მედიარუბრიკებისტატიები

სოფელი ცხოვრების დონის გაუმჯობესების მოლოდინში

საჭიროა გააზრებული ცვლილებები და ამ ცვლილებების  გონივრულად მართვა!

20220819_171134

ქართული სოფელი არა მხოლოდ სოფლის მეურნეობა, არამედ ცხოვრების წესიცაა, რომელიც აერთიანებს ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს. სოფლის დასახლებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერი ქვეყნის საქმიანობაში. სახელმწიფომ დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს სოფლებისა და სოფლის ტიპის დასახლებების განვითარებას, რადგან ამ ტერიტორიების გაუკაცრიელება გამოუსწორებელ შედეგს გამოიღებს.

ბოლო წლებში ბევრი სოფელი დაცარიელდა,  90 -იანი წლებიდან დღემდე კი ათასზე მეტი. იქ არსებულმა  საწარმოებმა შეწყვიტა ფუნქციონირება, მაცხოვრებლებმა მასიურად დატოვეს სოფელი  უკეთესი ცხოვრების საძიებლად, გადავიდნენ  დიდ ქალაქებში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი)  ან წავიდნენ ემიგრაციაში. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ  დიდი სხვაობაა სოფლისა და ქალაქის ცხოვრების დონეს შორის. მიუხედავად იმისა,  რომ გადადგმულია ნაბიჯები სოფლის სოციალური უზრუნველყოფის განვითარებისა და გაუმჯობესების საქმეში, სოფლის განვითარება  მაინც დიდ გამოწვევად რჩება. ამ სიტუაციიდან ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს სოფლად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. ამ კუთხით მართალია არსებობს პროგრამები და მათი ფუნქციონირების პირველი წლიდანვე დადასტურებულია მათი აქტუალობა, მაგრამ არასაკმარისია, არ არის მიზნობრივი.

სოფლებში აუცილებელია მაცხოვრებლების მოზიდვისათვის ნორმალური პირობების შექმნა, მათ შორის კვალიფიციური პერსონალი სოფლად. სოფლის განვითარების პროექტები უნდა ხორციელდებოდეს  სოფლის წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობით. საინვესტიციო პროექტებმა საჭიროა  დიდწილად გადაინაცვლოს სოფლის მეურნეობის სექტორში  და შესაბამისად  რეგიონებში სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, თუნდაც ქალაქის ტიპის დასახლებების გასაშენებლად. როგორც აღვნიშნეთ 1990 წლებიდან დღემდე,

ქვეყნის შრომისუნარიანი სოფლის მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა, სოფელი დაბერებულია, უმუშევრობა იზრდება, სოფლიდან მოსახლეობის გადინება გრძელდება. პანდემიის პირობებში  ადამიანები სოფელს მიუბრუნდნენ, მაგრამ როგორც ექსპერტებმა ივარაუდეს მას მხოლოდ დროებითი ხასიათი ჰქონდა.

სამწუხაროა, რომ სოფლად მცირდება გაკულტურებული ფართობები და წარმოების ძირითადი საშუალების – მიწის ხარისხი უარესდება. თუნდაც სოფლის მნიშვნელოვანი ტერიტორიები ქარსაცავის ზოლების არარსებობის გამო, განიცდის  ქარისმიერ  ეროზიას. ბოლო 30 წელიწადია საქართველოში არ ინერგება  მეცნიერებაზე  და ცოდნაზე დაფუძნებული მეურნეობის სისტემები, დომინირებს არაგეგმიური კომერციული ხასიათის ურთიერთობები   და ტექნოლოგიური პროცესი მუდმივად დამოკიდებულია მოსახლეობაში, ფერმერებში არსებულ მწირ ფინანსურ რესურსებზე.  ნიადაგის დამუშავება, თესვისა და მოსავლის აღება  მოძველებული მანქანა – დანადგარების   ტექნიკურ შესაძლებლობების ანაბარაა დარჩენილი.

დღევანდელი გამოწვევის ფონზე სოფლის მეურნეობის   კონკრეტული დარგები სულ უფრო მიმზიდველი ხდება ბიზნესისთვის. მეტი სახელმწიფო მხარდაჭერის პირობებში, რეგიონების ზოგიერთი სოფელი   შეიძლება  ინდუსტრიულად განვითარდეს და გახდეს უმსხვილესი საწარმოო ობიექტი, რომელიც აღიდგენს  90-იანი წლებიდან დღემდე დაკარგულ ავტორიტეტს.

აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან  წამოვიდეს ინიციატივა სოფლისა და სოფლის მეურნეობის აღორძინების, საჭიროა აქტიური თანამშრომლობა  უნივერსიტეტებთან და სხვა კვლევით ინსტიტუტებთან,  მიზნობრივი კონტრაქტების გაფორმება მომავალ სპეციალისტებთან, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდები სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დასაქმდებიან სასოფლო- სამეურნეო საწარმოებში, იცხოვრებენ კომფორტულ გარემოში  და მიიღებენ ღირსეულ ხელფასს. სოფლად ღირსეული პირობების უზრუნველყოფა საშულებას მისცემს სოფლის მეურნეობის სექტორს გახდეს ლიდერი პრესტიჟული პროფესიების რიგებში.

ნაკლებად მოიძებნება სოფლის სოციალური აღორძინების სხვა უკეთესი  ალტერნატივა ვიდრე ზემოთ აღნიშნული. სოფლისა და ქალაქის  ცხოვრების დონის გასათანაბრებლად საჭიროა დიდი რაოდენობით თანხები. სახელმწიფოს დახმარებით ბევრმა ადამიანმა შექმნა აგრო ბიზნესი, ჩამოყალიბდა მეცხოველეების ფერმები, ნაწილობრივ განვითარდა საოჯახო ბიზნესები, გამოიყო აგრო ტურიზმი როგორც აგრო ბიზნესის ახალი მიმართულება და რომელიც მომავალში შეიძლება ძალიან მომგებიანი გახდეს.  მაგრამ ეს ყველაფერი არამიზნობრივად და სტიქიურად ხდება, არ ითვალისიწნებს რეგიონის სპეციფიკას და მოთხოვნებს. ამიტომაცაა რომ ამ  ბიზნესების უმეტესობა წარუმატებელია, ან მალევე იხურება.

გამოიკვეთა რომ სოფლის ბიზნესი განვითარება იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომელთაც უკვე აქვთ საკუთარი წარმატებული აგრო ბიზნესი. სახელმწიფო მხარდაჭერისათვის კი უპირატესობა უნდა მიენიჭოთ ფერმერებს, რომლებიც ეწევიან სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურის წარმოებას, მეცხოველეობას, მეფუტკრეობას, თევზის მეურნეობას, მეცხვარეობას, მეკამეჩეობას და ა.შ. და ინარჩუნებენ თაობათა მემკვიდრეობას.

სასურველია,  რომ სოფლად სახელმწიფო შეღავათებთ აშენებული სასტუმრო კომპლექსები მომარაგდეს  უმეტესად  ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით. მხოლოდ ასეთი ტიპის კომპლექსები უწყობს ხელს  აგროტურიზმის განვითარებას  და არა იმპორტირებული პროდუქციის გასაღებას.

სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელია თაობათა მემკვიდრეობითობის წახალისება და დამკვიდრება.

მიუხედავად იმისა,  რომ არსებობს მრავალი სახელმწიფო პროგრამა და პროექტები, რომლებიც საშუალებას უნდა აძლევდეს ფერმერებს განავითარონ საკუთარი მეურნეობები და გაზარდონ წარმოება, სამწუხაროდ, ხშირად არაეფექტიანია.  ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბება და სოფლის ცხოვრების დონის გაუმჯობესება. არასწორი იქნება ვარაუდი, რომ წარუმატებლობა მხოლოდ არასწორად დაგეგმილი პროექტებით იყოს გამოწვეული. არ უნდა დაგვავიწყდეს ამ პროექტებისა და პროგრამების საბოლოო მომხმარებლები და ის თუ რამდენად მზად არიან ან იყვნენ ისინი ასეთი ინვესტიციებისთვის, რა მოტიცავია ამოძრავებდათ მათ  და განწყობილნი იყვნენ თუ  თუ არა პროექტების გრძელვადიანი შედეგების განსახორციელებლად.

