც ეხება. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2018 წელს საგრანტო მომსახურებაზე, არის ასეთი პლატფორმა — „სურსათი საყოველთაო პროგრესისთვის“, საქართველოში მეცხოველეობის განვითარების მხარდასაჭერად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში რამდენიმე ორგანიზაცია მონაწილებდა და გაიმარჯვა ასეთი პროექტების მართვაში მრავალწლიანი წარმატებული ისტორიის კომპანია „ლინდო ლეიქმა“ მისმა საერთაშორისო დეველოპმენტის ჯგუფმა, რომელიც მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია არ არის, და ამ პროექტის განვითარებისთვის გრანტი გადაეცა.

გრანტის მოცულობა დაახლოებით 14,5 მილიონ აშშ. დოლარია, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში, უნდა დაიხარჯოს საქართველოში მერძეული და მეხორცული მეცხოველეობის განვითარებისთვის.

წინასწარი კვლევები ცხადყოფს, რომ ბოლო წლებში ხორცის და რძის პროდუქტების ადგილობრივი წარმოება იმპორტის ჩანაცვლების მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

ამ დროს, იგივე კვლევებით, მოსახელეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბაზარი ადგილობრივი წარმოების რძის, რძის პროდუქტებით და ხორცით იყოს უზრუნველყოფილი.

სწორედ ამ კვლევებზე დაფუძნებული საკითხებია ჩვენი პროექტის ძირითადი სამიზნე, რათა შეიცვალოს ვითარება, ადგილობრივ წარმოებას შეეწყოს ხელი და იგი ეტაპობრივად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი გახდეს.

— ბატონო ლაშა, როგორ უნდა შეეწყოს ხელი ამ სეგმენტის განვითარებას, კონკრეტულად რა ღონისძიებების გატარებას გეგმავთ?

— პირველ რიგში უნდა გავაანალიზოთ და ვთქვათ მიზეზი, რატომ არ არის კონკურენტუნარიანი საქართველოში წარმოებული ხორცი და რძე. ამ მხრივ ძირითადი მახასიათებელი ფასია. ფაქტია, ჩვენს ფერმერებს პროდუქციის წარმოება ძვირი უჯდება, ვინაიდან არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები, მექანიზაცია, არაჯეროვნად ხდება ბიზნესის დაგეგმარება. მაგალითად საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის რძე (ფერმიდან გასაყიდი ნედლი რძის ფასი), 1,25-1,2 ლარი ღირს, რაც ორჯერ აღემატება ევროკავშირში წარმოებულ რძის ფასს. შესაბამისად ის, ამ ვითარებაში ხარისხიანი ქართული რძე, მაღალი ხარისხის ევროპულ რძეს კონკურენციას ვერასოდეს გაუწევს. ამიტომ დღეს რძის მწარმოებლებსაც და გადამმუშავებლებსაც უჩნდებათ ინტერესი, დაბალი ფასის მქონე რძე შემოიტანონ. მოგეხსენებათ რძე მალფუჭადი პროდუქტია და მისი ნატურალური სახით შემოტანა შეუძლებელია, ამიტომ შემოაქვთ რძის ფხვნილი, რომელიც კიდევ უფრო იაფია, ადგილობრივ რძესთან შედარებით და მეწარმეები აღდგენილი რძით ამზადებენ პროდუქციას.

ანალოგიურად რთული ვითარებაა ხორცის სექტორშიც, საქართველოში იმპორტირებული ხორცი ორჯერ იაფია ადგილობრივად ნაწარმოებ ხორცთან შედარებით, ვინაიდან ჩვენთან მეცხოველეობის საკვებწარმოება დაბალ დონეზეა, ცუდად არის ოგანიზებული, რძის და ხორცის, საკვების წილი გადამწვყვეტია.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ხარისხიც! რძის გადამმუშავებლების ინტერესს, იმუშაონ იმპორტირებულ რძეზე, განაპირობებს ისიც, რომ ადგილობრივი მცირე წარმოება ხარისხს ვერ უზრუნველყოფს. მითუმეტეს ის რძე, რომელსაც მცირე გლეხური მეურნეობები აწარმოებენ, რძის პროდუქტების დასამზადებლად გამოუსადეგარია. ის შეიძლება ნაწილობრივ გამოყენებული იქნას ყველის წარმოებაში.

