აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირეგიონები

სიდერაცია და დამულჩვა, როგორც ბიოლოგიური ღონისძიება

 სიდერაცია – ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს სპეციალურად მოყვანილი მწვანე მცენარის ჩახვნას. სიდერაცია არის ორგანულ ნივთიერებათა და აზოტით ნიადაგის განოყიერების ისეთი ხერხი, რომელიც ხორციელდება ნაკვეთზე სპეციალურ მცენარეთა, უპირატესად პარკოსნების ოჯახიდან, თესვითა და მათი მწვანე მასის ნიადაგში ჩახვნით.

მწვანე სასუქების პრაქტიკაში გამოყენება ევროპაში ჯერ კიდევ XVIII საუკუნის დასაწყისიდან, მეფის რუსეთში კი XIX საუკუნიდან იწყება. საქართველოში მწვანე სასუქის გამოყენება მჭიდროდაა დაკავშირებული სუბტროპიკული კულტურების განვითარებასთან.

ჩაის, ციტრუსების და ტუნგის პლანტაციებში, ხეხილის ბაღებში, ვენახებში ფართოდ გამოიყენებოდა სიდერატები. ორგანულ მეურნეობაში ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებასა და მდგრადი შენარჩუნებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მწვანე სასუქებს – სიდერატებს. ისინი ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, თითქმის ყველგან მწვანე სასუქებად იყენებენ შუალედურ კულტურებს, მხოლოდ ძლიერ გამოფიტულ ნიადაგებზე და მეცხოველეობის ფერმებიდან ძლიერ დაშორებულ ნაკვეთებზე მწვანე სასუქები მოჰყავთ როგორც ძირითადი კულტურა.

მწვანე სასუქებს იყენებენ ნაკელისა და სხვა ორგანული სასუქების უკმარისობის პირობებში ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისათვის. სიდერატების გამოყენება წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის გაზრდისა და ნიადაგის ყველა თვისების გაუმჯობესების კარგ საშუალებას; ისინი მოჰყავთ მწვანე მასისათვის, რომელიც შემდგომ ნიადაგში უნდა ჩაიხვნას. ამ დროს ხდება ჯერ კიდევ ცოცხალი, წვნიანი და ნაწილობრივ გახევებული მცენარეებისა და მათი ჯერ კიდევ მოქმედი ფესვების ჩახვნა ნიადაგში.

ჩახვნის მომენტისათვის სიდერატები მდიდარია შაქრებით, სახამებლით, ვიტამინებით და ფერმენტებით. ეს პრინციპულად განასხვავებს მწვანე სასუქებს სხვა ორგანული სასუქებისაგან. იმის გარკვევა, თუ რითი განსხვავდებიან სიდერატები სხვა სასუქებისაგან, შეიძლება მდოგვის მაგალითზე, რომელიც დათესილია საშემოდგომო ხორბლის აღების შემდეგ. თუ მდოგვის მწვანე მასას შემოდგომაზე ჩავხნავთ, როდესაც ის ჯერ კიდევ მწვანეა და არ არის ყინვისაგან დაზიანებული, ეს მწვანე სასუქია, მაგრამ თუ იმავე მდოგვს დავტოვებთ გაზაფხულამდე მინდორში და გაზაფხულზე მოყინულს ჩავხნავთ ნიადაგში, მაშინ ეს უბრალოდ ორგანული სასუქი იქნება, თუმცა საეჭვო ხარისხის.

მწვანე სასუქებისათვის ხშირად იყენებენ პარკოსნებს, რომელთა ფესვებზე მცხოვრებ კოჟრის ბაქტერიებს შეუძლიათ ატმოსფერული აზოტის ფიქსაცია და ნიადაგის გამდიდრება აზოტით. ამდიდრებენ რა აზოტით ნიადაგს, მწვანე სასუქები აუმჯობესებენ შემდგომი კულტურების კვებას. მწვანე სასუქები ნიადაგის განოყიერების ეფექტურობის თვალსაზრისით არ ჩამოუვარდებიან ნაკელს.

