აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკები

სათბური _ ნიადაგი, მორწყვა და გამოკვება

ნიადაგი

დაცულ გრუნტში კულტურათა წარმოებისას გამოიყენებენ ნიადაგს, ტორფის სხვადასხვა სახეებს, ტორფისა და სხვადასხვა ტიპის ნიადაგის ნარევს, ტორფნეშომპალიან კომპოსტს, ტორფისა და ნახერხის ნარევს, ბუნებრივ მინერალურ სუბსტრატებს.

მცენარის ნორმალური ზრდა-განვითარებისა და მაღალი მოსავლის მიღებისთვის საჭიროა მცენარეები წყლით, ჰაერით, საკმარისი რაოდენობისა და ოპტიმალური თანაფარდობის მინერალური ელემენტებით უზრუნველვყოთ. ყოველივე ეს ბევრადაა დამოკიდებული სათბურის გრუნტის ხარისხზე. სასათბურე წარმოებისთვის ძირითადად მიმართავენ ნიადაგის შეტანას, რომელთაც ყოფენ სამ ძირითად ჯგუფად: ორგანული, ორგანულ მინერალური და მინერალური.

ორგანული გრუნტი შეიცავს ერთ ან რამდენიმე ორგანულ კომპონენტს (ტორფი, ნახერხი, ჩალა, ლიგნინი).

ტორფის (როგორც წესი, ზეური ტორფის) ფუძეზე მიღებული გრუნტი ხასიათდება ორგანული ნივთიერებების მაღალი შემცველობით (60-80%), მაღალი წყალგამტარობით, ტენტევადობითა და საკვები ელემენტების შთანთქმადობით.

ნახერხის ფუძეზე შექმნილი ორგანული გრუნტი გამოირჩევა ფორიანობითა და სიფხვიერით. მისი ექსპლუატაციის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს აზოტის რეჟიმს, რადგან მათ გააჩნიათ ნახშირბადის და აზოტის არასასურველი თანაფარდობა (C:N=25:1). აღინიშნება მცენარეების აზოტით შიმშილობა. მნიშვნელოვანია აგრეთვე მცენარეთა წყლით უზრუნველყოფა, რადგან ეს გრუნტი ხასიათდება ნაკლები ტენტევადობით.

ორგანულ-მინერალური გრუნტი წარმოადგენს სხვადასხვა თანაფარდობის — ტორფის, ორგანული მასალებისა და მინერალური კომპონენტების ნარევს, რაც საშუალებას იძლევა მიღებულ იქნას სასურველი ფორიანობის, სიმკვრივის და სტაბილური სტრუქტურის გრუნტი.

ბოსტნეული კულტურების წარმოებისათვის ყველაზე ოპტიმალურ ნაზავს წარმოადგენს ორგანომინერალური გრუნტი, რომელიც შედგება ტორფის (50-60%), ტყის ან მსუბუქი ქვიშამიწისა (20-30%) და ნაკელის კომპოსტისაგან (20-30%). ტორფს კირს უმატებენ (არასასურველი მჟავიანობის გასანეიტრალებლად) ნაზავის გაკეთების წინ, ხოლო მინერალურ სასუქებს გრუნტის სათბურებში შეტანის შემდეგ.

მინერალური გრუნტი შედგება ბუნებრივი, მსუბუქი ნიადაგების ჰორიზონტისაგან, რომელსაც მცირე რაოდენობით ემატება ორგანული მასალები.

გამოყენების ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ შემდეგი სახის გრუნტს: ყოველწლიურად გამოცვლადი, ახალი (2-4 წლის), მომწიფებული (4-8 წლის) ხანგრძლივი გამოყენების (8-12 წელი) და მუდმივი.

ფესვთა სისტემის ნორმალური განვითარებისთვის ნიადაგი უნდა შეიცავდეს საკმაო რაოდენობის ჰაერისა და წყლის მარაგს, იყოს ფხვიერი.

ოპტიმალური თანაფარდობა თხევად, მყარ და გაზისებურ ფაზებს შორის დამოკიდებულია ნიადაგის მექანიკურ შემადგენლობაზე და მასში ორგანული ნივთიერებების შემცველობაზე. წყლისა და ჰაერის საუკეთესო რეჟიმი მყარდება, როდესაც ნიადაგის მოცულობითი მასა 0,4-0,6 გ/სმ3-ია. სათბურის ნიადაგი მოცულობითი მასის მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ძალიან ფხვიერი — 0,2 გ/სმ3-ზე ნაკლები;

ფხვიერი —0,2-0,4 გ/სმ3;

ნორმალური —0,4-0,6 გ/სმ3;

მცირე სიმკვრივის —0,6-0,8 გ/სმ3;

საშუალო სიმკვრივის —0,8-1,0 გ/სმ3;

მკვრივი —1,0-1,2 გ/სმ3;

ძალიან მკვრივი —1,2 გ/სმ3-ზე მეტი.

ძალიან ფხვიერი ნიადაგები წყალს ვერ იკავებს და მოითხოვს ინტენსიურ რწყვას, მაგრამ მკვრივ ნიადაგზე ხშირად შეიმჩნევა ჟანგბადისა და აერაციის ნაკლებობა, რაც უარყოფითად მოქმედებს მცენარეთა ფესვების ზრდაზე.

სათბურებში ბოსტნეული კულტურების მაღალი მოსავლის მიღება შეიძლება მიღწეულ იქნას ნიადაგის აგროფიზიკური და აგროქიმიური თვისებების გაუმჯობესებით, რომელიც მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება ნიადაგში ორგანული ნივთიერების შემცველობით.

მცენარეთა საკვები ელემენტებით უზრუნველყოფა მჭიდროდაა დაკავშირებული სათბურის გრუნტში ორგანული ნივთიერების შემცველობასთან.

ორგანული ნივთიერების შემცველობის შეფასებისთვის იყენებენ შემდეგ სკალას:

დაბალი —10%-მდე,

ზომიერი —10-დან 20%-მდე,

ნორმალური— 20-30 %,

მომატებული— 30-40%,

მაღალი— 40-60%,

ძალიან მაღალი —60 % მეტი.

სათბურის გრუნტის გასამდიდრებლად, ძირითადი კომპონენტების გარდა, კარგ შედეგებს იძლევა ნაკელის ყოველწლიური შეტანა 10-12 კგ/სმ2-ზე. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ახალი ნაკელის შეტანას თან სდევს დიდი რაოდენობით ამიაკის გამოყოფა, რომელიც ტოქსიკურად მოქმედებს მცენარეებზე. ამიტომ, ნედლი ნაკელის შეტანისთანავე უნდა ჩაიხნას ნიადაგში და ეს სამუშაო უნდა დამთავრდეს ჩითილის გადარგვამდე 25-30 დღით ადრე.

მცენარეთა ზრდა-განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ნიადაგის მჟავიანობა (ph). ის დამოკიდებულია ნიადაგზე, ორგანულ და მინერალურ დანამეტებზე. ოპტიმალურად ითვლება ph ჰ 6,3-6,7. სათბურის გრუნტის ტუტე რეაქციის დროს, ზოგიერთი მიკროელემენტი გადადის მცენარისათვის შეუთვისებელ ფორმაში. მინერალური სასუქების დოზების გადაჭარბებით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნიადაგის დამლაშება. განსაკუთრებით მავნეა ისეთი სასუქები, რომლებიც შეიცავენ ნატრიუმსა და ქლორს, ეს ელემენტები მკვეთრად ზღუდავენ მცენარეთა ზრდას.

ხანგრძლივი გამოყენებისას, სათბურის გრუნტი იტკეპნება, მცირდება მისი ტენტევადობა და ჰაერტევადობა. ორგანული ნივთიერებების ყოველწლიური დანახარჯი შეადგენს მთელი შემცველობის 15-17%-ს ანუ 60 ტ/ჰა-ზე.

სათბურებში ნიადაგის ოპტიმალური სისქე 25-35 სმ-ია. უფრო ღრმა ნიადაგის შემთხვევაში დამუშავებისას, სახნავი ფენის ქვეშ წარმოიქმნება ნიადაგის ქერქი — ეგრეთ წოდებული „ქუსლი”, რომელიც აუარესებს წყლისა და ჰაერის მიმოცვლის რეჟიმს.

ღრმა სახნავი ფენის არსებობისას რთულდება სითბური რეჟიმის რეგულირება ნიადაგის ორთქლით დამუშავებისას, რაც ამცირებს ამ მეთოდის ეფექტურობას.

ნიადაგის ორთქლით დამუშავება არა მარტო ამცირებს მავნებლებსა და დაავადებებს, არამედ ცვლის ნიადაგის კვების რეჟიმსაც.

მცენარეთა გადარგვამდე, ნიადაგის მომზადება მდგომარეობს როტაციული ფრეზით მის გაფხვიერებაში (სათბურში სამუშაოდ განკუთვნილ სპეციალურ ფრეზებს შეუძლია იმუშაოს ოთხი სიჩქარით — 140, 170, 200 ან 240 ბრუნი წუთში. მოდების განი — 100 სმ-დან 140 სმ-მდე, დამუშავების სიღრმე — 20-30 სმ, წარმადობა — 0,15-0,18 ჰა. სთ-ში. სხვადასხვა ქვეყნების წარმოებისა და მარკის ფრეზები განსხვავდება როგორც შესრულებული ოპერაციის შესრულების ტექნოლოგიით, ასევე კონსტრუქციითაც.

შედარებით გრილ რეგიონებში, ან საადრეო პროდუქციის წარმოებისას, მიმართავენ გრუნტის მულჩირებას და აგრო-ბოჭკოს გამოყენებას. მულჩირებისთვის გამოიყენება შავი, ყავისფერი ან გამჭვირვალე ცელოფანი, რის შედეგადაც მზიან დღეებში ნიადაგში აღწევს 30-40%-ით მეტი მზის ენერგია (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრე გაზაფხულზე). დღის მანძილზე დაგროვილი სითბური ენერგია, უკეთ ინახება მულჩირებულ ნიადაგში, რადგან აორთქლებაზე დახარჯული ენერგია 2-ჯერ ნაკლებია, ხოლო სითბოს გაცემა 15-17%-ზე ნაკლებია, ვიდრე ღია გრუნტში. ტემპერატურა იცვლება მულჩის სიგანისა და ფართობის მიხედვით. დღის მანძილზე ნიადაგი უფრო მეტად თბება გამჭვირვალე და ყავისფერი ცელოფნის ქვეშ, ხოლო ღამით სითბოს უკეთ ინახავს შავი ცელოფანი. მულჩირების დროს, ნიადაგის ყველაზე დაბალი ტემპერატურა აღინიშნება გამთენიისას, მზის ამოსვლამდე, დილის 7-8 საათზე. ამ დროს მულჩირებულსა და უმულჩო ნიადაგს შორის ტემპერატურათა სხვაობა 0,3-20C .

მულჩირების ეფექტი გაცილებით მაღალია იმ სათბურში, რომელიც თბება. აღნიშნული ღონისძიებები საშუალებას იძლევა მივიღოთ პომიდვრის, კიტრის, ნესვის მოსავალი 2-3 კვირით ადრე. გრილ რეგიონებში შემაღლებული კვლებისა და მათ საფარველად აგრო-ბოჭკოს გამოყენებით, შესაძლებელია თებერვალ-მარტში ზოგიერთი მწვანილის მოყვანა (ისპანახი, ქინძი, ხახვი, იხრახუში).

მორწყვა და გამოკვება

განოყიერების სისტემა მოიცავს სასუქების შეტანას გრუნტის ძირითადი დამუშავებისას და მცენარეთა ვეგეტაციის პერიოდში (გამოკვება). შესატანი სასუქების რაოდენობის დასადგენად იყენებენ ორ მეთოდს:

ნიადაგში საკვები ელემენტების დადგენილ ოპტიმალურ ნორმებსა და რეალურ შემცველობას შორის სხვაობას;

დაგეგმილი მოსავლიანობის მიერ ნიადაგიდან გამოტანილი საკვები ელემენტების რაოდენობის მიხედვით, მათი ათვისების კოეფიციენტის გათვალისწინებით.

ბოსტნეული კულტურების დარგვამდე (წელიწადში 2 წრებრუნვისას). ატარებენ ყველა ტიპის სათბურების გრუნტის ანალიზს 11 მაჩვენებლის მიხედვით: ორგანული ნივთიერება, მჟავიანობა პჰ, ამიაკური და ნიტრატული აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, მაგნიუმი, მარილების საერთო კონცენტრაცია, კინა, მანგანუმი და ჰიდროლოგიური მჟავიანობა. მეორე წრებრუნვის დროს განსასაზღვრავი ნაერთების რიცხვი შეიძლება 7-9 მდე შემცირდეს.

ნიადაგის ანალიზისას გამოიყენება გამოწვლილის მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს მცენარისთვის ათვისებად ფორმაში მყოფი საკვები ელემენტების რაოდენობა. მინერალური სასუქების შეტანისას ითვალისწინებენ საკვები ელემენტების იმ რაოდენობას, რომელიც სათბურში იქნა შეტანილი კომპოსტირებული ნაკელით ან სხვა ორგანული სასუქებით.

საკვები ელემენტებით გრუნტის უზრუნველყოფის ნორმები გ/სმ2 კარგად ჩანს შემდეგ ცხრილში.

ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ადგენენ შესატანი სასუქების დოზებს.

მცენარეთა მიერ ცალკეული ელემენტის შთანთქმა დამოკიდებულია განათებაზე. მზიან ამინდში მცენარეები შთანთქავენ უფრო მეტ აზოტს და ნაკლებ კალიუმს, ხოლო მოღრუბლულში კი პირიქით. იმ შემთხვევაში, როდესაც რაღაც მიზეზებით შემცირებულია ფესვებიდან საკვები ელემენტების მიწოდება, მიმართავენ უფესვო გამოკვებას. მზიან დღეებში გამოკვებას ახდენენ დილით, ხოლო ზაფხულში—საღამოს. უნდა მოვერიდოთ უფესვო (არაფესვური) გამოკვების ჩატარებას, ძლიერ ცხელ ამინდში — წყალი სწრაფად ორთქლდება, ხოლო სასუქის კონცენტრაცია მკვეთრად იზრდება, ამან შეიძლება ფოთლების დაწვა გამოიწვიოს.

სათბურში გამოყენებული სასუქები უნდა იყოს უბალასტო, მაღალკონცენტრირებული, წყალში ხსნადი. აზოტოვანი სასუქებიდან მიმართავენ შარდოვანას, კალციუმის, კალიუმის და ამონიუმის გვარჯილის გამოყენებას, კალიუმიანი სასუქებიდან — კალიუმის გვარჯილასა და კალიუმის სულფატს (გამოსაყენებლად უვარგისია სილვინიტი და კალიუმის მარილი, რადგან ისინი შეიცავენ ბევრ ქლორს და ნატრიუმს). ფოსფოროვანი სასუქებიდან გამოიყენება ორმაგი სუპერფოსფატი, მაგნიუმის შესავსებად მაგნიუმის სულფატი. მიმართავენ აგრეთვე კომპლექსური სასუქების გამოყენებასაც (ნიტროფოსკა, ნიტროამოფოსი, დიამოფოსი).

კვების არასწორმა რეჟიმმა და ბალასტირებული სასუქების გამოყენებამ, რომლებიც შეიცავენ 0,007%-ზე მეტ ქლორს, შეიძლება გამოიწვიოს ნაიდაგის დამლაშება და მოსავლიანობის მკვეთრი შემცირება. ნიადაგში მარილების დაგროვების კიდევ ერთი წყარო შეიძლება იყოს სარწყავი წყალი. მასში 0,2 გ/ლ მარილების შემცველობისას, ყოველი 1000 მ3 სარწყავი წყლის გამოყენების შემდეგ, ნიადაგში რჩება 500 კგ/ჰა მარილი. დრენაჟის არქონის ან გაუმართავი მუშაობის შემთხვევაში, რამდენიმე წლის შემდეგ გრუნტი შეიძლება წარმოებისთვის გამოუსადეგარი გახდეს. ამიტომ, სარწყავი წყლის ხარისხი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

დამლაშებასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა ნიადაგის გამორეცხვა. ამ მეთოდის უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს სადრენაჟო სისტემის გამართულად მუშაობა. გამორეცხვის წინ ნიადაგს ამუშავებენ, ფრეზავენ და ასწორებენ. შემდეგ, ნიადაგის ტენტევადობის, დამლაშების ხარისხისა და ხასიათის მიხედვით ადგენენ წყლის დოზას. გამორეცხვას ახდენენ საჭირო ნორმის 3-5-ჯერ გამოყენებით, 5-8 საათიანი ინტერვალებით.

სათბურში ბოსტნეული კულტურების წარმატებული მოყვანა შესაძლებელია მხოლოდ მცენარეთა წყლის საჭირო რაოდენობით უზრუნველყოფით მთელი ვეგეტაციის პერიოდში. არსებობს მორწყვის სხვადასხვა მეთოდი. თავდაპირველად სათბურების მორწყვა ხდებოდა გადასატანი მილების საშუალებით, თუმცა საკმაოდ დიდი დანახარჯების გამო და ტექნოლოგიების განვითარების შემდეგ, ეს მეთოდი უარყვეს. იყენებენ დაწვიმებით, ჭავლისებურ, წვეთოვან და ქვენიადაგურ მორწყვას.

