მეფუტკრეობა

სიდამპლე

სიდამპლეები ფუტკრის ბარტყის გადამდები დაავადებებია. ისინი თითქმის ყველა კონტინენტზეა გავრცელებული და დიდი ზიანი მოაქვს მეფუტკრეობისათვის. დაავადებული ფუტკრის ოჯახში დიდი რაოდენობით იხოცება ბარტყი, რის გამოც ოჯახი თანდათანობით სუსტდება და მისი პროდუქტიულობა მკვეთრად მცირდება. იქ, სადაც ამ დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებები არ ხორციელდება, ყოველწლიურად იღუპება ფუტკრის ოჯახთა 5-10%-ზე მეტი და რამოდენიმე წლის განმავლობაში საფუტკრე ნადგურდება.

მეცნიერებისა და პრაქტიკოსი მეფუტკრეებისათვის ცნობილია ორი სახის სიდამპლე – ევროპული და ამერიკული. ევროპული სიდამპლე (კეთილთვისებიანი სიდამპლეა). ის წარმოადგენს ღია ბარტყის დაავადებას. ავადდება და კვდება 3-4 დღიანი ბარტყი. მისი გამომწვევია ბაქტერია პლუტონი, რომელიც სპორას ვერ იკეთებს და ნაკლებ გამძლეა.

ევროპული სიდამპლის მიმდინარეობას ხშირად სხვა მიკრობები ართულებენ, როგორიცაა – ბაცილუს ალვეი, სტრეპტოკოკუს აპისი, ბაცილუს ორფეუსი და სხვა. ინფექციის გამომწვევ საკვებთან ერთად ხვდება ნაწლავში, იქიდან გადადის ჰემოლიმფაში და იწვევს ორგანიზმის მოწამვლას თავისი ცხოველმყოფელობის პროდუქტებით. ევროპული სიდამპლით ბარტყი ავადდება გაზაფხულზე და ზაფხულში. ინკუბაციური პერიოდი მოიცავს 1,5-3 დღეს. დაავადება მიმდინარეობს ფარული და აშკარა ფორმით. ფარული ფორმის დროს დაავადების გამომწვევი აღინიშნება ფიჭაზე, ჭეოში, თაფლში, მოზრდილი ფუტკრის ორგანიზმში, დედა ფუტკარში, მაგრამ ბარტყის სიკვდილიანობას ადგილი არა აქვს. აშკარა ფორმით მიმდინარეობისას კი ადგილი აქვს ბარტყის სიკვდილიანობას. ავადმყოფი ბარტყი კარგავს მოთეთრო ფერს, ყვითლდება, სეგმენტაციას კარგავს, კანი გამჭვირვალე ხდება, საიდანაც კარგად მოჩანს ბარტყის შუა ნაწლავი გადავსებული მორუხო-მოთეთრო, ან ყვითელი შიგთავსით. ბარტყის სიკვდილის შემდეგ მისი კანი და სხვა ქსოვილები რბილდება, იწყებს ლპობას, ცომისებური ხდება და შეხებისას ადვილად იხევა.

დამპალი მასა შრება და ქერქად გადაიქცევა, მას წელვადობა არ ახასიათებს, უჯრედს არ ეკვრის და ადვილად გამოიტანება უჯრედიდან, ამიტომაც ევროპულ სიდამპლეს კეთილთვისებიანს უწოდებენ. დაავადებულ ბარტყს დასაწყისში სუნი არა აქვს, შემდეგ კი მჟავე სუნს გამოსცემს. ფუტკრის მიერ უჯრედების ამოსუფთავების შემდეგ დედა მასში კვერცხს დებს, რის გამოც ერთი მეორის გვერდით ჩნდება სხვადასხვა ასაკის ბარტყი, რაც იძლევა ჭრელი ბარტყის სურათს. დაავადების სუსტი ფორმით მიმდინარეობისას თითო ფიჭაზე 5-10 ბარტყიანი უჯრედია დაზიანებული, საშუალო სიძლიერის დროს – 10-50, ძლიერი ინფექციისას კი – 50-ზე მეტი ბარტყიანი უჯრედი.

