საშემოდგომო საკვები მიმართულების ტრიტიკალეს ჯიშ ქართლი 2-ის წარმოება კლიმატგონივრულ საკვებ თესლბრუნვებში
ტრიტიკალე, ლათინურად Tritikale ადამიანის მიერ შექმნილი ჭვავისა და ხორბლის შეჯვარებით და სელექციური გადარჩევით მიღებული ახალი მარცვლეული კულტურაა.
ტრიტიკალეში გაერთიანებულია ჭვავის საადრეო სავეგეტაციო პერიოდი, ყინვა გვალვაგამძლეობა, მაღალი იმუნურობა, რეზისტენტობა, გრძელი თავთავი, დაავადებების, მავნებლების მიმართ, სიმაღლე, ფოთლების დიდი ფოტოსინთეზური ზედაპირის ფართი, შესაბამისად მაღალი კვებითი ღირსებების 350-500 ც. ჰექტარზე და მეტი ხარისხიანი მწვანე მასის ფორმირების უნარი. ამის გამო საკვები ტრიტიკალე ენერგეტიკული მცენარეების რანგში გადის.
ხორბლისაგან კი მას შთამომავლობით ერგო მაღალი სასურსათო და კვებითი ღირსებები.
საშემოდგომო ტრიტიკალეს ჯიშის ქართლი 2-ისა და შვრიის ნარევი თეთრიწყაროს რაიონის
საკვებ თესლბრუნვებში ფერმერ ამირან კოჩალიძის ნაკვეთებში. 16.06. 2015 წელი.
ეს კულტურა გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობის პოტენციალით. ცილებისა და შეუცვლელი ამინომჟავეების გაზრდილი შემცველობით, რაც განაპირობებს ამ კულტურის ფართო პერსპექტივას, როგორც სასურსათოდ, ისე მეცხოველეობის საკვებად (სენაჟი, თივა, მწვანე საკვები, ბრიკეტები, თივის ფქვილი და ა.შ. )0გამოყენებისათვის. ხშირად თესავენ მას შვრიასთან, ბარდასთან, განსაკუთრებით საშემოდგომო ბარდასთან, ცერცველასთან და სხვა კულტურასთან ერთად 2-3 იარუსიანი ნათესების მისაღებად.
ამდენად ტრიტიკალე ახალი ბოტანიკური გვარია, გენეტიკურად ის ამფიდიპლოიდურია. ყოველივე ამის გამო სახელიც მისი მშობელი ფორმების სახელების გაერთიანებითაა წარმოებული. კეძოდ პირველი ნაწილი არის ხორბლის ლათინური სახელწოდების tritikum-ის პირველი ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილი ჭვავის ლათინური სახელწოდების Cekale-ს ბოლო ოთხი ასოა.
ტრიტიკალესაც ზრდა – განვითარების იგივე ფაზები ახასითებს, რაც საერთოდ თავთავიანი მარცვლეული კულტურისათვის არის დამახასიათელი.
მარცვლეული თავთავიანი კულტურების ზრდა- განვითარების ფაზები
საშემოდგომო ტრიტიკალეს თესლის გაღივება 2°C-ტემპერატურაზე იწყება. მისი ზრდა განვითარების ოპტიმალური ტემპერატურაა 20°C, ხოლო მაქსიმალური 35°C. თესვიდან 7-10 დღის შემდეგ იწყება აღმოცენება; 18-20°C-ზე ძირითადი მასა ბარტყობს, თესვის ოპტიმალურ ვადაში თესვის შემთხვევაში შემოდგომაზე, ზამთრის ძილში შესვლამდე ნაბარტყის რაოდენობა საშუალოდ 3-5-ია.
სწორედ ასეთი განვითარების პირობებში მას კარგი გადაზამთრების უნარი გააჩნია და საშუალიდ 18-19 გრადუს ყინვასაც უძლებს.
სავეგეტაციო პერიოდი 250-300 დღე გრძელდება.
მიზანშეწონილი ბარტყობა ზამთარის ძილში წასვლის წინ
საშემოდგომო ჯიშის ტრიტიკალეები ტენის მიმართ განსაკუთრებულ მოთხოვნილებას არ ავლენენ მითუმეტეს რომ ისინი ვითარდებიან ზამთრისა და გაზაფხულის ნალექებით ჭარბად უზრუნველყოფილი თვეების პერიოდებში, თუმცა საკვები ტრიტიკალეს ჯიშები კარგად რეაგირებენ აღერების ფაზაში 400-550 კუბური მეტრი მორწყვის ნორმით ჩატარებულ რწყვაზე, მეორე მორწყვა შეიძლება დათავთავების დაწყების ფაზას დაემთხვეს. შემდგომ პერიოდებში ჩატარებული რწყვა იწვევს მაღალმოზარდი ტრიტიკალეს ჯიშების ჩაწოლას და მოსავლის, ასევე კვებითი ღირებულების დიდ დანაკარგებს.
