შრომის უსაფრთხოება, ფუტკრისა და გარემოს დაცვა

უსაფრთხოება ფუტკართან მუშაობისას, პროდუქტების წარმოებისა და დამუშავების პროცესში პროცესში

 საფუტკრისა და ფუტკრის პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოში გამართული მუშაობისთვის დაცული უნდა იქნას უსაფრთხოების დადგენილი წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია მძიმე გართულებები, მომსახურე პერსონალის დასახიჩრება და სიკვდილიც კი. ამ ქვეთავში მკითხველი გაეცნობა შრომის უსაფრთხოების წესებს ფუტკართან მუშაობის დროს (მოვლა, მთაბარობა, დამუშავება დაავადებების წინააღმდეგ, პროდუქტების წარმოება და პირველადი დამუშავება).

  შრომის უსაფრთხოება ფუტკართან მუშაობისას

_ ფუტკარს ძალიან აღიზიანებს მკვეთრი სუნის მქონე ნივთიერებები: კოსმეტიკური მალამოები, სუნამო, ოდეკოლონი, ოფლი, ალკოჰოლი, თამბაქო, ნავთობპროდუქტები და სხვა;

_ ფუტკარი განსაკუთრებით აგრესიული ხდება, თუ დასათვალიერებლად სკას გახსნით საღამოს, ქარისა და უამინდობის პირობებში;

_ განსაკუთრებულ სიავეს იჩენს ფუტკარი თავისი შხამის სუნზე;

ფუტკართან მუშაობისას მეფუტკრემ ყურადღება უნდა მიაქციოს:

_ სამუშაოს დაწყებამდე არ გამოიყენოს მკვეთრი სუნის მქონე ნივთიერებები;

_ დაიცვას პირადი ჰიგიენა (სხეულის სისუფთავე), არ მივიდეს ფუტკართან ნასვამ მდგომარეობაში, არ გამოიყენოს ნავთობპროდუქტებით დასვრილი ტანსაცმელი;

_ არ ჩაიცვას საფუტკრეში სამუშაოდ მუქი ფერის შალისა და სინთეზური ქსოვილის ტანსაცმელი, შეარჩიოს იგი ბამბეული ქსოვილისგან, ღია ფერებით;

_ საფუტკრეში სამუშაოდ შეარჩიოს პერიოდი, როცა ხნიერი მოღალე ფუტკარი გასულია სკიდან მონდორში და მოაქვს საკვები (ნექტარი,

ყვავილის მტვერი), წყალი და სხვა ნივთიერებები;

ფუტკართან სამუშაოდ გამოიყენოს:

_ ბამბის ქსოვილის კომბინიზონი დახურული გულისპირით, მაჯებთან და კოჭებთან შესაკრავებით;

_ პირბადე;

_ დახურული ფეხსაცმელი, სასურველია ტყავისაგან;

_ ანთებული საბოლებელი;

_განსაკუთრებით უნდა მოერიდოს ფუტკრისგან დანესტვრას პირის ლორწოვან გარსში, თვალის რქოვანაში.

 დანესტვრის შემთხვევაში რაიმე თხელპირიანი საგნით (დანა, პინცეტი, ფრჩხილი) ამოაძროს სანესტრე აპარატი კანიდან; არ გასრისოს საშხამე ჯირკვალი კანზე, რადგან მთელი შხამი რეზერვუარიდან კანში გადადის და წარმოქმნილი სიმსივნე დიდხანს აღარ გაქრება.

_ დანესტრილ ადგილზე შეზილოს ნიშადურის სპირტი ან გულყვითელას (ჩალენდულა) სპირტიანი ნაყენი, დაიდოს ყინული.

_ ფუტკრის შხამით ძლიერი მოწამვლისას სვას ბევრი წყალი, მიიღოს წამლები (დიმედროლი, ეფედრინი) და საგულე წვეთები (ვალოკორდინი). საჭიროების შემთხვევაში მიმართოს ექიმს.

ასეთი სპეცტანსაცმელი იცავს მეფუტკრეს დანესტვრისაგან

უსაფრთხოების ტექნიკა ფუტკრის მთაბარობისას

_ ენტომოფილურ მცენარეთა დასამტვერად, ნექტრის ათვისებისთვის ფუტკრის გადაზიდვის დროს შესასრულებელი სამუშაოების ჩასატარებლად არ შეიძლება 18 წლამდე ასაკის მოზარდების დასაქმება. ამ ასაკის ბიჭებისათვის დასაშვებია სიმძიმეების გადაზიდვა არაუმეტეს 16 კგ-სა, გოგონებისათვის არაუმეტეს 10 კგ-სა; 18 წელზე უხნესი ქალებისათვის _ არაუმეტეს 20 კგსა;