ისინი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ადგილზე მიღებული ნაკელი. მისი ეფექტი 10 წლამდე გრძელდება. სხვადასხვა კულტურები ნიადაგის თვისებებზე სხვადასხვანაირად მოქმედებენ. ასე, მაგალითად, პარკოსნები, მნიშვნელოვნად ამდიდრებენ ნიადაგს ორგანული ნივთიერებებით, ხოლო ნიადაგის წყლისა და ჰაერის რეჟიმის გაუმჯობესებაში წამყვან როლს ასრულებენ მარცვლოვნები. მძიმე ნიადაგებზე ისინი აუმჯობესებენ მათ სტრუქტურას, შლიან რა ნიადაგს მცირე ნაწილაკებად, მსუბუქ ნიადაგებზე კი აუმჯობესებენ ნიადაგის წყლის შეკავების უნარს. ამიტომ ხშირად მწვანე სასუქებს თესავენ ნარევების სახით. ასევე აუცილებელია, გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი მწვანე სასუქის ზემოქმედება დამოკიდებულია არა მარტო შერჩეულ კულტურებზე, არამედ ასაკზე, მწვანე მასის რაოდენობაზე და ასევე იმ დროზე, რომელიც გადის ძირითადი კულტურის დათესვამდე. ამიტომ აუცილებელია სიდერაციისას გარკვეული წესების დაცვა:

– ნიადაგი კარგად უნდა იყოს გაფხვიერებული თესლის თანაბრად და მცირე სიღრმეზე ჩასათესად;

– არ შეიძლება სიდერატებად ჯვაროსნების გამოყენება, თუ შემდგომში ამავე ნაკვეთზე იგეგმება იმავე ოჯახის წარმომადგენლის, მაგალითად, კომბოსტოს მოყვანა;

– მწვანე სასუქების ჩახვნა რეკომენდებულია მცენარეთა ყვავილობამდე, ვიდრე ისინი არ წარმოქმნიან აზოტით ღარიბი და ნახშირწყლებით მდიდარ უხეშ ღეროს, რომელიც ძნელად იშლება;

– იმისათვის, რომ სიდერატი ადვილად დაიშალოს, მისი ჩახვნის სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს მძიმე ნიადაგებზე – 10სმ, ხოლო მსუბუქ ნიადაგებზე 15 სმ-ს;

– ძირითადი კულტურა არ უნდა დაითესოს სიდერატის ჩახვნიდან ორი – სამი კვირის გასვლამდე; პარკოსნებიდან სიდერატებად ხშირად შემდეგ კულტურებს იყენებენ.

ბარდას, ოსპს, ძიძოს, ცერცვს, ცულისპირას, ესპარცეტს, სამყურას, იონჯას და სხვ. არაპარკოსანი კულტურებიდან ამ მხრივ საინტერესოა წიწიბურა, მდოგვი, შვრია, რაფსი, ჭვავი, ფაცელია, მზესუმზირა და სხვ.

მცენარის მიერ აზოტის შეთვისება დამოკიდებულია სიდერატში ნახშირწყლების შემცველობაზე, კერძოდ უჯრედანას შემცველობის გადიდებისას ადგილი აქვს აზოტის იმობილიზაციის შემცირებას; –მწვანე სასუქის ჩახვნით პირველ წელს მცენარეს შეუძლია შეითვისოს მწვანე მასაში არსებული აზოტის 30-40%. სიდერატის კარგი მოვლის შემთხვევაში ნიადაგში გროვდება 150-160 კგ აზოტი ჰა-ზე, რომლის მოქმედება გრძელდება შემდგომ წლებშიც. ჩაის პლანტაციებში სიდერატების ეფექტი 11 წელს გრძელდება;

– სიდერატები კარგ ეფექტს იძლევიან ტენიან, კორდიან ეწერ ნიადაგებზე. ტენიანი სუბტროპიკული ზონის წითელ მიწებსა და ეწერ ნიადაგებზე გამოიყენება თეთრი, ყვითელი და მწვანე ხანჭკოლა და ჩიტფეხა, ნეშომპალა კარბონატულ ნიადაგებზე– სამყურა, ძიძო და იონჯა.

მწვანე სასუქის მიწისზედა ნაწილების ქიმიური შედგენილობა

ცხრილი ერთი კლკჯლდჯფლ;აჯდფლაჯ

პარკოსნების თესვის შემთხვევაში ნიადაგის ზედა ფენა მდიდრდება კალიუმით, კალციუმით და სხვა საჭირო საკვები ელემენტებით. ნიადაგის აზოტითა და ორგანული ნივთიერებებით გამდიდრების ხარისხი დამოკიდებულია მწვანე სასუქად გამოყენებული კულტურის ბიოლოგიურ თავისებურებაზე, აგროტექნიკის დონესა და ნიადაგის თვისებებზე.

