აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკები

ნიადაგის მინიმალური დამუშავება მიწათმოქმედების მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

ნიადაგის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებს ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მიწის ხარისხი და პროდუქტიულობა უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ყოველი ახალი ტექნოლოგია, რომელიც არ არის ტრადიციული საქართველოსათვის, საჭიროებს ფერმერთა ცნობიერების ამაღლებას ამ ტექნოლოგიის მნიშვნელობაზე წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიის შემცირების კუთხით.

საქართველოს აგრარული პოლიტიკის კონცეფციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს უკავია 69,7 კვ.კმ., ანუ დაახლოებით 7,0 მილიონი ჰა ფართობი; აქედან დაბლობზე მოდის 13% ანუ 910 ათასი ჰა, მთის წინა ზოლზე — 33,4% ანუ 2 მლ 338 ათასი ჰა, მთაზე — 53,6% ანუ 3 მლ 752 ათასი ჰა. ამრიგად, საქართველოს მთლიანი ფართობის 46,4% ანუ 3 მლ 248 ათასი ჰა. გამოიყენება სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისათვის, საიდანაც 0,8 მლ. ჰა არის სახნავი.

როგორც სტატისტიკიდან ჩანს, საქართველოს ტერიტორიის ნახევარზე მეტი მთებს, გორაკებს, ბორცვებს უჭირავს. მესამედი — მთისწინებს და მხოლოდ მეათედზე ოდნავ მეტი- ვაკეს. რთული და დიდქანობიანი რელიეფი, სხვა ისეთ ფაქტორებთან ერთად როგორიცაა: ნალექების საკმაოდ დიდი რაოდენობა და მაღალი ინტენსივობა, ბუნების ხშირი ჭირვეულობა, ათეული წლების განმავლობაში გაბატონებული უყაირათო დამოკიდებულება მიწისადმი, წარმოადგენს იმ ძირითად მიზეზებს, რომელთა გამოც საქართველოში ნიადაგის ეროზია ფართოდაა გავრცელებული, ანუ ნიადაგის ზედაპირის დაშლა, გადაადგილება და დაკარგვა წყლის ან ქარის ზემოქმედებით მსოფლიოს წინაშე მდგარ ეკოლოგიურ პრობლემათა შორის ეროზიას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ასიათასობით წელი დასჭირდა ბუნებას, რომ დედამიწის ზედაპირზე ნაყოფიერი ნიადაგი, ჩვენი მარჩენალი მიწა, კაცობრიობის ერთ-ერთი უპირველესი სიმდიდრე შექმნილიყო. მისი დაცვა, გაფრთხილება და მომავალი თაობებისათვის შენარჩუნება, ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მსოფლიოში მოსავლიანობის საგრძნობი მატების მიუხედავად, რაც ძირითადად ჰერბიციდების, სასუქების, მოწინავე აგროტექნიკის, თანამედროვე სამელიორაციო სისტემებისა და მაღალეფექტიანი ჯიშების გამოყენებითაა განპირობებული, ბევრ რეგიონში მცირდება ნიადაგის ნაყოფიერება, რისი უმთავრესი მიზეზი ნიადაგის ეროზიაა. უკვე მრავალი საუკუნეა რაც კაცობრიობა ნიადაგის ეროზიის შედეგად მნიშვნელოვან ზარალს განიცდის. ამ ზარალმა ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად იმატა, მაგრამ მსოფლიოს მთელი რიგი ქვეყნების გამოცდილება და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში მიწათმოქმედების ნიადაგდამცავი სისტემის დანერგვის დადებითი შედეგები გვაიმედებს, რომ შესაძლებელია ეროზიული მოვლენების გავრცელების არეალისა და ინტენსივობის მნიშვნელოვნად შემცირება. ოღონდ, ამისათვის საჭიროა ქვეყნის მთელი ძალების მობილიზაცია და მიზანსწრაფული შრომა სათანადო ფინანსირებისა და გასატარებელ ღონისძიებათა სამეცნიერო-ტექნიკური უზრუნველყოფის პირობებში.

საქართველოს კანონის “ნიადაგის დაცვის შესახებ” მე-3 მუხლში აღნიშნულია, რომ ”ნიადაგის დაცვითი ღონისძიებები და საშუალებებია: გ) ეროზიისაგან ნიადაგის დაცვისათვის ორგანიზაციულ-სამეურნეო, აგროტექნიკური, სატყეო-სამელიორაციო, ჰიდროტექნიკური, ნიადაგდაცვითი ღონისძიებების კომპლექსური შერჩევა”; აგროტექნიკურ ღონისძიებებში კი უნდა ვიგულისხმოთ ნიადაგის დამუშავების თანამედროვე, რესურსდამზოგი სამანქანო ტექნოლოგიები, რომელთა შორის ერთ-ერთია ნიადაგის მინიმალური დამუშავება.

ეს ტექნოლოგია, უახლოეს წარსულში, ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო ფერმერებისათვის, რადგან ის გულისხმობს სრული ტექნოლოგიური ციკლის ერთი გავლით ჩატარებას, რომელიც დამოკიდებულია დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის და კონსტრუქციულად რთული მანქანა-იარაღების არსებობაზე მეურნეობაში, რაც ინდივიდუალური ფერმერისათვის პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა, ახლა სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს და ეს ტექნოლოგია ინდივიდუალური ან დამოუკიდებელი მცირე ფერმებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს.

ზემოთაღნიშნული მიზეზების გამო ნიადაგების დეგრადაციის პროცესი კატასტროფულ ფორმებს იღებს. ყოველწლიურად მსოფლიოში სამეურნეო მიზნებით გამოყენებას აკლდება 5 -7 მლ. ჰა სახნავი მიწის ფართობები, საიდანაც ფართობების 60% — წყლისმიერი ეროზიის შედეგად, ხოლო ქარისმიერი ეროზიის გამო — 40%. აღნიშნული მომენტი აიძულებს მიწათმოსარგებლეებს, რომ ნიადაგის დამუშავების ტექნოლოგიები ერთდროულად ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების ხასიათს ატარებდნენ.

ნიადაგის ეროზიის თავიდან აცილებისათვის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებაა ნიადაგის ხვნა ბელტის გადაბრუნების გარეშე ე.ი. არ ხდება ნაწვერალისათვის და ნიადაგის ქვედა ფენებისათვის ადგილის შეცვლა, არამედ მიმდინარეობს მათი ადგილზე ერთდროული გაფხვიერება.

აღნიშნული ტექნოლოგიით ნიადაგის დამუშავება არ არის ახალი. იგი ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს თეორიულად დაასაბუთა და პრაქტიკულად განახორციელა ცნობილმა რუსმა მეცნიერმა ივანე ოვსინსკომ, XX საუკუნის 30-იან წლებში ვოლგისპირეთში დაბალ სიღრმეებზე ნიადაგის დამუშავების ტექნოლოგია შეისწავლა და განახორციელა ნ. მ. ტულაიკოვმა; 1954 წლიდან ტ. მალცევი ნერგავს უფრთო გუთნებით ნიადაგის დამუშავებას აღმოსავლეთ ციმბირში. გასული საუკუნის 70 — 80-იან წლებში შექმნილი იყო და ფართოდ გამოიყენებოდა გუთნის გარეშე ნიადაგის დამუშავების ტექნოლოგიები და მანქანათა მთელი სისტემა რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში და სხვა ქვეყნებში, რომელთა საფუძველიც ა.ი. ბარაევის შრომები და მის მიერ დამუშავებული მეთოდიკები იყო.

ყველაზე უფრო ხშირად თანაწყობილ ოპერაციებს პრაქტიკაში იყენებენ ნიადაგის თესვისწინა დამუშავებისა და თესვისას. თეორიულად, ნათესის დამუშავების რიცხვი შეიძლება დავიყვანოთ ერთამდე — თესვამდე. პრაქტიკულად ნიადაგის დამუშავების რიცხვის ზღვრულამდე შემცირების იდეას მრავალ ქვეყანაში ემსახურება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიები კვალში, ღარში ან კორდზე პირდაპირი თესვის გამოყენებით, რომელიც საშუალებას იძლევა შემცირდეს საწარმოს დანახარჯები და ნიადაგის დანაკარგი ქარისმიერი ეროზიისაგან. მიწათმოქმედება პრაქტიკულად ნიადაგის დაუმუშავებლად („ნულოვანი დამუშავების” ფონზე) შესაძლებელია მხოლოდ რიგი პირობების შესრულებისას. პირველ ყოვლისა აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენება ყველაზე მისაღებია საკვები მარცვლეული კულტურების მოყვანისას. ამის გარდა, და ეს ყველაზე მთავარია, აღნიშნული ტექნოლოგიების გამოყენება მთლიანად დამოკიდებულია ჰერბიციდების გამოყენებაზე. აღნიშნული ტექნოლოგიის უპირატესობები შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: 1) მუშახელის ნაკლები რაოდენობა; 2) დროს დაზოგვა; 3) მანქანა-იარაღების ცვეთის შემცირება; 4) საწვავ-საცხები მასალების დაზოგვა; 5) სასოფლო-სამეურნეო კულტურების ხანგრძლივი (გრძელვადიანი) პროდუქტიულობის ზრდა; 6) წყლის ხარისხის გაუმჯობესება; 7) ნიადაგის ეროზიის შემცირება 8) ნიადაგის ტენტევადობის ამაღლება; 9) ნიადაგის ინფილტრაციის ამაღლება; 10) ნიადაგის გამკვრივების შემცირება; 11) ნიადაგის დამუშავების ხარისხის ამაღლება; 12) ცოცხალი ორგანიზმების დიდი რაოდენობა; 13) ნახშირორჟანგის ემისიის შემცირება; 14) ჰაერის დაბინძურების შემცირება.

აღნიშნული ტექნოლოგიით დასამუშავებელი მიწები საკმაოდ მრავლადაა აღმოსავლეთ საქართველოს ქარისმიერი ეროზიის გავრცელების ზონაში. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ნიადაგის მინიმალური დამუშავების ტექნოლოგიის დანერგვა ტექნიკურად პრობლემას არ წარმოადგენს. თუ უწინ ნიადაგის დამუშავების აღნიშნულ ტექნოლოგიას გამოყენება ჰქონდა პრაქტიკულად მხოლოდ დიდ ფართობებზე, დღეისათვის მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ფართობის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, ე.ი. დასამუშავებელი ფართობის ზომას პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.

მიწის დამუშავების ეს მეთოდი ტრადიციულად არ გამოიყენებოდა საქართველოში, ამიტომ მისი დანერგვისათვის თავდაპირველად საჭირო იქნება რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა ტიპის საპილოტე პროექტების განხორციელება და ფერმერებისათვის საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა. ამასთანავე საჭირო იქნება მიწათსარგებლობის საკანონმდებლო ბაზის გამკაცრება, რათა მიწის ექსპლოატაციის პროცესში მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა გადავიდეს მის მფლობელზე.

აღნიშნულ ტექნოლოგიას შესაძლებელია რეკომენდაციები მიეცეს აღმოსავლეთ საქართველოს შიდა ქართლის (გორის, კასპის, მცხეთის რაიონები), გარე კახეთის (გარდაბნის, საგარეჯოს, სიღნაღის რაიონები) და შირაქის (დედოფლისწყაროს რაიონი) რეგიონებში ნიადაგების დამუშავების დროს.

რეკომენდებული ტექნოლოგიით მკვეთრად შემცირდება ან მთლიანად აღიკვეთება ნიადაგის ეროზიის გამოვლინება სახნავ მიწებზე. შედეგად გაუმჯობესდება ნიადაგის ფიზიკური, ფიზიკურ-ქიმიური, ბიოლოგიური თვისებები. ამაღლდება ნიადაგის ბიოლოგიური აქტივობა, შესაბამისად მისი ნაყოფიერება. მოიმატებს მიღებული მოსავლის რაოდენობა 0.50-0.80 ტ/ჰა-ზე. შემცირდება მიღებული პროდუქციის თვითღირებულება.

ძირითადი ბარიერი, რომელიც ხელს უშლის ზემოთაღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვას საქართველოში, ის არის, რომ არ მიმდინარეობს მონიტორინგი იმ პარამეტრებზე, რომლებიც აუცილებელია ნიადაგის ეროზიულობის და სხვა სიდიდეების შესაფასებლად. ამგვარად, ამ სისტემის აწყობა დამატებით ხარჯებს მოითხოვს, რაც არ უნდა დააწვეს მძიმე ტვირთად მიწის მესაკუთრეებს, განსაკუთრებით მცირე ფერმების შემთხვევაში.

მინიმალური დამუშავების ტექნოლოგია არ წარმოადგენს ტრადიციულს საქართველოსათვის და არ არის გავრცელებული ბაზარზე. აუცილებელი იქნება ბაზრის უზრუნველყოფის რგოლის ჩამოყალიბება.

მოსახლეობის, ფერმერებისა და ადგილობრივი ხელმძღვანელობის ცნობიერების ამაღლება ამ ტექნოლოგიის ეკონომიკური ეფექტისა და კლიმატის ცვლილების ნეგატიური გავლენის შესაძლო გაძლიერების შესახებ უმნიშვნელოვანესია შემოთავაზებული ტექნოლოგიის დანერგვის და შემდგომ მისი მდგრადობის უზრუნველყოფის პროცესში.

საჭირო იქნება ადგილობრივი კადრების მომზადება-გადამზადება, რომლებიც მოემსახურებიან რესურსდამზოგი ტექნოლოგიების განხორციელებისათვის თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას.

ელგუჯა შაფაქიძე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ტექ. მეცნ. დოქტორი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“