აგროსიახლეები

საქართველოში მელიორაციის მიმართულებით განხორცილებულ რეფორმებს მსოფლო ბანკი პოზიტიურად აფასებს

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული საირიგაციო წყლის მიწოდების წესები განიხილეს. საუბარი შეეხო ტარიფის მეთოდოლოგიას, რომელიც ტარიფში საოპერაციო ხარჯების ასახვას ითვალისწინებს.

„საქართველს მელიორაციის წარმომადგენლებთან გვქონდა სიღრმისეული დისკუსია იმ მნიშვნელოვანი და მასშტაბური რეფორმის მიმდინარეობაზე, რომელსაც „საქართველოს მელიორაცია“ ირიგაციის სექტორში ყველა  მიმართულებით ახორციელებს. საქართველოს მელიორაციის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ტარიფის მეთოდოლოგიაზე, დეტალურად განვიხილეთ საირიგაციო ტარიფის მეთოდოლოგიის ფორმა; ასევე, საირიგაციო წყლის მიწოდების წესები, იმის გათვალისწინებით, რომ  საქართველოს მელიორაციის მიერ მომსახურების გაწევა დარეგულირდება სემეკის მიერ. ჩემთვის, როგორც მსოფლიო ბანკის წარმომადგენლისთვის თვალსაჩინოა, საქართველოს მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები ცვლილებების გასატარებლად, სექტორის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, ფერმერთათვის წყლის მიწოდების მომსახურების გასაუმჯობესებლად და  მზად ვართ და გვსურს, რომ მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი საქართველოს ყველა ნაბიჯში“, – განაცხადა მსოფლიო ბანკში  წყლის რესურსების მართვის მთავარი სპეციალისტისა და  „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურენობის, ირიგაციის და მიწის პროექტის (გრეილის) ამოცანების ჯგუფის ხელმძღვანელმა რანუ სინჰამ.  

შეხვედრაზე მსოფლო ბანკის ექსპერტების მხრიდან შემოთავაზებული იყო რამდენიმე მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის შემოსავლების დაბალანსებას  კომპანიის მიერ გაწეულ საოპერაციო ხარჯებთან მიმართებაში.  როგორც წყლის რესურსების მართვის, ენერგეტიკისა და სემეკ-თან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მამელი ქობალიამ აღნიშნა, მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან  კონსულტაციები კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა  ახალი რეგულირების ფარგლებში არსებული გამოწვევების დასაძლევად.