 პარკოსნების მიწისქვეშა ნაწილებისა და ნაწვერალის რაოდენობა, მათში საკვებ ნივთიერებათა შემცველობა კგ/ჰა

ცხრილი ორი ლკაჯდლკფჯალსჯფლასჯდფ

მცირე ფართობის შემთხვევაში მწვანე სასუქებით ნიადაგის განოყიერება ხდება შემდეგი მეთოდებით:

  1. ახალი, დაქუცმაცებული (დაქუცმაცება სასურველია) მწვანე მასის უშუალო შეტანა ნიადაგში მისი შემდგომი ჩახვნით. პრინციპში ეს მეთოდი ჩვეულებრივი ორგანული სასუქების შეტანისაგან განსხვავდება მხოლოდ სამუშაოების შესრულების ვადით;
  2. ნიადაგის მულჩირება დაქუცმაცებული მცენარეებით – ძალიან მარტივი და ეფექტური მეთოდია.

მულჩირების წინ საჭიროა შემდეგი სამუშაოების ჩატარება: ნიადაგის გათოხნა, გაფხვიერება, ნათესის გამარგვლა. მულჩის ფენა შეიძლება იყოს 8-10 სმ სისქის, უფრო მცირე სისქის შემთხვევაში მულჩი არაეფექტურია, ხოლო უფრო სქელმა ფენამ შეიძლება დააკნინოს კულტურული მცენარეები.

მწვანე მულჩის ფენა ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ასრულებს: უნარჩუნებს ნიადაგს ტენიანობას, იცავს ნიადაგს წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიისაგან, ზღუდავს ერთწლიანი სარეველების ზრდას, ხელს უშლის ნიადაგის ზედაპირზე ქერქის წარმოქმნას, წარმოადგენს დამატებით საკვებს კულტურული მცენარეებისათვის ორგანული მასალის თანდათანობითი დაშლის ხარჯზე, ქმნის ჭიაყელებისათვის ხელსაყრელ პირობებს. მწვანე სასუქის ფორმები მრავალნაირია, ისინი იცვლება კლიმატის, ნიადაგის, მწვანე სასუქად დათესილი მცენარის თავისებურებათა მიხედვით.

 არჩევენ მწვანე სასუქების შემდეგ ფორმებს:

  1. დამოუკიდებელი (ძირითადი) – ნაკვეთი თითქმის მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში დაკავებულია სიდერალური კულტურებით. ეს ფორმა გამოიყენება უმთავრესად ძალზედ ჩამორეცხილი და ღარიბი ნიადაგების ნაყოფიერების აღსადგენად. ამ დროს ნაკვეთი ნაწილობრივ ან მთლიანად დაფარულია ვეგეტაციის პერიოდში მყოფი ერთწლიანი კულტურებით. იმის მიხედვით, თუ წლის რომელ პერიოდში მიმდინარეობს მათი ვეგეტაცია, განასხვავებენ შემდეგ სიდერატებს: ა. გაზაფხულ–ზაფხულის სიდერატები, რომელთაც მიეკუთვნება: ყვითელი და ლურჯი ხანჭკოლა, ბრინჯისებრი ლობიო, სოიო და სხვა. ისინი ითესება თებერვლიდან ივნისამდე და ივლისიდან აგვისტომდე. ბ. ზამთარ–საშემოდგომო, რომელთაც მიეკუთვნება: თეთრი ხანჭკოლა, მინდვრის ბარდა, ჩიტიფეხა, ცერცველა, ტანჟერის ცულისპირა. ისინი ითესება სექტემბრიდან თებერვლამდე. მრავალწლიანი სიდერატებიდან დამოუკიდებელ სიდერატებად გამოიყენება ლურჯი ხანჭკოლა, იონჯა, წითელი სამყურა, ლესპედეზა და კურდღლის ფრჩხილა, რომლებიც ითესება სექტემბერ-ოქტომბრის პირველ ნახევარში. გამონაკლისია ლესპედეზა, რომელიც ითესება თებერვალ-მარტში. სუბტროპიკულ ზონაში ხელსაყრელი პირობების გამო შესაძლებელია სიდერატების ორი მოსავლის მიღება.
  2. შუალედური, როცა სიდერატს უკავია ერთი კულტურის მოსავლის აღებასა და მეორე კულტურის დათესვას შორის პერიოდის ფართობი. შუალედური ნათესი თავისთავად შეიძლება იყოს გამოთესილი, როდესაც სიდერატის გამოთესვა ხდება საფარ კულტურებზე, მათი განვითარება მიმდინარეობს ძირითადი კულტურების (ხორბლეულის) აღების შემდეგ და სანაწვერალო, რომლებიც ითესება ძირითადი კულტურების აღებისთანავე– ნაწვერალზე. შუალედურ სიდერატებად გამოიყენება: ცერცველა, ცულისპირა, ჩიტფეხა, ბარდა, თეთრი, ყვითელი და ლურჯი ხანჭკოლა, მათი ნარევი ქერთან, შვრიასთან და ჭვავთან.
  3. სათიბი, როცა მწვანე სასუქი მოჰყავთ ერთ ადგილას, ხოლო გათიბვის შემდეგ სხვაგან გადააქვთ და ჩახნავენ. სიდერატების ეს ფორმა გამოიყენება ჩაისა და ციტრუსოვანი, ძირითადი კულტურებისათვის, უვარგისი ნიადაგების გასანოყიერებლად.
  4. მწვანე სასუქად აქვიტის (წამონაზარდის) გამოყენება. ამ ფორმის სიდერატების პირველი ნათიბი გამოყენება პირუტყვის საკვებად, ან სხვა ნაკვეთის გასანოყიერებლად, მულჩად, ხოლო დარჩენილი ნაწილი ჩაიხვნება მწვანე სასუქად. ამ მიზნით თესავენ: სამყურას, ძიძოს, კურდღლის ფრჩხილას, ტანჟერის ცულისპირას, ჩიტფეხას და სხვა.