ამ მიზეზების გათვალისწინებით, პროექტი ფოკუსირებული იქნება ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაზე, კარგი საწარმოო პრაქტიკის დანერგვაზე. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ეს იქნება წველის ჰიგიენის პრაქტიკა, რძის პირველადი შენახვა, რაზეც დიდწილადაა დამოკიდებული საბოლოო პროდუქციის ხარისხი. როგორც წესი, ჩვენი მცირე მეურნეობების უმეტესობა საღამოს გამოწველილ რძეს მეორე დღემდე ჩვეულებრივ პირობებში, უმაცივროდ ინახავს, რაც ყოვლად დაუშვებელია. მცირე ფერმერული და საშუალო მეურნეობების უმეტესობას არ აქვს რძის შესანახი და გასაციებელი მოწყობილობები, რომ რძეში მიკრობიოლოგიურ მახასიათებლები არ გაუარესდეს.

— ამ შემთხვევებში საქმე გვაქვს ელემენტალურ უნარ-ჩვევებთან, წარმოების დაბალ კულტურასთან, კონტროლის ეფექტიანი მექანიზმიც არ არსებობს. ესეც სერიოზული პრობლემაა და მოსაგვარებელია…

— ყოველდღიური კულტურა მოაქვს ცოდნას და გამოცდილებას. ამის მიღწევა შეიძლება ტრენინგებით ინტენსიური სწავლებით, ინფორმაციის ფართოდ გავრცელებით, მცირედი საგრანტო თანადაფინანსებით, რითაც შეძლებენ სამაცივრე აგრეგატების, სხვა ხელსაწყოების შეძენას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფერმერს მიღებული ექნება ცოდნა და ის გადაწყვეტს, რომ ასეთი დანადგარი საჭიროა მისი ბიზნესის გაფართოებისთვის.

პროექტი უფრო მეტად ფოკუსირებული იქნება ფერმერებისთვის ტექნიკურ ცოდნასა და უნარ-ჩვევეის ჩამოყალიბებაზე. ჩვენ გვინახავს მცირე ფერმები, სადაც საწველი აპარატი შეძენილი აქვთ, მაგრამ მაინც ხელით წველიან ძროხებს, რადგან ხშირად დამატებით დანახარჯების გაღებას ერიდებიან.

და როგორ ფიქრობთ ამ პროცესის ორგანიზებას, უცხოელ სპეციალისტებს მოიწვევთ, ადგილობრივ სპეციალისტებს ჩართავთ…

— ვიმოქმედებთ საჭიროების მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში მოხდება ადგილობრივი ექსპერტების ჩართვა, გვყავს ორი პარტნიორი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, რომელსაც აქვს ცოდნა და გამოცდილება დაგროვილი, თავის სტრუქტურაში ჰყავს კარგი სპეციალისტები, ხოლო მეორე, რაც შეეხება ცოდნის შემოტანას, განსაკუთრებით სურსათის უვნებლობის კუთხით, ჩვენი პარტნიორია ამერიკის მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სკოლად ითვლება ამერიკაში. მათი ორი ექსპერტი მუდმივად იქნება ჩართული ჩვენი პროექტის განხორციელებაში, რომლებიც იმუშავებენ, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებთან.

ასევე მნიშვნელოვანი ისიც, რომ მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაეხმარება სასწავლო დაწესებულებებს, რომ გააუმჯობესონ სასწავლო პროგრამები და სწავლების ხარისხი. პროექტი ითვალისწინებს მეცხოველეობის პროფილის სასწავლო დაწესებულებების დახმარებას, სახელწიფო ინსტიტუციების განვითარებას. ეს ეხება გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვდასხვა სსპ-ების, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სამეცნიერო კვლევით ცენტრს და ა.შ. ეს გამოიხატება რჩევების მიცემაში, კვლევების დაკვეთაში, ან შედეგის გაანალიზებაში, ესა თუ ის გადაწყვეტილება რა შედეგს გამოიღებს.

მაგალითად, ახალა ვმუშაობთ მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტთან დაკავშირებით, ასევე რძის სფეროს დამატებული ღირებულების გადასახადისაგან განთავისუფლების მიმართულებით დავუკვეთავთ კვლევას. შედეგს გავაცნობთ სახელწიფოს, რაც მას დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში.

— მეცხოველეობის და არ მარტო ამ სეტორში რეგიონებში საკმაოდ რთული ვითარებაა, პრობლემები ხშირად საერთოც არის და მკვეთრად განსხვავებულიც, საკვებწარმოების, საძოვრების, დაავადებების გავრცელების მრავალფეროვნების თუ სხვა. მოკლედ ვითარება ორდინალური არ არის და მიდგომაც სათანადო იქნება, ალბათ, საჭირო. შესწავლილი გაქვთ ვითარება, იცნობთ იმ პრობლემებს, სად რისი გაკეთებაა საჭირო?

