აგროსიახლეები

საქართველოს მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესაგროვებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

კულტურულ მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის, მათი შენარჩუნების, მართვის, ეფექტური გამოყენების და გენეტიკური რესურსების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, ასოციაციას და კერძო სექტორს გააერთიანებს, სადაც ამჟამად კულტურულ მცენარეთა გენეტიკური რესურსები ინახება.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მცენარეთა გენეტიკური რესურსების მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ბოტანიკის ინსტიტუტის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის “ელკანა“, სათესლე მასალის და სანერგეების ასოციაციის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა მცენარეთა გენეტიკური რესურსების შესახებ ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა, მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოლექციების მიმდინარე მდგომარეობა და პერსპექტივები, ადგილობრივი და საერთაშორისო მონაცემთა ბაზები, მცენარეთა გენეტიკური რესურსების მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და მათი საქმიანობა განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მცენარეთა გენეტიკური მასალა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, არასამთავრობო ორგანიზაციასა და კერძო კომპანიებში, ასევე სხვადასხვა ქვეყნის გენ ბანკებში ინახება.

დღეისთვის გენეტიკური რესურსების მიმართულებით არ არსებობს მონაცემთა ერთიანი ცენტრალური ბაზა და ორგანო, რომელიც გენეტიკურ რესურსებზე მომუშავე არსებულ ორგანიზაციებს კოორდინირებას და დახმარებას გაუწევს.