სოფლის განვითარების პოლიტიკის საფუძვლებისთვის
სასოფლო პოლიტიკის (როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალური სასოფლო პოლიტიკისა) საწარმოებლად არსებითია სინამდვილეს თვალი გავუსწოროთ და სწორედ შევაფასოთ: ამჟამად ქართული სოფელი უმძიმეს, (იშვიათი გამონაკლისის გარდა) -დეპრესიულ მდგომარეობაშია; ყველაზე საბედისწერო ნიშანი ამ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური დეპრესიისაა უკვე მხოლოდ სიღატაკე და განვითარების უკიდურესად შეზღუდული, მწირი შესაძლებლობები კი არა, არამედ უკვე სოფლებიდან მკვიდრი მოსახლეობის აყრა, სოფლების მასობრივი დაცლაა; ამ სავალალო მდგომარეობაში სასოფლო პოლიტიკის მიზანი ჯერ „განვითარება“ კი არა, არამედ სოფლის გადარჩენა უნდა იყოს!
სოფლის გადასარჩენად მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე სასოფლო თემის, როგორც სრულფასოვანი სამართალსუბიექტის, აღდგენაა. სოფელში ჯერ 2005 წელს მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობა გაუქმდა, ხოლო 2013 წლის „თვითმმართველობის კოდექსით“ – მას უკვე საკუთარი ადმინისტრაციული ორგანოც კი აღარ ჰყავს; მდგომარეობა კურიოზული და უპრეცედენტოა – სოფელი ფორმალურად შენარჩუნებულია, როგორც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული, მაგრამ თავისი ადგილობრივი თვითმმართველობისა და კიდევ უარესი – საერთოდაც საკუთრივ სოფლის ადმინისტრაციული ორგანოს გარეშე! ეს კურიოზული მდგომარეობა სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს!
უწინარეს ყოვლისა, სოფელში უნდა აღდგეს სოფლის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც მუნიციპალურ თვითმმართველობაში სასოფლო თემის მონაწილეობისა და ჩართულობის ეფექტიანი ინსტრუმენტი იქნება. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გამსხვილებით, მისი მუნიციპალურ (ყოფილი რაიონის) დონეზე „ატანით“ არა თუ შესაძლებელი, არამედ აუცილებელი იყო სოფლის, როგორც მუნიციპალურ თვითმმართველობაში მოქალაქეთა და თემის მონაწილეობით პირველადი ადმინისტრაციული დონის შენარჩუნება და ამ პირველადი ადმინისტრაციული დონის არათუ ფაქტობრივი გაუქმება, არამედ პირიქით – მისი გაძლიერება; კარგი და მისაბაძი მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ლიტვა, სადაც ასევე მართვის ეფექტიანობის მიზნით ანალოგიურად გამსხვილდა ადგილობრივი თვითმმართველობა, მაგრამ ეს ისე განხორციელდა, რომ იოტისოდენადაც არ შელახულა სათემო უფლებები. სასოფლო თემი ლიტვაში („სოლნცესტვო“ ეწოდება) მუნიციპალური თვითმმართველობის ადმინისტრაციულად მკაფიოდ გაფორმებული მონაწილეობითი დონეა და სოფლის ადმინისტრაცია არა მხოლოდ მუნიციპალური თვითმმართველობის, არამედ უშუალოდ მოსახლეობის, ადგილობრივი თემის წინაშეა ანგარიშვალდებული; ჩვენში კი სასოფლო თემი მთლიანად უფლებააყრილია და რაიმე სამოქალაქო ურთიერთობაში (აღარაფერს ვამბობთ თვითმმართველობაში ან სახელმწიფო პოლიტიკაში მონაწილეობაზე. თუმცა გამონაკლისია – ე.წ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც იმდენად ფრაგმენტული და მცირე მასშტაბისაა, რომ სავალალო მდგომარეობას ვერ შეცვლის) სუბიექტს დიდი ხანია, აღარ წარმოადგენს;
დეპრესიული, ფაქტობრივად – „სამოქალაქო სიკვდილის“ მდგომარეობიდან სოფლის გამოყვანა სხვაგვარად შეუძლებელი იქნება, თუ სასოფლო თემი – სამართალსუბიექტი (სანამ ჯერ კიდევ დროა) ვერ გახდება!
გარდა ამისა, ამ სამართალსუბიექტმა – სასოფლო თემმა, აუცილებლად უნდა დაიბრუნოს უპირობო და წარუვალი უფლება საკუთარ სამკვიდროზე; ეს უწინარეს ყოვლისა იმას ნიშნავს, რომ საერთო, სათემო სარგებლობის მიწა – საძოვარი, სათიბი, წყლის ფონდის მიწა, ტყის ფონდის მიწა (და არამარტო!) იურიდიულად უნდა დაბრუნდეს თემის მუდმივ და უსასყიდლო მფლობელობას და სარგებლობაში (დღეს ამ თვალსაზრისით მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ სოფლის ტერიტორიული საზღვრებიც კი სრულიად ბუნდოვანი და გაურკვეველია!); ეს მიწა არა სახელმწიფო, არამედ მუნიციპალური საკუთრებისა უნდა იყოს და თემის, რომელიც მისი ერთადერთი ლეგიტიმური მფლობელი და მოსარგებლეა, დაუკითხავად შეუძლებელი უნდა გახდეს ამ მიწის, ე.ი. სოფლის სამკვიდროს, სამართლიანი და ეფექტიანი მართვა – მისი განკარგვა, რაციონალური გამოყენება, სასოფლო-სამურნეო წარმოების თუ მიწის, როგორც ძირითადი საწარმოო საშუალების გამოყენებით სოფლის ტერიტორიაზე სხვა ეკონომიკური საქმიანობის სწორედ ორგანიზება, საბოლოო ანგარიშით – სასოფლო სამკვიდროს დაცვა და სოფლის გადარჩენის შემდეგ მის განვითარებაზე ზრუნვა;
მუნიციპალური თვითმმართველობის ეფექტიანობა არსებითად, სასიცოცხლოდ არის დამოკიდებული მოქალაქეთა და ადგილობრივი თემის უშუალო, პირდაპირ მონაწილეობაზე; ასეთი, თანამედროვეობის შესაბამისი მონაწილეობითი ინსტრუმენტები მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა ადგილობრივ სასოფლო თემში აუცილებლად უნდა შეიქმნას და სწრაფად განვითარდეს;
ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, რომ თავად თემს, პირდაპირი, უშუალო დემოკრატიის სხვადასხვა ფორმით მიეცეს შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში შემავალი ადგილობრივი მნიშვნელობის სასოფლო საკითხები თავადვე გადაწყვიტოს და ამ მიზნით ძირითად ინსტრუმენტად გამოიყენოს მის წინაშე ანგარიშვალდებული სასოფლო ადმინისტრაცია; სასოფლო თემი, როგორც სრულფასოვანი სუბიექტი, რომელიც უფლებებს დაიბრუნებს, სწორედ ამ გზით თავადვე გახდება უმთავრესი პასუხისმგებელი საკუთარ განვითარებაზეც; ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მუნიციპალური თვითმმართველობა და სახელმწიფო სოფლის განვითარებაზე პასუხისმგებლობას მოიხსნის, პირიქით – მათი ვალდებულებაა სუბსიდიარობის დაცვით სოფლის განვითარების სწორედ დაგეგმვა და რაც ყველაზე მთავარია, ეფექტიანი ინსტრუმენტების შექმნა თავად თემის ეკონომიკური თუ სოციალური აქტივობისთვის.