რეალურად შესაძლებელი იყო ასეთი ფერმერები თვითონ გამხდარიყვნენ მამოტივირებელი ფაქტორები სხვა ფერმერებისათვის, თუმცა მათმა საქმიანობამ ასეთი გევრდითი ეფექტი სამწუხაროდ   ნაკლებად  გამოიღო.

ცნობილი პრობლემების გადასაჭრებლად აუცილებელია საკითხის განხილვა, როგორც კომპლექსურად ასევე შემადგენელი ელემენტებით ცალ-ცალკე. ერთ ერთი ასეთი ელემენტია სოფლის შრომითი პოტენციალი. სხვა ელემენტებად განიხილება სოციალური, დემოგრაფიული და ეკონომიკური ფაქტორები. ამ საკითხების გაუმჯობესება სოფლის მეურნეობაში უნდა მიმდინარეობდეს მწვავე სოციალური პრობლემების გადაჭრასთან ერთად.

ამბიციური განვითარების  მიზნები და შეუსაბამო შედეგები

თანამედროვე სოფლის მეურნეობის განვითარება მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა პერიოდებისაგან. ამის მახასიათებლად ითვლება პროდუქტიულობის გაზრდის საშუალებების ძიება დედამიწაზე. ეს პროცესი დაკავშირებულია მსოფლიოში შიმშილის დონის ზრდასთან.

განსაკუთრებით პრობლემური  ხდება მარცვლეულით მსოფლიო უზრუნველყოფა, იმიტომ რომ ამ პროდუქციის საწარმოებლად საუკეთესო მიწები, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია თავმოყრილი, ეს ეხება სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებსაც.

სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყნებში დამოკიდებულია მაღალ ტექნოლოგიებზე და განსხვავდება ერთმანეთისაგან. მაგალითად, რძის პროდუქტების წარმოებაში ლიდერობენ საფრანგეთი, ჩინეთი, რუსეთი. ამერიკის შეერთებული შტატები, ბრაზილია ნიდერლანდები – ფრინველის ხორცის, ავსტრალია  _ ცხვრის, კანადა ბელგია დანია, ნიდერლანდები_ ღორის ხორცის მსხვილი ექსპორტიორები არიან. მემცენარეობაში ( მ.შ. მარცვლეულის წარმოება)  ლიდერობენ – აშშ, რუსეთი, უკრაინა,  ჩინეთი, ავსტრალია, არგენტინა, კანადა, საფრანგეთი.

სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში, თითქმის ყველა ქვეყანა, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოც, შემდეგ მიზნებს ისახავს:  

  1. სახელმწიფოს სურსათის თვითუზრუნველყოფის გაზრდა;
  2. ეროვნული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება საერთაშორისო ბაზარზე, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, დარგის საინვესტიციო მიმზიდველობის გაუმჯობესება;
  3. სოფლის მეურნეობის დარგებისთვის ფინანსური მდგრადობის ამაღლება და რისკების შემცირება;
  4. მიწის რეზერვების ეფექტიანი გამოყენება, კვლავწარმოების გააქტიურება;
  5. სოფლის განვითარება და სოფლის მოსახლეობის დასაქმება და ყოფითი პირობების გაუმჯობესება.

ბოლო  წლების  მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში პროდუქციის რეალიზაციის ზრდა შეინიშნება  და შეადგენს  5, 5 მილიარდ ლარზე მეტს,  მაგრამ მსოფლიოს სხვა ჩვენს  მსგავსი  (ტერიტორია და მსოახლეობა) ქვეყნების  მონაცემების ფონზე  იგი  კრიტიკასაც ვერ უძლებს, მინიმუმ 5-ჯერ ნაკლებია იმ შესაძლებლობებზე, რაც ამ ეტაპზე შეიძლება გვქონდეს.

პროგრამები  ვერ  ჩაითვლება  წარმატებულად,  თუ მისი  შედეგი პოზიტიურად  არ აისახება ფერმერთა შემოსავლებზე, თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტზე და ექსპორტის მოცულობაზე.  ამიტომ სახელმწიფო პროგრამები, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს და დასახელებები შთამბეჭდავად  ჟღერს, უნდა გახდეს  მეტად მიზნობრივი, შედეგებზე ორიენტირებული, მკაცრი მონიტორინგით. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ  რეალიზაციის ყველა ბაზარი, სადაც საქართველოში წარმოებული პროდუქცია შეიძლება გაიყიდოს, იქნება ეს სამეზობლო, ევროპის თუ აზიის ბაზრები.