ამრიგად, სიდერატების ანუ მწვანე სასუქების როლი შემდეგში მდგომარეობს:

  1. იწვევს ორგანული ნივთიერებებით ნიადაგის გამდიდრებას და მისი თვისებების გაუმჯობესებას;
  2. პარკოსანი კულტურები ძლიერ ღრმად ივითარებენ ფესვთა სისტემას, აფხვიერებენ ნიადაგის ქვედა ფენებს და იქ არსებული საკვები ელემენტების შეთვისების შედეგად ამოაქვთ ზედა ფენებში;
  3. ახდენს მცენარისათვის ზოგიერთი საკვები ნივთიერებების მობილიზაციას ნიადაგში და გადაყავს ისინი მცენარისათვის ადვილად შესათვისებელ ფორმებში. განსაკუთრებით ეს ახასიათებს ხანჭკოლას, რომელსაც შესწევს უნარი შეითვისოს ფოსფორი ძნელადხსნადი ფოსფორიტებიდან;
  4. სასიდერაციო კულტურების მიერ მძლავრი ფესვთა სისტემის განვითარებისა და ნიადაგის ზედაპირზე გართხმული დიდი მწვანე მასის შექმნის შედეგად, მცირდება ეროზიული მოვლენები. განსაკუთრებით ამ მხრივ მნიშვნელობა აქვს ჭარბტენიანი რაიონებისა და დაქანებული ადგილმდებარეობის შემთხვევაში სიდერატების თესვას;
  5. ადგილი აქვს ნიადაგიდან ნიტრატების ჩარეცხვის შემცირებას, სასიდერაციო მცენარეების მიერ მისი გამოყენების შედეგად;
  6. სიდერატის მწვანე მასის მულჩად გამოყენება აუმჯობესებს ნიადაგის წყლისა და ტემპერატურულ რეჟიმს;
  7. ციტრუსოვანი კულტურების მწკრივთაშორისებში შემოდგომა– ზამთრის სიდერატების თესვა იწვევს ციტრუსოვანი კულტურების ზრდის შეჩერებას და ზრდის მათ ყინვაგამძლეობას;
  8. კარგად განვითარებული სასიდერატო მცენარეები ახშობენ სარეველა მცენარეებს. ბუნებაზე დაკვირვება და ბუნებრივი კანონზომიერების გათვალისწინება ორგანული მეურნეობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია.

სწორედ ბუნებამ უკარნახა მეურნეს მულჩირების მეთოდი, რომლის დროსაც ნიადაგი მცენარის გარშემო იფარება სხვადასხვა მასალით.

მართლაც, ტყეში ხეების, ბუჩქებისა და სხვა მცენარეების ქვეშ ნიადაგი ყოველთვის დაფარულია გამხმარი ფოთლებით, ხავსით, მკვდარი მცენარეული მასალით.

სწორედ ეს ბუნებრივი საფარი იცავს ნიადაგს მაღალი ტემპერატურისაგან, გამოშრობის, ჩარეცხვისა და ეროზიისაგან, აფერხებს სარეველა მცენარეების აღმოცენება–განვითარებას, იცავს მცენარეებს ყინვისაგან.