უნდა აღინიშნოს, რომ სასოფლო თემის ეკონომიკური გამოცოცხლების, დეპრესიული მდგომარეობიდან გამოყვანის, ხოლო შემდგომ მისი ეკონომიკური განვითარებისა და აქტივობის გასაძლიერებლად საუკეთესო (შესაძლოა, ამჟამად ერთადერთიც!) გზაა სასოფლო-სამურნეო კოოპერაციის ყოველმხრივი წახალისება, მხარდაჭერა და სწრაფი განვითარება;
კოოპერაციული პროექტებს გააჩნია სიცოცხლისუნარიანობის და მდგრადობის ობიექტური საფუძველი, რასაც ეკონომიკურ თვითმმართველობასთან ერთად, კოოპერაციული შიგასაწარმოო ურთიერთობები, წარმოების კონცენტრაციის მაღალი დონე და კონკურენტუნარიანი პროდუქციის მასშტაბური წარმოება განაპირობებს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ლოკალური ტერიტორიული გავრცელების ოპტიმალური ფორმის განსაზღვრაში, პრიორიტეტული მნიშვნელობა სათემო კოოპერატივებს ენიჭება. მათი ჩამოყალიბება უნდა მოხდეს ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიული გავრცელების ფარგლებში, პრინციპით: „ერთი თემი – ერთი კოოპერატივი“, წარმოების სპეციალიზაციის და საწარმოო ძალთა კონცენტრაციის ფაქტორების გათვალისწინებით. სათემო ტრადიციები, მათ შორის საწარმოო ურთიერთობები, ოდითგანვე გავრცელებული იყო საქართველოში, განსაკუთრებით საქართველოს მთიანეთში. ტერიტორიული გავრცელების ნიშნით შექმნილი სათემო კოოპერატივები ქმნიან კოოპერაციის პროცესში მოსახლეობის მასობრივი ჩართულობის პირობებს, სადაც შესაძლებელი გახდება მასშტაბის ეკონომიკური ეფექტის გამოყენება და ადგილებზე მოსახლეობის შესაძლებლობების და მატერიალური რესურსების კაპიტალიზაცია, რასაც ინკლუზიური სამეწარმეო განვითარების დაგეგმვასა და განხორციელებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ადმინისტრაციული ერთეულების ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემა უნდა მოხდეს სათემო კოოპერატივებზე უსასყიდლო უზურფრუქტით, უვადო სარგებლობასა და მფლობელობაში;
სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციასთან ერთად, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თემის, როგორც სამოქალაქო ურთიერთობებში ჩართული და იმავდროულად, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა უშულო, პირდაპირი სამონაწილეო დონის, სამართალსუბიექტობა, დაფუძნდეს კონდომინიუმის სამართლებრივი ფორმით. თემი, უწინარეს ყოვლისა, საერთო საცხოვრისზე პასუხისმგებელი სუბიექტია, ხოლო მისი ეს პასუხისმგებლობა უწინარესად – საერთო სარგებლობის, საზიარო ქონების ეფექტიან მართვასთან არის დაკავშირებული. გარდა იმისა, რაც სასოფლო -სამეურნეო წარმოების მიზნებით თემს აერთიანებს, არანაკლებ მნიშვნელოვანია არა ეკონომიკური სარგებლიანობის, არამედ საერთო საცხოვრისის თანაზიარობის განცდა, მისი მოვლა-პატრონობის და კეთილგონივრულად გამოყენების არა მხოლოდ უფლება, არამედ – სოლიდარული ვალდებულება.
კონდომინიუმს, როგორც სამართალსუბიექტს, კარად იცნობს ჩვენი სამოქალაქო სამართალი და რაც მთვარია, იგი უნდა მივიჩნიოთ ჩვენი ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ, პოზიტიურ გამოცდილებად; კონდომინიუმი კარგად და ეფექტიანად გამოიყენება მსხვილი, საქალაქო თვითმმართველობის (ქ. თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი) განხორციელებისას. მრავალბინიანი კორპუსების, ასევე საქალაქო, ე.წ. იტალიური ეზოების მაცხოვრებელი მოქალაქეების თვითორგანიზების და საქალაქო თვითმმართველობასთან აქტიური თანამშრომლობისთვის, რაც თვითმმართველობის განხორციელებაში უშუალო მონაწილეობა-ჩართულობას ნიშნავს, საერთო სარგებლობის ქონების (იქნება ეს სადარბაზოები, ლიფტები, სახურავი, განაშენიანების „ლურჯ ხაზებში“ მოქცეული ტერიტორია და სხვ.) მოვლა-პატრონობასთან, კეთილმოწყობასთან, კეთილგონივრულ და საზოგადოებრივი სიკეთეებისთვის ეფექტიან გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების საუკეთესოდ მოწესრიგებისათვის; კონდომინიუმების შექმნასთან არის დაკავშირებული, ჩვენი საქალაქო თვითმმართველობების ეს კარგი პრაქტიკაც, ნათლად ადასტურებს, რომ სწორედ ტერიტორიულ იდენტობასთან დაკავშირებული შეამხანაგება, საერთო ძალისხმევის გამოჩენა, საზოგადო სიკეთეებისათვის, ამ შემთხვევაში – საცხოვრისი ტერიტორიის კეთილგონივრული მართვისა და გამოყენების საუკეთესო გზაა. რასაკვირველია, ეს გამოცდილება უწინარეს ყოვლისა, რაც შეიძლება დროულად, სწორედ სასოფლო თემებში უნდა იქნეს დანერგილი, რაც, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციასთან ერთად, უალტერნატივოდ მიგვაჩნია სოფლის დეპრესიული მდგომარეობიდან გამოსაყვანად.
ხაზგასასმელია, რომ ამ შემთხვევაში, როგორც კი კონდომინიუმი გახდება თემის სამოქალაქო და ასევე, თვითმმართველობასთან დაკავშირებულ საჯარო ურთიერთობებში ჩართულობის ყველაზე მოქნილი და ეფექტიანი იურიდიული ფორმა, არავითარი სამართლებრივი ბარიერი საქართველოში ტრადიციული სათემო მიწათმფლობელობის აღდგენისთვის აღარ იარსებებს. თემის თვითორგანიზების ეს ორი, ერთი-მეორესთან მჭიდროდ დაკავშირებული გზა – სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და საერთო-საზიარო საცხოვრისის კეთილგონივრული გამოყენების მიზნებით შეამხანაგება, ე.ი. კოოპერატივი და კონდომინიუმი, ყველაზე მყარი საძირკველია თემის „სოციალური კაპიტალის“ შესაქმნელად და დასაგროვებლად, ამ სოციალურ კაპიტალს დაეყრდნობა ჯერ სოფლის დეპრესიული მდგომარეობიდან გამოყვანა და შემდგომ, მისი სწრაფი განვითარება. სწორედ ეს შექმნის ძირეულ მატერიალურ წინაპირობებს თემის სოციალური აქტივობისათვისაც.
ასევე, უმნიშვნელოვანესი იქნება სოციალური დახმარებებისა და ე.წ. საარსებო შემწეობების პოლიტიკის კარდინალური გადასინჯვა. ეს პოლიტიკა, განსაკუთრებით სოფლად, ამჟამად პირდაპირ მიმართულია სოციალურ-ეკონომიკური დეპრესიის კიდევ უფრო გაღრმავებისა და სიღატაკის წახალისებისკენ; აქ უნდა გავიხსენოთ „დიდი დეპრესიიდან“ გამოსვლის რუზველტის დროინდელი ამერიკის მაგალითი – როცა სოციალური დახმარებების ალტერნატივა გახდა საზოგადოებრივი სამუშაოები, რამაც შექმნა პირობა არა სხვისი ხელის შემყურეობით, არამედ საკუთარი შრომით საარსებო სახსარის მოპოვებისა და შესაბამისად, მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის მყარი, საკუთარ შესაძლებლობებზე დამყარებული იმედის განცდისა; ამ მაგალითის გამოყენება ჩვენი სოფლის სინამდვილეში კარგად შეიძლება, თუკი სოციალური დახმარებების პოლიტიკის ალტერნატივა გაჩნდება და შესაბამისი სახსრები მიიმართება თავად სოფლის თემის უშუალო და მონაწილეობით საზოგადოებრივი სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელებისთვის (ამ თვალსაზრისით საუკეთესო გზაა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გამდიდრება ამგვარი საზოგადოებრივი სამუშაოებით და მისი, როგორც უკვე არა სახელმწიფო, არამედ მუნიციპალური პროგრამის გაძლიერება-განვითარება);
თემის სოციალური აქტივობისთვის სათანადო ინსტრუმენტების შესაქმნელად წარმატებული საწყისი გამოცდილება საქართველოში უკვე არსებობს და ესაა სოფლებში „საზოგადოებრივი ცენტრების“ შექმნა და განვითარება; (ასეთი ცენტრი ამჟამად სულ 60-მდე მოქმედებს; რაც, რასაკვირველია, ზღვაში წვეთია, ვინაიდან ქვეყანაში 4000-სამდე სოფელი და 1000-მდე მუნიციპალური ადმინისტრაციული ერთეულია. „საზოგადოებრივი ცენტრი“ წარმოადგენს თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებით საუკეთესოდ აღჭურვილ, პროფესიულად განსწავლული პერსონალით დაკომპლექტებულ მაღალტექნოლოგიურ ოფისს, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო და მუნიციპალურ მომსახურეობებს; მაგრამ იგი მხოლოდ სამომსახურეო ოფისად არ არის ჩაფიქრებული, არამედ – რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იგი თავად თემის ოფისია, მისი მძლავრი ინსტრუმენტია