შიიტაკე და შამპინიონი – სოკოები, რომლებიც მომავლის ტექნიკას „აზროვნებას“ აიძულებენ
მომავლის სოფლის მეურნეობაში, სადაც თვითმათვადი ტრაქტორები, აგროდრონები და რობოტები დამოუკიდებლად მუშაობენ, მექანიკასთან ერთად ინტელექტს – „გონებას“, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ასეთი გონების საფუძვლად შესაძლოა ჩვეულებრივი საჭმელი სოკოები – შამპინიონი და შიიტაკე იქცეს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიოინჟინრების ჯგუფმა დაამტკიცა, რომ შამპინიონისა და შიიტაკეს ქსოვილებიდან შესაძლებელია ბიომემრისტორების შექმნა. ეს არის მეხსიერების ელემენტები, რომლებიც ინფორმაციას იმახსოვრებენ, სწავლობენ და რეაგირებენ, დაახლოებით ისე, როგორც ადამიანის ტვინის ნეირონები. განსხვავება ის არის, რომ ისინი ბუნებრივი, ორგანული მასალისგან მზადდება და გაცილებით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.
სოკოს ქსოვილში არსებული ჰიფები ერთმანეთთან ქმნის ბუნებრივ მიკროელექტრულ ქსელს. სწორედ ამ თვისებას იყენებენ მეცნიერები და გამომშრალ სოკოზე, მის სტრუქტურაზე სენსორებს და ორგანულ მიკროჩიპს აშენებენ, რომელსაც ელექტრული სიგნალების დამუშავება და დამახსოვრება შეუძლია.
ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ასეთი ბიომემრისტორები წამში მაღალი სიზუსტით ათასობით სიგნალს ამუშავებენ, რაც მცირე რობოტების, სენსორების ან აგროდრონების სამართავად საკმარისია.
განსაკუთრებით საინტერესო შედეგი მიიღეს მაშინ, როდესაც ერთ სისტემაში რამდენიმე სოკო გააერთიანეს: მიკროსქემამ „კოლექტიური სწავლა“ დაიწყო, ანუ გამოცდილების დაგროვების შედეგად გარემოზე რეაქცია გაუმჯობესდა. ეს უკვე ძალიან ჰგავს ცოცხალ ნერვულ ქსელს და ადასტურებს, რომ ბუნება თავად გვთავაზობს ინტელექტუალური ტექნოლოგიების მოდელს.
აგროტექნოლოგიებისთვის ამ აღმოჩენას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. სოკოზე დაფუძნებული ბიოჩიპები შეიძლება გამოყენებულ იქნეს თვითმავალი ტრაქტორების სამართავად, მინდვრის მონიტორინგის სისტემებში, სათბურების ავტომატიზაციაში. ასეთი სისტემები ენერგოეფექტიანია, ანუ ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, გარემოს ცვლილებაზე რეალურ დროში რეაგირებს და ეკოლოგიურად სუფთაა, რადგან არ საჭიროებს იშვიათ მეტალებსა და რთულ ქარხნულ პროცედურებს.
შიიტაკეს ნახშირბადოვანი სტრუქტურა განსაკუთრებით გამტარია და შეუძლია იაფად შეიქმნას მეხსიერების მოდულები, ხოლო შამპინიონი თავისი დიდი ზედაპირის გამო პერსპექტიულია ენერგიის დაგროვებისა და შენახვისათვის.
მეცნიერების თქმით, სოკოს „ქცევის“ დაპროგრამებაც შესაძლებელია ისე, რომ ის რეაგირებდეს ტენიანობაზე, ტემპერატურასა და სინათლეზე, იმ ფაქტორებზე, რომლებიც ფერმერისთვის ყოველდღიურ პრაქტიკაში უმნიშვნელოვანესია.
შამპინიონი და შიიტაკე დღეს უკვე მხოლოდ სასურსათო პროდუქტი აღარ არის. ისინი ნელ-ნელა იქცევა ცოცხალ ტექნოლოგიად, რომელსაც შეუძლია მართოს, დაიმახსოვროს და ისწავლოს.
ეს მაგალითიც ცხადყოფს, რომ მომავლის სოფლის მეურნეობა აღარ იქნება დამოკიდებული მხოლოდ რკინასა და საწვავზე, არამედ ის გადაიქცევა ბიოელექტრონულ ეკოსისტემად, სადაც ბუნება თავად ხდება ინჟინერი და ფერმერის მთავარი მოკავშირე.
წყარო: The Ohio State University