_ სკების გადატანის დროს მისი მოძრავი ნაწილები (ძირი, კორპუსი, საკუჭნაო, სახურავი და სხვ.) საიმედოდ უნდა შეკრას სპეციალური კაკვიანი ღვედით, ან შეიჭედოს ხის თამასებით, სკის საფრენები ჩაიკეტოს ლითონის ბადით, ან ყრუდ მიეჭედოს ხის თამასა;

– სატრანსპორტო ძარას სკების აზიდვის შემდეგ გადაეფინება თხელი, გამძლე ქსოვილი (მაგალითად ნეილონი), გადაეჭირება თოკები გასწვრივ და გარდიგარდმო იმისათვის, რომ ტრანსპორტირების დროს სკებმა არ იმოძრაოს. თუ მეფუტკრე შენიშნავს, რომ საფრენი გაიღო, ან გაჩნდა ღრიჭო სკის ნაწილებს შორის, დაუყოვნებლივ უნდა მოაწესრიგოს წარმოქმნილი დეფექტი.

წინააღმდეგ შემთხვევაში გამოსულმა ფუტკარმა შეიძლება მძღოლი დანესტროს.

ფუტკრის ოჯახების მთაბარობის დროს მეფუტკრემ თან უნდა იქონიოს სააფთიაქო ყუთი სამკურნალო მასალებით (დოლბანდი, იოდი, ნიშადურის სპირტი, საგულე წვეთები და სხვ.), აგრეთვე საბოლებელი, საწვავი მასალა, პირბადე, მოზელილი თიხა ხვრელების ამოსაქოლად.

 უსაფრთხოება საფუტკრეში სამკურნალოპროფილაქტიკური ღონისძიებების განხორნალოპროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებისას

_საფუტკრეში სამკურნალო პრეპარატების, სადეზინფექციო საშუალებებისა და ქიმიკატების გამოყენების დროს უნდა დაიცვათ მაქსიმალური სიფრთხილე. შენობანაგებობების, ფიჭებისა და სხვ. ინვენტარის დეზინფექცია (გაზაცია) ჩატარდეს საცხოვრებელი ნაგებობებიდან არანაკლებ 200 მეტრის დაშორებით, საწარმოო შენობებიდან _ არანაკლებ 100 მ მანძილზე. შენობების გაზაცია შესრულდეს ჰაერში 250ჩ ტემპერატურაზე. ქარის სიძლიერე არ უნდა აღემატებოდეს 7 მ/წმ, გაზაციის ჩამტარებელ ბრიგადაში უნდა იყოს 3 ადამიანი მაინც, რომელთაც გავლილი აქვთ სწავლების სპეციალური კურსი. კატეგორიულად იკრძალება ამ სამუშაოს შესრულება 1 ადამიანის მიერ. არ შეიძლება შენობაში, სადაც გაზაცია ხდება, სასმელი წყლის, საჭმლისა და თამბაქოს შეტანა;

_ შენობაში გაზაციის წინ მჭიდროდ უნდა ჩაკეტონ ყველა ფანჯარა, სავენტილაციო ხვრელები, გაიკეთონ ნიღბები და ჩაიცვან კომბინეზონები ქსოვილისაგან,   რომელსაც   გადაკრული   აქვს  აპკოვანი ქლორვინილი.

_ როცა შენობაში შეუშვებენ ფუმიგანტის საჭირო რაოდენობას, ამის შემდეგ ჩაკეტავენ გაზიანი ბალონის ურდულს, მიახრახნიან დამხშობს და ურდულს ჩამოაცვამენ ჩაფხუტს. შემდეგ შენობიდან გამოჰყავთ მუშები, მჭიდროდ ხურავენ კარს და იხსნიან ნიღბებს. შენობის გაზაციის შემდეგ მუშები იკეთებენ ნიღბებს, შედიან შენობაში და   იწყებენ მის დეგაზაციას, რისთვისაც აღებენ  ყველა ფანჯარას, სარკმელს, სავენტილაციო  ხვრელსა და კარს.

_ სარჩილავი ლამპით სკების დამუშავების დროს, მეფუტკრე თავდაპირველად ეცნობა მისი ხმარების წესს. თუ იგი იყენებს ტუტე სადეზინფექციო ხსნარს, უნდა მოერიდოს კანსა და ტანსაცმელზე მისი წვეთების მოხვედრას.

_ მოწამლული სატყუარის დამზადების ადგილი (შხამქიმიკატებთან შერევა) სამუშაოს შემდეგ კარგად უნდა დამუშავდეს (გაუვნებლება). მისატყუარს დაალაგებენ სხვადასხვა ადგილზე სპეციალური მოწყობილობით. გგამოყენების ვადის გასვლის შემდეგ ნარჩენებს აგროვებენ და წვავენ.

_ვაროატოზის წინააღმდეგ კონცენტრირებული ჭიანჭველმჟავას გამოყენების შემთხვევაში, იცვამენ რეზინის ჩექმებს, ხელთათმანებს და დარეზინებულ წინსაფარს. თუ ჭიანჭველმჟავას წვეთები მოხვდა ტანსაცმელს, ფეხსაცმელს ან სხეულს, იგი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოირეცხოს, ძლიერი სიდამწვრის შემთხვევაში მჟავის ჩამორეცხვის შემდეგ მაშინვე მიმართავენ ექიმს.

_ ვაროატოზის წინააღმდეგ ფოლბექსის ან ფენოტიაზინის გამოყენების შემთხვევაში იკეთებენ ნიღაბს.

 უსაფრთხოება მეფუტკრეობაში გამოყენებული მანქანა – დანადგარების მომსახურებისას

გაითვალისწინეთ!

_ ამ დანადგარებს ემსახურება ის პერსონალი, ვისაც უკვე შეუსრულდა 16 წელი, იცის მათი მომსახურების წესები და გავლილი აქვს უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქტაჟი;

 ციბრუტი, ვიბროდანა და სხვა მოწყობილობა უნდა დამაგრდეს მყარ საფუძველზე. 50-ჩარჩოიანი რადიალური ციბრუტის დასამაგრებელი ხრახნები 1-2 ხვიით მაღლა უნდა იყოს ჭანჭიკებზე, ჰქონდეს კონტრხრახნები. ამ მოწყობილობის გამართულობას ამოწმებენ ჯერ დატვირთვის გარეშე, შემდეგ დატვირთვის პირობებში.

მათი ბრუნვათა რიცხვი უნდა იყოს ინსტრუქციებში რეკომენდებულის ფარგლებში. ჩართული მექანიზმების უმეთვალყურეოდ დატოვება დაუშვებელია;

_ ხანგრძლივი დროით მუშაობის შეწყვეტის შემდეგ მათი ხელახალი ჩართვა უნდა მოხდეს ინჟინერ-მექანიკოსის ან უსაფრთხოების ტექნიკის ინჟინრის მეთვალყურეობით;

_ სამართავი პულტები, სახელურები და გამომრთველები უნდა დამონტაჟდეს ისე, რომ ადვილი იყოს მათი გამოყენება, არ მოხდეს მათი უნებლიე ჩართვა; რემონტის დროს ან დათვალიერებისას დანადგარები უნდა გამოირთოს, მოიხსნას ამძრავი ღვედები; კორპუსები საიმედოდ დამიწდეს; ელექტრო დანადგარებს მომსახურება უნდა  გაუწიოს ელექტროტექნიკის მცოდნე პერსონალმა, რომელსაც აქვს დამცავი საშუალებები, ტექნიკური დოკუმენტაცია და საექსპლუატაციო ინსტრუქცია;

 380/220 ვოლტზე მომუშავე დანადგარებს გაუკეთეთ ყრუ დამიწება ელექტროქსელის ნულოვან ხაზთან შეერთებით, ამის გარეშე დაუშვებელია მათი მუშაობა; მუშაობის დროს ციბრუტს აფარებენ სახურავს, ჩართული როტორის დროს სახურავის მოხდა, ფიჭების ამოღება ან ჩადგმა კატეგორიულად იკრძალება.

  უსაფრთხოება საცვილე ნედლეულის  გადამუშავების დროს

_ საცვილე ნედლეულის ჩარჩოებიდან ამოჭრისას დანის მოძრაობის მიმართულება უნდა იყოს ოპერატორისგან სხვა მხარეს მიქცეული; ორთქლის ცვილსადნობის ჩამოსასხმელ ონკანს არ კეტავენ, რადგან შექმნილმა წნევამ შეიძლება ქვაბი ააფეთქოს; საცვილე წნეხში ცხელი წყალი უნდა  ჩაისხას და ნედლეული გამოიწუროს ფრთხილად; გამდნარ ცვილს, რომელიც უკვე ყალიბშია ჩასხმული, ტოვებენ ადგილზე გამყარებამდე, რომ არ მოიხვედრონ შხეფები სხეულზე.

უსაფრთხოება ფუტკრის პროდუქტების გადამმუშავებელ საწარმოში

_ საწარმოს კორპუსში დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი მოწყობილობისა და ორთქლის ქვაბების მომსახურებისათვის, უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის ასაკის პერსონალი, რომელმაც უკვე გაიარა სწავლების სპეციალური პროგრამა და შემოწმებულია მედიცინის მუშაკთა მიერ. ქვაბების მუშაობის პროცესში მათი სხვა სამუშაოთი დასაქმება დაუშვებელია.