დაავადების მიმდინარეობა ღალიანობის პერიოდში დროებით ქრება და ხელსაყრელი პირობების დადგომისთანავე ხელახლა ვითარდება. ამერიკული სიდამპლე – გადაბეჭდილი ბარტყის დაავადებაა, რომელსაც იწვევს მიკრობი ბაცილუს ლარვე. მას შეუძლია სპოროვან ფორმაში გადასვლა, რის გამოც წლების განმავლობაში ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას. პირველ სამ დღეს ვინაიდან ბარტყი ბაქტერიოციდული თვისების მქონე ფუტკრის რძით იკვებება, ის ამ ასაკში სიდამპლით ვერ დაავადდება. არც შემდეგ დღეებში ავადდება – ღია ბარტყის ნაწლავებში წვენების მჟავე რეაქციის და შაქრების მაღალი კონცენტრაციის (17%) გამო. გადაბეჭდვის შემდეგ მატლები ვერ  იღებენ საკვებს და ცხოვრობენ დაგროვილი საკვების მარაგით, რის გამოც ინვერსიული შაქრის კონცენტრაცია მცირდება 17%-დან 2,5%-მდე. ამიტომაც ინკუბაციური პერიოდი 7 დღემდე გრძელდება, რის შემდეგ იწყება კლინიკური ნიშნების განვითარება და ჩამოყალიბება. გამომწვევი ნაწლავიდან ჰეოლიმფაში გადადის, იქ სწრაფად მრავლდება და 12-24 საათში მთლიანად ორგანიზმში ვრცელდება, ბარტყის ორგანიზმში მიმდინარეობს მორფოლოგიური ცვლილებები, მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის შედეგად გამოყოფილი ტოქსინებით ორგანიზმი იწამლება და იწვევს სიკვდილს.

საკვებით გაღარიბებულ ფუტკრის ორგანიზმში გამომწვევები მე-7-10 დღეს გადადიან სპოროვან ფორმაში. მკვდარი ბარტყი ყავისფერია. აქვს სადურგლო წებოს სუნი და წელვადია. გადაბეჭდილ უჯრედებს, რომელშიც მკვდარი ბარტყია, სახურავები ჩაჩხვლეტილი აქვს, რაც გამოწვეულია იმით, რომ ბარტყის თავი, რომელიც სახურავს ეხება, ლპობის შედეგად ეშვება უჯრედის ფსკერისაკენ და ქაჩავს სახურავს უჯრედის შიდა მიმართულებით, სახურავი ვერ უძლებს და წყდება. 20-30 დღის დამპალი მასა შრება და მოშავო ფერის ქერქად იქცევა, რომელიც მაგრად ეკვრის უჯრედის ძირს, ან უჯრედის კედელს. ფუტკარს უჯრედიდან მისი გამოტანა არ შეუძლია და ინფექციის წყარო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სკაში რჩება, ამიტომაც ამერიკულ სიდამპლეს „ავთვისებიანს“ უწოდებენ.

ამერიკული სიდამპლის დროსაც აღინიშნება ჭრელი ბარტყი. დაავადება ძირითადად ცხელ ზაფხულში გხვდება. მის განვითარებას ხელს უწყობს ბუდის გადახურება (ევროპულს კი ცივი ამინდები). დაავადებულ ოჯახში მკვეთრად მცირდება ახალგაზრდა ფუტკრის რაოდენობა, დახმარების გარეშე ოჯახი ისპობა, ზოგიერთი მათგანი ზამთრამდე იღუპება, ზოგიერთი კი დაზამთრებაში შესული ფუტკრის სიმცირის გამო ან ვერ გამოიზამთრებს, ან ადრე გაზაფხულიდანვე იწყებს ავადმყოფობის განვითარებას. ასეთ სუსტ ფუტკარს სხვა ოჯახის ფუტკრები, განსაკუთრებით ძლიერი ოჯახები, თავს ესხმიან და ანადგურებენ. დაავადების გავრცელება ოჯახის შიგნით ხდება ფუტკრების, განსაკუთრებით ძიძა ფუტკრების მიერ, რომელებიც ინფიცირებული საკვებით კვებავენ ბარტყს, აგრეთვე ინფიცირებული ინვენტარით, ფიჭებით, ციბრუტით, თაფლით, ჭეოთი, ცვილით, საფარი ტილოებით, დასათბუნებელი მასალით, ტიხარით და ა. შ.