მულჩი ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს მავნე მეტეოროლოგიური პირობებისაგან ნიადაგის დაცვას. ნიადაგის მულჩირება შესაძლებელია სხვადასხვა მასალითა და სხვადასხვა მიზნით.

მულჩირებისთვის გამოიყენება როგორც დაქუცმაცებული ტორფი, გადამწვარი ორგანული მასალა, მარცვლეული კულტურების ნამჯა, ჩამოცვენილი ფოთლები, ნახერხი, ბალახი, პოლიეთილენი, მუყაო, ქაღალდი და სხვა ორგანული და არაორგანული მასალები. დამულჩვით მოსავლიანობის გადიდება დიდი ხანია არის ცნობილი, თუმცა იგი ფართოდ არ გამოყენება, რადგან კულტურის მიხედვით მულჩის ეფექტი ზუსტად დადგენილი არ არის.

პირველად 1914 წელს ეკარტმა ჰავაის კუნძულებზე ანანასის და შაქრის ლერწმის პლანტაციებში ასფალტის საფარი გამოიყენა მულჩად. მანამდე მე-19 საუკუნის დასაწყისში სარეველების წინააღმდეგ ნიადაგის ცემენტითა და ქვით დაფარვა სცადეს. საქართველოში ნიადაგის დამულჩვის შესწავლაში დიდი წვლილი მიუძღვის აკად. მ. გოგოლიშვილს.

მან დაამტკიცა, რომ დამულჩვის ეფექტურობა დამოკიდებულია მულჩის სახეობაზე, გამოყენების ხერხებზე, დროზე, კლიმატურ პირობებზე და სხვა. მულჩირებისათვის მასალის არჩევა დამოკიდებულია ნიადგის ტიპზე, კლიმატსა და მულჩირების მიზანზე (სარეველების დათრგუნვა, ტენის აორთქლების შემცირება, ნიადაგის გამდიდრება და სხვ.).

ნებისმიერი მასალით (როგორც ორგანულით, ისე არაორგანულით) მულჩირება თრგუნავს სარეველების ზრდას, იცავს ნიადაგს ტენის ჭარბი აორთქლებისაგან, არეგულირებს სითბურ რეჟიმს: ზაფხულში ნიადაგი ნაკლებად ხურდება, ხოლო მცენარის ფესვებთან ახლოს შექმნილი ტენიანი გარემო ხელს უწყობს მცენარის ზრდას; ზამთარში კი ნიადაგი უკეთ ინარჩუნებს სითბოს. მაგრამ თუ სარეველების დათრგუნვის, სითბური რეჟიმის რეგულირებისა და ტენის აორთქლების თავიდან აცილების გარდა, ნიადაგის სტრუქტურასა და მცენარის უკეთ გამოკვებაზეც ვფიქრობთ, მაინც უმჯობესია, მულჩირებისათვის ორგანული მასალები გამოვიყენოთ.

ორგანული მასალის გარდა, მულჩირებისათვის შესაძლებელია სხვა მასალების გამოყენებაც (მაგ. პოლიეთილენის), მაგრამ აუცილებელია გავითვალისწინოთ ამ მასალის თვისებები. მულჩირებისათვის შავი პოლიეთილენის გაუმჭვირვალე მასალის გამოყენებისას ნიადაგის სტრუქტურა არ უმჯობესდება და არც საკვები ნივთიერებებით მდიდრდება, მაგრამ ფერხდება სარეველების ზრდა და ტენის აორთქლება. გასათვალისწინებელია, რომ პოლიეთილენის მასალა წვიმას იჭერს და ბოსტნეულ კულტურებში მოსაგვარებელია მცენარის მორწყვის საკითხი. გაზაფხულზე შავი პოლიეთილენი თბება და ნიადაგსაც ათბობს, მაგრამ ზაფხულის სიცხეების დროს იქმნება პრობლემა. პოლიეთილენი შესაძლოა ძლიერ გახურდეს და მკვეთრად აწიოს ნიადაგის ტემპერატურა, რაც საშიშროებას უქმნის ნიადაგის ცოცხალ ორგანიზმებსაც. ორგანული მასალით მულჩირება ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესების კარგი საშუალებაა. გარდა იმისა, რომ მულჩით დაფარული ნიადაგი დიდხანს ინარჩუნებს სითბოს, ტენსა და სიფხვიერეს, სწრაფად ხდება ნიადაგის ჰუმუსის ფენის აღდგენა. მულჩის ქვეშ იქმნება ოპტიმალური პირობები მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობისათვის. ისინი გადაამუშავებენ ორგანულ მულჩს და ამდიდრებენ ნიადაგს. ამასთან, ორგანული მულჩი ხელს უწყობს ჭიაყელებისა და ნიადაგის სხვა ცხოველების გამრავლებას, რომლებიც აუმჯობესებენ ნიადაგის სტრუქტურას. ორგანული მულჩი ხელს უშლის ნიადაგის ქერქის წარმოქმნას, იცავს ნიადაგს ქარისა და მზის სხივების ზემოქმედებისაგან, ამასთან ნიადაგი უკეთ “სუნთქავს”, აძლიერებს ნიადაგში მიმდინარე სასარგებლო ბიოქიმიურ პროცესებს, რის შედეგადაც უკეთესდება მცენარის კვება და მცენარე ძლიერდება. მულჩირებულ ნიადაგში ტემპერატურის მერყეობის ამპლიტუდა ნაკლებია, შენარჩუნებულია ოპტიმალური ტენიანობა და სითბური რეჟიმი, რაც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და აუმჯობესებს მცენარის კვებას. ორგანული მულჩი აფერხებს ზოგიერთი დაავადებისა და მავნებლის ზრდა-განვითარებას. მაგ., კოლორადოს ხოჭო „გაურბის“ თივისგან დამზადებულ მულჩს. ვაშინგტონის შტატის ბიოფერმებში ეკოლოგიურად სუფთა ყურძნის მოყვანა ძალზედ პოპულარულია.

