შხამქიმიკატებისა და გარემოს არასასურველი ფაქტორებისგან ფუტკრის დაცვა
სასოფლო _ სამეურნეო წარმოებაში პესტიციდების გამოყენება მცენარისა და ცხოველის დაავადებების წინააღმდეგ ისევე აუცილებელი და მნიშვნელოვანია, როგორც სხვა აგროტექნიკური ღონისძიებები (რწყვა, ნიადაგში სასუქების შეტანა, კულტივაცია და სხვა). ამასთან ერთად, პესტიციდების გამოყენებას თან ახლავს სასარგებლო ენტომოფაუნის შემცირება ან მოსპობა, ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქტებით პროდუქტების დაბინძურება.
ამ სტატიაში მკითხველი გაეცნობა პესტიციდების გამოყენების სხვადასხვა ფორმას, ფუტკარზე მათი ზემოქმედების შესაძლო შედეგებს და ამ ნივთიერებებისგან ფუტკრის დაცვის ღონისძიებებს, აგრეთვე სხვა, ბუნებრივი ტოქსინების გავლენას.
ფუტკრის მოწამვლა პესტიციდების გამოყენებით უმთავრესად ამ უკანასკნელთა გამოყენების წესების უხეში დარღვევის შედეგია:
ა) მეფუტკრე ინფორმირებული არ არის პესტიციდების გამოყენების შესახებ;
ბ) პესტიციდები გამოიყენება დღისით, ფუტკრის ფრენის პერიოდში;
გ) პესტიციდებით სასოფლო-სამეურნეო მცენარეებს ამუშავებენ მათი ყვავილობის პერიოდში.
არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც- თუ საფუტკრის სიახლოვეს ქარმა არამოყვავილე მცენარეთა ფართობიდან პესტიციდი გადაიტანა თაფლოვან მცენარეთა მასივზე, ან პესტიციდით დამუშავება განხორციელდა ავიაციის მეშვეობით, ან როცა ძნელია პრეპარატის შეკავება ზუსტად დასამუშავებელ ფართობზე.
ფუტკრისთვის ყველაზე საშიშია საკვებთან და წყალთან ერთად სხეულში მოხვედრილი (ალიმენტარული მოწამვლა), ან სხეულის ზედაპირზე შეფრქვეული (კონტაქტური მოწამვლა) პესტიციდი. ამასთან ერთად, არსებობს სასუნთქ სისტემაში პესტიციდის მოხვედრის (შესუნთქული ჰაერი) საშიშროებაც.
პესტიციდების გამოყენების უკიდურესი აუცილებლობის გამო მეცნიერთა კვლევისა და სოფლის მეურნეობის მმართველი ორგანოების საქმიანობისადმი ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა ის არის, რომ ახლადშექმნილი პერსპექტიული პრეპარატის ტოქსიკურობა მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს. აშშ-ში გავრცელებული 302 პესტიციდიდან ფუტკრისთვის მაღალტოქსიკური აღმოჩნდა 29% (ატკინს ეტ ალ.,1981), 10% იყო ზომიერი ტოქსიკურობის მქონე; 61% არ იყო ტოქსიკური, ან იყო უმნიშვნელო ტოქსიკურობის მატარებელი. ამ პერიოდისათვის პრეპარატების 25% უფრო ნაკლებად ტოქსიკური აღმოჩნდა, ვიდრე 15 წლით ადრე.
მოწამვლის ნიშნები
სკაზე შეინიშნება დაბინძურება ფუტკრის ფეკალით, მის სიახლოვეს _ მკვდარი ან სკიდან გამომავალი მომაკვდავი ფუტკრები. ოჯახები ძლიერ სუსტდება, ნექტარსა და ყვავილის მტვერს ვეღარ აგროვებენ. ძლიერი მოწამვლისას ფუტკარი ძირითადად მინდორშივე ან გზაში იღუპება. თუ მოასწრო სკაში საკვებისა და წყლის მოტანა, აქ დაიღუპება ძიძა ფუტკარი, აგრეთვე დედა ფუტკარი და ბარტყი. თუ ფუტკარმა მოწამლული ყვავილის მტვერი მარაგად შეინახა, აღინიშნება მოწამვლის ნიშნები მომდევნო გაზაფხულზეც, პესტიციდებით მცენარეთა დამუშავებამდე.
დიაგნოზი გარეგნული ნიშნების მიხედვით
მასობრივი დაღუპვა ფუტკრის, რომელიც გროვად დევს სკასთან;
შუა ნაწლავის შემცირება სიგრძეში;
გამჭვირვალე სითხე შიგნით და ფერის შეცვლა.
მუშა ფუტკრის ნაწლავები
ზედა შუა ნაწლავი, შუაში წვრილი, ქვედა უკანა ნაწლავი მუცლის ბოლო სეგმენტით და ნესტრით:
1 ჯანსაღი ფუტკრის ნაწლავები;
2 ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის შემდეგშუა ნაწლავი დამოკლებულია, მკვდარი, თითქმის ცარიელი;
3 მტვრული ტოქსიკოზის დროს ნაწლავები ყვითელ_სტაფილოსფერია;
4 მანანა თაფლით მოწამლული ნაწლავები მოლურჯო_შავია.
ზუსტი დიაგნოზისთვის ფუტკრის, თაფლისა და ჭეოს ნიმუშები იგზავნება ვეტლაბორატორიაში: ფუტკარი ახალდაღუპული ან მომაკვდავი _ 400_500 ცალი, ღია თაფლი _ 200 გ, ჭეო _ 50 გ, საფუტკრის სიახლოვეს მზარდი მცენარეების მწვანე მასა _ 100_200 გ. ნიმუშებს თან ატანენ წერილს, რომელშიც აღინიშნება: გამოყენებული იყო თუ არა ამ პერიოდში საფუტკრის სიახლოვეს პესტიციდი და მისი სახეობა.
მოწამლული ფუტკრის დახმარება
თუ დიაგნოზმა ფუტკრის მოწამვლა დაადასტურა, ფუტკრის ოჯახებს ბუდეს შეუმჭიდროვებენ და დაათბუნებენ. ფიჭებს, რომელშიც ახალმოტანილი ნექტარია ჩასხმული, ამოაცლიან. თუ ბარტყის მოწამვლასაც შენიშნავენ, ფიჭები, ახალმოტანილი ჭეოთი ამოეცლება. ფუტკარს ეძლევა შაქრის თბილი სიროფი (წყლისა და შაქრის შეფარდებით 2:1 ან 3:1) 3-4-ჯერ, თითოეულ მიცემაზე 500_600 გრამი. რამდენიმე დღის შემდეგ ბუდეს კიდევ შეუმჭიდროვებენ. თუ ოჯახში ფუტკრის 70-80% დაიღუპა, მათ შორის დედა ფუტკარიც, ოჯახს აუქმებენ სხვასთან შეერთებით. სკიდან ამოღებული თაფლის გამოყენება მაშინ შეიძლება, როცა მასში ვეტლაბორატორიის დასკვნით პესტიციდის ნაშთები არ აღმოჩნდება.
გამოთავისუფლებულ სკებს წმენდენ, რეცხავენ 2%-იანი ტუტის ხსნარით, შემდეგ წყლით, გამოწვავენ სარჩილავი ლამპის ალით მსუბუქ შერუჯვამდე.
პესტიციდებისგან ფუტკრის დაცვის ღონისძიებები. დადგენილი წესით პესტიციდებით მცენარეთა დამუშავება უნდა მოხდეს წინასწარ შემუშავებული გრაფიკით, რომლის გაცნობა მეფუტკრისთვის აუცილებელია აქტიური სეზონის დაწყებამდე, კერძოდ:
დაუშვებელია თაფლოვანი მცენარეების დამუშავება პესტიციდებით ყვავილობის პერიოდში. თუ მაინც შეიქმნა ამის საჭიროება, გამოიყენება ყველაზე ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატები. ქარის სიჩქარე დამუშავების სახეობათა მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს 2-4 მ/წმ. მცენარეთა ქიმიური დამუშავების შესახებ მეფუტკრემ წერილობითი შეტყობინება უნდა მიიღოს არანაკლებ 3 დღით ადრე. მასში მიეთითება: დამუშავების ზუსტი დრო, ტერიტორია, დასამუშავებელი მცენარის სახეობა, პრეპარატის სახეობა, მისი გამოყენების ფორმა და მეთოდი, აგრეთვე ვადა, რომლის განმავლობაში საფუტკრე შეიძლება სხვაგან გადაიტანონ, ან ფუტკარი ჩაიკეტოს.
