აგროსიახლეები

 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ბაზა

ანასეულში ახლად შექმნილი მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მესამე დონის ლაბორატორია, მცენარეთა დაავადებების და მავნებლების გამოვლენის, ასევე მწერების ბუნებრივი მტრების გამრავლების მიმართულებით მუშაობს.

ლაბორატორიაში განხორციელდება აზიური ფაროსანას ბიოლოგიის შესწავლა და ბიოლოგიური აგენტების ძიება. ფერმერებს საშუალება ექნებათ, ადგილზე მიიღონ ინფორმაცია მცენარეთა მავნებელ-დაავადებების და მათთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ.

ანასეულის ბაზაზე განთავსებულია ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკის ცენტრი, ჩაის და სუბტროპიკული კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები, სათბურები და ორანჟერეები, სადაც მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო კულტურების გამოცდა, სამეურნეო მაჩვენებლების საბოლოო შეფასება და კონკრეტული რეგიონისთვის ადაპტირებული, მავნებელ-დაავადებათა მიმართ გამძლე, მაღალპროდუქტიული ჯიშების შერჩევა-გავრცელება.

ბაზაზე უკვე გამოყვანილია და ფერმერებს ახალი პლანტაციების გასაშენებლად გადაეცემათ ჩაის ახალი, სელექციური ჯიშის „კოლხიდა” 15 000-მდე მაღალი კატეგორიის ნერგი.

დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ბაზა და ბაზაზე ახლად შექმნილი მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მესამე დონის ლაბორატორია დაათვალიერა.