— პროექტის საწყის ეტაპზე რამდენიმე კვლევა დავუკვეთეთ, რაც ემსახურებოდა იმ მიზანს, შევისწავლეთ როგორია ვითარება ცალკეულ რეგიონში, რომ ზუსტად დავგეგმოთ და სად რა ეფექტიანობით იქნება პროექტის ჩართვა საჭირო. ასევე ამ პერიოდში, ვხვდებოდით სხვა პროექტებს, რომელთანაც თანამშრომლობას ვაპირებთ და ეს თანამშრომლობა იქნება ეფექტიანი. ყურადღება გამახვილდება საძოვრების გაუმჯობესებაზე, პირველად წარმოებაზე, სურსათის გადამუშავებაზე, ასევე ვსწავლობთ იმასაც, რომ არ გადავფაროთ სხვა პროექტის სამიზნე ღონისძიებები, პირიქით, შევავსოთ ერთმანეთი.

— როგორც სპეციალისტები შენიშნავენ საქართველოსთვის ტრადიციული, იაფი და მომგებიანია მომთაბარე მეცხოველეობის განვითარება, მთისა და მთისწინეთის საძოვრების გამოყენება, ამ მიმართებით მუშაობას თუ გეგმავს პროექტი?

— პროექტის წინაშე ამ მიმართებით რამდენჯერმე დაისვა კითხვა, ხომ არ ვაპირებთ ხელი შევუწყოთ მხოლოდ ბაგური მეცხოველეობის სისტემის განვითარებას? არა! ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ ფერმერთან იმის მიუხედავად ცხოველთა რა ტიპის შენახვის სისტემას იყენებს ის.

ჩვენი სამიზნე ძირითადად საშუალო ზომის ფერმებია. კვლევების შედეგად ვიცით, რომ ეს არის 15 სული მეწველი ფური და მეტი, რომლესაც მეტ-ნაკლებად ბიზნესის სახე აქვს, აქვთ გარკვეული გამოცდილება პროდუქციის წარმოების, ბაზარზე ოპერირების, ცხოველთა მოვლის, მაგრამ სჭირდება ტექნიკური დახმარება, მეტი ცოდნის მიღება, დაკავშირება ბაზართან, სახელმწიფო ინსტიტუციებთან, ასევე ახალმა რეგულაციები, რომლებიც მუდმივად იცვლება საქართველოში, მათ საქმიანობაზე გავლენა არ მოახდინონ და წინასწარ საქმის კურსში იყვნენ ამ ცვლილებების შესახებ.

მომთაბარე მეცხოველეობა სუქებაზე მყოფი ცხოველებისთის, პირველადი დანახარჯების შემცირების თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა, თუმცა ამას სჭირდება საძოვრების გაუმჯობესება, რომლებიც მრავალი წლის განმვლობაში ნებაზეა მიშვებული. დღეს ბევრისთვის შეიძლება ისიც კი რთული გასაგებია, რომ საძოვარს სჭირდება განახლება, მოვლა რადგან ფიქრობს, საძოვარია, ბალახი მოდის და რა საჭიროა აქ ფულის ხარჯვა. არადა შეიძლება ორჯერ მეტი ყუათიანი ბალახი მოვიყვანოთ ამ საძოვარზე, აუცილებელია ცოდნა იმისა, თუ რამდენი ცხოველის გამოკვება შეიძლება ერთ ჰექტარზე, რომ არ მოხდეს საძოვრის გადაჯეგვა და გადაძოვება, რაც აუარესებს საძოვრის ხარისხს.

— როცა მომთაბარე მეცხოველეობაზე ვლაპარაკობთ, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მომთაბარეობა მაღალპროდუქტიული ჯიშის ცხოველებს არ შეუძლიათ, ამიტომ საჭიროა ადგილობრივი ჯიშების შერჩევა, ეს თუ აქვს გათვალისწინებული პროექტს. შესაძლებელია თუ არა ადგილობრივი გენოფონდის გამოყენების საკითხიც?

— უშუალოდ სელექციის მიმართულებით ჩვენ არ ვიმუშავებთ, ვფიქრობთ ადგილობრივი ჯიშების გაუმჯობესებით, ხელოვნური განაყოფიერებით შეიძლება კარგი შედეგის მიღება.