დაავადების გამავრცელებელია ძირითადად მეფუტკრე, რომელიც საფუტკრეში არ იცავს მუშაობის ელემენტარულ წესებს. დაავადებას ავრცელებს აგრეთვე ტკიპები, კრაზანები, მოხეტიალე ფუტკრები, უკონტროლო მთაბარობა, ფუტკრების ყიდვა-გაყიდვა, უცნობი წარმოშობის ნაყრების დაჭერა და სხვა. დიაგნოზი ისმება კლინიკური ნიშნებით, მიკროსკოპული, ბაქტერიოლოგიური და სეროლოგიური გამოკვლევებით, რისთვისაც ბარტყიანი ფიჭის ნიმუში (ზომით 10-15 სმ) ფანერის ყუთით, იგზავნება ვეტლაბორატორიაში. პროფილაქტიკის მიზნით უნდა ვიყოლიოთ მხოლოდ ძლიერი, პროდუქტიული ოჯახები. ადრე გაზაფხულზე ისინი უნდა მოვამარაგოთ ჭეოთი და საჭირო რაოდენობის თაფლით. პირობით ჯანსაღ ოჯახებს უნდა მივცეთ პრეპარატიანი სიროფი 2-3-ჯერ. არაკეთილსაიმედო საფუტკრეში კი გამოვაცხადოთ კარანტინი და ჩავატაროთ სამკურნალო ღონისძიებანი. საფუტკრეში სიდამპლის ლიკვიდაციისათვის საჭიროა განხორციელდეს შემდეგი კომპლექსური ღონისძიებები: მცირე და საშუალო დაავადებული ოჯახების მკურნალობა, ძლიერ დაავადებულის კი ახალ ბუდეზე გადასხმა, ინვენტარის დეზინფექცია, ფუტკრის ოჯახების მოვლა-პატრონობის გაუმჯობესება და სხვა. ძლიერ დაავადებული ოჯახის ახალ ბუდეზე გადასხმას შემდეგნაირად ახდენენ: დაავადებული ფუტკრის ოჯახს გადადგამენ გვერდზე და მის ადგილზე დადგამენ დეზინფიცირებულ, ან ახალ სკას, რომელშიც დგამენ გადასასხმელი ოჯახის სიძლიერის გათვალისწინებით სათადარიგოდ შენახულ 4-8 დეზინფიცირებულ ცარიელ ფიჭას, ჩადგამენ მასში აგრეთვე 1-2 ხელოვნურ ფიჭასაც. უნდა გამოვიყენოთ აგრეთვე დეზინფიცირებული გამყოფი ტიხრები, საფარი ტილოები, საკვებურები და სხვა.

ახალ ბუდეზე უნდა გადავსხათ საღამოს, კარგი ან მცირე ღალიანობის დროს, რათა ფუტკარმა შეძლოს ბუდის მოწესრიგება, ფიჭების აშენება და სამარაგო საკვების დაგროვება. ახალ დადგმული სკის წინ აფენენ ქაღალდს და ზედ ბერტყავენ ფუტკარს, რომლებსაც საბოლებლის საშუალებით შედენიან სკაში, რის შემდეგ ქაღალდს წვავენ. დაავადებულ ოჯახის სკებს გაუკეთებენ 250 დეზინფექციას და დაზიანებულ ბარტყიან და გამოწუნებულ ფიჭებს გადაადნობენ ცვილად. საფრენებს ავიწროვებენ, ფუტკარმა რომ არ დატოვოს ბუდე საფრენებს რამოდენიმე დღით უკეთებენ განემანის ბადეს.

