საქართველოს სოფლებში არაფორმალური აგრარული განათლება სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს
FAO-ს ფერმერთა საველე სკოლები (FFSs) ტრადიციულ ფერმერობას თანამედროვე, მონაცემებზე დაფუძნებულ და მაღალმდგრად დარგად გარდაქმნის.
სკოლები მუშაობენ მარტივი, თუმცა ძლიერი პრინციპით _ „სწავლა კეთებით“ (learning by doing). ინტერაქციული, პრაქტიკული სწავლება პირდაპირ იმ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ხორციელდება, რომლებიც ადგილობრივ, საველე სკოლების ლიდერ ფერმერებს ეკუთვნით; სწორედ ისინი უძღვებიან პრაქტიკულ სწავლებას. სადემონსტრაციო ნაკვეთების მეშვეობით, ფერმერები ეცნობიან ახალ პრაქტიკას, ატარებენ ექსპერიმენტებს ახალი მეთოდებით, იძენენ ახალ უნარებს და ერთმანეთს უზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას.
უახლეს ტექნოლოგიებსა და პრაქტიკულ მუშაობას შორის ხიდის გადებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის – „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ – ფარგლებში დაარსებული ექვსი ფერმერთა საველე სკოლა ეხმარება სხვადასხვა სექტორის (მათ შორის, მარცვლეულის, ბოსტნეულის, ხილის, ღვინის, რძის პროდუქტებისა და აგროტურიზმის) ფერმერებს მოსავლიანობის გაზრდის, საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფასა და სოფლად შემოსავლის ზრდაში.
ამ ინიციატივის ქვაკუთხედს ინკლუზიურობა წარმოადგენს – ამჟამად სამი ქალი ფერმერი აქტიურად ხელმძღვანელობს სადემონსტრაციო ნაკვეთებს, როგორც საველე სკოლის ლიდერი ფერმერები. ქალები და ახალგაზრდები ჩართულნი არიან ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით მებაღეობაში, ბოსტნეულის წარმოებასა და აგროტურიზმში, სადაც ისინი თანამედროვე აგრონომიულ პრაქტიკას ეუფლებიან.
მარცვლეულის წარმოების ფერმერთა საველე სკოლა _ მექანიზაცია და მეცნიერება
თანამედროვე მარცვლეულის წარმოება მოითხოვს ვარაუდებზე უარის თქმას და ზუსტ აგრონომიაზე გადასვლას. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, მარცვლეულის წარმოების საველე სკოლის სესიები ფოკუსირებულია სიმინდისა და სხვა კულტურების წარმოების გაუმჯობესებაზე. ეს ხდება ნიადაგის ნაყოფიერების მონიტორინგის სანიმუშო ხელსაწყოების, სიმინდის მოკლე ვეგეტაციის თესლების (რათა შემცირდეს კულტურისთვის წყლის დეფიციტი) დანერგვითა და ზუსტი პნევმატური სათესის გამოყენებით.
ფერმერები სწავლობენ თუ როგორ მოახდინონ ნათესების მონიტორინგი და ანალიზი პრობლემების გამოსავლენად და გადაწყვეტილებების ერთობლივად მოსაძიებლად, რაშიც მათ საველე სკოლის სპეციალიზებული მასტერ-ტრენერები ეხმარებიან. ისინი იყენებენ ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა პენეტრომეტრები ნიადაგის სიმკვრივის გასაზომად, განსაზღვრავენ ნიადაგის ტექსტურას, pH-ს და მარილიანობას (EC), დისტანციური ზონდირების ციფრულ ტექნოლოგიებთან ერთად, რათა შეადგინონ ნიადაგის ნაყოფიერების რუკები. თეორიული ცოდნას ფერმერები ავლენენ შემდგომი თესვის სესიების დროს, სადაც იყენებენ სრულად მექანიზებულ თანამედროვე 4-რიგიან პნევმატურ სათესს სასუქის ზუსტი შეტანის ფუნქციით. სასწავლო პროგრამა ფოკუსირებულია მოსავლიანობის ისეთ კრიტიკულ ფაქტორებზე, როგორიცაა თესვის ზუსტი სიღრმე, მწკრივებს შორის ოპტიმალური მანძილი, თესლის თანაბარი განაწილება და FAO-ს ჰიბრიდების კლასიფიკაციის სისტემა.
