სასარგებლო რჩევები _ როგორ მივიღოთ ერთ სეზონზე კომბოსტოს ორი მოსავალი
თავიანი კომბოსტო ძალზე სასარგებლო და ძვირფასი ბოსტნეულია. მისი მოყვანა არცთუ ძნელია, მაგრამ იოლად აზიანებს მავნებლები და დაავადებები. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც დაგეხმარებათ კომბოსტოს უხვი მოსავლის მოწევაში.
თუ თქვენ სწორად შეარჩევთ ჯიშებს ან ჰიბრიდებს სავეგეტაციო პერიოდის მიხედვით და დროულად გადაიტანეთ ღია გრუნტზე ჩითილს, თავისუფლად შეძლებთ სეზონზე ორი მოსავლის მიღებას. საადრეო და საშუალო საადრეო ჯიშებზე ბაზარზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და კომბოსტოს მოვლა-მოყვნაზე გაწეული ხარჯი, შეიძლება ერთი-ორად ამოიღოთ.
ჯიშების და ჰიბრიდების შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ საადრეო კომბოსტო ყველაზე სათუთი და წვნიანია და კარგი საკვები თვისებებით გამოირჩევა. უნდა იცოდეთ ისიც, რომ საადრეო კომბოსტო დიდხან არ ინახება.
უპირატესობა _ სწრაფად იზრდება და მწიფდება, 60-80 დღეში იკეთებს თავს და უკვე საკვებად ვარგისია.
საშუალო ვეგეტაციის ჯიშები და ჰიბრიდები საადრეო კომბოსტოს შემდეგ, ვიდრე საგვიანო ჯიშები შემოვა, იძლევა მოსავალს. გემოთი იგი საადრეო კომბოსტოს ჩამორჩება, მაგრამ უფრო მოსავლიანია, კარგად განვითარებული მკვრივი თავი და ვარგისია გადასამუშავებლად.
საგვიანო კომბოსტო ორივე ჯიშზე _ საადრეოზეც და საშუალო ვეგეტაციისაზე უხვმოსავლიანია, გამოირჩევა კარგი საკვები თვისებებით. სწორად შენახვის პირობებში შეუძლია სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოს ახალ მოსავლამდე.
გახსოვდეთ: საგვიანო კომბოსტოს სავეგეტაციო პერიოდი ჩითილის გრუნტში გადარგვიდან 130-135 დღე გრძელდება.
კომბოსტოს მოსაყვანად დრო თქვენი რეგიონის კლიმატური პირობების შესაბამისად უნდა შეარჩიოთ.
სავარაუდო საგაზაფხულო წაყინვების პერიოდამდე, 6-8 კვირით ადრე, საჩითილე კონტეინერებში უნდა ჩათესოთ თესლი.
კონტეინერი ძალიან თბილ ადგილას არ მოათავსოთ.
არ დაგავიწყდეთ პერიოდულად მორწყვა.
კომბოსტოს ტენიანი ნიადაგი უყვარს. ღია გრუნტში გადასატანად ნიადაგი ჩითილების გადარგვამდე რამდენიმე დღით ადრე მოამზადეთ.
ჩითილები ღია გრუნტში გადასატანად მზად იქნება, როცა ოთხ-ხუთ ნამდვილ ფოთოლს გამოიტანს. იმისთვის რომ კომბოსტოს ჩითილი გაძლიერდეს და კარგად განვითარდეს გრუნტში უნდა შეასხუროთ ფოთლოვანი გამოკვებისთვის განკუთვნილი სასუქები, რომელის არჩევანი ბაზარზე საკმაოდ დიდია, როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე უცხოურიც. ასეთი სასუქები, როგორც წესი შეიცავს მცენარის გამოკვებისთვის საჭირო ყველა აუცილებელ ელემენტს, რაც კომბოსტოს ჩითილს დაეხმარება განვითარებაში, ხელს შეუწყობს მცენარის იმუნიტეტის გაძლიერებას და უფრო გამძლე იქნება დაავადებებისა და მავნებლებისადმი.
რახან კომბოსტოს კვებას შევეხეთ, აღვნიშნავთ, რომ ეს კულტურა ნიადაგიდან ძალიან ბევრ საკვებ ნივთიერებებს ითვისებს. ამიტომ ნიადაგში უხვად უნდა შეიტანოთ ორგანული სასუქი, კომპოსტი ან მინერალური კომპლექსური სასუქი.
სასურველია კომბოსტო დაირგოს მულჩზე, რათა რაიონებში სადაც წყლის ნაკლებობაა, მულჩი მცენარეს დაეხმარება ტენით უზრუნველყოფაში, იგი დიდხანს ინარჩუნებს ტენს და არეგულირებს ნიადაგის ტემპერატურას.
აუცილებლად გაითვალისწინეთ თესლბრუნვის წესები, კომბოსტო იმავე ნაკვეთზე აღარ უნდა დარგოთ, სადაც წინა წელს მოიყვანეთ. იგი ასევე არ უნდა დაირგოს, სადაც წინა წელს მარწყვი ან ბადრიჯანი მოიყვანეთ. კარგად ეგუება პარკოსნებს და კიტრს.
კომბოსტოს გვერდით აუცილებლად დათესეთ ცერეცო, კამა, რომლებიც იზიდავენ პარაზიტების და მწერებს, რომლებიც ანადგურებენ კომბოსტოს მავნებლებს.
და ბოლოს, აიღებთ თუ არა ივნისის დასაწყისში, შეგიძლიათ დარგოთ საშუალო ვეგეტაციის კომბოსტოს სასურველი ჯიშის ან ჰიბრიდის ჩითილები და თქვენ შემოდგომაზე შეიძლება _ რეკორდულს არა, მაგრამ საღი ახალი კომბოსტოს კარგ მოსავალს კი უსათუოდ მიიღებთ.
გისურვებთ წარმატებას!