მულჩი მულჩი ვენახი

ვენახის რიგთაშორისებში სიდერატებად დათესილის სხვადასხვა კულტურები სურათზე ნაჩვენებია ვენახის რიგთაშორისებში დათესილი სხვადასხვა კულტურები, რომლებსაც სიდერატების სახით ჩახნავენ ნიადაგის ნაყოფიერების ასამაღლებლად, ამავე დროს ეს კულტურები ნიადაგის ეროზიისგან დამცავი საშუალებაცაა.

 თანამედროვე ორგანულ მეურნეობაში მულჩად გამოყენებულია უახლოესი ტექნოლოგიებით დამზადებული ფირები, რომელსაც აწარმოებს ისრაელის ფირმა „გინეგარი“. ფირების გამოყენებით იზღუდება სარეველა მცენარეების ზრდა, ნაყოფი არ ეხება ნიადაგს, მცირდება სიდამპლის რისკი. ფირის ქვეშ ნარჩუნდება მდგრადი ტემპერატურა და ზომიერი ტენიანობა, 30%–ით მცირდება მორწყვის ხარჯები, 15%-ით მატულობს მცენარის ზრდის ტემპი, იზრდება ნაყოფიერება.

ორგანული მასალით მულჩირებისას გასათვალისწინებელია:

– რეკომენდებული არაა მულჩირება ადრე გაზაფხულზე, როცა მიწა ჯერ არ არის გამთბარი. ეს გამოიწვევს ლპობას, მით უმეტეს, წვიმიანი გაზაფხულის პირობებში. მულჩირება ხდება მიწის კარგად გათბობის შემდეგ;

– მულჩირების წინ ნიადაგი წინასწარ უნდა გასუფთავდეს სარეველების, ხმელი ტოტების, ფოთლებისაგან. თუ ზედაპირი მშრალია, ნიადაგი უნდა გაფხვიერდეს, მოირწყას, და შემდეგ დაიმულჩოს;

– მულჩირებისათვის განკუთვნილი მასალა არ უნდა შეიცავდეს სარეველების თესლს და წინასწარ კარგად უნდა დაქუცმაცდეს;

– თუ მულჩირებისათვის გამოყენებულია მწვანე მასა, თხელ ფენად უნდა დალაგდეს, ხმელი მასალა (მაგ., თივა) შეიძლება უფრო სქელ ფენად დაეფინოს (მაგ., 2- 10 სმ სისქეზე) ნიადაგის ზედაპირს;

– შემოდგომით მულჩი უნდა ჩაიხვნას ნიადაგში ან რჩება გაზაფხულამდე. თუ მულჩს ზამთარშიც დავტოვებთ, იგი ხელს შეუწყობს ჭიაყელებისა და ნიადაგის სასარგებლო მიკროფლორის გამრავლებას, რაც ნიადაგს ჰუმუსით გაამდიდრებს და სტრუქტურასაც გააუმჯობესებს.

ნუნუ ნაკაშიძე, დარეჯან ჯაში,

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი