აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკები

საქართველოს ნიადაგები

საქართველოს ტერიტორიაზე ნიადაგის მრავალი ტიპი გვხვდება: მთა-მდელოს, ყვითელმიწა, ყვითელმიწა-ეწერი, ჭაობიანი, ყავისფერი, რუხი-ყავისფერი, შავმიწა, ბიცობიანი და დამლაშებული ნიადაგები.

ჩვენი ქვეყნის ნიადაგური საფარის მრავალკომპონენტიანობა უკავშირდება მისი ჰიფსომეტრიის (სიმაღლეთა სხვაობა) დიდ დიაპაზონს (50_3000 მ) და მასთან დაკავშირებული კლიმატური ფაქტორების (ნალექების, ტემპერატურის) რყევის ამპლიტუდას _ კლიმატის ,,მრავალტიპიანობას”: დასავლეთ საქართველოში ტენიან, სუბტროპიკულ კლიმატს, აღმოსავლეთში კი სუბტროპიკული, მშრალი სტეპის, ხოლო მაღალმთიანეთში_ცივს და თოვლიან-ყინულოვან კლიმატს.

საქართველოში ნიადაგწარმოქმნის პროცესზე და მის ტიპობრივ მრავალმხრივობაზე დიდ გავლენას ახდენს ანთროპოგენული ფაქტორი. ნიადაგურ საფართან შეხამებული ამ ფაქტორის გავლენის შედეგად, კოლხეთის დაბლობზე, ტორფიან-ჭაობიანი ნიადაგების ადგილზე, კოლმატირებული ახალი ნიადაგები წარმოიქმნა, დაშრობით მელიორაციული ღონისძიებებით ,,ნაჭაობარი” კულტურული ნიადაგები ჩამოყალიბდა. ალაზნისა და კრწანისის ვაკეებზე, დამლაშებული, გამოუყენებელი ნიადაგები, მელიორაციულ ღონისძიებათა შედეგად ვარგის ნიადაგებად იქცა და ა.შ. მაგრამ, ამავე დროს სამიწათმოქმედო ზონაში, სამწუხაროდ, შეუფერებელი, შეუსაბამო აგროტექნიკური ღონისძიებების შედეგად – ეროზიის, მეორეული დამლაშების, მეორეული დაჭაობების და სხვა პროცესების გამო რიგ შემთხვევაში, ნიადაგური საფარის დარღვევა-დეგრადაცია მოხდა.

საქართველოს ნიადაგების კლასიფიკაციის გაფართოებულ სქემაში გამოყოფილია 18 ნიადაგური ტიპი, 45 ქვეტიპი და უფრო მეტი სახე და სახესხვაობა. რესპუბლიკის მთელი ფართობის 6,9% მყინვარებსა და მუდმივი თოვლის საფარზე მოდის, ხოლო ქანების გაშიშვლებებსა და სხვა, სოფლის მეურნეობისათვის უვარგის ,,მიწებზე” კი – 1,9%.

საქართველოსთვის დამახასიათებლია შემდეგი ნიადაგური ტიპები:

1. მყინვარები და მუდმივი თოვლის საფარი;

2. მთა-მდელოს კორდიანი და მთა-მდელოს კორდიან კარბონატული;

3. მთა-მდელოს კორდიანი შავმიწისებრნი; 4. მთა-მდელოს ტორფიანი და ლებიანი;

5. მთის შავმიწისებრნი;

6. მთის შავმიწა;

7. მთა-ტყე მდელოს;

8. ყომრალი ორდინალური და ყომრალი ტიპიური;

9. რენძინო-ყომრალი;

10. ყვითელ-ყომრალი;

11. ყომრალისებრი;

12. კორდიან-კარბონატული (ნეშომპალა კარბონატული);

13. ყვითელმიწა. ყვითელმიწა-ეწერი;

14. წითელმიწა, წითელმიწა-გაეწერებული და წითელმიწა-ეწერლებიანი;

15. მინერალურ ჭაობიანი;

16. ორგანულ (ტორფიან) ჭაობიანი;

17. ყავისფერი და რენძინო-ყავისფერი;

18. მდელოს ყავისფერი;

19. რუხი-ყავისფერი და რუხი-ყავისფერ-გაჯიანი;

20. მდელოს რუხი-ყავისფერი;

21. ბარის შავმიწისებრი;

22. ბარის შავმიწა;

23. ბიცობი-ბიცის კომპლექსი;

24. ძველ ალუვი_,,ლამი”;

25. ალუვიური (მდელოს, ტყე-მდელოს, ზღვისპირა);

26. ქანების გაშიშვლება.

საქართველოს ნიადაგური საფარიდან მიწათმოქმედებაში ყველაზე მეტად ათვისებულია რუხი-ყავისფერი, შავმიწა, ყვითელმიწა, ყვითელმიწა-ეწერი, წითელმიწა და წითელმიწა-გაეწერებული ნიადაგები.

ილია მჭედლიძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი