დარგებიმემარცვლეობა

სიმინდის ქართული ჯიშების დახასიათება

აბაშური ყვითელი ადგილობრივი საგვიანო ჯიშია; გაუმჯობესებულია საქართველოს სასელექციო სადგურის მიერ ინდივიდუალური და მასობრივი გამორჩევის მეთოდით. თესვიდან სრულ სიმწიფემდე 130-136 დღეს საჭიროებს.

დარაიონებულია 1938 წლიდან I, II და III ზონებისათვის.

მცენარე სიმაღლით 240-320 სმ-ია; ფოთოლთა რაოდენობა აღწევს 18-22-მდე, ტაროს მიმაგრების სიმაღლე უდრის 130-150 სმ, ბარტყებს იშვიათად ივითარებს.

ტარო სიგრძით 18-24 სმ-ია, ოდნავ კონუსური, მისი ქვედა დიამეტრიც უდრის 30,5-50,0 მმ-ს, მარცვლის მწკრივი _ 8-14-ს; ნაქუჩი თეთრი აქვს, მარცვლის გამოსავალი 80-82 %-ს აღწევს.

მარცვალი მუქი ყვითელია, ნახევრადკბილა და კბილა ტიპის; დიდი ზომისაა, ფართო; სიგრძისა და სიგანის შეფარდება უდრის 10,0-10,1 მმ-ს; 1000 მარცვლის მასა 350-450 გრამია.

მიეკუთვნება სახესხვაობა ქსანტოდონს.

აბაშური ადგილობრივი თეთრი ნახევრადკბილა საგვიანო ჯიშია; მიღებულია კაჟა და კბილა ტიპის სიმინდის ბუნებრივად შეჯვარების შედეგად; სავეგეტაციო დღეთა რაოდენობა უდრის 135-155-ს; ძირითადად ტენით უზრუნველყოფილ რაიონებშია გავრცელებული;

საშუალო მოსავალი ჰექტარზე 24-32 ცენტნერია (მარცვალი), ხელსაყრელ პირობებში კი 40 ცენტნერს აღემატება; იძლევა ბევრ სასილოსე მასას (350-400ც/ჰა, ხელსაყრელ პირობებში მეტსაც).

დარაიონებულია 1947 წლიდან II ზონისათვის.

მცენარე 250-320 სმ-ია; ფოთლების რაოდენობა უდრის 18-22, მიწისზედა მუხლთა რაოდენობა 16-18-ს, ტაროს მიმაგრების სიმაღლე 130-150 სმ-ს; ბარტყებს იშვიათად ივითარებს. ტარო ოდნავ კონუსურია, სიგრძით 16-20სმ; მარცვლის მწკრივები ხშირად არასწორია, განსაკუთრებით ტაროს ქვედა ნაწილში; ნაქუჩი თეთრია, იშვიათად გვხვდება ვარდისფერნაქუჩიანიც; მარცვლის გამოსავალი 78-80%-მდე აღწევს. მარცვალი თეთრი, დიდი და ბრტყელია; ეკუთვნის თავისებურ ნახევრადკბილა ტიპს, მაგრამ უფრო უახლოვდება კბილას; სიგრძე 10,2-13,4 მმ-ია, სიგანე 9,7-12,4 მმ, 1000 მარცვლის მასა 400-500 გრამია.

მიეკუთვნება სახესხვაობა ლევკოდონს.

ადგილობრივი ყვითელი ნახევრადკბილა საკმაოდ მოსავლიანი საგვიანო ჯიშია (120-140 დღე); წარმოადგენს კბილა და კაჟა ფორმების შენაჯვარს, ოღონდ კაჟა სიმინდის თვისება უფრო მკაფიოდ აქვს გამოსახული.

დარაიონებულია 1933 წლიდან I და IV ზონებისათვის.

მცენარე მაღალტანიანია, იზრდება 3 მეტრამდე, ზოგჯერ-უფრო მაღალიც.