რძის წარმოებისა და მეცხოველეობის ფერმის მართვის ფერმერთა საველე სკოლა – რძის სექტორის მოდერნიზაცია
მარტვილის სოფელ დიდი ჭყონში, რძის წარმოებისა და მეცხოველეობის ფერმის მართვის ფერმერთა საველე სკოლამ საკვები კულტურების წარმოების პრაქტიკა პირდაპირ დაუკავშირა რძის სექტორს. მათ აჩვენეს, თუ როგორ ქმნის სიმინდის მექანიზებული თესვა წარმოებასთან კომბინაციაში სტაბილურ, მაღალნოყიერ საკვებ ბაზას პირუტყვისთვის მთელი წლის განმავლობაში. მომდევნო ტრენინგებზე სკოლის წევრები გაიღრმავებენ ცოდნას პირუტყვის მოვლა-პატრონობის, წველის პრაქტიკის, დაავადებათა პრევენციის, სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის საკითხებში, ყველის წარმოებასთან ერთად.
მარტვილი ამ საველე სკოლისთვის სპეციალურად შეირჩა მისი მდიდარი ადგილობრივი საძოვრებისა და მეყველეობის ღრმად ფესვგადგმული ტრადიციების გამო, რაც მას მეცხოველეობის პრაქტიკის მოდერნიზაციის იდეალურ ცენტრად აქცევს. მომავალ სესიებზე ადგილობრივი მწარმოებლები დეტალურად შეისწავლიან ტრადიციული ქართული ყველის სახეობების წარმოებას, აქცენტს გააკეთებენ ჰიგიენის გაუმჯობესებასა და სტანდარტიზაციაზე, რათა დააკმაყოფილონ უსაფრთხოების წესები. სასწავლო პროგრამა დიდ ყურადღებას უთმობს ქალთა მონაწილეობასა და ლიდერობას, რადგან ადგილობრივ ფერმებში რძის გადამუშავებასა და სურსათის უვნებლობას ტრადიციულად ქალები მართავენ, რის გამოც ჰიგიენისა და მეყველეობის მოწინავე ტექნიკების მათ მიერ ათვისება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოფლის ეკონომიკური ზრდისთვის.
მებაღეობის (ვაშლის წარმოება) ფერმერთა საველე სკოლა – სხვლისა და ნიადაგის მართვის გაუმჯობესება
მრავალწლოვანი კულტურები, როგორიცაა ვაშლი, საჭიროებს გულმოდგინე, მრავალსეზონიან მართვას სასოფლო-სამეურნეო ინვესტიციების გრძელვადიანად დასაცავად. ამ საჭიროების საპასუხოდ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ჩატარებულმა ვაშლის წარმოების საველე სკოლის ტრენინგმა ადგილობრივ ფერმერებს შესძინა აუცილებელი უნარები სტრუქტურულ გასხვლასა და ნიადაგის ნაყოფიერების მართვაში. ეს ინტერაქციული სესიები მონაწილეებს საშუალებას აძლევს, დააკავშირონ ტრადიციული ფერმერობა თანამედროვე, მონაცემებზე დაფუძნებულ სასოფლო-სამეურნეო მეთოდებთან.
ფერმერებმა ჩაატარეს პრაქტიკული საველე სავარჯიშოები სპეციალიზებული გასხვლის ტექნიკის ასათვისებლად. ხის სტრუქტურის სწორად ფორმირების სწავლით, მათ ახლა შეუძლიათ უზრუნველყონ მზის შუქის მაქსიმალური შეღწევა და ნაყოფის ოპტიმალური დატვირთვა უკეთესი მოსავლის მისაღებად.
ედვარდ შერმადინი, ფერმერთა საველე სკოლის მასტერ-ტრენერი საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან (GFA), აღნიშნავს, რომ ფერმერთა საველე სკოლების ერთ-ერთი ყველაზე დადებითი ასპექტი იმის დანახვაა, თუ როგორ იყენებენ ფერმერები ახალ ცოდნას თავდაჯერებულად. „ტრენინგების დროს ფერმერები მხოლოდ რეკომენდაციებს კი არ უსმენენ – მათ პრაქტიკაში ცდიან, აკვირდებიან შედეგებს და მსჯელობენ სხვა მონაწილეებთან ერთად. ხშირად ვხედავთ ფერმერებს, რომლებიც მოდიან კითხვებით თავიანთ ბაღში, ვენახში, მინდორსა თუ მეცხოველეობის ფერმაში არსებულ კონკრეტულ გამოწვევაზე და ჩვენ ერთად ვმუშაობთ შესაძლო გადაწყვეტილებებზე. სეზონის ბოლოს მონაწილეები არა მხოლოდ ახალ ტექნიკურ უნარებს იძენენ, არამედ უფრო თავდაჯერებულები ხდებიან ალტერნატივების შეფასებასა და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც საუკეთესოდ შეესაბამება მათ ფერმებს“, – ამბობს ის.
მევენახეობისა და მეღვინეობის ფერმერთა საველე სკოლა _ კლიმატგონივრული მართვა
მარტვილში, „თარგამეულის მარანში“ საველე სკოლის პროგრამამ წარმატებით გააერთიანა მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები მეღვინეობის უძველეს ტრადიციებთან. ვაზის სტანდარტული გასხვლის გარდა, მევენახეებმა ისწავლეს ვენახში დამონტაჟებული აგრომეტეოროლოგიური სადგურისა და Agrolog.ge ციფრული პლატფორმის გამოყენება. რეალურ დროში ისეთი ამინდის მონაცემების თვალყურის დევნებით, როგორიცაა ტემპერატურა, ტენიანობა და ნალექი, მეღვინეებს ახლა შეუძლიათ ზუსტად დაგეგმონ მორწყვა, შეარჩიონ შეწამვლის დრო და წინასწარ განსაზღვრონ დაავადებების რისკები. საველე სკოლის წევრები მოუთმენლად ელიან შემდგომ ტრენინგებს მავნებლების ინტეგრირებული მართვის (IPM) ტექნიკის, საკვები ნივთიერებების მართვის, ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობაის, რთველისა და მეღვინეობის შესახებ.
ბოსტნეულის წარმოების ფერმერთა საველე სკოლა_კონტროლირებადი გარემო და ჯანსაღი ნერგები
ბოსტნეულის მწარმოებელი ფერმერებისთვის წარმატება ნერგის ნიადაგში მოხვედრამდე ადრე იწყება. ბოსტნეულის წარმოების საველე სკოლამ გააერთიანა ნიადაგის საბაზისო ტესტირება კონტროლირებადი გარემოს მქონე სოფლის მეურნეობასთან, საუკეთესო საწყისი პირობების შესაქმნელად.
საველე სკოლის ბოლოდროინდელი აქტივობის ფარგლებში, ბოსტნეულის ჩითილების წარმოებისთვის ახლად დამონტაჟებულ სათბურში, მონაწილეებმა გაიარეს ყოვლისმომცველი სასწავლო პროგრამა ჩითილების გამოყვანაზე. მათ აითვისეს სუბსტრატის დატენიანება, საჩითილე ლანგრების სწორად შევსება და პომიდვრისა და კიტრის თესლის დათესვა. ფერმერები სწავლობენ ჩითილის წარმოებისთვის ოპტიმალურ პირობებს (ტემპერატურა, ტენიანობა), საკვები ნივთიერებების მართვასა და მავნებლების ინტეგრირებულ მართვას (IPM), რაც უზრუნველყოფს თანაბარ ზრდასა და მაღალ მოსავლიანობას.
„როდესაც ფერმერს ცოდნით აძლიერებ, ამით მხოლოდ მოსავალს კი არ აუმჯობესებ, არამედ ფეხზე აყენებ ოჯახს, აძლიერებ სოფელს და საბოლოო ჯამში, განამტკიცებ ჩვენი ქვეყნის მთელ ეკონომიკას“, – აღნიშნავს თამარ საჩალელი, ლიდერი ფერმერი კასპიდან. „ჩვენს სოფელში თაობების განმავლობაში მიწებს ტრადიციული, ძველი მეთოდებით ვამუშავებდით. მაგრამ დღეს ჩვენ ამაყად და თავდაჯერებულად ვნერგავთ თანამედროვე ტექნიკას. როდესაც მეზობლები ხედავენ ჩვენს გაუმჯობესებულ შედეგებს, მათაც უჩნდებათ სწავლის სურვილი. ჩემთვის კი იმაზე დიდი სიხარული არ არსებობს, როცა კარს ვუღებ და ცოდნას ვუზიარებ სხვებს, რათა ჩვენი თემი ერთად განვითარდეს“.
