სათბურში კიტრის მოყვანის ტექნოლოგია
მაღალმოსავლიანია და პოპულარობით სარგებლობს: ევოლუცია, ზოზულია, აპრელსკი, ჯაზერი, მაშა, მარაფონი. ძალიან მაღალმოსავლიანია: ალამირი, მაქსიმუმი, ანჟელინა, კრისპინა, ჰერაკლე და სხვა ჰიბრიდები. ფერმერთა გარკვეულ ნაწილს წარმატებით მოჰყავს ქართული, დიღმის კიტრი. იგი გამოირჩევა საშუალო მოსავლიანობით, თუმცა საუკეთესო გემური თვისებებით ხასიათდება.
სათბურში საჭიროა სუბსტრატი. იგი შესაძლებელია იყოს: სტერილური (მინერალური ბამბა, ცეოლითი, ვერმიკულიტი, პერლიტი), ორგანული (ქოქოსის ბოჭკო, ნახერხი, ნამჯა), ნიადაგი სხვადასხვა ნაზავებით (ცეოტორფი, ცეონაკი, ტორფი და ნაკელი, ბოსტნის მიწა და კომპოსტი და სხვ.). სუბსტრატის სისქე 20-25 სმ უნდა იყოს. აუცილებელია დრენაჟი. ნიადაგის გრუნტის თერმული დამუშავება ცხელი ორთქლით ან ქიმიური დამუშავება საჭიროა ყოველწლიურად თუ არა 2 წელიწადში ერთხელ მაინც..
ჩითილების მიღება. ჩითილების მისაღებად გამოიყენება სხვადასხვა სახის საჩითილე ქოთნები, ტორფის აბები, კასეტები, ერთჯერადი ჭიქები და სხვ.
ჩითილის საკვები სუბსტრატი. საუკეთესოა: ტორფი და პერლიტი 2:1, ტორფი და გადამწვარი ნაკელი 1:1, პერლიტი და ქოქოსი 1:3, ნახერხი და მდინარის ქვიშა 3:1 შეფარდებით. ტორფისა და გადამწვარი ნაკელის ნაზავის გარდა სხვა ნაზავებს დაემატება კომპლექსური მინერალური სასუქები ყოველ 10 კგ ნაზავზე 40-50 გრ.
ტემპერატურული რეჟიმი. დათესვიდან აღმოცენებამდე პერიოდში ჰაერისა და სუბსტრატის ტემპერატურა 26-28 გრადუსი უნდა იყოს. 10-15% აღმონაცენის მიღების შემდეგ დღის ტემპერატურა თანდათანობით დაიწევა 18-19 გრადუსამდე. იგი თავიდან აგვაცილებს ჩითილების ძლიერ აწოწვას. შემდეგ ეტაპზე დღის ტემპერატურა შენარჩუნდება 20-22 (დანათების დროს), ხოლო ღამის 10-19 (დანათების გარეშე) გრადუსის დონეზე. გადარგვამდე, ტემპერატურა დღის განმავლობაში შენარჩუნდება 18-19 (დანათების დროს) და 16-17 გრადუსი (დანათების გარეშე). ტემპერატურის დაწევა მდედრობითი ყვავილების მეტი რაოდენობით ფორმირებას უზრუნველყოფს. ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის ოპტიმალური ზღვარია 80-85%.
ტემპერატურა სუბსტრატში 20-21 გრადუსის ფარგლებში უნდა იყოს. დღისა და ღამის ტემპერატურებს შორის სხვაობა უზრუნველყოფს ფესვთა სისტემის ინტენსიურ ზრდას და მცენარის გენერაციულ განვითარებას სტიმულს აძლევს.
ჩითილების დანათება. ზამთარ-გაზაფხულის პერიოდში მოყვანისას კიტრის ჩითილები საჭიროებენ დანათებას. დასანათებელი ნათურების ანთება ხდება, როცა მცენარეების 10-15 % აღმოცენდება. პირველი სამი დღის მანძილზე საჭიროა 24 საათიანი დანათება, შემდეგ 18 საათი, შემდეგ 16 საათი, შემდეგი 10 დღის მანძილზე 14 საათი. გადარგვამდე 4-5 დღით ადრე საკმარისია 12 საათიანი დანათება. განათების ოპტიმალური ზღვარია 8000-9000 ლუქსი ჩითილობის ფაზაში, ხოლო შემდეგ 4000-5000 ლუქსი. დანათებისათვის მოწოდებულია “რეფლაქს” – 400 და “რეფლაქს” – 600 ნათურები. მათი ტექნიკური სიმძლავრე შეადგენს 60-70 ვატს ერთ კვადრატულ მეტრზე.
ჩითილების კვება. საკვები სუბსტრატის რეაქცია Ph უნდა იყოს 5,6 – 6,3.
