აგრარული განათლებადარგებიმემცენარეობა

სიმინდის თესლის მომზადება დასათესად და თესვა

სიმინდის წარმოების ინტენსიურ ტექნოლოგიაში მოსავლიანობის გაზრდის ღონისძიებათა შორის სიმინდის თესლის  სწორად შერჩევას და დასათესად მომზადებას ერთ-ერთი ძირითადი ადგილი უჭირავს.
უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად უნდა დაითესოს მხოლოდ დარაიონებული ჯიშები და ჰიბრიდები. თესლი ჯიშური სიწმინდით უნდა იყოს პირველი კატეგორიის, ხოლო თესვითი ღირსებით პირველი კლასის, რაც უნდა დასტურდებოდეს აპრობაციის აქტითა და შესაბამისი სახელმწიფო სერთიფიკატით.

სიმინდის თესვა იწყება მაშინ, როცა ნიადაგი თესლის ჩათესვის სიღრმეზე 10-12°C-მდე გათბება.

თესვის დაწყებისა და დამთავრების სავარაუდო ვადები უნდა დაზუსტდეს ცალკეული მიკროზონისათვის.

თესვა იწყება სამხრეთ ფერდობებზე, შემდეგ ითესება ვაკე ადგილებში და ბოლოს ჩრდილოეთ ფერდობებზე. დაბლობ და ვაკე ადგილებში ჯერ ითესება მსუბუქი მექანიკური შედგენილობისა და ხირხატ ნიადაგებზე, შემდეგ კი მძიმე მექანიკური შედგენილობის თიხა და მძიმე თიხნარი.

თესვის ნორმა ისაზღვრება ჯიშების და ჰიბრიდებისათვის დადგენილი ოპტიმალური სიხშირის მიხედვით.

სიმინდი ითესება 70 სმ. მწკრივთშორისებით პუნქტირული სათესით, მაგრამ უკანასკნელ წლებში, ნათესში გარე ეფექტის გაზრდისა და მწკრივთშორისების დამუშავების გაადვილების მიზნით, ზოგიერთ ფერმერულ მეურნეობაში სამარცვლე სიმინდი 70  სმ.  მწკრივთშორისების ნაცვლად ითესება 75 სმ. მწკრივთშორისებით.

თესლის ჩათესვის სიღრმე იცვლება ნიადაგის მექანიკური შედგენილობისა და ტენიანობის გათვალის-წინებით. ტენიან და მძიმე თიხნარ ნიადაგებზე სიმინდი ითესება 4-6 სმ. სიღრმეზე, ტენით უზრუნველყოფილ მსუბუქ ნიადაგებზე 6-7 სმ-ზე, ხოლო მშრალგვალვიან ზონაში 7-8 სმზე.

ძლიერი ქარების ზონაში მწკრივები განლაგებული უნდა იყოს ქარების მოქმედების მიმართულებით, ხოლო ფერდობებზე დახრილობის განივად.