თავის მხრივ მეფუტკრე აფრთხილებს ადგილობრივ ხელისუფლებას და ნაკვეთის მფლობელს საფუტკრის ადგილმდებარეობის თაობაზე. ფუტკრის დაცვის სპეციალური ღონისძიებები:
ა) საფუტკრის გადატანა აუცილებელია, თუ გამოყენებული პესტიციდის მოქმედების ხანგრძლივობა დიდია, ან შეუძლებელია ფუტკრის იზოლირება საჭირო მოწყობილობის არქონის გამო. საფუტკრეს ასეთ შემთხვევაში გადაიტანენ არანაკლებ 5 კმ მანძილზე.
ბ) ფუტკრის იზოლირება შეიძლება, თუ პესტიციდის დეტოქსიკაციისათვის დრო დიდი არ არის. ასეთ შემთხვევაში ფუტკარი უზრუნველყოფილი უნდა იყოს:
1) საკვების (ნახშირწყლოვანი და ყვავილის მტვერი) მარაგით;
2) ბუდეში ვენტილაციის საშუალებით;
3) დარწყულების შესაძლებლობით.
ფუტკრის იზოლირება შეიძლება
_ სამთაბარო ბადით, რომელსაც სკას ადებენ ზემოდან. იგი წარმოადგენს ხის ჩარჩოს ზემოდან გადაკრული მავთულბადით (უჯრედების ზომა 2,5ხ2,5 სმ). ჩარჩოს აქვს შიგა ნარიმანდი, რითაც იგი სკის კორპუსს მჭიდროდ ეხურება. მცენარეთა დამუშავებიდან 1 დღით ადრე სამთაბარო ბადე დაედება სკის კორპუსს ან საკუჭნაოს. დამუშავების დღეს (ადრე დილიდან) საფრენი იკეტება ხის თამასით, სამთაბარო ბადეს დააფარებენ ტილოს, მისაფრენ ფიცარს დააყრიან ბალახს, რომ პესტიციდი მასზე არ მოხვდეს. დამუშავების შემდეგ სკის წინა კედელი და მისაფრენი ფიცარი ირეცხება წყლით. ცხელ ამინდში ფუტკარს ეძლევა წყალი (1,5 ლ-მდე დღე-ღამეში), სამთაბარო ბადესა და სკის სახურავს შორის ხის თამასებს (1-2 სმ სისქით) დებენ ვენტილაციის გასაძლიერებლად. ღამით საფრენები შეიძლება გაიღოს. სკას ზემოდან აყრიან ბალახს ან ხის ტოტებს, რომ არ გადახურდეს.
_ სკის ძირიდან უსინათლო ვენტილაციით (ვ. სტეფანიშვილის მეთოდი): სკის ძირზე იჭრება ხვრელი, რომელსაც ქვედა მხრიდან უკეთდება ყრუ სახურავი ანჯამებზე. ეს უკანასკნელი დამუშავების დროს ქვემოთ ჩამოიწევა და მის ნაცვლად სპეციალურად გაკეთებულ მავთულბადიან ჩარჩოს მოარგებენ ხვრელს. იზოლაციის დამთავრების შემდეგ ამ ჩარჩოს ამოაცლიან და ისევ ხის სახურავს გამოიყენებენ.
ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში, ფუტკრის იზოლირება უფრო ხანგრძლივი ვადით მოხდეს. ამას ხელს უწყობს ბუდეში სინათლის შეუღწევადობა. იზოლირების დროს ფუტკარმა საკვების გარდა წყალი უნდა მიიღოს სამთაბარო ბადიდან, პატრუქის მეშვეობით. ამავე პერიოდში ფუტკარს ზემოდან სათბუნებელ მასალას აცლიან.
პესტიციდებით მოწამლული ყვავილის მტვრის მოტანის შეზღუდვა შეიძლება მტვერდამჭერის გამოყენებით. იგი თავიდან გვაცილებს ძიძა ფუტკრებისა და ბარტყის დაღუპვას. მტვერდამჭერს აყენებენ მისაფრენ ფიცარზე. მტვერდამჭერ ფირფიტას უნდა ჰქონდეს 5 მმ დიამეტრის ნახვრეტები. თუ საფუტკრის სამოქმედო ზონაში მცენარეთა დამუშავება პესტიციდებით ხშირია, მტვერდამჭერი სკაზე შეიძლება მუდმივად იყოს.