ხშირად გვეკითხებიან და ვიცით, რომ ხუთსულიან მცირე მეურნეობებსაც კი აქვთ სურვილი შეიძინონ მაღალპროდუქტიული შვიცის ან ჰოლშტეინის ჯიშის ძროხები, თუმცა წარმოდგენა არ აქვთ, როგორი მოვლა სჭირდება მათ. გვინახავს ისეთი ფერმები, სადაც როგორც ნივთი, უყიდიათ მაღალპროდუქტიული ძროხები გაუგრძელებიათ მისი მოვლა-შენახვა იმ მეთოდებით, რასაც იტანდა ადგილობრივი ჯიში და მოკლე ხანში ფერმა საერთოდ დაკეტილა. ამიტომ, იმ ფერმერებს, ვისაც აქვს შესაბამისი ცოდნა-გამოცდილება, უნდა ჰყავდეს მაღალპროდუქტიული ან ადგილობრივი გაუმჯობესებული ჯიშები, რომელსაც დასჭირდება შესაბამისი მოვლა, ხოლო დიდ ნაწილს ფერმერებისა, ჩვენ ვფიქრობთ, ადგილობრივი ჯიშების გაუმჯობესებით, მათი სელექციით, ხელოვნური განაყოფიერებით გაცილებით კარგი შედეგის მიღება შეეძლებათ. აქ შედის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, პრევენციული ღონისძიებები, კვება და გენეტიკა, რაც მთავარია. ამ სიკეთის შესახებ ფერმერს ინფორმაცია და ცოდნა ნაკლებად აქვთ.

— უკვე ვთქვით, კვებას მეცხოველეობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამ მიმართებით მხოლოდ მეცხოველე ფერმერებთან აპირებთ მუშაობს თუ პროექტში იმ ფერმერებსაც შეუძლია ჩართვა, ვინც მარცვლეულ კულტურებს აწარმოებს?

— პროექტი ფართო სპექტრს მოიცავს, ასევე ჩართული იქნება სხადასხვა სერვისები მიმწოდებლებთან, ეს იქნება საკვები თუ ვეტერინარული მომსახურება, მათი მეშვეობით გვსურს ეს სერვისები მივიტანოთ და ხელმისაწვდომი გავხადოთ ფერმერებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ამ სერვისების გაუმჯობესებას, მათ შესაძლებლობების და ფერმერთა ცნობიერების ამაღლებას.

— როგორ ჩაერთვებიან ფერმერები პროექტში, ვის მიმართონ მათ?

— მას შემდეგ, რაც პროექტი დავაანონსეთ, ბევრი ფერმერი დაგვიკავშირდა. ჩვენ გვსურს მათთან ურთიერთობა გვქონდეს ასოციაციების მეშვეობით, რომელიც ყველა ქვეყანაში არის დარგის ძირითადი მამოძრავებელი ძალა და ქომაგი.

მერძევეობის მიმართულებით ჩვენთან უკვე არსებობს რამდენიმე ასოციაცია, ასეთივე სტრუქტურის ორგანიზება მეხორცული მიმართულებითაც მიმდინარეობს და დაინტერესებულმა ფერმერებმა ასოციაციების მეშვეობით უნდა მოგვაწვდინონ ხმა, ვინაიდან ჩვენი ნებისმიერი დახმარება, საგრანტო ნაწილი თუ ტექნიკური, გვსურს ფერმერამდე ასოციაციის მეშვეობით მივიდეს.
ასე რომ, თქვენი მეშვეობით, ჩვენ გვსურს, რომ ხმა მივაწვდინოთ ფერმერებს და თუ ისინი ხვდებიან იმ კატეგორიაში, საშუალო ზომაში, რაზეც ჩვენ ვართ ორიენტირებულნი, უნდა მიმართონ დარგობრივ ასოციაციებს, რომლებიც შეაგროვებენ ამ მონაცემებს, მათ ინტერესებს დაყოფენ სექტორების მიხედვით და ჩვენამდე სექტორების მოხედვით, კონკრეტული გეგმებით მოვლენ.

— გეგმები ძალიან დიდია, თანხა არცთუ ბევრი, შედეგის მივიღებთ ამ პროექტით მისი დასრულების შემდეგ?

— ამ კითხვაზე მარტივად პასუხის გაცემა რთულია, მართლაც ფართო სპექტრის დაკვეთაა პრობლემები ბევრია, დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, ჩვენ ძალისხმევას არ მოვაკლებთ. იმედია პროექტის დასრულების შემდეგ, სათქმელიც საკმარისი გვექნება.


მოამზადა
ნესტან გუგუშვილმა

წყარო: ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ № 6 (94), ივნისი, 2019 წ.