საქართველოში მცხოვრებთა ულუფის ნუტრიენტული შედგენილობის განსაზღვრის საკითხისთვის
სურსათის ადექვატური დიეტისადმი წვდომას და სწორად კვებას უდიდესი სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რამეთუ ის განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობას, ზოგადად კი კაცობრიობის ფიზიკური, სოციალური და ინტელექტუალური განვითარების მომავალს. საქმე ის არის, რომ სწორი დიეტა, ხარისხიანი და უვნებელი საკვები მოზარდებში უზრუნველყოფს ნორმალურად ზრდა-განვითარებას, სწავლის უნარს და ორგანიზმის ინფექციური დაავადებებისადმი დაცვის მექანიზმების ჩამოყალიბებას, სიცოცხლისუნარიანობასა და ჯანმრთელობას.
ანალოგიური შეიძლება ითქვას მოსახლეობის ზრდასრულ ასაკობრივ ჯგუფზე, რომელთა მხრებზე გადადის კონკრეტული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პროგრესი. ასევე, გასათვალისწინებელია ასაკოვანი და ხანდაზმული მოსახლეობის „არმია“, რომელთაც დიდი შრომა და ადამიანური პოტენციალი ჩადეს სოციუმის განვითარებაში და არანაკლები მნიშვნელობის როლი ეკისრებათ მომავალი თაობის ცნობიერების ჩამოყალიბებაში.
მეორეს მხრივ, არასწორი დიეტა, უფრო სწორად ფიზიოლოოგიურ ნორმაზე მეტი რაოდენობით საკვების მიღება, და/ან ულუფის შეუსაბამო სტრუქტურა იწვევს ჭარბწონიანობასა და სიმსუქნეს, რაც, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მიერ 2006 წელს ქ. სტამბულში ჩატარებულ კონფერენციაზე აღიარებული იქნა ახალი ათასწლეულის მსოფლიო პრობლემად.
ჯანსაღი, სწორად შერჩეული დიეტის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის ასამბლეამ 2004 წელს მიიღო „კვების, ფიზიკური აქტივობისა და ჯანმრთელობის გლობალური სტრატეგია“, მოუწოდა რა რეგიონალურ დონეზე და ცალკეულ ქვეყნებს მიმართონ ყველა შესაძლებელ ზომებს, რათა უზრუნველყონ მომხმარებლები მოთხოვნილების შესაბამისი ჯანსაღი სურსათით და ნორმირებული კვებით. თავის მხრივ, 2014 წელს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად მოწყობილ საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებული იქნა ე.წ. სურსათის რომის დეკლარაცია, რომელის თანახმად გაეროს მიერ ადამიანთა უფლებების ნუსხაში ერთ-ერთი მთავარ პუნქტად შეტანილი იქნა საკმარისი რაოდენობის სურსათზე წვდომა, ანუ შიმშილისგან დაცულობის უფლება.
შესაბამისად, ჯანსაღი სურსათი და ადექვატური კვება დიეტოლოგებისა და სოციალურ საკითხზე მომუშავე მკვლევარებისა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ აღიქმება როგორც სიღარიბის შემცირების, გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების დაცვისა და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსთან ბრძოლის საკითხი; საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით კი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ სწორი დიეტა და უვნებელი საკვები აღიარებულია როგორც მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესრულების ძირითადი და აუცილებელი პირობა.
საკვების ენერგიასა და საყუათო ნივთიერებებზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება არის ევოლუციის პროცესში ჩამოყალიბებული ბიოლოგიური ერთეულის-ადამიანსა და გარემოს შორის დინამიური წონასწორობის შესანარჩუნებლად აუცილებელი ალიმენტარული ფაქტორების ერთობლიობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მისი სიცოცხლისუნარიანობა, გარემოსადმი ადაპტაციის უნარი და აღწარმოება. ამდენად, ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ქვეშ იგულისხმება საყუათო და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ის რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის გენოტიპით განსაზღვრული სასიცოცხლო პროცესების ოპტიმალურ დონეს.
