საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა უაღრესად დანაწევრებულია _ მსოფლიო ბანკი
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საქართველოში უაღრესად დანაწევრებულია, _ აღნიშნულია მსოფლიო ბანკის შემაჯამებელ ანაგარიშში: _ „სოფლის მეურნეობის, მიწის და წყლის მართვის პოლიტიკა საქართველოში მდგრადი აგროსასურსათო სისტემების მასშტაბის გაზრდის მიზნით: შემაჯამებელი ანგარიში და შემდგომი ნაბიჯები„ საქართველოს სოფლის მეურნეობის, მიწისა და წყლის მართვის პოლიტიკასთან დაკავშირებით.
შემაჯამებელი ანგარიშში, რომელიც, როგორც არსებულ ვითარებას, ასევე რეკომენდაციებს მოიცავს, ასევე აღნიშნულია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების 36 პროცენტია რეგისტრირებული და კერძო საკუთრებაში ძირითადად მცირე ზომის ნაკვეთებია, ხოლო მიწის უფრო დიდი ფართობებს სახელმწიფო მართავს და მის საკუთრებშია.
მსოფლიო ბანკის მიხედვით, საკუთარ მოხმარებაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობიდან, კომერციულ სოფლის მეურნეობაზე გადასვლის ერთ-ერთი გზა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებაში მზარდი კონსოლიდაციის ხელშეწყობაა.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საშუალო ფართობი, რომელსაც შინამეურნეობა მართავს, 1.37 ჰექტარია. მიწის მფლობელობის მხრივ, ყველაზე დიდი საშუალო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი 3.55 ჰექტარი, კახეთის რეგიონშია, შემდეგ მოდის სამცხე-ჯავახეთის რეგიონი (2.21 ჰექტარი).
სამცხე-ჯავახეთში, სასოფლო-სამეურნეო მიწის 50 პროცენტზე მეტი საძოვრებს უკავია (საქართველოს მთავრობა 2013წ.). ქვემო ქართლის რეგიონი, 1.81 ჰექტარით, მესამეა საშუალო სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მიხედვით (GFA 2018წ.). დანარჩენ რეგიონებში, სასოფლო-სამეურნეო შინამეურნეობების უმეტესობა, მცირე საოჯახო მეურნეობებია 1.37 ჰექტარზე ნაკლები ფართობით, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელია“, – წერია ანგარიშში.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, საკუთრების აღრიცხვის სისტემებში მნიშვნელოვანი მიღწევებისა და პროცედურების გამარტივების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით მიწის, ძირითადად სასოფლო-სამეურნეო მიწის, 28%, ჯერ კიდევ დასარეგისტრირებელია.
„სოფლად მიწის სუსტი ბაზრები ქმნის ენდოგენურ შეზღუდვებს, როგორც ზრდის (მაგ., ფერმერები, რომლებიც ცდილობენ, გაზარდონ თავიანთი მეურნეობები), ასევე ბაზარზე შესვლის თვალსაზრისით (მაგ. ფერმერები ან აგრობიზნესის საწარმოები, რომლებიც ეძებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის დიდ ფართობებს ინვესტიციისთვის)”, – მიაჩნია მსოფლიო ბანკს და ანგარიშში აღნიშნავს, რომ სპეციალური მარეგულირებელი და საკანონმდებლო მექანიზმის შექმნა, როგორიცაა „მიწის მდგრადი მართვის ეროვნული სტრატეგია“, მიწის კონსოლიდაციის პოლიტიკის დღის წესრიგის ჩათვლით, ხელს შეუწყობს ამ შეზღუდვების დაძლევას.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, მიწის გაერთიანების რეგულირების მოთხოვნა უკვე იკვეთება, რადგან მიწის სისტემური რეგისტრაციის კამპანიის დროს, მესაკუთრეთა სპონტანური მოთხოვნის შემდეგ, მოხდა რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების 11 პროცენტის კონსოლიდაცია.
წყარო: https://bm.ge