ნებისმიერი აქტივობის განსახორცილებლად: მისი მეშვეობით შესაძლებელია როგორც უშუალო, პირდაპირი ჩართვა და მონაწილეობა მუნიციპალურ თვითმმართველობაში, ასევე სათემო ეკონომიკური, სამოქალაქო თუ თემზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივების მაღალი ეფექტიანობით განხორციელება. სწორედ სახელმწიფოს ვალია, რომ ეტაპობრივად, ყველა მუნიციპალურ ადმინისტრაციულ ერთეულს (და არა მხოლოდ მათ მცირე ნაწილს) შეექმნას ეს თანამედროვე შესაძლებლობა.
სოფელი – პირველყოვლისა, არის სახლობის ტერიტორიული ერთეული და არა მეურნეობისა. სოფლის განვითარების ძირითადი მიზანია სოფლის მოსახლეობის ყოფითი (სოციალურ-კულტურული) სტატუსის მიახლოებით გათანაბრება ქალაქის მოსახლეობის სტატუსთან, რასაც სოფლად ადამიანთა რესურსების შენარჩუნება-განვითარებისთვის და ამგვარად, სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო წარმოების გაფართოებული აღწარმოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
სოფლის განვითარება არის მრავალგანზომილებიანი, მრავალდონიანი, მონაწილეთა ფართო სპექტრის ჩართულობით მოქმედი პროცესი და ეს ყოველივე მიუთითებს მის სირთულეზე, შესაბამისად არ არსებობს მკაფიოდ შემოსაზღვრული პარადიგმა ამ თემაში.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ისევე, როგორც ეს ევროპაშია, საქართველოშიც ჩამოყალიბდეს სისტემური მიდგომა ზოგადად ტერიტორიების და განსაკუთრებით, სასოფლო ტერიტორიების მიმართ, რაც შესაბამისი პოლიტიკის კონცეპტუალურ, პროგრამულ თუ სამართლებრივ უზრუნველყოფას უნდა დაეყრდნოს.
სამწუხაროდ, დღევანდელი სინამდვილე ძალზე შორს დგას სოფლის მიმართ რაიმე სისტემური დამოკიდებულებისგან და მძიმე გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ: ქვეყანაში სახელმწიფო ან თუნდაც მუნიციპალური სასოფლო პოლიტიკა, როგორც ასეთი – ფაქტობრივად აღარ არსებობს! ეს „ეგზისტენციალურად კრიზისული“ ვითარება რამდენიმე სავალალო გარემოებით თვალნათლივ დასტურდება, კერძოდ:
1. მას შემდეგ, რაც პირველი დონის ადგილობრივი თვითმმართველობა 2006 წლიდან გაუქმდა, სოფელი, ე.ი. მისი ადგილობრივი საზოგადოება – სასოფლო თემი, აღარავითარი ფორმით სამართალ-სუბიექტს აღარ წარმოადგენს, გამომდინარე – ყოვლად შეუძლებელია მის უფლებრივ მდგომარეობაზე საგნობრივი საუბარი;
- უდავო იურიდიული ფაქტია – სოფელი დღეს უფლებააყრილია და რაღა გასაკვირია, რომ მოკლებულია ყველა შესაძლებლობას, ქვეყნის წინაშე საკუთარი ვალდებულებები, როგორც ეს ხდებოდა საქართველოს მრავალათასწლოვან ისტორიაში, ისევე პირნათლად აღასრულოს;
- სოფელი, მას შემდეგ, რაც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ მისი ტერიტორიული ორგანო ფაქტობრივად გაუქმდა 2014 წლიდან, ალბათ, ყველაზე უცნაური, ადმინისტრაციული ერთეულია (ისეთი ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც არ ჰყავს საკუთარი ადმინისტრაციული ორგანო!?) სამართლის ისტორიაში; გამომდინარე, პრაქტიკულად წარმოუდგენელია სოფლის ტერიტორიული განვითარების რაიმე პოლიტიკაზე საგნობრივი საუბარი, ვინაიდან ამ პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი – სოფლის ადმინისტრაცია, სამართლებრივად აღარც არსებობს!
- უფლებააყრილი და შესაბამისად – ვალდებულებებისგანაც დაცლილი სოფელი, რომელსაც სამართლებრივად თავისი ადმინისტრაციული ორგანოც კი აღარ შერჩენია, დე იურეცა და დე ფაქტოც – მოკლებულია საკუთარ სამკვიდროს: სოფლის სასიცოცხლო სივრცე – სათემო მიწა (თუნდაც საძოვარი და სათიბი მაინც, მაგრამ -არა მარტო), სათემო ტყე, წყალი, ადგილობრივი მნიშვნელობის სხვა ბუნებრივი რესურსები, საერთო სარგებლობის სამეურნეო თუ კომუნალური ინფრასტრუქტურა და სხვ. და სხვ. რაც თემის საერთო მფლობელობასა და სარგებლობაში უნდა იყოს, უმრავლეს შემთხვევაში მუნიციპალურ საკუთრებაშიც კი არ არის და ისევ, თითქოს გუშინ გამოიცა ლენინის მიწის დეკრეტი, კვლავაც დესპოტური სახელმწიფოს მიერ მიტაცებულია; ტრადიციული ქართული სამართლის თვალსაზრისით სოფლის დღევანდელი მაცხოვრებელი, ვინაიდან მას ყოველგვარი სათემო უფლება აყრილი აქვს, საკუთარი ბედის გამომჭედავი სოფლის ქედმოუხრელი და ამაყი მკვიდრი გლეხკაცი კი არა, არამედ ოდენ სხვისი ხელის შემყურე, და ბეჩავი, ამიტომაც, უპასუხისმგებლო – ხიზანია!
თუკი სინამდვილეს თვალს გავუსწორებთ, უნდა ვაღიაროთ – სოფლის არსებული მდგომარეობა, მისი სამართლებრივი სტატუსი – ფაქტობრივად სიკვდილმისჯილისას ჰგავს და ბუნებრივია, როგორ უნდა ვილაპარაკოთ მის განვითარებაზე, როცა სრულიად გულგრილად და თანაც ამ ჩვენი ვაისამართლის ძალით, სიკვდილი მივუსაჯეთ?!
და აკი გვიკვდება კიდეც! სასოფლო ტერიტორიების უდიდესი ნაწილი ღრმად დეპრესიულია და სრული დაცლის საფრთხე უკვე გარდაუვალი! დღევანდელი ამოცანა და სასოფლო პოლიტიკის მთავარი მიზანიც, თუკი საბოლოოდ არ ვამბობთ უარს სოფელსა და სასოფლო პოლიტიკაზე, ჯერ მისი ხიზნობიდან, ანუ სამოქალაქო სიკვდილისგან დახსნაა! რაიმე განვითარება სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნება, თუკი სოფელი, როგორც უფლებრივი და ამავდროულად, რაც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეკონომიკური და სამეურნეო სუბიექტიც, ფაქტობრივად მკვდრეთით არ აღდგა.
სოფელი – პირველყოვლისა, არის სახლობის ტერიტორიული ერთეული და არა მეურნეობისა. სოფლის განვითარების ძირითადი მიზანია სოფლის მოსახლეობის ყოფითი (სოციალურ-კულტურული) სტატუსის მიახლოებით გათანაბრება ქალაქის მოსახლეობის სტატუსთან, რასაც სოფლად ადამიანთა რესურსების შენარჩუნება-განვითარებისთვის და ამგვარად, სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო წარმოების გაფართოებული აღწარმოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
პაატა კოღუაშვილი, პროფესორი, ექსპერტი აგრარულ ეკონომიკაში
დავით ზარდიაშვილი, ექსპერტი მუნიციპალურ სამართალში