მედია ფერმერებისთვის TVრუბრიკებისტატიები

სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტსა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებში 2010-2023 წლებში

საქართველოს ეკონომიკაში აგრარული სექტორის (სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა) წილს მყარად ჩამოყალიბებული შემცირების ტენდენცია აქვს. – საბაზრო ეკონომიკამდელ პერიოდში ამ სექტორის წილი 30 პროცენტს აღემატებოდა, ამჟამად კი დაახლოებით 7 პროცენტია.
თავისთავად, სოფლის მეურნეობის წილის შემცირება ეროვნული პროდუქტის ფორმირებაში არ წარმოადგენს ნეგატიურ მდგომარეობას. – ეს შეიძლება  უკავშირდებოდეს არა იმდენად აღნიშნული სექტორის დეგრადაციას, შემცირებას, რამდენადაც ეკონომიკის სხვა დარგების, მათ შორის გადამმუშავებელი მრეწველობისა და მომსახურების სექტორების დაჩქარებულ განვითარებას.

თანამედროვე პირობებში, რაც უფრო მეტადაა ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფო, მით უფრო დაბალი წილი აქვს აგრარულ სექტორს ამ ქვეყნის  მთლიანი სამამულო პროდუქტის ფორმირებაში (მაგალითად, გერმანიაში სოფლის მეურნეობის წილად მოდის მშპ-ის მხოლოდ 0.8%, დანიაში – 1.2%, ლიეტუვაში – 3.3%, საბერძნეთში – 4.3%, სერბეთში – 6.3%…).

ამასთან, სახელმწიფოს მხრიდან საბიუჯეტო სახსრების გამოყოფა, მართალია ხელს უწყობს აგრარულ სექტორში და მის მართვაში საქმიანობის პრესტიჟულობის ამაღლებას, მაგრამ ის შედარებით ნაკლებ გავლენას ახდენს შრომის მწარმოებლურობის  ამაღლებაზე – ამისათვის უფრო ქმედით საშუალებას წარმოადგენს სამართლებრივი ცვლილებები დარგის მართვის, ინსტიტუციური ერთეულების სტატუსისა  და მიწათსარგებლობის პრინციპების თაობაზე. ამის მკაფიო მაგალითია საქართველო, სადაც   სოფლის მეურნეობის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელებულ ხარჯებში 2022 წელს, 2010 წელთან შედარებით 20.9-ჯერ (32.6 მლნ. ლარიდან 680.6 მლნ. ლარამდე) გაიზარდა, მაშინ როდესაც იმავე პერიოდში სოფლის მეურნეობაში შექმნილი დამატებული ღირებულება, მიმდინარე ფასებით, მხოლოდ  2.5-ჯერ (1963.7 მლნ. ლარიდან 4832.3 მლნ. ლარამდე) გაიზარდა.

ასეთ ვითარებას მოჰყვა ის, რომ აღნიშნულ პერიოდში მკაფიოდ ჩამოყალიბდა ტენდენცია, ერთმხრივ, სოფლის მეურნეობის წილის შემცირებისა საქართველოს ეროვნულ მეურნეობაში, მეორე მხრივ კი საბიუჯეტო ხარჯებში ეკონომიკის აღნიშნულ სექტორისთვის გამოყოფილი სახსრების წილის ზრდისა, რაზეც წარმოდგენას ქვემორე დიაგრამა იძლევა.

დიაგრამა 1

გრაფიკი ერთი ლკაჯდლფკჯ

აღნიშნული ვითარება ადეკვატურად აისახება სოფლის მეურნეობაში შექმნილი დამატებული ღირებულების არასტაბილურ დინამიკაშიც. – ბოლო 13 წლიდან (2011-2023 წწ.) წინა წელთან შედარებით თუ საქართველოს ეკონომიკა შემცირდა  მხოლოდ ერთხელ (2020 წ.), ისიც კოვიდპანდემიით გამოწვეული გლობალური კრიზისის გამო, იმავე პერიოდში აგრარულ სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება შემცირდა  6 წლის განმავლობაში (2012, 2014, 2016, 2017, 2022, 2023 წწ.). შედეგად, 2023 წელს 2010 წელთან შედარებით, თუ საქართველოს მშპ თითქმის გაორმაგდა (+95.9%), სოფლის მეურნეობაში დამატებული ღირებულება გაიზარდა მხოლოდ 30.5 პროცენტით და შესადარ ფასებში 3804.2 მლნ. ლარი შეადგინა (ცნობისათვის: 2021 წელს ზრდამ შეადგინა 36.7% და აბსოლუტურმა მოცულობამ – 3984.7 მლნ. ლარი, 2022 წელს, შესაბამისად, 34.3 პროცენტით  და 3914.8 მლნ. ლარი).  ფაქტობრივად, 2023 წელს სოფლის მეურნეობაში შექმნილი დამატებული ღირებულება 2021 წელთან შედარებით შემცირდა 4.5 პროცენტით, მაშინ როდესაც ეროვნული მეურნეობის დანარჩენ დარგებში დამატებული ღირებულების მოცულობა 20.8 პროცენტით გაიზარდა.

აღნიშნული დარგის დინამიკის შედარებით ჩამორჩენაზე მეტყველებს ქვემორე დიაგრამა.

დიაგრამა 2

გრაფიკი ორი

პაატა კოღუაშვილი, პროფესორი,

იოსებ არჩვაძე, პროფესორი