სპეციალისტების მოსაზრებებითა და დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ახლო მომავალში, მსოფლიოში  სიტუაციის ასე გაგრძელების შემთხვევაში,  შეიძლება წარმოიშვას ბევრი კონფლიქტები, სასოფლო- სამეურნეო მიწების დატაცების  მიზნით.

ვფიქრობთ, რომ დღეს  აგრობიზნესის წამოსაწყებად მომგებიანი შეიძლება იყოს შემდეგი მიმართულებები:

  • ბაღჩეულის, მწვანილის წარმოება ყველა სეზონზე;
  • მარცვლეულის წარმოება;
  • მსხვილფეხა პირუტყვის, ღორის, შინაური ფრინველის, ბოცვერის მოშენება;
  • სამკურნალო მცენარეების მოყვანა;
  • სანერგეების გაშენება;
  • ღვინის წარმოება;
  • ხილის და ბოსტნეული კულტურების გადამუშავება.

ამ სიას სწორი გათვლების პირობებში შეიძლება დაემატოს თევზის წარმოება და  მეფუტკრეობა.  ჩამოთვლილი დარგებიდან თითქმის ყველა მათგანს  აქვს პოტენციალი, ვაწარმოოთ მომგებიანი ბიო პროდუქცია,  რომელიც ცალკე ბიზნესია.

ეს ქვედარგები არის სოფლის მეურნეობის ბიზნესის სფეროები,  თუმცა  შეიძლება დამუშავდეს სხვა ორიგინალური იდეებიც,  თუ სწორად ჩატარდება  ბიზნესის ანალიზი რეგიონების მიხედვით.

სახელმწიფოს აქვს უამრავი და რთული სამუშაოები ჩასატარებელი დამწყები თუ მოქმედი ფერმერების დასახმარებლად, აქტიურად უნდა ჩაებას და გააქტიუროს  კოოპერაციული სისტემის ჩამოყალიბება, რომ თავისუფალი ბაზრის პირობებში, მწირე ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე ფერმერებმა ერთად შეძლონ შედარებით მსხვილ კაპიტალთან კონკურენციის გაწევა.

აგრომრეწველობის კომპლექსურ განვითარებას, როგორც ცნობილია, განაპირობებს შემდეგი ფაქტორები: კლიმატური პირობები, ფინანსებთან ხელმისაწვდომობა, მსოფლიო ფასები და დარგის საინვესტიციო მიმზიდველობა.

ამ ფაქტორებიდან ყველა თავისებურად მოქმედებს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.

სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების სხვადასხვა გზა შეიძლება არსებობდეს, თანამედროვე წარმატებული მსოფლიო აქცენტს რესურსდამზოგავ ტექნოლოგიებზე აკეთებს. რაც უნდა გავითვალისწინოთ ჩვენც, წარმოების ეფექტიანობის ამაღლებასთან ერთად.

აგრო სექტორის 30 წლიანი განვითარების მწარე რეალობა

სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოში შეგვიძლია სამ ეტაპად დავყოთ:

  • პირველი მოიცავს 90-იან წლებს და  ხასიათდება ეკონომიკის მაჩვენებლების მნიშვენლოვანი ვარდნით და დარგის გაჩერებით;
  • მეორე ეტაპი – 2000 წლების დასაწყისი, მცირედი გამოცოცხლების მცდელობა ფინანსური მზარდაჭერისაკენ;
  • მესამე ეტაპი – შედარებით აქტიური ზრდა, თუმცა არასაკმარისი რაც დღემდე გრძელდება.

ჩავატაროთ  მარტივი გათვლა და მივხვდებით რამდენად მძიმე მდგომარეობაშია სოფელი. სოფელში ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის 40,32%, ანუ დაახლ. 1,512.000 ადამიანი, მიახლოებითი გათვლებით აქედან 300.000 მდე ჩართულია სასოფლო – სამეურნეო საქმიანობაში. 2020 წელს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში პროდუქციის გამოშვებამ 5.6 მილიარდზე მეტი ლარი შეადგინა. ავიღოთ მოგებისთვის 20% მარჟა, ანუ გვაქვს 1,120 მლრდ მოგება ე.ი. თითოეულ დასაქმებულზე წელიწადში 3733 ლარი მოდის, თვეში კი  _ 311 ლარი, ანუ ადამიანები ძალიან სიღარიბეში ცხოვრობენ, რა თქმა უნდა, წარმოებულ პროდუქციაში შედის ის პროდუქტები, რომელიც თავად მოიხმარა მოსახლეობამ და არ გაყიდა, ანუ თავი გადაირჩინა. აქ გათვალიწინებელია, ის ფაქტორიც, რომ უმეტესობა ფერმერებს საკუთარი  შრომა ხარჯვით ნაწილში აღიარებული არ აქვთ.  ოფიციალური სტატისტიკა უფრო მოკრძალებულ მონაცემებს იძლევა. როგორც ცხრილიდან ჩანს, მცირე მეურნეობები, რომლებიც დარგში  უმრავლესობას შეადგენენ, მოგების სახით წლის განმავლობაში საშუალოდ 1508 ლარს იღებენ, რაც  ერთ თვეზე გადაანგარიშებით 125 ლარი გამოდის, ეს კი სულ რაღაც  40 ლიტრამდე ბენზინის ფასია.

ასევე კატასტროფულად დაბალ  მოგებაზე გადის საქართველოში მოქმედი საშუალო და მსხვილი აგრო მეურნეობები, მათი წლიური მოგება საშუალოდ 13ათას ლარს ანუ 4700$ ფარგლებში მერყეობს. ანუ საშუალო ევრიპელის 1 თვის ხელფასს შეადგენს.

სასოფლო მეურნეობების საშუალო წლიური მოგება მეურნეობის ზომის და მეურნის სქესის მიხედვით (ლარი)
  2020
  მცირე მეურნეობები საშუალო და მსხვილი მეურნეობები
კაცი 1 712 13 919
ქალი 1 133 9 712
სულ 1 508 13 151

წყარო „საქსტატი“

მეურნეობის ზომა განისაზღვრება შემდეგი სამი პარამეტრით – მიწის ფართობი, პირუტყვის სულადობა და წარმოებული პროდუქციის ღირებულება. მეურნეობა მცირეა, თუ აღნიშნული სამი პარამეტრი ხვდება კუმულატიური განაწილების ქვედა 40%-ის საზღვრებში. სხვა შემთხვევაში მეურნეობა ითვლება საშუალო ან მსხვილ მეურნეობად.

რაც არ უნდა ვილაპარაკოთ პროგრამების  და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სოფლად განხორციელებული პროექტების  წარმატებაზე, შედეგი სხვას მეტყველებს. სწორედ ამ  ეკონომიკური  პარამეტრის გაუმჯობესება  უნდა  იყოს ამოსავალი წერტილი ნებისმიერი პროგრამის დაგეგმვისას.

30 წელიწადია ქართული სოფელი განვითარებისა და უკეთესი მომავლის იმედით  ცხოვრობს, ამ პერიოდში სრულიად შესაძლებელი იყო განვითარების საშუალო დონის მიღწევა მაინც, ამ ტემპით და ამ მიდგომებით ქართული სოფელის განვითარება მინიმუმ ბუნდოვანია და კარგ შემთხვევაში, კიდევ რამდენიმე ათეული წელიწადი დაგვჭირდება,  თუ მანამდე გარკვეული მიზეზების გამო,   მიწის გარეშე არ დავრჩით.

სამწუხაროდ, ცივილიზებულ სამყაროში არ მეგულება ისეთი ქვეყნები, სადაც ასე გულუხვად და მარტივად ყიდულობდნენ უცხოელები  მიწებს, როგორც საქართველში ინვესტიციების ქოლგის ქვეშ, სინამდვილეში კი ყველანაირად ხელს ვუწყობთ ეკონომიკურ ექსპანსიას და ადგილობრივი მაცხოვრებლების ხელოვნურად გადაყვანას დაბალანაზღაურებად პასიურ კატეგორიაში.

ამიტომ საჭიროა გააზრებული ცვლილებები და ამ ცვლილებების  გონივრულად მართვა!

მიხეილ ჭიჭაყუა,

აგრო ექსპერტთა ასოციაცია,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“  2022 წ. აგვისტო, №8 (119)