აგროტურიზმისა და სოფლად მასპინძლობის ფერმერთა საველე სკოლა_ „ფერმიდან სუფრამდე“ გამოცდილების გაუმჯობესება
XXI საუკუნეში სოფლის მეურნეობა სცილდება მხოლოდ სურსათის წარმოებას – ის მოიცავს შთაბეჭდილებების შექმნასა და მიღებულ გამოცდილებას.
სოფელ გაჭედილში, საველე სკოლას „ოდოს მარანი“ მასპინძლობს. სესიები ფოკუსირებულია სტანდარტული ფერმების წარმატებულ აგროტურისტულ მიმართულებებად გარდაქმნაზე, სურსათის უვნებლობის, HACCP-ის სტანდარტების დაცვისა და სტუმრის მოგზაურობის (guest journey) დაგეგმვის გზით. ტრენერები ატარებენ ახლად აშენებული სამზარეულოების ადგილზე შემოწმებას და სთავაზობენ პრაქტიკულ გეგმარებას, რომელიც შექმნილია ჯვარედინი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
აგროტურიზმი დიდწილად ეყრდნობა ავთენტურობასა და ამბის თხრობას (storytelling). საველე სკოლის წევრები ერთობლივად მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ აქციონ ყოველდღიური ფერმერული საქმიანობა დაუვიწყარ გამოცდილებად, როგორიცაა ტრადიციული ქართული კერძების მასტერკლასები, ტურისტების ჩართვა რთველში, თხილის შეგროვებაში, ძროხის მოწველასა თუ სხვა პროცესებში, და ნერგავენ აგროტურიზმის სპეციალიზებული სტანდარტული საკონტროლო სიის (Checklist) გამოყენებას სტუმრისთვის შეუფერხებელი მასპინძლობის უზრუნველსაყოფად.
კიალ არაბაევა, FAO საქართველოს ტექნიკური მრჩეველი (სოფლის განვითარების ოფიცერი) აღნიშნავს, რომ ფერმერთა საველე სკოლის მოდელის უპირატესობა მის მოქნილობაშია მთელი აგრარული სპექტრის მასშტაბით. „მარცვლეულისა და ბოსტნეულის წარმოებიდან დაწყებული, მევენახეობითა და აგროტურიზმით დამთავრებული, სხვადასხვა მიმართულებაზე მორგებული ცალკეული საველე სკოლის პროგრამების შექმნით, ჩვენ მხოლოდ იზოლირებულ უნარებს კი არ ვასწავლით, არამედ ვაუმჯობესებთ მთელ სოფლის ეკოსისტემას. მიუხედავად იმისა, ფერმერი იყენებს ციფრულ სატელიტურ სკანირებას სიმინდისა თუ ყურძნისთვის, თუ ნერგავს HACCP-ის სტანდარტებს “ფერმიდან სუფრამდე” სტუმრის მასპინძლობისთვის, ეს მრავალფეროვანი, უშუალოდ ფერმაში არსებული სასწავლო სკოლები იძლევა პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც აუცილებელია შემოსავლების გასაზრდელად, სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად და გრძელვადიანი აგრარული მდგრადობისა და კლიმატისადმი მედეგობისთვის“.
ფერმერთა საველე სკოლების მოდელი ამტკიცებს, რომ სოფლის მდგრადი განვითარება უშუალოდ თემის შიგნიდან ხდება. პროექტი უზრუნველყოფს, რომ ეს სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები მხოლოდ კი არ გადარჩნენ, არამედ დანერგონ ინოვაციები. ცოდნით აღჭურვილი ფერმერები თავიანთ უნარებსა და გამოცდილებას მეზობელ ოჯახებს უზიარებენ, ამ პროექტის დადებითი გავლენა კიდევ დიდხანს გააგრძელებს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მდგრადობის, სურსათის უსაფრთხოებისა და სოფლის ეკონომიკის გაძლიერებას.
წყარო: https://www.fao.org/georgia

