შესაძლებელია თუ არა ვაშლის, მსხლის და სხვა ხეხილის „შავი კიბოსგან“ განკურნება?
შავი კიბო ვაშლის, მსხლისა და სხვა ხეხილოვანი კულტურების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა.
მგრძნობიარე ჯიშებს ამ დაავადებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს და მებაღე ეკონომიკურად მნიშვნელოვნად დააზარალოს.
როგორ ამოვიცნოთ დაავადება?
შავი კიბო აზიანებს ღეროს ქერქს, ტოტებს, ფოთლებს, ყვავილებსა და ნაყოფს. ქერქზე ჩნდება მოყავისფრო-იისფერი წრიული ლაქები, დაავადების საზღვარზე ქერქი სკდება, შავდება და ბზარების ქსელს წარმოქმნის. საბოლოოდ, ქერქი კვდება და ცვივა, მის ქვეშ კი გაშავებული მერქანი ჩანს.
დაავადება ხშირად ერევათ სხვა პათოლოგიებში, როგორიცაა მონილიოზი, ჩვეულებრივი (ევროპული) კიბო, ბაქტერიული დამწვრობა ან ციტოსპოროზი. მაგალითად, ბაქტერიული დამწვრობისას ხე „დამწვარი“ ჩანს, ხოლო ციტოსპოროზისას ქერქი ზედაპირზე ხორკლიანი ხდება.
მკურნალობა თუ გაკაფვა?
სანამ ხის მოჭრაზე მიიღებთ გადაწყვეტილებას, დარწმუნდით „დიაგნოზში“. თუ დაავადება დაადგინეთ, მოაცილეთ დაზიანებული ნაწილები და დაამუშვეთ ფუნგიციდებით. ხის მოჭრა მხოლოდ მაშინ არის აუცილებელი, როდესაც დაზიანება რგოლურია, ტოტები გამხმარი და ხე ნაყოფს აღარ იძლევა.
როგორ ჩავატაროთ „ქირურგიული“ ოპერაცია?
- დაზიანებული ქსოვილი უნდა მოიჭრას ჯანსაღ მერქნამდე. თუ ღერო რგოლურად არის დაზიანებული, ხის გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.
- ეს არის ინფექციის გადამტანი №1 ფაქტორი. სეკატორები და ხერხი უნდა იყოს სტერილური. დეზინფექცია ჩაატარეთ ყოველი ხის დამუშავების შემდეგ, ან როდესაც ავადმყოფი უბნიდან ჯანსაღზე გადადიხართ.
- მცირე ჭრილობებისთვის იდეალურია ბაღის მალამო, თიხის შემადგენლობები ან სპეციალური საღებავები ოლიფის საფუძველზე, რომლებიც ჭრილობას ტენისგან იზოლირებას უკეთებს.
- დაავადებული ტოტები, ქერქი და დაცვენილი ფოთლები აუცილებლად უნდა შეგროვდეს და დაიწვას.
პრევენცია და იმუნიტეტი
- პრეპარატები _ სოკო Sphaeropsis malorum-ის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანია სპილენძის შემცველი პრეპარატები (მაგ. სპილენძის სულფატი), რომლებსაც იყენებენ ხის მოსვენების პერიოდში (ადრე გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომაზე).
- ნიადაგის განოყიერება _ იმუნიტეტის გასაძლიერებლად აუცილებელია კალიუმის, აზოტისა და ფოსფორის ბალანსი.
- შეთეთრება _ ხის ტოტების შეთეთრება შემოდგომაზე იცავს მას მზის დამწვრობისა და ღამის ყინვებისგან, რაც ქერქის დაბზარვისა და ინფექციის შეჭრის პრევენციაა.
თუ მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, დაავადებული ხე უნდა ამოიძირკვოს და დაიწვას. ამ ადგილას ახალი ნერგის დარგვა დაუყოვნებლივ არ არის რეკომენდებული, უმჯობესია დაიცადოთ ორი წელი ან ახალი ხე ბაღის სხვა ნაწილში დარგოთ. ძველი, მძიმედ დაზიანებული ხეების მკურნალობას ხშირად ეკონომიკური აზრი არ აქვს; სჯობს, თანდათანობით შეცვალოთ ისინი სხვა, ამ დაავადებისადმი გამძლე ჯიშებით.
ანასტასია დანილოვა, აგრონომი,
მასალა მომზადებულია AGRO XXI-ის ექსკლუზიური მასალების საფუძველზე