პესტიციდების დეტოქსიკაციის ვადები. ჩვენს ქვეყანაში ეს საკითხი საკმაოდ დეტალურადაა შესწავლილი ვ.სტეფანიშვილის (2010) მიერ, რომელმაც შემოგვთავაზა ფუტკრის იზოლაციის ხანგრძლივობის (დღეები) ნორმები გამოყენებული პესტიციდის სახეობის მიხედვით. მათი დაცვა
სავალდებულოა საფუტკრის უსაფრთხოებისათვის.
საქართველოში პესტიციდების დეტოქსიკაციის ვადები (დღეები) ვ. სტეფანიშვილის მიხედვით:
ინსექტიციდებისა და აკარიციდებისა: აქტელიკისა_2; ანთიოსი_5; დეცისისა_2; კარატესი_2-3; კარბოფოსისა_3; ლებაი–ციდისა_4; როვიკურტისა_3-4; სუმიალ- ფასი- 6; სუმიციდინისა_2-3; ფოზა-ლონისა (ბენზოფოსფატი)_2; ფოსფამიდისა_(ბი-58)_3-4; ციანოკ-სისა_3-4;
სპეციფიკური აკარიციდების: მავრიკის, მიტაკისა და ნისორანის გამოყენებისას ფუტკრის იზოლირება საჭირო არ არის.
ფუნგიციდებისა: ბენომილის შემთხვე-ვაში_1 დღე, ბორდოს სითხისა_4-5 საათი; ეუპარენისა და ტოფსინის გამოყენებისას ფუტკრის იზოლირება საჭირო არ არის.
ჰერბიციდებისა: ატრაზინის, ბეტანა-ლის, ტრეფლანის გამოყენებისას_2 დღე, რეგლონის, დიალენ_2,4 დ ამინის მარილისა და 2,4_დ-ბუთილის ეთერის შემთხვევაში _ 4-5 საათი. ბაზაგრანი, ზენკორი, რაუნდაპი, ნაბუ ფუტკრისათვის საშიშნი არ არიან.
ფუტკრის მოწამვლა ყვავილის მტვრით ხდება შხამიანი მცენარეებიდან ფუტკრის მიერ შეგროვებული ყვავილის მტვრით. საქართველოში ასეთ მცენარეებია: შქერი, იელი, ტილჭირი, ბუერა, ბაია, წყლის იელი, შხამა და სხვა.
ა) იელი დაავადება ჩნდება ფუტკრის ოჯახში დიდი რაოდენობით თავღია ბარტყის არსებობის პირობებში და წყლის ბალანსის დარღვევისას (ვ. სტეფანიშვილი, 2012). ატკინს-ს (2010) მიაჩნია, რომ შხამიანი მცენარეებიდან მიღებული თაფლი ტოქსიკური არ არის, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ კარაკა მცენარიდან ნექტარი ძალიან ტოქსიკურია ფუტკრისათვის და ეს თვისება ქრება 9-დან 26 კვირამდე თაფლის შენახვის შემდეგ. თაფლოვანი მცენარეების მრავალ სახეობათაგან მხოლოდ ზოგიერთი გამოყოფს ტოქსიკურ ნექტარს და ყვავილის მტვერს:
ბ) ტოქსიკური სურო აშშ-ში – ცხენისწაბლი, შავი ძაღლყურძენა, აბრეშუმა, ასტრაგალი, მთის დაფნა, დასავლეთის ცრუ შხამა, ყვითელი იასამანი, ასფურცელა, როდო დენდრონები; რუსეთში – შხამა, ლენ-ცოფა, რომელიც შეიცავს ძლიერ ტოქსინს (Шагинян,1956); უნგრეთში – ძაღლყურძენა, დანიაში _ ცხენისწაბლი; ახალ ზელანდიაში _ მცენარე ტუტუს მიერ გამოყოფილი მანანა და ა.შ. ამ მცენარეთაგან გამოყოფილი ტოქსინებიდან აღსანიშნავია: მიზეროტოქსინი, სკოპოლამინი, გელსემინი, გრაიანოტოქსინი, ანდრომედოტოქსინი. პიროლიზიდინის ალკალოიდი, ტუტინი და სხვ.