სამკურნალო ეფექტი (განსაკუთრებით ამერიკული სიდამპლის დროს) არ მიიღება თუ მკურნალობამდე დაავადებულ ოჯახს წინასწარ კარგად არ დავასუფთავებთ, უვარგის სკას ახალი, ან დეზინფიცირებული სკით არ შევცვლით, ზედმეტ ფიჭებს არ ამოვიღებთ, უვარგისებს – არ გამოვიწუნებთ, ამასთან ერთად ბუდეში იმდენ ფიჭას არ დავტოვებთ, რამდენსაც ფუტკარი დაფარავს და კარგად არ დავათბუნებთ. ამა თუ იმ პრეპარატის საჭირო დოზას მიცემის წინ წინასწარ ვხსნით ნახევარ ჭიქა თბილ წყალში, რის შემდეგ თბილ სიროფში შევურევთ, პრეპარატის თანაბრად განაწილების მიზნით გულმოდგინედ მოვურევთ და ჩავასხამთ ცარიელ ფიჭაში ან საკვებურში. თითოეულ ოჯახს საღამო ხანს მივცემთ, ერთ ჩარჩო ფუტკარზე დაახლოებით 100-150 მ.ლ. რაოდენობით. სამკურნალო სიროფით დატვირთულ პოლიეთილენის პარკს, ფუტკრის თავშეყრის ადგილზე, საფარი ტილოს ქვეშ, ჩარჩოებს ზემოთ ადებენ, სიროფჩასხმულ ფიჭას ან საკვებურს ბუდის ნაპირში ათავსებენ მიადგამენ ტიხარს და ათბუნებენ. სიდამპლით დაავადებულ ფუტკრის ოჯახს პრეპარატიანი სიროფი 2-3-ჯერ 3-5 დღის ინტერვალით ეძლევა სრულ გამოჯანმრთელებამდე, ინტესტიფაგიანი სიროფი კი 3-5-ჯერ 3 დღის შუალედით. ეფექტიანია ინტესტიფაგიანი და სტრეპტომიცინიანი სამკურნალო სიროფის კომპლექსური გამოყენება ამავე ჯერადობით და შუალედებით. რეციდივის შემთხვევაში მკურნალობა მეორდება. პრეპარატები შეიძლება გამოვიყენოთ აგრეთვე სარწყულებლებში. ბარტყიანობის მთელ პერიოდში ამას კარგი შედეგი მოაქვს წყლით ძლიერ ღარიბ ადგილებში. ანტიბიოტიკებიანი წყლიანი ხსნარი მხოლოდ ერთი დღისათვის უნდა მომზადდეს. სულფანილამიდური პრეპარატებიანი კი – არაუმეტეს 2-3 დღისათვის. მას ასხურებენ ფიჭებს, რისთვისაც თბილ და წყნარ ამინდში სკიდან რიგრიგობით იღებენ მათ ზედ მსხდომი ფუტკრებით და ორივე მხარეს ასხურებენ 50-60 მლ. რაოდენობით 2-3 დღეში ერთხელ გამოჯანმრთელებამდე. ინტესტიგაფი შესხურებით არ გამოიყენება. ამერიკული სიდამპლით დაავადებულ ფუტკრის ოჯახებში სამკურნალოდ მოწოდებული პრეპარატები, რომლებიც საკვებთან ერთად გამოიყენებიან, მომაკვდინებლად მოქმედებენ მხოლოდ საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრილ ბაცილებზე. ხოლო ფიჭის უჯრედის ფსკერზე მიკრული დაღუპული ბარტყის ქერქისაგან უჯრედს ვერ ათავისუფლებენ და ეს უჯრედები წლების განმავლობაში ინფექციის წყაროდ რჩებიან.

დაავადებასთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტურ საშუალებად ფხვნილიისებრ (პუდრის) ფორმაში არსებული პრეპარატი ითვლება, მაგ. „ვესტა“ რომელიც გამოიყენება ფუტკარსა და ბარტყზე შეფრქვევის გზით. იგი შეიცავს ანტიბიოტიკებთან ერთად ფუტკრისათვის საინტერესო საკვებს, რომელიც პრეპარატის შეფრქვევით შეპუდრულ მასის ფუტკრის სხეულიდან მოცილებისას ხვდებიან საჭმლის მომნელებელ სისტემაში და შინაგანი მოქმედების გზით მომაკვდინებლად მოქმედებენ დაავადების გამომწვევ მიკრობებზე. ამავე დროს საყურადღებო და მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ შეფრქვეული პრეპარატი ფიჭის უჯრედებში არსებულ მიკროფლორას, რომელიც ინფექციის ძირითად წყაროს წარმოადგენს, სპობს. შესაფრქვევი დოზა ოჯახზე 5-10 გ. გამოიყენება 2-3-ჯერ 3-5 დღის ინტერვალით. არაკეთილსაიმედო საფუტკრიდან ფიჭების გადადნობის შედეგად მიღებული ცვილი გამოყენებული უნდა იქნეს ტექნიკური მიზნებისათვის, ხელოვნური ფიჭების მისაღებად კი იგი უნდა გაუვნებელდეს ავტოკლავში გრადუს ტემპერატურაზე 2 საათის განმავლობაში.

კატეგორიულად იკრძალება დაავადებული ოჯახებიდან მიღებული თაფლის გამოყენება ფუტკრის საკვებად. სკებს, საკუჭნაოებს, ჩარჩოებს და ხის ინვენტარს მექანიკურად გაწმენდის შემდეგ უკეთებენ დეზინფექციას სარჩილავი ლამპის ალზე გამოწვით, აგრეთვე სამჯერადად თითო საათის ინტერვალით ამუშავებენ 10% წყალბადის ზეჟანგით და 3%-ნი ჭიანჭველმჟავათი, ან ძმარმჟავათი, იმ ანგარიშით, რომ 1 მ² მიდიოდეს ერთი ლიტრი ხსნარი. მესამე დამუშავებიდან ერთი საათის შემდეგ მათი გამოყენება თავისუფლად შეიძლება. ჩარჩოები და დიაფრაგმები შეიძლება გამოიხარშოს 15 წუთის განმავლობაში 2%-იან მწვავე ნატრიუმის ხსნარში. ფიჭებს ჰიდროპულტის საშუალებით დატვირთავენ ხსნარით, რომელიც შეიცავს 3%-იან წყალბადის ზეჟანგს და 3%-იან ჭიანჭველმჟავას, ან 5%-იან ერთქლორიან იოდს, დატოვებენ 24 სთ-ის განმავლობაში, სადეზინფექციო ხსნარს ფიჭებიდან გამოდევნიან დაბერტყვით, შემდეგ გაავლებენ წყალში და გააშრობენ.პირსახოცებს, ხალათებს პირბადეებს, დეზინფექციას უკეთებენ წყალბადის ზეჟანგის 2%-იანი ხსნარით 3 საათის განმავლობაში, 10% ფორმალინის ხსნარით 4 სთ-ის განმავლობაში, 3% კაუსტიკურ სოდაში 30 სთ გამოხარშვით.

დეზინფექციის შემდეგ სპეცტანსაცმელს გაავლებენ წყალში და გააშრობენ. ციბრუტებს, რომელშიც გამოიწურა დაავადებული ოჯახებიდან ამოღებული ფიჭები, ჯერ რეცხავენ წყლით, შემდეგ ამუშავებენ 50-55 გრადუსამდე გაცხელებული ფორმალინის ხსნარით, რომელიც შედგება 5%-იანი ფორმალდეჰიდისა და 5%-იანი მწვავე ნატრიუმისაგან, იმ ანგარიშებით, რომ 1 მ² მოდიოდეს ერთი ლიტრი. დეზინფექციიდან 5 საათის შემდეგ ციბრუტს რეცხავენ და აშრობენ მზეზე. დეზინფექციის დროს უნდა გვეცვას სპეცტანსაცმელი, გვეკეთოს დოლბანდის ნიღაბი და დამცველი სათვალეები.

ცრუ სიდამპლე ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში თავი იჩინა ფუტკრის ბარტყის ინფექციურმა დაავადებამ – ცრუ ან მოჩვენებითმა სიდამპლემ, რომელიც ლიტერატურაში პარაგნილეცის სახელწოდებითაა ცნობილი. დაავადება გხვდება გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში. ის პირველად გამოვლინდა აშშ-ში 1932 წელს ბორნსაიდის მიერ. რეგისტრირებულია სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად აზერბაიჯანში, ბულგარეთში და სხვა.

ცრუ სიდამპლეს იწვევს სპოროვანი ბაცილა Bac. paraalvei. იგი ძალიან წააგავს ალვეის ბაცილას, მისი ჩხირი სიგრძით 2,2-5,7 მკმ, სიგანე 0,5-0,8 მკმ. მკვდარ ბარტყში და საკვებ ნიადაგებზე ის ქმნის ოდნავ ოვალურ სპორებს 1,8-2,3 _ 0,9-1,3 მკმ, ფაკულტატიური აერობია, კარგად იზრდება ცეისლერისა და ტომაშეცის (10% xpa შრატზე, პ 5,8-7,0 და xpb) ნიადაგებზე 34-38,5 გრადუს ტემპერატურაზე, ნიადაგის ზედაპირზე ქმნის ხაოიან კოლონიებს, ცისფერი მეტალისებური ფერით, მცოცავი ზრდით. დაავადების გამომწვევი სპორები სიცოცხლის უნარიანობას ინარჩუნებენ: თაფლში 1 წელს; სკაში, აშენებულ ფიჭაში, ცვილზე, ხელოვნურ ფიჭაზე, ჭეოში – სამ წელს; ციბრუტში 300 დღემდე; სპეცტანსაცმელზე 1 წლამდე. მდგრადნი არიან როგორც ღია, ისე გადაბეჭდილი ბარტყის მიმრთ.

კლინიკური ნიშნები

ცრუ სიდამპლე წააგავს ევროპული და ამერიკული სიდამპლის ქრონიკულ ფორმას. დაავადების დასაწყისში გადაბეჭდილი ბარტყის სახურავები ამობერილია, რომლებიც თანდათან დაბლა იწევს. ფუტკრები ნაცვლად იმისა, რომ სახურავები გადახსნან და უჯრედები გაათავისუფლონ ბარტყისაგან, სახურავებს ასქელებენ, რის გამოც ისინი მუქ ფერში გამოიყურებიან, სახურავები ჩავარდნილია და კონუსისებურად მკვეთრადაა ჩაზნექილი. როგორც წესი სახურავზე ნახვრეტი არ აღინიშნება, რაც განასხვავებს ამერიკული სიდამპლისაგან.

გადაბეჭდილი ბარტყი ღიასთან შედარებით უფრო მეტად ზიანდება. მკვდარი ბარტყი დარბილებული და ცომისებურია. ბარტყის ნაწლავი გადავსებულია მორუხო, ან მოყვითალო-მორუხო სითხით, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს დაავადების გამომწვევებს. გადაბეჭდილი ბარტყი უჯრედში რჩება თვეობით და ზოგჯერ მთელი ზამთრის განმავლობაშიც. მკვდარი ბარტყი გაშრობის შემდეგ ქმნის მოწითალო-მოყვითალო, ან მოშავო ფერის ქერქს, რომელიც უჯრედიდან პინცეტით ადვილად ამოიღება.

ღია უჯრედში მყოფი მკვდარი ბარტყი გამოსცემს სუსტ, ხოლო გადაბეჭდილში დამპალ სუნს. დაავადებული ჭუპრები განუვითარებელია და მოგვაგონებს ვაროას ტკიპებით დაზიანებულებს, მუქი ფერისაა, ოდნავ შერბილებული, უჯრედიდან ამოღებისას ისინი ნაწილებად იშლებიან. ამერიკული სიდამპლის დროს კი მკვდარი მასა მოყავისფროა და წელვადი, გადმოსცემს სადურგლო წებოს სუნს და როგორც წესი სახურავები ჩაჩხვლეტილია, გამშრალი მასა კი მჭიდროდაა მიკრული უჯრედის კედელზე. ღია უჯრედში დაავადებული ბარტყი მოუსვენრად მოძრაობს და ხშირად არაბუნებრივ მდებარეობას ღებულობს. ღია ბარტყი კვდება, მალე შრება მუქი შეფერილობის ქერქის სახით.

ცრუ სიდამპლის დროს, ევროპულთან შედარებით, უფრო მოზრდილი ასაკის ბარტყი იღუპება, მკვდარი ბარტყი გამოსცემს სუსტი სიმჟავის სუნს. ბარტყის ამ დაავადების დროს ფუტკრები უჯრედებს ქერქისაგან ასუფთავებენ. ამ სახის დაავადება ოჯახების დასუსტებას, ბრძოლის ღონისძიებების გაუტარებლობის შემთხვევაში ოჯახის დაღუპვას იწვევს. დიაგნოზი დგინდება კლინიკური ნიშნების მიხედვით და მიკროსკოპული, ბაქტერიოლოგიური და სეროლოგიური გამოკვლევებით. ანალიზის დროს აუცილებელია გამოირიცხოს ამერიკული და ევროპული სიდამპლე, გაციებული და პარკუჭა ბარტყი, ასევე ვაროატოზის შედეგად ბარტყის დაზიანება. დაავადებასთან ბრძოლის კომპლექსური, ორგანიზაციული, სამკურნალო, სადეზინფექციო ღონისძიებების გატარებით შესაძლებელია დაავადების ლიკვიდაცია.

ფიჭები, რომელზეც აღინიშნება მკვდარი ბარტყი და ჭუპრი, დაუყოვნებლივ უნდა გადადნეს ცვილად, ცუხი კი დავწვათ. ეფექტურ საშუალებებად სპეციალისტები გვირჩევენ ერითრომიცინის, ან ლევომიცეტინის, ან ნეომიცინის გამოყენებას დოზით 400 000 ს-ე ლიტრ შაქრის სიროფზე, 1 ჩარჩო ფუტკარზე 100 მლ. რაოდენობით 5-7 დღეში ერთხელ გამოჯანმრთელებამდე. სიროფი მზადდება 1 წილი შაქრისა და 1 წილი წყლისაგან. სამკურნალო ღონისძიებების გატარებამდე ფუტკრები უნდა გადავსხათ დეზინფიცირებულ სკებში გაუვნებლებულ ფიჭებზე, რის შემდეგ საღამოობით მივცეთ სამკურნალო სიროფი.

წყარო: futkara.ge