ტაროს სიგრძე საშუალოდ 20-21 სმ-ია, ოდნავ კონუსური; უსწორმასწოროდ განწყობილი მარცვლის მწკრივების რაოდენობა 10-12-ია; ნაქუჩი თეთრია, მარცვალი ყვითელი მიეკუთვნება სახესხვაობა ქსანტოდონს.

ადგილობრივი თეთრი ნახევრადკბილა საგვიანო ჯიშია; სავეგეტაციო დღეთა რაოდენობა 130-140-ს უდრის; მიღებულია ბუნებრივ პირობებში კაჟა და კბილა ფორმების ურთიერთშეჯვარებით; დარაიონებულია 1934 წლიდან I, IV და XVII ზონებისათვის. მცენარე 230-300 სმ-ია; ფოთლების რაოდენობა უდრის 16-20-ს, მიწისზედა მუხლთა რაოდენობა 14-16-ს, ტაროს მიმაგრების სიმაღლე 120-140სმ-ს.

ტარო კონუსური ფორმისაა, სიგრძით 14-16 სმ; მარცვლის მწკრივების რაოდენობა უდრის 8-12-ს; ნაქუჩი თეთრი.

მარცვალი დიდი, თეთრი, ბრტყელი, ნახევრადკბილა.

მიეკუთვნება სახესხვაობა ლევკოდონს.

აჯამეთის თეთრი საქართველოს სასელექციო სადგურის მიერ გაუმჯობესებული ადგილობრივი ჯიშია; სავეგეტაციო დღეთა რაოდენობა უდრის 140-152-ს. ჭარბტენიან რაიონებში ყვითელმარცვლიან ჯიშებთან შედარებით უხვმოსავლიანია; გავრცელებულია დასავლეთ საქარღველოს დაბლობ ზოლში აბაშურ ყვითელთან ერთად, მაგრამ მისი არეალი უფრო ფართოა და გადმოდის აღმოსავლეთ საქართველოშიც-ალაზნის გაღმა მხარეს.

 

დარაიონებულია 1938 წლიდან I, II, III, IV და XVII ზონებისათვის.

მცენარე სიმაღლით 230-300 სმ-ია;

მარცვლის გამოსავალი 81-83%-ს უდრის.

მარცვალი დიდია, ბრტყელი; წარმოადგენს ნახევრადკბილა და კბილა ტიპს; მიღებულია კაჟა და კბილა ფორმების ჰიბრიდიზაციის შედეგად. სიგრძე 10-12მმ-ს უდრის, სიფართე 8-22 მმ-ს, სისქე-2,6-6,4 მმ-ს, 1000 მარცვლის მასა 350-500 გრამია.

მიეკუთვნება სახესხვაობა ლევკოდონს.

გეგუთური ყვითელი გამოვლინებული და გაუმჯობესებულია ქუთაისის რაიონში (გეგუთში); საგვიანო ჯიშია; აღმოცენებიდან სიმწიფემდე 130-135 დღე სჭირდება; ჯიში კარგია დასავლეთ საქართველოს დაბლობი ტენიანი რაიონებისათვის.

მცენარის სიმაღლე 180-250 სმ; ბარტყებს ძალიან ცოტას ივითარებს.

ტარო შედარებით დიდია, ოდნავ კონუსური; წონით 180-240 გრამია, სიგრძით 18-20სმ, ნაქუჩი თეთრია; მარცვლის მწკრივთა რაოდენობა ტაროზე უდრის 8-10-ს.

მარცვალი ნახევრადკბილაა, ყვითელი (უფრო მუქი შეფერვით, ვიდრე აბაშური ყვითელი); სიგრძე 12მმ-ია, სიფართე-11,4 მმ, სისქე _ 4,2 მმ; 1000 მარცვლის მასა 400-500 გრამია.

 

 

 

 

მიეკუთვნება სახესხვაობა ქსანტოდონს.

იმერული ჰიბრიდი საქართველოს სასელექციო სადგურის საგვიანო ჯიშია, გამოყვანილი პროფ. ლ. დეკაპრელევიჩის მიერ ქუთაისის ბუნებრივი ჰიბრიდიდან მასობრივი შერჩევის გზით; სავეგეტაციო პერიოდი, ადგილმდებარეობის მიხედვით, 140-150 და ზოგჯერ 160 დღემდე გრძელდება, ხასიათდება მაღალი მოსავლიანობით; ფქვილის ხარისხის მიხედვით ერთ-ერთ საუკეთესო სასურსათო ჯიშად ითვლება. როგორც საკვებ-სასილოსე ჯიში, გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობი ზონის სარწყავ მიწებზე. მას დიდად აფასებენ შუა აზიისა და სხვა რესპუბლიკებში.

დარაიონებულია 1931 წლიდან X ზონისათვის.

მცენარე სიმაღლით 3 მეტრამდე აღწევს; შეფოთვლა საკმაოდ უხვი აქვს.

ტარო გრძელი (20-24 სმ), ოდნავ კონუსური, ნაქუჩი _ თეთრი; სწორად განწყობილი მწკრივების რაოდენობა ტაროზე უდრის 12-16-ს, მარცვლის გამოსავალი შედარებით დაბალია (მერყეობს 75-78%-ის ფარგლებში).

მარცვალი ყვითელია _ სხვადასხვა შეფერვით, თავგადალესილი, იშვიათად _ ოდნავ ჩაღრმავებული, სიგრძით ცოტა უფრო მეტი, ვიდრე სიგანით; 1000 მარცვლის მასა 310-330 გრამია.

მიეკუთვნება სახესხვაობა ულგატს.

ქართული კრუგი გამოყვანილია საქართველოს სასელექციო სადგურის მიერ უცხო ჯიშ-კრუგკორნიდან; საგვიანო ჯიშია, აღმოცენებიდან სიმწიფემდე 132-136 დღე სჭირდება. აღმოსავლეთ საქართველოში (მორწყვისას) იძლევა უხვ მოსავალს.

დარაიონებულია 1949 წლიდან IV, iX, X, XVII და XVIII ზონებისათვის.

მცენარის სიმაღლე 240-320 სმ-ია, ფოთოლთა რაოდენობა 16-20, ტაროს მიმაგრების სიმაღლე _ 115-160 სმ.

ტარო დიდი ზომისაა, თითქმის ცილინდრული, ნაქუჩი _ წითელი; მარცვლის მწკრივთა რაოდენობა 12-18; მწკრივები სწორია; ტაროს როგორც წვერი, ისე ბოლო ხშირად კარგად არის ამოვსებული მარცვლით; მარცვლის გამოსავალი 82-84%-ს აღწევს.

მარცვალი კბილა ბრტყელი, წაგრძელებული; სიგრძე საშუალოდ უდრის 12,4 მმ-ს, სიგანე 8,6 მმ-ს, სისქე 3,5-დან 4,3 მმ-ს. მარცვლის წვერი ღია ყვითელია (უფრო ნათელი), დანარჩენი ნაწილი კი ყვითელი _ პრიალა ზედაპირით. 1000 მარცვლის მასა უდრის 360-420 გრამს.

მიეკუთვნება სახესხვაობა ფლაორუბრას.

ადგილობრივი ყვითელი კაჟოვანა ძველი ადგილობრივი სამეურნეო ჯიშია ტიპიური კაჟა სიმინდის ჯგუფიდან; დათესვიდან სრულ სიმწიფემდე სჭირდება 110-120 დღე; საკმაოდ გვალვაამტანია, მოსავლიანობა ხელშემწყობ პირობებში 20-30 ცენტნერს აღწევს ჰექტარზე.

დარაიონებულია 1940 წლიდან V, VI, VII, IX და XIV ზონებისათვის.

მცენარე სიმაღლით 130-160 სმ-ია; შეფოთვლა სუსტი აქვს (11-13).

ტარო შედარებით მოკლეა (11-15 სმ), მკვეთრად გამოხატული კონუსური ფორმით, სპირალური ან ალაგ-ალაგ არეული. მწკრივების რაოდენობა ტაროზე 10-14-ს უდრის; ნაქუჩი თეთრი აქვს.

მარცვალი ყვითელია, კაჟა ოდნავ წაგრძელებული ან თითქმის თანაბარი; 1000 მარცვლის წონა 210-330 გრამია.

 

 ადგილობრივი თეთრი კაჟოვანა,  წარმოადგენს ძველ ადგილობრივ ჯიშს კაჟა სიმინდის ჯგუფიდან; უფრო საგვიანოა, ვიდრე კაჟოვანა ყვითელი და სრული შემოსვლისათვის საჭიროებს 114-122 დღეს; მოსავლიანობით საშუალოა, მაგრამ მერყევი, მაქსიმუმი (ცალკე წლებში) აღწევს 20-23 ცენტნერამდე ჰექტარზე.

დარაიონებულია 1933 წლიდან  V, VI, VII, IX, XII, XIII და XIV ზონებისათვის.

მცენარე შედარებით უფრო მაღალტანიანია, ვიდრე კაჟოვანა ყვითელი (სიმაღლე აღწევს 150-250 სმ-მდე), შეფოთვლაც უფრო უხვი (15-17) აქვს.

ტაროს საშუალო სიგრძე 16-17 სმ-ია, კონუსური ფორმით; ნაქუჩი თეთრია; ტაროზე მწკრივების რაოდენობა უდრის 12-16-ს; მარცვლის გამოსავალი უდრის 78-83%-ს.

მარცვალი თეთრია, თავგადალესილი, ბრჭყვიალა; 1000 მარცვლის წონა უდრის 290-330 გრამს; სიგრძე-სიგანით თანაბარია.

მიეკუთვნება სახესხვაობა ალბას.

პაპალაშვილი 3. გამოყვანილია საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მცხეთის სასელექციო სადგურის მიერ პროფ. პაპალაშვილის მრავალტაროიან-მრავალღეროიანი თეთრიდან ინდივიდუალური და მასობრივი გამორჩევის გზით. მიეკუთვნება ქვესახეობა ნახევრად კბილას, მცენარე 310-350 სმ-ია. ტაროს მიმაგრების სიმაღლე 150-160 სმ, ბარტყობა ახასიათებს ძლიერი, ბარტყთა რიცხვი მცენარეზე 2-3. ფოთლის რიცხვი  21-25, მიწისზედა მუხლების რიცხვი – 16-20, ტაროს საშუალო სიდიდის სუსტი კონუსისებური, სიგრძე 18 სმ, მარცვლის რიგების რიცხვი 10-12, მარცვლის რიცხვი მწკრივში 30-40, ნაქუჩი თეთრი, მარცვლის გამოსავალი ტაროდან 82%. ტარო მომწიფებისას ფუჩეჩით კარგადაა შეკრული. მარცვალი ნახევრადკბილა, 1000 მარცვლის მასა 330 გ, სავეგეტაციო დღეთა რიცხვი აღმოცენებიდან სრულ სიმწიფემდე 140-145 დღეა. სუსტად ავადდება გუდაფშუტით. კარგი მოვლისა და ტენით უზრუნველყოფის პირობებში ის ჯობია სტანდარტს _ ივერია 503-ს, სასილოსე მასით 35-40 ცენტნერით, ხოლო მარცვლის მოსავლიანობა 8-14 ც ჰა-ზე.

სასილოსედ თესვის შემთხვევაში მცენარეთა რიცხვი ჰექტარზე არ უნდა აღემატებოდეს 30 ათასს, სამარცვლედ კი – 20 ათასს.

პაპალაშვილი-3 დარაიონებულია 1986 წლიდან, საქართველოში და უცხოეთში სასილოსედ და სამარცვლედ.

 

ოთარ ლიპარტელიანი  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, დარგობრივი და სახელმწიფო პრემისს ლაურიატი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მარცვლეული კულტურების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, პროფესორი.

ფილარეტ ბეგოიძე   სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მარცვლეული კულტურების სამსახურის  სპეციალისტი სოფლის მეურნეობის დოქტორი.

ლია  ქირიკაშვილი     სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მარცვლეული კულტურების სამსახურის  მთავარი კონსულტანტი სოფლის მეურნეობის   აკადემიური   დოქტორი.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“