კვების ნორმების პირველ რეკომენდაციაში ათვლის წერტილად აღებული იქნა სურსათის საყუათო ნივთიერებების საერთო ენერგეტიკული ღირებულება. ამის შესაბამისად, გაერთიანეული ერების ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების (FAO, WHO) ერთობლივი ძალისხმევით განისაზღვრა დღეღამის მანძილზე ადამიანის მიერ მიღებული საკვების ენერგიის ენერგეტიკული ღირებულების დამოკიდებულება მის სიცოცხლისუნარიანობის ხარისხზე: I. ოპტიმალური სიცოცხლისუნარიანობა, დღეღამეში 2500-3000 კკალ-ის, II. არასრულყოფილი სიცოცხლისუნარიანობა – 1800–2500 და III. კრიტიკული სიცოცხლისუნარიანობა, ანუ ორგანიზმისთვის საჭირო ენერგიის მინიმალური ენერგეტიკული ღირებულება (MDER- Minimum Dietary Energy Requirement, kkal/person/day), რაც შეადგენს 1800 კკალ-ზე ნაკლებს დღე-ღამეში.
FAO-ს შეფასებით, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ძირითადად განვითარებადი ქვეყნების 850 მლნ-მდე მცხოვრები ვერ იღებდა მოთხოვნილების შესასაბამისი რაოდენობისა და ასორტიმენტის სურსათს, ხოლო 2003-2005 წლებისთვის მათი რიცხვი გაიზარდა 80 მილიონით.
არსებული მდგომარეობის შეფასებისას S.Gerosa1 და სხვ. მიუთითებენ განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის არსებულ აშკარა დისპროპორციაზე; კერძოდ, აღნიშნულია, რომ 2007 წლისთვის მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში 1 მომხმარებელზე ენერგიის საშუალო დღიურმა რაოდენობამ შეადგინა 2651 კკალ, ანუ განვითარებული ქვეყნების შესაბამისი მაჩვენებლის მხოლოდ 78%.
სურსათის/საკვების საერთაშორისო კონფერენციაზე (ICN, 1992 წ.) მოსახლეობის სურსათით დაკმაყოფილების ათვლის წერტილად აღებული იქნა FAO-ს და WHO-ს მიერ შემოთავაზებული ახალი მოდელი, რომელიც ენერგეტიკულ ღირებულებასთან ერთად ითვალისწინებს დიეტაში შემავალი ძირითადი სასურსათო პროდუქტების ნაირსახეობებს (Food-Based Dietary Guidelines – FBDG), მათ ურთიერთშეფარდებას (ხვედრით წილს) და საყუათო ნივთიერებების შემცველობას.
საქმე ის არის, რომ ახალი კვლევების შედეგებზე დაყრდნობით დიეტოლოგების მიერ აღიარებული იქნა ძირითად ნივთიერებათა ექვსი ჯგუფი, რომელთა გარეშე შეუძლებელია ცოცხალი ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირება. მათ შორისაა: 1. ცილები, 2. ცხიმები, 3.ნახშირწყლები, 4. ვიტამინები და 5.მინერალები (მიკრო და მაკროელემენტები); ამასთან, აღნიშნული ნივთიერებების მიერ ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველსაყოფად აუცილებელი სუბსტრატია წყალი, რის გამო ე.წ. საყუათო ნივთერებათა ჯგუფში მან დაიკავა მეექვსე ელემენტის ადგილი.
იმავე მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა კონკრეტული სქესის, ასაკის და პროფესიული ჯგუფის (ფიზიკური დატვირთვის) მომხმარებელთა ულუფის ლიმიტირება როგორც საერთო ენერგიისა და საყუათო ნივთიერებების რაოდენობით, ასევე წარმომავლობითაც (ცხრილი 1).
ცხრილი 1. სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის ჯგუფის მომხმარებელთა მოთხოვნილება ენერგიასა (კკალ/დღ/1 კაცზე) და მაკრონუტრიენტებზე (გ/დღ/1 კაცზე) |
|||||||||||
ფიზიკური აქტივობის ჯგუფი | ასაკი, წელი | საერთო ენერ- გია |
მამაკაცები |
ქალბატონები |
|||||||
პროტეინი |
ცხიმი | ნახშირ-წყლები, გ/დღ | ენერ- გია |
პროტეინი |
ცხიმი | ნახშირ-წყლები, გ/დღ | |||||
სულ | მ.შ.ცხო- ველური | სულ | მ.შ.ცხო- ველური | ||||||||
I. გონებრივი შრომით დაკავებულები | 18-29 | 2450 | 72 | 36 | 81 | 358 | 2000 | 61 | 30,5 | 67 | 289 |
30-39 | 2300 | 68 | 34 | 77 | 335 | 1900 | 59 | 29,5 | 63 | 274 | |
40-59 | 2100 | 65 | 32,5 | 70 | 303 | 1800 | 58 | 29 | 60 | 257 | |
II. მსუბუქი ფიზიკური დატვირთვის | 18-29 | 2800 | 80 | 40 | 93 | 411 | 2200 | 66 | 33 | 73 | 318 |
30-39 | 2650 | 77 | 38,5 | 88 | 387 | 2150 | 65 | 32,5 | 72 | 311 | |
40-59 | 2500 | 72 | 36 | 83 | 366 | 2100 | 63 | 31,5 | 70 | 305 | |
III. საშუალო ფიზიკური დატვირთვის | 18-29 | 3300 | 94 | 47 | 110 | 484 | 2600 | 76 | 38 | 87 | 378 |
30-39 | 3150 | 89 | 44,5 | 105 | 462 | 2550 | 74 | 37 | 85 | 372 | |
40-59 | 2950 | 84 | 42 | 98 | 432 | 2500 | 72 | 36 | 83 | 366 | |
IV. საშუალოზე მძიმე ფიზიკური დატვირთვის | 18-29 | 3850 | 108 | 54 | 128 | 566 | 3050 | 87 | 43,5 | 102 | 462 |
30-39 | 3600 | 102 | 51 | 120 | 528 | 2950 | 84 | 42 | 98 | 432 | |
40-59 | 3400 | 96 | 48 | 113 | 499 | 2850 | 82 | 41 | 95 | 417 | |
V. მეტად მძიმე ფიზიკური დატვირთვის | 18-29 | <4200 | 117 | 58,5 | 154 | 586 | – | – | – | – | – |
30-39 | 3950 | 111 | 55,5 | 144 | 550 | – | – | – | – | – | |
40-59 | 3750 | 104 | 52 | 137 | 524 | – | – | – | – | – |
ამავე ნორმებით, ულუფის საერთო ენერგიაში ცილებზე უნდა მოდიოდეს 11–12%, ცხიმებზე 30–33%, ხოლო ნახშირწყლებზე 55-59%.
საყუათო ნივთიერებების წყაროს გათვალისწინებით დაკონკრეტდა დიეტის შედგენილობაც; საქმე ის არის, რომ სასურსათო კალათაში შემავალი მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნუტრიენტებს: ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყალბადებს ადამიანის ორგანიზმისთვის არ აქვთ ერთგვაროვანი მნიშვნელობა, რამეთუ ისინი განსხვავდებიან როგორც ზოგადი ქიმიური შედგენილობით, ასევე ორგანულ ნაერთებში ამინომჟავების, ცხიმოვანი მჟავების და სხვ. ე.წ. შეუცვლადი ნივთიერებების შემცველობითა და ხარისხით;
ამის შესაბამისად პლანეტაზე მცხოვრები საშუალო სტატისტიკური ადამიანის ულუფის მოდელში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ცხოველური წარმოშობის მაკრონუტრიენტებმა: 1. ცილებმა, რომელთა ხვედრითი წილი ყველა სქესობრივ-ასაკობრივი და პროფესიული ჯგუფის მომხმარებლების ულუფაში, როგორც წესი, ნორმით გათვალისწინებული საერთო მოთხოვნილების არა ნაკლებ 50% უნდა იყოს და 2. ცხოველური წარმოშობის ცხიმებმა, მაღალი ბიოლოგიური აქტიობის მქონე მონო- და პოლიგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავების მეტი რაოდენობით შემცველობის გამო. ასევე აღიარებულია, რომ ცხოველური წარმოშობის სურსათს არანაკლები მნიშვნელობა აქვს როგორც მიკრო და მაკროელემენტების, აგრეთვე წყალში და ცხიმში ხსნადი ვიტამინების წყაროს.
ულუფის შედგენილობის პირველ რეკომენდაციაში განსაზღვრული იყო ძირითადი საკვები საშუალებების ის საშუალო რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფდა ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს საყუათო ნოვთიერებებითა და საერთო ენერგიით. (ცხრილი 2). მოგვიანებით, ამ ნორმებში შეტანილი იქნა ცვლილებები, რომელშიც რძისა და ხორცის პროდუქტების მოხმარების ნორმები საგრნობლად არის გაზრდილი.
ცხრილი 2. სასურსათო პროდუქტების მოხმარების ნორმები (FAO / WHO) | ||
დასახელება | კგ/კაცზე/წელიწადში | |
2003 წ.-მდე | 2003 წ.-ის შემდეგ | |
პური და პურპროდუქტები | 123 | 120,5 |
კარტოფილი | 105 | 96,7 |
ბოსტნეული და ბაღჩეული | 135 | 140,3 |
ხილი და კენკრა | 140 | 80,3 |
მცენარეული ზეთი | 14 | 13,1 |
ხორცი და ხორცპროდუქტები | 64 | 70,1 |
რძე და რძის პროდუქტები | 350 | 404 |
კვერცხი (ცალი) | 250 | 243 |
თევზი და თევზპროდუქტები | 20 | 8,4 |
FAO და WHO- ს აღნიშნულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით გაეროს წევრ ქვეყნებს მიეცათ წინადადება განესაზღვრათ საკუთარი ნორმები, რომელსაც საფუძვლად დაედებოდა კონკრეტული ქვეყნის ეკოლოგიურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მცხოვრებთა ისტორიულად ჩამოყალიბებული ჩვევა-ტრადიციებიდან გამომდინარე დიეტის თავისებურებები.
შესაბამისად, პლანეტის 100-მდე ქვეყანამ დაადგინა სასურსათო უსაფრთხოების ე.წ. ნაციონალური ნორმები, რომლებიც საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც ცალკეულის სახის სურსათის სახეობრივი და რაოდენობრივი შედგენილობით (სტრუქტურით), ასევე საერთო ენერგეტიკული ღირებულებითაც.
ამ მხრივ არც საქართველო არის გამონაკლისი. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N 111/ნ ბრძანებით დადგენილი იქნა სხვადასხვა სქესობრივ-ასაკობრივი და პროფესიული საქმიანობის მცხოვრებთა ულუფის საერთო ენერგეტიკული ღირებულება, ნუტრიტიენტული შედგენილობა და რეკომენდებული სურსათის ნაირსახეობები, რომელიც მოიცავს 55- მდე დასახელების პროდუქტს. კერძოდ, სასურსათო კალათის მინიმალური ენერგეტიკული ღირებულება განისაზღვრა 2300 კკალ/კაცზე/დღეში, რაც „… გათვლილია ნაციონალური თავისებურებების გათვალისწინებით“ და „…სბალანსირებული კვების პრინციპების შესაბამისად…“, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაღალი შრომისუნარიანობა და სოციალური აქტივობა.
საკითხმა ფართო ინტერესი და კამათი გამოიწვია როგორც ზოგადად საზოგადოებაში, ასევე მკვლევართა პუბლიკაციებშიც. მაგალითად, დიეტის საერთო ენერგეტიკულ ღირებულებას ძლიერ შემცირებულად თვლის პ.კოღუაშვილი. აღნიშნულია, რომ “კვების ეროვნული ტრადიციების, რაციონის სტრუქტურისა და შრომითი საქმიანობის სახეების გათვალისწინებით” საქართველოში 1 კაცზე საკვებიდან მიღებული ენერგიის დღიური ნორმა უნდა იყოს 2800-3000 კკალორიის ტოლი;
ჩვენი მოსაზრებით, ეს მაჩვენებელი 2600-2700 კკალ/დღ ფარგლებშია, რაც შეესაბამება FAO და WHO მიერ დადგენილ ოპტიმალური სიცოცხლისუნარიანობის დონეს. მსგავს მოსაზრებას გამოთქვამენ ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის (EPEC) ქართველი სპეციალისტები;
ბუნებრივად ისმის კითხვა: დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ პერიოდში სასურსათო უსაფრთხოების მხრივ რა დინამიკა აღინიშნა საქართველოში?
2010 წელს, საკითხისადმი მიძღვნილ პუბლიკაციაში ავღნიშნავდით, რომ 1990-92 წ.წ. სურსათის უკმარისობას განიცდიდა მოსახლეობის 47%, ხოლო 2006 წლისთვის მდგომარეობა რამდენადმე გაუმჯობესდა, მაგრამ 600 ათასი მცხოვრები იმყოფებოდა შიმშილის ზღვარზე, მოზარდების 3%- ში აღინიშნებოდა ასაკთან შედარებით ნაკლები წონა, ხოლო 10 წლამდე ასაკის ბავშვების 12%- ში ზრდის შეფერხება; პრობლემაზე საუბარია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2011 წლის ანგარიშიც, რომელშიც დასახელებულია უკმარი კვების გამომწვევი რამოდენიმე მიზეზი; მათ შორის წინა პლანზე გამოტანილია ულუფაში რძის, ხორცის, კვერცხის და თევზის პროდუქტების დეფიციტი.
შექმნილი მდგომარეობა აისახა სასურსათო უსაფრთხოების გლობალური ინდექსში, რომელის მიხედვით 2013 წელს საქართველო კლასიფიცირებული იყო როგორც საშუალო რისკის ქვეშ მყოფი ქვეყანა; სამწუხაროდ, “Global impact”- ის მომდევნო ყოველწლიურ გამოცემებში პირველი 113 ქვეყნის ნუსხაში საქართველო საერთოდ არ ფიგურირებს და ეს მაშინ, როდესაც, პირველ ასეულში პოსტსაბჭთა სივრცის 7 დამოუკიდებელი სახელმწიფოზე მონაცემები არის შეტანილი.
საკითხის ირგვლივ სრული წარმოდგენის შესაქმნელად მე- 3 ცხრილში მოტანილია საქართველოსა და ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების მიერ დადგენილი ცხოველური პროდუქტების მოხმარების საშუალო ფიზიოლოგიური ნორმები და ფაქტიური მოხმარების მდგომარეობა.
ცხრილი 3. ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ცხოველურ სასურსათო პროდუქტებზე დადგენილი ფიზიოლოგიური ნორმები და ფაქტიური მოხმარება*) |
||||
ქვეყანა |
რძე და რძის პროდუქტები, კგ |
ხორცი და ხორცის პროდუქტები, კგ |
კვერცხი, ცალი |
თევზი და თევზის პროდუქტები, კგ |
დადგენილი ფიზიოლოგიური ნორმა / ფაქტიური მოხმარება*) |
||||
საქართველო | 243 / 184 | 29,2 / 38,2 | 182 / 166,5 | 14,6 / 8,0 |
აზერბაიჯანი | 235 / 240,2 | 30 / 39,8 | 150 / 153 | 8 / 7,4 |
ბელორუსია | 350 / 247 | 80 / 94 | 294 / 259 | 21 / 12,8 |
თურქმენეთი | **)/ 238,2 | **)/ 37,2 | **)/ 200 | **) / ***) |
რუსეთი | 340 / 229 | 75 / 75 | 260 / 231 | 22 / 21,6 |