უკანასკნელ ხანებამდე ფართოდ იყო გავრცელებული დაწვიმებითი მორწყვა. მას მიმართავენ „ზევიდან”, როდესაც სარწყავი სისტემა განლაგებულია შპალერს ზემოთ და „ქვევიდან: როდესაც სისტემა მდებარეობს ნიადაგთან ახლოს. თუმცა ამ მეთოდსაც გააჩნდა თავისი ნაკლოვანებები „ზევიდან” მორწყვისას. რწყვის დოზები დამოკიდებულია წარმოებულ კულტურაზე, მზის რადიაციაზე, გრუნტის ფიზიკურ თვისებებზე. ჩვეულებრივ, ზამთრის თვეებში, კვირაში ატარებენ 1-2-ჯერ მორწყვას, 8-10 მ/სმ2, გაზაფხულსა და ზაფხულში 2-3-ჯერ კვირაში 12-15 ლ/სმ2 ყოველ მორწყვაზე და სეზონზე. პომიდორი ირწყვება უფრო ხშირად და დიდი დოზებით, კიტრი პირიქით. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ არაზომიერ მორწყვას ახასიათებს რიგი უარყოფითი ფაქტორები. ამ დროს იქმნება ჰაერის მაღალი ფარდობითი ტენიანობა, რომელიც ხელს უწყობს დაავადებების განვითარებას და ხელს უშლის მცენარეთა დამტვერვას.

ყველა თანამედროვე სათბურში დამონტაჟებულია მცენარეთა მორწყვისა და მინერალური სასუქებით გამოკვების მოწყობილობანი. წყალი ქსელიდან მიეწოდება წყალმიმომცვლელს, სადაც ხდება მისი შეთბობა 250C-მდე, შემდეგ კი ტუმბოს საშუალებით მიეწოდება სათბურს წვეთოვანი ან დაწვიმებითი მორწყვისთვის.

თანამედროვე სათბური აღჭურვილია წვეთოვანი მორწყვის სისტემებით, რომელიც ფაქტიურად არ მოითხოვს შრომით დანახარჯებს. ამ სისტემაში, მცენარეებისთვის საკვებისა და წყლის მიწოდება ხდება კომპიუტერის საშუალებით, სპეციალურად შემუშავებული პროგრამის საფუძველზე. წვეთოვანი მორწყვა საგრძნობლად ამცირებს წყლის დანახარჯებს (25-25%-ით) და 8-17%-ით ზრდის მოსავლიანობას.

წვეთოვანი სისტემით სასუქების მიწოდება საშუალებას იძლევა 30-40%-ით შევამციროთ საკვები ელემენტების დანაკარგები.

მცენარეთა გამოკვებისთვის არსებობს სპეციალური კვანძი, რომელიც აღჭურვილია ოთხი ავზით, სადაც ხდება წყალში ადვილად ხსნადი სასუქების გახსნა და შერევა. მათი მომზადება და მიწოდება ხდება ოპერატორის ან სპეციალური პროგრამის საშუალებით. სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია წყლის გასაწმენდი ფილტრები (გრავილის და დისკური), რომლებიც უზრუნველყოფენ სათანადო სისუფთავის წყლის მიღებას. ამ სისტემის ყველა დეტალი დამზადებულია ანტიკოროზიული მასალებისა და პოლიმერებისაგან. მაგისტრალური მილის დიამეტრია 50 მმ, გამანაწილებლის — 28-32, ხოლო სარწყავის — 14-20 მმ.

სარწყავი მილგაყვანილობა განლაგებულია მცენარეთა მთელი რიგის გაყოლებაზე. საწვეთურების რაოდენობა განისაზღვრება გრუნტის ფიზიკური თვისებებისა და სავარაუდო ხარჯის გათვალისწინებით. ჩვეულებრივ, საწვეთურებს შორის მანძილი უდრის მცენარეთა შორის მანძილს. მცენარეები იმყოფებიან საწვეთურიდან 10-სმ-ის მოშორებით. საწვეთურების ხარჯვის ნორმაა 1,5-4 ლ/სთ.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“