მისთვის რეკომენდირებულია რწყვების ჩატარება ნიადაგის ტენიანობის დასვლისას ზღვრული ტენტევადობის 80-75%-ზე. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი მოითხოვს ნიადაგის ნეიტრალური (Ph-5,5-7,0) არეს რეაქციას.
ტრიტიკალე წინამორბედისადმი ნაკლებ მომთხოვნი მცენარეა, თუმცა მისთვის კარგი წინამორბედია შავი ანეული, ბოსტნეულის, კარტოფილის, პარკოსანი და სათოხნი კულტურებისგან გათავისუფლებული ნაკვეთები. აღსანიშნავია, რომ ძლიერი მწვანე მასის გამო თავად ახშობს სარეველებს, რის გამოც იგი მინდვრის სანიტრადაც არის მიჩნეული.
ტრიტიკალეს 1 ც მარცვლისა და შესაბამისი ბიომასის მოსავლის ფორმირებისათვის ნიადაგიდან გამოაქვს 4-5კგ აზოტი, 1,5-1,6კგ ფოსფორი და 3,5-4კგ კალიუმი. რაც შეეხება ამ კულტურის განოყიერების დოზებს მისი პოტენციური მოსავლის მისაღებად მიზანშეწონილია : N-100-120 კგ/ჰა, P-100-120 კგ/ჰა და K-60-კგ/ჰა.
ტრადიციულად ნიადაგის მომზადება დამოკიდებულია წინამორბედზე, დასარევლიანების ხარისხზე და მოყვანის ზონაზე.
ტრიტიკალეს თესვის ვადა ისეთივეა, როგორიცაა საშემოდგომო ხორბლის ოპტიმალური ვადა.
სათესი ნორმა მერყეობს ჰექტარზე 4,5-დან 5 მილიონ აღმოცენების უნარის მქონე თესლი ჰა-ზე ფარგლებში. რაც უმეტეს შემთხვევაში 200 250 კილოგრამის ტოლია
გაზრდილი თესვის ნორმა იწვევს მუხლთშორისების დაჩრდილვას, ნორმალური ფოტოსინთეზის დარღვევას და ნათესების ჩაწოლას რძისებრ ცვილისებრ ფაზაში
სათესლე ნაკვეთებში თესვის ნორმა 50-100 კილოგრამით უნდა შემცირდეს, რათა თესლი იყოს ძლიერი და თავიდან იქნეს აცილებული ჩაწოლის რისკი.
ჩათესვის სიღრმე სასურველია იყოს 3-5 სმ.
ნათესის მოვლა. იგივე ღონისძიებებია რეკომენდებული როგორც საშემოდგომო ხორბლისა და ჭვავის ნათესებისათვის. ტრიტიკალეს მარცვალი თავთავის კილებში მჭიდროდ არის ჩამჯდარი, ამიტომ არ ახასიათებს მარცვალცვენადობა და მისი აღება ხდება სრული მომწიფების ერთ ფაზაში.
დათავთავების ფაზაში ტრიტიკალეს სენაჟად, თივად, მწვანე საკვებად გათიბვის შემდეგ, რომელიც უმეტესად მაისის ბოლოს ივნისის პირველ ნახევარში დგება, სავეგეტაციო პერიოდის დამთავრებამდე რჩება აქტიური ტემპარატურებით უზრუნველყოფილი დაახლოებით 120-130 დღე. ეს პერიოდი კი სარწყავ პირობებში სავსებით საკმარისია სანათიბო კულტურების კერძოდ სიმინდის, ბოსტნეულის, სორგოს, ჯუგარას, ბარდას, ლობიოს, სუდანურას, მათი ნარევების და ნეირალური ფოტოპერიოდიზმის მქონე სხვა კულტურების, როგორც მარცვლის, ისე მწვანე მასის მისაღებად.
კობა კობალაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორი,
ალექსი დადუნაძე, ამავე ფაკულტეტის მე-3 კურსისის სტუდენტი