სომხეთი | 312 / 261 | 37 / 58 | 183 / 204 | 11 / 5,2 |
ტაჯიკეთი | 115 / 59 | 41 / 15 | 180 / 71 | ***) / ***) |
უზბეკეთი | 132,9 / 279,6 | 42,8 / 42,2 | 219 / 213,6 | 7,1 / 2,8 |
უკრაინა | 360 / 266,8 | 78 / 62,4 | 291 / 192 | 18 / 16,8 |
ყაზახეთი | 301 / 261 | 78,4 / 78 | 265 / 193 | 14 / 13,2 |
ყირგიზეთი | 200 / 185 | 61 / 39 | 183 / 166 | ***) / ***) |
შენიშვნა: *) სხვადასხვა რამოდენიმე წლის საშუალო ფაქტიური მოხმარება;
**) თურქმენეთში მოხმარების ნაციონალური ნორმები განსაზღვრული არ არის; ***) მონაცემები არ იძებნება; |
მასალების ანალიზი გვიჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის განსაზღვრული ცხოველური პროდუქტების მოხმარების ფიზიოლოგიური ნორმები ჩამოუვარდება არა მარტო FAO და WHO- ს მიერ, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის პრაქტიკულად ყველა ქვეყნისას. რაც შეეხება განვითარებულ ქვეყნებს, აქ ჩამორჩენა გაცილებით დიდია.
აღნიშნული გვაძლევს საშუალებას ხაზი გავუსვათ, რომ 2003 წლის N 111 ნ. ბრძანებით განსაზღვრული დიეტის, განსაკუთრებით კი ცხოველური სურსათის მოხმარების საშუალო ფიზიოლოგიური ნორმები საჭიროებენ გადახედვა-განახლებას, რაც გამომდინარეობს საქართველოს მოსახლეობის ყოფის თავისებური კულტურიდან და ცხოველური პროდუქტების მოხმარების ტრადიციებიდან;
საკითხზე მუშაობისას ექსპერტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ულუფის საერთო ენერგეტიკული ღირებულების გაზრდასთან ერთად დაბალანსდეს ზოგადად ორგანული ნაერთების შემცველობის პროპორციები და, ასევე, სათანადო ნიშნულს (არანაკლებ 50%-მდე) მიაღწიოს ცხოველური წარმოშობის პროტეინის ხვედრითმა წილმა.
ბოლო 5 წლის სტატისტიკური მონაცემებით ზოგადად სურსათით და მათ შორის ცხოველური პროდუქტებით უზრუნველყოფის მდგომარეობა საქართველოში რამდენადმე გაუმჯობესებულია, რაც მოსახლეობის მსყიდველობითი უნარიანობის ამაღლების მაჩვენებელიცაა. ამასთან, დაკმაყოფილების წყაროებში ჯერ კიდევ დიდია იმპორტის ხვედრითი წილი; ეს განსაკუთრებით ეხება რძეს, ხორცს და მათ პროდუქტებს, რომელთა იმპორტზე 2022 წელს დაიხარჯა 183.4 მლნ $, ანუ წინა წელთან შედარებით 35,5%-ით მეტი.
რა რესურსები არსებობს ამ მიმართულებით? სოფლის მეურნეობასა და სასურსათო ბაზარზე შექმნილი სიტუაციის ანალიზის საფუძველზე მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდის, რომ გლობალური მასშტაბით მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებისა და, შესაბამისად, მოხმარების გაზრდის პოტენციალი საკმაოდ მაღალია, მაგრამ ახლო პერსპექტივაში მისი ტემპი რამდენადმე ნაკლები იქნება იქ, სადაც, წვრილი მეწარმეების განვითარებისთვის აუცილებელი საშუალებები შეზღუდულია და/ან ისინი განიცდიან შესაძლებლობებზე მეტ დატვირთვას.
ამდენად, საქართველოს აგრარული სექტორის ამ დარგში დაკავებული მეწარმეები დგანან დიდი გამოწვევის წინაშე, რაც შეიძლება დაძლეული იქნას ხელისუფლების მხრიდან სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით.
გ. გოგოლი, რ. ბარკალაია, ე. კალანდია
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი