აგროსიახლეები

შეხვედრა ახალქალაქში: ფერმერებს ქართული ხორბლის ენდემური სახეობები გააცნეს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში, მეხორბლე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ცენტრის მარცვლოვანი კულტურებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ფერმერებისთვის ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და მათი სპეციფიკური მახასიათებლების გაცნობა. როგორც აღინიშნა, ეს ჯიშები განსაკუთრებით კარგად ერგება სამცხე-ჯავახეთის რეგიონს და უდიდეს როლს ასრულებს აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებაში.

ფოკუსი გაკეთდა სერტიფიცირებული სათესლე მასალით ფერმერების უზრუნველყოფის საკითხზეც. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამცხე-ჯავახეთში სათესლე მასალის მწარმოებელი მეურნეობების შექმნის გეგმებს. ეს მეურნეობები დააკმაყოფილებენ ფერმერთა მოთხოვნებს ენდემური და ადგილობრივი ჯიშების სერტიფიცირებული სათესლე მასალის უზრუნველყოფის კუთხით. აღნიშნული თესლი დამზადდება სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ წარმოებული საბაზისო თესლის საფუძველზე.

ცენტრი, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს მარცვლოვანი კულტურების პირველადი მეთესლეობის განვითარებაზე, მომავალშიც გააგრძელებს ფერმერთა მხარდაჭერას. სანდო და ხარისხიანი სათესლე მასალის მიწოდება ხელს შეუწყობს ქართული ხორბლის ადგილობრივი ჯიშების ნათესი ფართობების გაფართოებას და მათი პოპულარიზაციას როგორც რეგიონულ, ისე ეროვნულ დონეზე.