საწყის ეტაპზე საჭიროა კომპლექსური სასუქებით (კრისტალონი 18.18.18 + მიკრო) სუბსტრატის გაჯერება. საჩითილე სუბსტრატში საკვები ელემენტების რაოდენობა უნდა იყოს: აზოტი – 150, ფოსფორი – 30, კალიუმი 165, მაგნიუმი – 85, კალციუმი – 165 მგ/ლ. კონდუქტივობა – 1,3 – 1,8 მილისიმენსი/სმ. ჩითილების შემდგომი კვება ხდება მინერალური სასუქების ხსნარებით: საწყის ეტაპზე ხსნარის კონდუქტივობა შეადგენს 1,8 – 2,0, შემდგომში კი – 2,5- 3,0 მილისიმენსს. მარილების კონცენტრაციამ სუბსტრატში შესაძლოა შეადგინოს 3,0 – 3,5 მილისიმენსი.
აგროტექნიკა. ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე ირგვება: ფუტკრით დამამტვერიანებელი ჰიბრიდები 2,3 – 2,6 მცენარე. პართენოკარპიული ჰიბრიდები 1,8 – 2,2 მცენარე. ფუტკრით დამამტვერიანებელი ჰიბრიდების დარგვისას აუცილებელია 10-15% დამამტვერიანებელი მცენარეების დარგვა. ყოველი 10 რიგის შემდეგ ერთი რიგი დამამტვერიანებელი ან ყოველი მეათე მცენარე. დამამტვერიანებელი მცენარეები არ გაისხვლება და არც თავი გადაეჭრება. ეს მცენარეები უნდა დაინიშნოს. გადარგვის შემდეგ მსხმოიარობის დაწყებამდე ტემპერატურა დღე უნდა იყოს: მზიან ამინდში 22-24, ღრუბლიან ამინდში 19-20, ღამით – 18-19 გრადუსი. მსხმოიარობის დაწყების შემდეგ: მზიან ამინდში – 22 – 25, ღრუბლიან ამინდში 20-22, ღამით 18 -19 გრადუსი. დაუშვებელია ტემპერატურის დაწევა 15 გრადუსზე დაბლა. ცენტრალურ ღეროზე მოსავლის პირველი ტალღის დამთავრების შემდეგ და ნამხარზე მსხმოიარობის გადასვლის პერიოდში ორი კვირის მანძილზე ტემპერატურა უნდა დაიწიოს 16-17 გრადუსამდე. იგი ზრდის მდედრობითი ნასკვის წარმოქმნას და მოსავლიანობას, აჩქარებს გვერდითი ნამხრევების განვითარებას. ამის შემდეგ ნასკვის გამოტანის გასაძლიერებლად 10-12 დღის მანძილზე ღამის ტემპერატურა 19 – 20 გრადუსის ფარგლებში უნდა იყოს. დაცული უნდა იქნას ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 75 – 80% – ის ფარგლებში.
მორწყვა. მოყვანის მთელი პერიოდის მანძილზე მცენარეს ესაჭიროება წყალი. ნიადაგის ტენიანობის ოპტიმალური ზღვარია 80-85%. წყლის ხარჯვა დამოკიდებულია მცენარის განვითარებაზე, ამინდის პირობებზე, აორთქლების კოეფიციენტზე, მოყვანის პერიოდზე, მორწყვის მეთოდზე. მაღალეფექტიანია წვეთოვანი მორწყვა, წყალთან ერთად მცენარეს კვების პროგრამის მიხედვით მიეწოდება საკვები.
კვება. ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე 20-30 კგ მოსავლის მისაღებად კიტრის მცენარეს 1 ჰა-ზე ესაჭიროება აზოტი 600-750, ფოსფორი 200-320, კალიუმი 800-1000, კალციუმი 600, მაგნიუმი 90-110კგ (მოქმედი ნივთიერება).
მიღწეული უნდა იქნას მცენარის კვების ოპტიმალური ბალანსი. შესატანი სასუქების ნორმების გაანგარიშება მოხდება სუბსტრატის ანალიზის და მისაღები პროდუქციის რაოდენობიდან. ფოსფორიანი სასუქები და ნაწილი აზოტიანი სასუქისა შეიტანება სათბურის ექსპლოატაციის დაწყებისას. კალიუმი კი – უშუალოდ გადარგვის წინ. შესატანი საკვები ელემენტების 30% დარჩება გამოკვებისათვის. მათი შეტანა უშუალოდ მორწყვით მოხდება. კალიუმის და შესათვისებელი კალციუმის შეფარდება ნიადაგში უნდა იყოს 1:1,2-თან. ოპტიმალურია Ph=6,0-6,5. გრუნტში მოყვანისას სასუქების 4-5 კვირიანი ნორმა შეიტანება ძირითადი შეტანისას, ხოლო გადარგვიდან 5 კვირის შემდეგ დაიწყება მცენარის გამოკვება მორწყვის პარალელურად. მაღალეფექტიანია მცენარეების ფესვგარეშე გამოკვება ფოთლოვანი სასუქებით. ამ დროს ნიადაგიდან საკვების შეთვისებას (20-30%) ემატება შეთვისება 15%. იზრდება მოსავლიანობა და პროდუქციის სასაქონლო ხარისხი.
პართენოკარპიული ჰიბრიდების ფორმირება ზამთარ-გაზაფხულის ბრუნვაში.
მცენარეების ფორმირება იწყება ქვემოდან 5-7 მუხლის ზონაში ფოთლის იღლიიდან განვითარებული ყველა ნამხარის და მდედრობითი ყვავილების შეცლით. შემდეგ ეტაპზე მცენარის სიმაღლის ნახევრამდე ძირითად ღეროზე განვითარებული ნამხარი წაიჩმიტება ორ ფოთოლზე, ზემოთ — სამ ფოთოლზე. როცა მცენარე მიაღწევს შპალერს და ზემოთა მავთულზე შემოეხვევა წვერო წაიჩმიტება 4-5 ფოთლის შემდეგ და მავთულზე დამაგრდება. ბოლო ფოთლის იღლიიდან განვითარებული ლართხები ქვემოთ ჩამოეშვება და წაიჩმიტება ნიადაგის ზედაპირიდან ერთი მეტრის სიმაღლემდე. ზოგჯერ საჭირო ხდება ნაყოფების ნორმირებაც. ხშირი ღრუბლიანი ამინდების დროს ვეგეტაციის პირველ პერიოდში 9-11 მუხლამდე ხდება ყველა მდედრობითი ყვავილების შეცლა.
ფუტკრით დამამტვერიანებელი ჰიბრიდების ფორმირება ზამთარ-გაზაფხულის ბრუნვაში. ფორმირების დროს ქვემოდან 4-5 მუხლზე ხდება ყველა მდედრობითი ყვავილების და გვერდითი ნამხრევის შეცლა. შემდეგ ეტაპზე მცენარის სიმაღლის ნახევრამდე ძირითად ღეროზე განვითარებული ნამხარი წაიჩმიტება ორ ფოთოლზე, ზემოთ — სამ ფოთოლზე. როცა მცენარე მიაღწევს შპალერს და ზემოთა მავთულზე შემოეხვევა წვერო წაიჩმიტება 3-5 ფოთლის შემდეგ და მავთულზე დამაგრდება. ბოლო ფოთლის იღლიიდან წამოსული ერთი ნამხარი ქვემოთ დაეშვება და საბოლოოდ წაიჩმიტება ნიადაგის ზედაპირიდან ერთი მეტრი საშორებით. ნაყოფების ნორმირება არ ხდება და გვერდითი ნამხრევების რაოდენობა არ იზღუდება. გრძელი ბრუნვისას მცენარეზე რჩება მეორე რიგის ნამხარიც, რომლებიც წაიჩმიტება 1-2 ფოთოლზე.
დამამტვერიანებელი მცენარეების ფორმირებისას ძირითად ყლორტზე 4-5 ფოთლის იღლიაში ხდება ყველა მდედრობითი ყვავილების და გვერდითი ნამხარის შეცლა. შემდგომ გვერდითი ნამხარი წაიჩმიტება 2-3 ფოთოლში, ზედა იარუსზე კი — 3-5 ფოთოლში. ძირითადი ყლორტი მავთულზე შემოეხვევა, ქვემოთ დაეშვება და ნიადაგის ზედაპირიდან 80 – 100 სმ სიმაღლემდე წაიჩმიტება.
კიტრს არ უყვარს სასუქების მაღალი ნორმები. მცენარე გამოიკვებება ხშირად და სასუქების მცირე ნორმებით, უმჯობესია სასუქების სხვადასხვა ფორმების მონაცვლეობა;
ჰაერის გადაჭარბებული ტენიანობა. ამ დროს უარესდება დამტვერვა, იწყება ყვავილების ინტენსიური ცვენა, ვითარდება ფესვის სიდამპლე. მორწყვისა და გამოკვების შემდეგ აუცილებელია სათბურის კარგი განიავება;
ორპირი გამჭოლი ქარი. სათბურებსა და ორანჟერიებში დაუშვებელია ერთდროულად მოპირდაპირე კარების და ფანჯრების გახსნა;
ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა. სათბურებში როცა დღისით ტემპერატურა 25-35 გრადუსია, ღამით კი 12-150C გრადუსამდე დავარდება პოლიეთილენის ფირზე მიიღება კონდენსატი (ნამი), რის გამოც მცენარეზე ვითარდება სიდამპლის გამომწვევი პათოგენები და იწყება ყვავილების ინტენსიური ცვენა;
ნაყოფის დაგვიანებული კრეფა. ამ დროს ჩერდება ან ძალიან ცუდად მიმდინარეობს ახლად გამონასკვული ნაყოფების ზრდა და მცირდება მოსავლიანობა.
მავნე ორგანიზმების კონტროლი. მავნე ორგანიზმების მონიტორინგი ხორციელდება: სქესმჭერებით, სხვადასხვა ფერის წებოვანი დამჭერებით, ინსექტიციდებით, აკარიციდებით და ფუნგიციდებით.
ნუგზარ შენგელია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,
ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“