სათბურის პამიდვრის მოყვანის ტექნოლოგია
სათბურში პამიდვრის მოსაყვანად რეკომენდებულია ჰიბრიდები: „აქსიომა”, „ასტონა”, „აბელუსი”, „ლილოსი”, „ჟასმინია”, „ბიგ-ბიფი”, „მელოდია”, „ბელი”, „რალი”, „ვედეტა”, „პინკ-უნიკუმი”, „გრიფონი” და სხვა.
ეს ჰიბრიდები გამოირჩევა მაღალმოსავლიანობით, კარგი გემური და სასაქონლო თვისებებით, იმუნურობით, განსაკუთრებით ნემატოდების მიმართ).
ინტენსიური მოყვანის ტექნოლოგიაში განიხილება:
ნიადაგის დამულჩვა (ორგანული, არაორგანული);
წვეთოვანი მორწყვა, პროგრამული კვება.
უხვმოსავლიანი, იმუნური, ჯიშებისა და ჰიბრიდების დათესვა, მცენარეთა დაცვის საშუალებების მიზანმიმართული გამოყენება, სუბსტრატის სწორი შერჩევა. ეს შესაძლებელია იყოს: სტერილური (მინერალური ბამბა, ცეოლითი, ვერმიკულიტი, პერლიტი), ორგანული (ქოქოსის ბოჭკო, ნახერხი, ნამჯა,), ნიადაგი სხვადასხვა ნაზავებით: ცეოტორფი, ცეონაკი, ტორფი და ნაკელი, ბოსტნის მიწა და კომპოსტი და სხვ. სუბსტრატის სისქე 30-40 სმ უნდა იყოს. აუცილებელია დრენაჟი. ნაზავები დრენაჟზე დაიყრება. ნიადაგის გრუნტის თერმული დამუშავება ცხელი ორთქლით ან ქიმიური დამუშავება აუცილებელია ყოველწლიურად თუ არა 2 წელიწადში ერთხელ მაინც. შეიძლება გამოყენებული იქნას:
ჰიდროპონიკა (სხვადასხვა ნაზავები+საკვები ხსნარები);
აეროპონიკა (წყალი და საკვები ხსნარები).
სათბურის გრუნტი: იგი უნდა იყოს კარგად მომზადებული და ნოყიერი, უზრუნველყოს მცენარე: წყლით, ჰაერითა და კვების ელემენტებით. მაქსიმალურად იყოს სტერილური. გრუნტი უნდა პასუხობდეს შემდეგ მოთხოვნებს: ფორიანობა (65-75%), ტენტევადობა 45-50%, ჰაერტევადობა 20-25%, სიმკვრივე 0,4-0,6გ/სმ2.
გრუნტის მოსამზადებლად კომპონენტების თანაფარდობა
მსუბუქი ქვიშიანი, ან სილიანი ნიადაგი 20-30%, ტორფი 50-60%, ნაკელი ან ბიოჰუმუსი 20-30%. შესაძლებელია ნიადაგში შეტანილ იქნას მდინარის ლამი, ცეოლითი, ახალი ნახერხი, ან სხვა გამაფხვიერებელი. ხშირ შემთხვევაში წყალგამტარობის გასაზრდელად ტორფის ნაკლებობის შემთხვევაში გამოიყენება ქვიშა, თუმცა გრუნტი საჭიროებს ხშირ მორწყვას
ჩითილის გამოყვანა და დარგვა
ჩითილების მისაღებად საუკეთესო ნაზავია: კორდის მიწა და გადამწვარი ნაკელი ან ბიოჰუმუსი 2:1, ან ტორფი+ცეოლითი 1:1, პერლიტი+ქოქოსი 3:1, ბიოჰუმუსი+ცეოლითი 1:2, ცეოტორფი, ცეონაკი. ჩითილის გამოყვანა ხდება კასეტებში. აღმოცენების დასაჩქარებლად დათესვიდან 24 საათის შემდეგ აღმოცენებამდე ოპტიმალური ტემპერატურაა 25-26, აღმოცენების შემდეგ – კი 1-2 გრადუსით დაბალი.
ჩითილების გრუნტში გადარგვის საუკეთესო სქემაა ორ რიგიანი 70-50X80-90 ან ერთ რიგიანი 60-70X80 სმ-ზე, — 2-2,5 მცენარე ერთ კვადრატულ მეტრზე;
ტემპერატურული რეჟიმი. იგი დამოკიდებულია განათების ინტენსივობაზე;
გარდამავალ პერიოდში საჭირო ტემპერატურული რეჟიმი
ნიადაგის ოპტიმალური ტემპერატურა ზაფხულის განმავლობაში 20-22, ზამთარში 18-190C. ნიადაგში ტემპერატურის 120C-მდე დაცემა გამოიწვევს ნიადაგიდან საკვების შეთვისების შეჩერებას და მცენარის ზრდის შეწყვეტას, მაღალი ტემპერატურა 300C კი მცენარის ძლიერ ზრდას, აწოწვას და ფესვთა სისტემის დალპობას
კვების რეჟიმი
ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე იანგარიშება შეტანილი სასუქების ნორმები. მიღწეული უნდა იქნას მცენარის კვების ოპტიმალური ბალანსი. ფოსფორიანი სასუქები და ნაწილი აზოტიანი სასუქისა შეიტანება სათბურის ექსპლოატაციის დაწყებისას. კალიუმი კი უშუალოდ გადარგვის წინ. შესატანი საკვები ელემენტების 30% დარჩება გამოკვებისათვის. მათი შეიტანა უშუალოდ მორწყვით მოხდება. სათბურის ერთ ჰექტარ ფართობზე 100 ტონაზე მეტი მოსავლის მისაღებად პამიდორს ესაჭიროება აზოტი 200-600კგ, ფოსფორი 100-200კგ, კალიუმი 600-1000კგ, კალციუმი 200-300კგ, მაგნიუმი 40-60კგ (მოქმედი ნივთიერება). კალიუმის და შესათვისებელი კალციუმის შეფარდება ნიადაგში უნდა იყოს 1:1,2-თან. ოპტიმალურია Ph=5,5-5,8. გრუნტში მოყვანისას სასუქების 4-5 კვირიანი ნორმა შეიტანება ძირითადი შეტანისას, ხოლო გადარგვიდან 5 კვირის შემდეგ დაიწყება მცენარის გამოკვება მორწყვის პარალელურად. სასუქებიდან გამოიყენება, როგორც მონო ისე კომპლექსური სასუქები (ნიტროამოფოსკა, სუპერაგრო, დიამოფოსკა, ფოსკა და სხვა). აზოტოვანი სასუქებიდან უპირატესობა ენიჭება კალციუმის გვარჯილას და ნიტრობორს. დამატებით კალციუმიანი სასუქების გამოყენება აუცილებელია, როცა სწრაფად იცვლება დღის დაბალი ტემპერატურა მაღალი ტემპერატურით (გაზაფხულზე). მაღალეფექტიანია მცენარეების ფესვგარეშე გამოკვება ფოთლოვანი სასუქებით. ამ დროს ნიადაგიდან საკვების შეთვისებას (20-30%) ემატება შეთვისება 15%. იზრდება მოსავლიანობა და პროდუქციის სასაქონლო ხარისხი.
მცენარის მოვლა
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ვენტილაციას, სათბურის განიავებას. სათბურში ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის ოპტიმუმია 65-75%. ყვავილობამდე – 70-75%, ყვავილობაში და შემდეგ 65%. იგი კონტროლდება ფსიქრომეტრის საშუალებით. ტენიანობის ამ ზღვარის შენარჩუნება გამოიწვევს მცენარის სწრაფ ზრდას, ნორმალურ დამტვერვა-განაყოფიერებას, დაავადებათა ნაკლებ გავრცელებას. პამიდორი თვითმტვერია მცენარეა. უკეთ დამტვერიანებისათვის გამოიყენება ფუტკარი, კრაზანა (ბომბუსი), 1000კვ.მ-ზე 1 ოჯახი, ყვავილებზე ქიმიური სტიმულაცია (ეპინი, ბუტონი), მექანიკური ვიბრატორები, მცენარეების და ყვავილების ხშირად შერხევა, მავთულზე პერიოდული დარტყმა, ჰაერის სუსტი ნაკადით ზემოქმედება და სხვა. ყურადღება უნდა მივაქციოთ ნიადაგის ტენიანობას. გადარგვის შემდეგ იგი უნდა იყოს 80-90%, ყვავილობისას 75-85%, კრეფამდე 80%, კრეფის პერიოდში 75-85%.
ნიადაგის ტენიანობა კონტროლდება ტენსიომეტრით, ნიადაგის ხსნარის რეაქცია კი – PH მეტრით. მცენარის ფორმირება ხდება ერთ ღეროდ. წვეროს მექანიკურად დაზიანების, ან წაწყვეტის, შემთხვევაში ბოლო ნამხარი გარდაისახება მთავარ ღეროდ. ორმეტრიან მცენარეზე ფორმირდება 11 საყვავილე მტევანი; შესაძლებელია მცენარეების ფორმირება 15-20 და მეტ საყვავილე მტევანზე. ამ შემთხვევაში მცენარეები ქვემოთ ჩამოეშვება და გასავლელ გზებზე დალაგდება. შესაძლებელია წვეროს და ნამხარის დაფესვიანება და ზრდა-განვითარების თავიდან დაწყება.
მორწყვა
მოყვანის მთელი პერიოდის მანძილზე მცენარეს ესაჭიროება წყალი. ნიადაგის ტენიანობის ოპტიმალური ზღვარია 80-85%. წყლის ხარჯვა დამოკიდებულია მცენარის განვითარებაზე, ამინდის პირობებზე, აორთქლების კოეფიციენტზე, მოყვანის პერიოდზე, მორწყვის მეთოდზე. მაღალეფექტიანია წვეთოვანი მორწყვა, წყალთან ერთად მცენარეს კვების პროგრამის მიხედვით მიეწოდება საკვები.
სათბურში პამიდვრის მოყვანისას წარმოშობილი პრობლემები და დაძლევის გზები
- ყვავილებისა და ნასკვების ცვენა: იშვიათი მორწყვა, ჰაერის მაღალი შეფარდებითი ტენიანობა, დაბალი ტემპერატურა. გადაწყვეტის გზები: მცენარეებს უნდა შესხურდეს ბორის მჟავა (ერთი ჩაის კოვზი 10 ლიტრ წყალში), 1 კვ.მ. ან შესხურება პრეპარატ „ზავიაზით”. ტემპერატურის აწევა, მორწყვის გაძლიერება, ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის დაწევა განიავებით.
- სწრაფი ზრდა, ღერო მსხვილია, ფოთლები დიდია, წვნიანია, საყვავილე მტევანი სუსტია: ხშირი მორწყვა და დიდი რაოდენობით წყლის მიშვება. აზოტოვანი სასუქების დიდი დოზების გამოყენება. გადაწყვეტის გზები: მორწყვის ჯერადობის შემცირება, წყლის ნაკლები რაოდენობის გამოყენება. ფოსფორის დოზების გაზრდა.
- ფოთლები იზრდება მაღლა მახვილი კუთხით, არ იხვევა, ყვავილები ცვივა, ნაყოფები წვრილია: სუბსტრატში დაბალი ტენიანობა, მაღალი ტემპერატურა, ცუდი განიავება. გადაწყვეტის გზები: მორწყვის ჯერადობის გაზრდა, ტემპერატურის დაწევა, განიავების გაძლიერება.
- პირველ მტევანზე მსხვილი ნაყოფები, ხოლო შემდეგზე ნაყოფები ცუდად ვითარდება. გადაწყვეტის გზები: ქვედა მტევანზე ნაცრისფერი ნაყოფების მოცილება, ნამხარის შეცლაზე თავის შეკავება ერთი კვირის მანძილზე, ტემპერატურის დაწევა 16-17 გრადუსამდე.
- სუსტი მცენარე, გრძელი მუხლთშორისები, მცირე რაოდენობით ნაყოფები: დაბალი განათება. გადაწყვეტის გზა: გაძლიერდეს მცენარეების განათება.
- წვეროს სიდამპლით დაავადება: კალციუმის დეფიციტი.
გადაწყვეტის გზები: კალციუმიანი სასუქებით მცენარეების დამატებით გამოკვება. ვუქსალ კალციუმის 50 მლ 10 ლ წყალში შესხურება. სუბსტრატის Ph -ის ოპტიმალური ზღვარში მოქცევა.
- ფოთლები მოცისფრო-იისფერია, ნასკვები და ყვავილები ცვივა, ფოთლები ამობრუნებულია: ფოსფორის დაფიციტი. გადაწყვეტის გზები: ფოსფოროვანი სასუქების დოზების მომატება. ფოთლოვანი გამოკვება ფოსფორიანი სასუქების გამონაწურით ან ფოსფორის შემცველი ფოთლოვანი სასუქებით.
- ფოთლის კიდეებზე ყავისფერი არშია, ფოთლის კიდეები ხმება, ხოლო ფოთლები იხვევა: კალიუმის დეფიციტი. გადაწყვეტის გზები: კალიუმიანი სასუქების დოზების მომატება. ფოთლოვანი გამოკვება კალიუმის შემცველი ფოთლოვანი სასუქებით.
- ფოთლების გაუფერულება, ან ძლიერი გაყვითლება. მიზეზი: მაგნიუმის დეფიციტი. გადაწყვეტის გზები: მაგნიუმიანი სასუქების დოზების მომატება. ფოთლოვანი გამოკვება მაგნიუმის შემცველი ფოთლოვანი სასუქებით
- ნყოფების დასკდომა. მიზეზები: მკვეთრი, არათანაბარი, მორწყვა. ამინდის მკვეთრი (უეცარი) ცვალებადობა. გადაწყვეტის გზა: მორწყეთ მცენარეები თანაბრად.
მოსავლის აღება. ნაყოფები იკრიფება წითელი ან ვარდისფერი სიმწიფის ფაზაში. რეკომენდებულია ვარდისფერი სიმწიფის ფაზაში კრეფა. ყოველდღიურად ან 2-3 დღეში ერთხელ. წითელ ფაზაში მოკრეფისას დაჩქარდება მტევნის მომწიფება, თუმცა იგი შეაფერხებს მომდევნო მტევანზე ნაყოფების ზრდას, დამსხვილებასა და მომწიფებას.
მავნებლების და დაავადებების მონიტორინგი. მავნე ორგანიზმების მონიტორინგი ხორციელდება: სქესმჭერებით, სხვადასხვა ფერის წებოვანი დამჭერებით, ინსექტიციდებით, აკარიციდებით და ფუნგიციდებით.