ნაშრომის ავტორის გამოცდილებიდან გამომდინარე, ზოგიერთი ტოქსიკური (მათრობელა) თაფლის სახეობა (ტილჭირის, შქერის) ჩვეულებრივ პირობებში შენახვისას მყარად ინარჩუნებს ტოქსიკურობას (რამდენიმე წლის განმავლობაში).
ამ ტოქსინების საერთო თვისებაა თვითდაშლა გარკვეულ პერიოდში ან აქროლადობა (წყლის) ორთქლთან ერთად, რაზეც დამყარებულია ასეთი თაფლის გაუვნებლების ხერხი.
დაავადების ნიშნები. შეინიშნება მუშა ფუტკარზე გადიდებული მუცელი, ფუტკარს ფრენა არ შეუძლია, ნაწლავები გადავსებულია ყვავილის მტვრით. უკანა ნაწლავი მკვეთრად დიდდება, ყვითელსტაფილოსფერია. ფუტკარი იღუპება სკის სიახლოვეს.
~ დიაგნოსტიკის მეთოდი შემუშავებული არ არის
ბრძოლის მეთოდი. ფუტკარს ეძლევა შაქრის თხელი სიროფი წყლისა და შაქრის ურთიერთშეფარდებით 2:1 და საფუტკრე გადააქვთ სხვა თაფლოვან მცენარეთა მასივზე.
ფუტკრის მოწამვლა მანანა თაფლით შეინიშნება ზამთრობის პერიოდში, საკვები თაფლის მარაგში მანანას მნიშვნელოვანი შემცველობის დროს.
დაავადების ნიშნები
საფუტკრეში ჩნდება ფაღარათის ნიშნები;
დასვრილია სკის კედლები, ფიჭები, მისაფრენი ფიცარი, ბევრია დახოცილი ფუტკარი სკის ძირსა და საფრენის სიახლოვეს;
ფუტკრის შუა ნაწლავი მოლურჯო-შავია და ადვილად იხევა.
დიაგნოზისათვის ლაბორატორიაში იგზავნება 50-100 გ თაფლის ნიმუში ფიჭის სხვადასხვა ნაწილებიდან და მკვდარი ფუტკრის ნიმუშები ნოზემატოზზე გამოსაკვლევად, რომელიც ხშირად თან ახლავს მანანა ტოქსიკოზს.
პროფილაქტიკა და ბრძოლის მეთოდი
შემოდგომაზე გამოიკვლევენ სამარაგო თაფლში მანანას შემცველობას ერთ-ერთი ქვემოთ დასახელებული მეთოდით: სპირტიანი რეაქცია, კირწყლის გამოყენება, რეაქცია ძმარმჟავა ტყვიაზე. გამოსაკვლევ არეში ჩნდება ნალექი დექსტრინების დალექვის შედეგად, რაც მიუთითებს თაფლში მანანას შემცველობაზე. სამარაგო თაფლი იცვლება ინვერსიული სიროფით, რომელსაც ამზადებენ შაქრის 66%-იან წყალხსნარზე ფერმენტ ინვერტაზას დამატებით. ზამთრობის წინ საფუტკრე ეწყობა თბილ, მზიან ადგილას, რომ ფუტკარს შეეძლოს პერიოდულად გარეთ გამოფრენა და ნაწლავების გასუფთავება. ნოზემატოზის წინააღმდეგ გამოიყენება პრეპარატები ფუმაგილინი, ან ფუმიდილ ბ თანდართული ინსტრუქციის შესაბამისად.
ფუტკარზე ელექტრომაგნიტური ველის უარყოფითი ზეგავლენა შეინიშნება მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებთან საფუტკრის განლაგების დროს (110-765 ვ/მ).
კლინიკური ნიშნები
ბარტყის გაზრდილი სიკვდილიანობა, ფუტკარი აგრესიული ხდება, თავს ესხმიან როგორც ერთმანეთს, ისე ადამიანს და ცხოველებს, მცირდება სკაში საკვების მოტანა, ზოგჯერ სკაში იღუპება დედა ფუტკარი, სადედეების ჩამოშენება არ ხდება, იზრდება საკვების მოხმარება. ცალკეული ოჯახები საფრენს დინდგელით ავსებენ და იღუპებიან.
პროფილაქტიკა
საფუტკრე უნდა მოეწყოს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზთან არა უახლოეს 200 მ-სა.
„მეფუტკრეობა“
გიორგი მაძღარაშვილი