_ საქვაბე უნდა აღიჭურვოს სავენტილაციო მოწყობილობით; ქვაბსა და ჩამკეტ მოწყობილობას შორის მილზე ამონტაჟებენ მანომეტრს, ამავე მილზე ან ქვაბის ზედა ნაწილზე _ წყლის შესამოწმებელ ონკანს; გამაცხელებელ ქვაბს უკეთდება თერმოიზოლაცია და თერმორეგულატორები. მისი კორპუსი უნდა დამიწდეს; სამართავ ფარს ელექტროგამშვებით და დამცველით აყენებენ მშრალ ადგილას და მოარგებენ სპეციალურ დამცავ შალითას; ელექტროსადენი, რომელიც აერთებს ქვაბს ელექტროგამშვებთან, მოთავსდება ლითონის გარსაცმში; თვითნაკეთი გამაცხელებლის გამოყენება, ცხელი წყლის მილზე ვენტილის ან სხვა ჩამკეტი მოწყობილობის დაყენება დაუშვებელია.

უსაფრთხოება ფუტკრის შხამის დამზადებისა და აღების პროცესში

_ ფუტკრის შხამის აღებისას ელექტროდენის წყაროდ იყენებენ ავტომანქანის აკუმულატორს ან დამადაბლებელ ტრანსფორმატორს, რომლითაც ელდენის ძაბვა მცირდება 12ვ-მდე;

_ ელექტროიმპულსატორით ფუტკრის დამუშავებისას სკის გახსნა ან მის სიახლოვეს სიარული არ შეიძლება; კასეტებს იღებენ პროცესის დამთავრებიდან 1,5-2 საათის შემდეგ;

 კასეტების მინებიდან შხამის აღების წინ ოპერატორი მოირგებს დამცავ სათვალეს, პირზე და ცხვირზე ნიღაბს _ შხამისაგან დასაცავად; კასეტის მინის ფურცლებიდან შხამს ფხეკენ სპეციალურად გაკეთებულ კარადაში გამწოვი ვენტილაციით, ხელზე იცვამენ დარეზინებული ქსოვილის ან ტყავის ხელთათმანს;

_ კასეტები შხამის აფხეკამდე ინახება ცალკე ოთახში, სადაც მოწყობილია სავენტილაციო სისტემა;

_ შხამისაგან დამცავი საშუალებები  გამოიყენება აგრეთვე ფუტკრის შხამის გასუფთავების (გაცრა), კონდიცირებისა (გამოშრობა) და შეფუთვის პროცესში.

ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები საფუტკრეში

საფუტკრის საწარმოო კორპუსში ამონტაჟებენ ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობას (ცეცხლმქრობი, ნიჩაბი, ვედრო, კაუჭიანი  ძალაყინი და სხვა), ამასთან ერთად დეტალურად ეცნობიან მათი გამოყენების წესებს;

_ საფუტკრის ყველა ნაგებობაში მოხვედრა უნდა ხდებოდეს თავისუფლად, ხანძარსაწინააღმდეგო თავისუფალი ფართობები არ უნდა ჩაიხერგოს (სკები, მასალები, თივა და ა.შ.); ასეთი ფართობები (დერეფნები, კიბეები, გასასვლელები) უნდა იყოს გამართული. აქ ღია ცეცხლის ან საბოლებლის ანთება დაუშვებელია, თამბაქოს მოწევა ნებადართულია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, სადაც დგას წყლიანი კასრი და ტაბურეტი;

_ გაყინული წყალსადენისა და სა-კანალიზაციო მილების დამუშავება (გაცხელება) სარჩილავი ლამპით ან ჩირაღდნით დაუშვებელია, მათი გალღობა შეიძლება გაცხელებული ქვიშით, ცხელი წყლით ან ორთქლით;

_ზამთრის პერიოდში კარისწინა მოედა-ნი უნდა გასუფთავდეს თოვლისგან, რომ კარი მთლიანად იღებოდეს. საწარმოს შენობაში დროებითი ღუმელების  დადგმა იკრძალება;

_საბოლებლის ასანთებად ნავთს ან ბენზინს არ იყენებენ, მასში ძალიან გამხმარი საწვავი მასალა არ უნდა ჩაიყაროს. თუ მაინც გაჩნდა ნაპერწკლები, საწვავ მასალას ცოტა წყალს მიასხურებენ. საბოლებლის ანთების ადგილზე ნიადაგი უნდა იყოს ფხვიერი. აქვე უნდა იყოს ჭურჭელი წყლით. სამუშაოს დამთავრების შემდეგ საბოლებელს აქრობენ წყლის დასხმით, დარჩენილ საწვავს წამოყრიან და ქვიშით ფარავენ.

_საფუტკრეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად სახანძრო მანქანას იძახებენ, მის მოსვლამდე ყველა საშუალება გამოიყენება ხანძრის ჩასაქრობად და მატერიალური ფასეულობის გადასარჩენად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.